[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / თვალსაზრისი

სიღარიბის მახე: სოციალური დაცვა და (არაფორმალური) შრომა

ომარ გორდეზიანი 


განვითარებადი ქვეყნების შრომის ბაზარზე შესამჩნევია მკვეთრად გამოხატული სეგმენტაცია. ერთი მხრივ არსებობს ფორმალური სექტორი, რომელიც ადამიანებს სთავაზობს ფორმალურ ეკონომიკურ შრომაში ჩართვას, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს არაფორმალური სექტორი, რომელიც ფორმალური ინსტიტუციების მიღმა არსებობს და არაფორმალურ, არაპროგნოზირებად დასაქმებას სთავაზობს. ( Günther & Launov, 2006) არაფორმალური ეკონომიკური შრომის მაჩვენებელი ძველი მაჩვენებლებისაგან განსხვავებით არ შემცირებულა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანაში ის მზარდია.[1] არაფორმალური ეკონომიკა, როგორც წესი, ხასიათდება სიღარიბის მაღალი მაჩვენებლით, დაბალი ანაზღაურებით და ღირსეული შრომითი პირობების დეფიციტით. ILO[2]-ის ინფორმაციით, მსოფლიოში, 10_იდან 6 თანამშრომელი, ხოლო 5-იდან 4 საწარმო არაფორმალურ ეკონომიკურ სამუშაოშია ჩართული.[3]  იმისათვის, რომ არაფორმალურ შრომაში ჩართულმა მშრომელებმა შეძლონ საჯარო სიკეთეებით ისარგებლონ და ღირსეულ შრომით პირობებში უწევდეთ მუშაობა, საჭიროა მოხდეს შრომითი ურთიერთობის ფორმალიზება - ამის შესახებ 2015 წელს ILO-მ შეიმუშავა რეკომენდაციები, სადაც გაწერილია, თუ როგორ უნდა გადავიდეს ეკონომიკა არაფორმალურიდან, ფორმალურ შრომით ეკონომიკაზე (International Labour Organization, 2015). აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებმა და სოციალურმა პარტნიორებმა წამოიწყეს კომუნიკაცია არაფორმალურ სამუშაოში ჩართულ მუშაკებთან და საწარმოებთან.  

ადამიანი არაფორმალურად დასაქმებულად ითვლება მაშინ, როდესაც მასსა და დამსაქმებელს შორის არ არის გაფორმებული შრომითი ურთიერთობა. როდესაც დასაქმებული არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, ის ვერ სარგებლობს დასაქმებულისთვის განკუთვნილი შეღავათებით. არაფორმალურ სამუშაო სექტორში არ მოქმედებს კანონი, რომ სამსახურიდან დათხოვნის დროს წინასწარ უნდა მოხდეს დასაქმებულის ინფორმირება ან მუშაკს შეუძლია გამოიყენოს წლიური, ანაზღაურებადი შვებულება. (OECD/ILO;, 2019, p. 156) არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები არიან უფრო ღარიბები, ვიდრე ფორმალურ სექტორში დასაქმებულები, რადგან მათ არ აქვთ შრომითი ხელშეკრულება, სოციალური დაცვა და წვდომა სხვა აუცილებლ რესურსებსა და სიკეთეებზე. აქედან გამომდინარე, არაფორმალურ სექტორში დასაქმება ასოცირდება უთანასწორობასთან, არასტაბილურ და დაუცველ სამუშაო გარემოსთან.

