საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
საქართველოში შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა შრომის კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც, ერთი მხრივ, ნაწილობრივ გააუმჯობესა უფლებრივი გარანტიები, ხოლო, მეორე მხრივ, შექმნა ინსტიტუციური საფუძვლები შრომითი უფლების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის გასაძლიერებლად. თუმცა, რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რომელთა შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს ცნების განსაზღვრაც იყო, სამწუხაროდ, რეფორმას არ მოუცავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი.
შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მხრივ არსებულ გამოწვევებსა და მისი მოგვარების აუცილებლობაზე უკვე წლებია, საუბრობენ. თავდაპირველად, შრომის რეფორმის ფარგლებში კანონმდებლობით უნდა დადგენილიყო ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, კერძოდ – ხელფასის საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 125%, თუმცა, საბოლოოდ, პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე პროექტიდან აღნიშნული ჩანაწერი ამოიღეს[1]. შედეგად, არსებული საკანონმდებლო რეგულირება არ განსაზღვრავს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს და მხოლოდ მიუთითებს, რომ ზეგანაკვეთური საათები გაზრდილი ოდენობით უნდა ანაზღაურდეს.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, შიდა ეროვნული პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შუქზე სამართლებრივად შეაფასოს მშრომელებთან ინტერვიუების საფუძველზე გამოვლენილი შრომის ბაზარზე ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებით არსებული მანკიერი პრაქტიკა. შიდა ეროვნული პრაქტიკის ანალიზი მოიცავს როგორც შრომის ინსპექციის პრაქტიკის, ისე რელევანტური სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლას. შრომის ინსპექციის პრაქტიკის შესწავლა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დასაქმებულების ინფორმირებულობის გაზრდას ზეგანაკვეთურ შრომასთან მიმართებით არსებული კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის შესახებ და ამასთანავე, შექმნის საფუძველს, გამოიკვეთოს გზები შრომის ინსპექციის მიერ აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომის უკანონო პრაქტიკის მიმართულებით მუშაობის გასაუმჯობესებლად. თავის მხრივ, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა მნიშვნელოვანია, რათა გამოვლინდეს ის თავისებურებები, რომლებც თან ახლავს ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში საქმის წარმოებას.
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, შრომის რეფორმის შეფასება, 2020 წლის 29 სექტემბერი. ხელმისაწვდომია: bit.ly/3ce3qez
ინსტრუქცია