[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი თეა გოდოლაძეს სოლიდარობას უცხადებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიას და მიიჩნევს, რომ იგი ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შესახებ ლეგიტიმური კითხვებიდან ყურადღების გადატანას და დამოუკიდებელი, კრიტიკული მეცნიერების დისკრედიტაციას ემსახურება.

22 აგვისტოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც თეა გოდოლაძის მხრიდან ძალადობის ბრალდების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სიუჟეტში კერძო შინაარსის საქმეზე კომენტარს რატომღაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ, რომლებმაც თეა გოდოლაძის პირადი ცხოვრება სრულიად უსაფუძვლოდ შოვის მეწყერთან დაკავშირებით მეცნიერის მიერ გაკეთებული საჯარო შეფასებების სანდოობას დაუკავშირეს.

მოგვიანებით თეა გოდოლაძის უფლებების და ინტერესების დამცველი ორგანიზაციის “საფარის“ განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე გამოძიების დაწყება თეა გოდოლაძის მიმართ მისი ყოფილი პარტნიორის შურისძიების და ზეწოლის შედეგია და რომელიც თავად ძალადობდა თეა გოდოლაძეზე და ამ საქმეზე გოდოლაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, მის ყოფილ პარტნიორს კი გირაო აქვს შეფარდებული. [1]

თეა გოდოლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტზე ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. ის არის ამავე უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. თეა გოდოლაძისა და მისი ინსტიტუტის შეფასებებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოებრივ და მეცნიერულ განხილვებში, მათ შორის, ტყიბულის 2018 წლის ტრაგედიის, ნამოხვანჰესის პროექტის, ვაშლიჯვრის გზაზე მიწის ეროზიის და რიკოთის გზის უხარისხო რეაბილიტაციის სამუშაოების თემებზე. ამ შეფასებებს და მონაცემებს საზოგადოების მობილიზებისა და საკუთარი უსაფრთხოების, გარემოსა და უფლებების დაცვის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ჩანს, სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე მეცნიერი ქალის კრიტიკული და გაბედული პოზიციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი ექსპერტების სერიოზული დეფიციტია და ამ სფეროში ექსპერტების დიდი ნაწილი კორპორაციებსა და კერძო კომპანიებს ჰყავთ მოთვინიერებული, ხელისუფლებისთვის პრობლემა და თავის ტკივილი აღმოჩნდა. 

დაუშვებელია, როდესაც პირად ცხოვრებას მიკუთვნებულ ინფორმაციას მედია და ხელისუფლება ავრცელებს ფრაგმენტულად, გამოძიების დასრულებამდე და ისეთი პირის მიმართ, რომლის პირადი ცხოვრება არ მიეკუთვნება საჯარო ინტერესის საკითხს. შემაშფოთებელი იყო ხელისუფლების მცდელობა, მეცნიერის პირადი ცხოვრების საკითხები მისი და მისი ინსტიტუტის მუშაობის სანდოობასთან დაეკავშირებინა. ნიშანდობლივია, რომ პირადი ცხოვრების ინსტრუმენტალიზება სწორედ ქალის პირადი ცხოვრების კონტექსტში მოხდა, რომელიც ქალი საჯარო მოღვაწეების დასუსტებისა და გაჩუმების დისკრიმინაციული პრაქტიკის ნაწილია. 

დამოუკიდებელი და კრიტიკული ინსტიტუტების, ექსპერტების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების მიმართ ამგვარი დისკრედიტაციის კამპანიები, სამწუხაროდ, ხელისუფლების არადემოკრატიული კამპანიების ხელწერად იქცა და ამ ტექნოლოგიას ხელისუფლება კრიტიკული აქტორების დელეგიტიმაციისთვის და საგნობრივი, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის თავიდან ასარიდებლად იყენებს. ამ შემთხვევაშიც, რაჭაში მომხდარი კატასტროფის განჭვრეტის, მართვის და პრევენციის საკითხებზე  მოქალაქეების ლეგიტიმურ და გონივრულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, მთავრობა დამოუკიდებელი ქალი მეცნიერის გაჩუმებას სრულიად მიუღებელი მეთოდებით ცდილობს. მთავრობა, იმის ნაცვლად, რომ მეცნიერებს და კვლევით ცენტრებს აძლიერებდეს და მათ ცოდნას იყენებდეს კატასტროფების პრევენციისთვის, თავს ესხმის ყველას, ვინც ფაქტების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ დააყენებს; ეს უკვე ვნახეთ, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თავს უფლება მისცეს,  გაეკეთებინათ უმძიმესი განცხადებები მეწყერს გადარჩენილებზეც, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიერ მონათხრობი მოვლენების განვითარების შესახებ ხელისუფლების ნარატივს არ დაემთხვა.

ამგვარ ატმოსფეროში, სადაც საწინააღმდეგო აზრი მტრულად, მიუღებლად ცხადდება და სახელისუფლებო მედიები სიუჟეტებს კრიტიკული ფიგურების პირად ცხოვრებაზე ამზადებენ, რა თქმა უნდა, ადგილი არ რჩება საგნობრივი დისკუსიისთვის მთავარ სოციალურ, უფლებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე.

მიგვაჩნია, რომ ეს თავდასხმა, მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ; ამგვარი კომუნიკაციით ზარალდება მთელი საზოგადოება, რომლის ინტერესი და უფლებაა, გარემოს მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს.  ამასთან, ცხადია, რომ ამგვარ დისკრედიტაციის კამპანიას აქვს მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებისთვის.

მიგვაჩნია, რომ შოვის ტრაგედიის შემზარავი შედეგები და ადამიანური მსხვერპლი გვავალდებულებს, დავსვათ კრიტიკული შეკითხვები და საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ მომხდარი რელევანტური სამართლებრივი და საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით.  

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ თეა გოდოლაძეს და იმედს ვიტოვებთ, რომ კოორდინირებული ძალისხმევის მიუხედავად, ხელისუფლება ვერ შეძლებს საზოგადოების ყურადღება უმთავრესი საკითხებიდან გადაიტანოს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საფარის განცხადება, 22 აგვისტო, 2023. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/photo/?fbid=681249784044093&set=a.479310414238032

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“