გასული ათწლეულების განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ რა გახდა არაფორმალური სექტორის გააქტიურების მიზეზი: სოფლიდან ქალაქში მაღალი მიგრაცია, ქალაქში არსებული სიღარიბე, თუ სახელმწიფოს მხრიდან არსებული ბიუროკრატია, გადაჭარბებული რეგულაციები და გადასახადები (De soto, 1989). არსებობს მსჯელობები, სადაც ხაზს უსვამენ როგორ ცდილობენ ადამიანები გადარჩენას არაფორმალური საქმიანობით  და რომ  სიღარიბე არის ერთ-ერთი მიზეზი არაფორმალური სექტორის გაძლიერების.  ადამიანებს, რომლებსაც სოციალური უზრუნველყოფის ბენეფიტები არ ეხებათ, არ შეუძლიათ უმუშევრად ყოფნა და იძულებულნი ხდებიან ჩაერთონ არაფორმალურ სექტორში (Souza & Tokman, 1976). ისინი ცდილობენ დასაქმდნენ დაუცველ გარემოში, სადაც კანონი არ არეგულირებს სამუშაო პროცესებს, ცდილობენ იშრომონ მინიმალური ანაზღაურებისთვის უბრალოდ იმისათვის, რომ გადარჩნენ და შეძლონ საარსებო მინიმუმის გამომუშავება.  არაფორმალური სექტორის კრიტიკა ეხება საკითხს, რომელიც საუბრობს მის მარგინალიზებულობაზე, რადგან იქ დასაქმებული ადამიანები არიან დაუცველნი და იმყოფებიან კანონს მიღმა. ზოგი ავტორი ხაზს უსვამს “წარმოების დისკრეტულ ლოგიკას“, რომელიც განსხვავდება ფორმალურ ეკონომიკაში გაბატონებულისაგან იმით, რომ “აქცენტი კეთდება დასაქმებულის გამომუშავებაზე“ და არა ინვესტიციების  რეალიზაციისთვის შესაფერისი შესაძლებლობების ძიებაზე. (Guerguil, 1988). დისკრეტული წარმოების ლოგიკა, გაგებული შეიძლება იქნას, როგორც დამალული, “მიწისქვეშა“ საქმიანობა, რომელიც, ასევე განძრახ არიდებს თავს გადასახადებს (Bernabe, 2002). ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში,  როგორც წესი, მნიშვნელოვნად განსხვავებულია შრომითი პირობები, ანაზღაურება, სოციალური დაცვა და შრომითი გარემო.

წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს საქართველოს კონტექსტში აღწეროს არაფორმალური შრომისა და მასზე ხელმისაწვდომობის საკითხები, ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის - სოციალურად დაუცველების მაგალითზე. „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების“ (Means testing) სისტემა, რომელიც შემუშავებული ინდიკატორების მიხედვით წყვეტს უნდა მიიღოს თუ არა დახმარება მოქალაქემ, უწყობს ხელს, იმას, რომ სოციალურად დაუცველი არაფორმალურ ეკონომიკურ შრომაში ჩაერთოს და სისტემისათვის მისი შრომა იყოს უხილავი, რათა არ დარჩეს სოციალური დახმარების გარეშე. ასევე სტატია განიხილავს იმას, თუ რატომ არ უმჯობესდება არაფორმალურ შრომაში ჩართული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა.

არაფორმალური ეკონომიკური შრომის განვითარება საქართველოში

საბჭოთა პერიოდში, საქართველოს შრომის ბაზარი, ისევე, როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკები, გამოირჩეოდა სამუშაო ძალის მონაწილეობის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. ეს ძირითადად, განპირობებული იყო დასაქმების მაჩვენებლის მაღალი ინდექსით, განსაკუთრებით ქალებში, რადგან არსებობდა ბავშვზე ზრუნვის კარგად განვითარებული სისტემა.  საბჭოთა კავშირის დაშლისას 1989-1990 წლებში, საქართველოს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 91%  ოფიციალურად იყო დასაქმებული, 86% დასაქმებული იყო სახელმწიფოს მიერ (EUROSTAT;, 1996). ასევე, მოსახელობისათვის დასაქმების გზით უზრუნველყოფილი იყოს სოციალური შეღავათების ფართო სპექტრი, მათ შორის საცხოვრებელი, ბაღის ნაკვეთები, ბავშვთა მოვლა, სუბსიდირებული კვება, გრძელვადიანი ვაუჩერები საქონლის შესაძენად, საოჯახო შემწეობები და დასასვენებელი პაკეტები (Bernabè, A Profile of Informal Employment: The Case of Georgia , 2002).

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, შეინიშნება შრომითი ბაზრის სეგმენტაცია.  საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ეს განაპირობა არსებულმა სოციალურმა მოცემულობამ, დროთა განმავლობაში კი მის გამძაფრებას ხელი შეუწყო სახელმწიფოში არსებულმა კაპიტალისტურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ.  ბერნაბესა და სტამფინის ნაშრომში, რომელშიც საქართველოს გამოცდილებაა შესწავლილი, იკვეთება, რომ მძიმე სოციალური მოცემულობისა და ეკონომიკური კრიზისის დროს, არაფორმალური სექტორი/შრომა ერთგვარი სოციალური დაცვის ბერკეტი გახდა. მაშინ, როდესაც ფორმალური სექტორი იწყებს რღვევას, ან სოციალური დაცვის სისტემები საჭირო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს ადამიანებისთვის არაფორმალური ეკონომიკური სექტორი ერთ-ერთ გამოსავლად რჩება იმის მიუხედავად, რომ იქ  დაბალი ანაზღაურებაა, უსაფრთხო სამუშაო გარემო არ არის უზრუნველყოფილი და არ არსებობს სტაბილური შემოსავალი ( Bernabè & Stampini, Labour mobility during transition Evidence from Georgia, 2009). პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და ყირგიზეთი მეტად დამოკიდებულები არიან არაფორმალურ ეკონომიკაზე (Abbott & Claire, 2009). შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყირგიზეთს, არაფორმალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს (71.8% 2019 წლის მონაცემები). ასევე საუბრობენ იმაზე, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ ამ მაჩვენებლის ზრდას ხელი შეუწყო.[4] მოლდოვის შემთხვევაში, ეს მაჩვენებლი 2018 წლის მონაცემებით 68.2% შეადგენს.[5] რაც შეეხება სომხეთს, იქ მაჩვენებლი 50%-ზე მაღალია.[6]

უკვე აღინიშნა, რომ საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის ინდექსი მაღალია მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით და ის 2015 წლის მონაცემებით 53.07% შეადგენს (Medina & Schneider, 2018). ქვეყანაში ასევე დაბალია სამუშაო ადგილებისა და დასაქმების მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებისათვის არაფორმალურ სექტორში შრომა მძიმე რეალობასთან გამკლავების რაციონალურ საშუალებად იქცა, რადგან სახელმწიფო ვერ ახერხებს დაარეგულიროს შრომის ბაზარი, გაზარდოს სამუშაო ადგილების რაოდენობა, შეიმუშავოს საჭიროებებზე მორგებული სოციალური დაცვის სისტემა  და უზრუნველყოს მოქალაქეების სტაბილური დასაქმება (Bernabè, A Profile of Informal Employment: The Case of Georgia , 2002).

ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ცვლილებებმა და პრივატიზაციის პოლიტიკამ    გამოიწვია სახელმწიფოს როლის დაქვეითება სოციალურ თანასწორობასთან და საჯარო სიკეთეებთან მიმართებაში, როგორიცაა: კეთილდღეობის გადანაწილება, დასაქმება, საბინაო პოლიტიკა, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. ამგვარ სიტუაციაში უკვე არსებული პრობლემები გახდა ინდივიდუალური და დღეს მოქალაქეს თავად უწევს უმუშევრობასთან გამკლავება და ბრძოლა თვითგადარჩენისათვის (Polese , Morris, Kovács, & Harboe, 2014). ასევე პარალელურად მიმდინარეობდა ფორმალური სექტორის დასუსტება, მოქალაქეებისთვის თანდათან უფრო ხილვადი ხდებოდა ბაზრის არამდგრადობა - სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოსახელობა აქტიურად ჩაება არაფორმალურ ეკონომიკურ შრომაში და ქვეყანა 1990-იანი წლებიდან ეკონომიკის არაფორმალური სექტორისა და დასაქმების წილის მაჩვენებლით მსოფლიოში მოწინავე გახდა (Rekhviashvili, 2016).

საქართველოში არაფორმალურ შრომაში ჩართული მშრომელები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიც არის, სტაბილურობა და მასთან დაკავშირებული ფინანსური უსაფრთხოება. საქართველოში აქტუალური ხდება “დროებითი დასაქმება“, რაც შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე დღეს ან თვეს, აქედან გამომდინარე არაფორმალურ ან არასტაბილურ სექტორში დასაქმებული ადამიანი, შესაძლებელია ნებისმიერ დროს უმუშევარი დარჩეს. ასევე ქვეყანაში არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევისა და უმუშევრობის შემწეობის სიტემა (დიაკონიძე, 2021).

სოციალურად დაუცველების ჩართულობა არაფორმალურ ეკონომიკურ შრომაში

საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებ პირთა მაჩვენებელი მზარდია და 2022 წლის ბოლო მონაცემებით ის მოსახლეობის 17.38% შეადგენს[7]. მისი ოდენობა განისაზღვრება სარეიტინგო ქულების მიხედვით, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ნიშნავს. ქულების მინიჭება ხდება წინასწარ შემუშავებული სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით[8]. არსებული სისტემა, ნაწარმოები არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების სისტემის  ლოგიკის მიხედვით, რაც ადამიანებს კონკურენტულ გარემოში აქცევს. სტატუსის მინიჭების დროს, ოჯახები ცდილობენ, რომ დამალონ ისეთი ნივთები/საკითხები, რამაც შეიძლება აწიოს მათი სარეიტინგო ქულა და  სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალოს. ამ დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის დასაქმება, რადგან ფორმალური შემოსავლის არსებობა, ხშირად განსაზღვრავს სტატუსის მინიჭებას. სოციალურ აგენტთან საუბრის დროს, აგენტმა აღნიშნა, სოციალური შემწეობის დანიშვნის დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბანკში დაფიქსირებულ დარიცხვებს: ხელფასს და გზავნილებს. მისი თქმით, შემოსავლის ჯამური რაოდენობა თუ აღემატება კანონით განსაზღვრულ საარსებო მინიმუმს, მაშინ სოციალურად დაუცველის სტატუსი უქმდება ან განმეორებით ხდება შემოწმება.  2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი შეადგენდა 198 ლარს[9]. ამიტომ, არსებული წესი სოციალურად დაუცველ მოქალაქეს  აიძულებს, რომ არ დასაქმდეს ფორმალურად, მინიმალურ ანაზღაურებაზეც კი.

თუმცა,  2022 წლის მარტიდან, სახელმწიფო იწყებს “სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბურ პროგრამას“. [10] პროგრამა მიზნად ისახავს “საზოგადოებრივი სამუშაოს ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას  რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან“ [11] სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქე თუ გადაწყვეტს დასაქმდეს არსებული პროგრამის დახმარებით, მას, 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება სტატუსი, მისი ანაზღაურება კი, სრულ განაკვეთზე, 300 ლარს შეადგენს. განცხადებაში სახელმწიფო თავადვე ახდენს აქცენტირებას სოციალურად დაუცველების არაფრომალურ დასაქმებაზე: “სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული.“[12] ამ პროგრამასთან დაკავშირებით, საჭიროა დაისვას კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იძლევა არსებული შეთავაზებები იმის შესაძლებლობას, რომ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანებმა მისი გამოყენებით შეძლონ  თავი დააღწიონ სიღარიბეს და პარალელურად არ აღმოჩნდნენ სიღარიბესა და პრეკარიულ შრომაში ჩართულნი.  სახელმწიფო ერთგვარ ოთხწლიან ბუფერულ პერიოდს იძლევა. იქედან გამომდინარე, თუ სოციალურად დაუცველი მოქალაქე შემოთავაზებული სამსახურითა და 300 ლარიანი ანაზღაურებით ვერ შეძლებს თავი დააღწიოს სიღარიბეს, ამ დროის გასვლის შემდგომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების სისტემა (means testing) მას დახმარების პირორიტეტთა სიაში აღარ მოაქცევს და სტატუსი მოეხსნება, მაგრამ რეალურად ინდივიდის ეკონომიკური მდგომარეობა და საჭიროებები უცვლელი დარჩება.

სოციალური დაცვის პაკეტები მიმართული უნდა იყოს სიღარიბის დაძლევაზე, რომ მხარდაჭერის სისტემამ, საჭირო დახმარება გაუწიოს მოქალაქეს, რომელიც შეძლებს თანასწორუფლებიან გარემოში განაგრძოს ცხოვრება, ასევე ამ პაკეტების გამოყენებით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს სიღარიბესთან ბრძოლა. საქართველოში კი მსგავსი პრაქტიკების წამოწყება დასახულ მიზანს ვერ აღწევს, რადგან სხვადასხვა სფეროში არ ხდება საჭიროებებზე დაფუძნებული კომპლექსური პოლიტიკის გატარება და სიღარიბის მაჩვენებელი მზარდია. წლიდან წლამდე იზრდება ოჯახების რაოდენობაც, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას. სოციალურად დაუცველები მოწყვლადი ჯგუფია, რომელსაც არ გააჩნია ეკონომიკური სტაბილურობა და მუდმივად უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ შეინარჩუნონ სტატუსი და შემწეობა. თუმცა, ის სოციალური პაკეტები, რასაც იღებენ, არ იძლევა სტაბილური ცხოვრების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, ის მაინც სტაბილურ ბაზისად შეიძლება მივიჩნიოთ, რომლის დაკარგვაც არ სურთ, რადგან მათთვის დასაქმება არის არასტაბილური და პრეკარიული. აქედან გამომდინარე, სოციალურად დაუცველ ადამიანებს უწევთ დამატებითი შემოსავლის მოძიება, რა დროსაც არაფორმალურ სექტორში დასაქმება მათთვის იძულებით ხდება ხელსაყრელი. იძულებით იმიტომ, რომ მათ არაფორმალურ ეკონომიკურ შრომაში ჩართვის დროს არ უფიქსირდებათ ხელფასი და ეს არ იმოქმედებს სოციალურად დაუცველის სტატუსის შენარჩუნებაზე, ამიტომ ისინი ექცევიან “სიღარიბის მახეში“, საიდანაც თავს ვერ აღწევენ. აქედან გამომდინარე ქვეყანაში ეს ერთ-ერთი ის ჯგუფია, რომელიც აქტიურად ერთვება არაფორმალურ შრომაში.

მდგომარეობით  სარგებლობს არაფორმალური სექტორი, რადგან მას მუდმივად ჰყავს იაფი მუშახელი.   არაფორმალური ეკონომიკური შრომის უარყოფითი მახასიათებლები: დაბალი ანაზღაურება, დამატებითი ბენეფიტების არარსებობა, შეუსაბამო სამუშაო გარემო, არაპროგნოზირებადობა - კიდევ უფრო არასტაბილურსა და უთანასწოროს ხდის სტატუსის მქონე მოქალაქეების ცხოვრებას. არაფორმალურ ეკონომიკურ შრომაში ჩართვა, თუ შეიძლება ვინმესთვის იყოს გარდამავალი ეტაპი, დროებითი დასაქმება ან საკუთარი არჩევანი, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთათვის, ეს არის მუდმივობა და თვითგადარჩენის გზა. სოციალურად დაუცველ ადამიანებს უწევთ იბრძოლონ სტატუსის შენარჩუნებაზე და ჩაერთონ არაფორმალურ შრომაში, რათა არ დაუფიქსირდეთ შემოსავალი. ამავდროულად, ასეთი დასაქმება მათ არ უქმნით სიმშვიდისა და ეკონომიკური სტაბილურობის განცდას. მათ აქვთ იმის შიში, რომ შესაძლოა დაკარგონ ის მინიმალური შემოსავალი რაც აქვთ, ეს კი სოციალურად დაუცველებს აყენებს მუდმივი მოწყვლადობის მდგომარეობაში და არსებული სიღარიბე, სახელწმიფოს არასწორი პოლიტიკის გამო, არ არის გარდამავალი. ამ დროს, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკა  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს აიძულებს უთანასწორო გარემოსთან შეგუებას და ასევე დისკურსული პრაქტიკებით აწარმოებს  ინდივიდუალურ ბრალეულობას. პრემიერ მინისტრის აზრით, „დღეს, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს.“ [13] აქვე ჩნდება კითხვა - სად უნდა დასაქმდნენ ეს პირები? რა რესურსებით უნდა მოხდეს ასეთ არასტაბილურ ყოველდღიურობაში მდგომარეობის გაუმჯობესება? _ სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების გზები პრობლემურია, არ არსებობს მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ ოჯახებში შრომისუნარიანი პირების ფორმალურ სექტორში დასაქმებას, სადაც მათ ექნებათ სტაბილური, ფორმალური ანაზღაურება და სხვა საჭირო ბენეფიტები. საჭიროა საკითხის დანახვა მოხდეს ინტერსექციულად, პრობლემად მხოლოდ არაფორმალურ შრომაში ჩართვა ან სოციალური დახმარების პაკეტების მიღება არ უნდა იდენტიფიცირდეს, არამედ, ეს უნდა დავინახოთ პროცესად, რომელიც წარმოქმნილია განსხვავებული და ურთიერთდამოკიდებული საზოგადოების სტრატიფიკაციის შედეგად, რაც იწვევს მარგინალიზაციასა და მოწყვლადობის მრავალ განზომილებას, რადგან სახელმწიფო პოლიტიკა რეალურად სოციალურად დაუცველ ადამიანებს ველს მიღმა ტოვებს (Kuran, Morsut, Kruke, & Krüger, 2020).   

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ, როდესაც შრომა არის პრეკარიული და უმუშევრობის დონე მაღალი, არაფორმალური შრომა სოციალურად დაუცველებისათვის  მეტად ხელმისაწვდომია. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, ხშირად თავიანთი საშუალო შემოსავლის დასახელებაც კი უჭირთ. ამგვარი არასტაბილური მდგომარეობა მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ გააკეთონ დანაზოგი ან მარტივად მიიღონ ფინანსებთან დაკავშირებული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები.  ამის მიუხედავად,  სიღარიბესთან ბრძოლის დროს სოციალურად დაუცველი ადამიანისათვის, რომელსაც სოციალური დაცვის პაკეტები ვერ უზრუნველყოფს, არაფორმალური დასაქმება,  უარყოფითი მახასიათებლების მიუხედავად, მაინც  ერთ-ერთ იმედათ რჩება (არასტანდარტულ და არაფორმალურ შრომაში ჩართულთა საჭიროებები: თემატური მოკვლევა, 2021).  ამგვარი არასტაბილური და უთანასწორო გარემო, სოციალურად დაუცველებს ფინანსური მოწყვლადობის პოზიციაში უვადოთ ტოვებს და უნარჩუნებს დაუცველის სტატუსს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

References

International Labour Organization. (2015). Resolution concerning decent work. მოპოვებული https://www.ilo.org/public/english/standards/relm/ilc/ilc90/pdf/pr-25res.pdf-დან

OECD/ILO;. (2019). Tackling Vulnerability in the informal Economy. Paris: OECD Publishing.

Souza, P., & Tokman, V. (1976). International Labour Review. The Informal Sector in Latin America (გვ. 355-365).-ში

Guerguil, M. (1988). Some Thoughts on the Definition of the Informal Sector. CEPAL Review, 57-65.

De soto, H. (1989). The Other Path: The Invisible Revolution in the Third World. New York: Harper and Row.

EUROSTAT;. (1996). Statistical Classification of Economic Activities in the European Community.

Günther, s., & Launov, A. (2006). Competitive and Segmented Informal Labor Markets. University of Würzburg and IZA Bonn.

Bernabè , S., & Stampini, M. (2009). Labour mobility during transition Evidence from Georgia. Economics of Transition and Institutional Change, 377-409.

Medina, L., & Schneider, F. (2018 წლის 24 1). Shadow Economies Around the World: What Did We Learn Over the Last 20 Years? Working Paper No. 18/17, გვ. 76.

Bernabè, S. (2002). A Profile of Informal Employment: The Case of Georgia . Geneva: International Labour Office .

Polese , A., Morris, J., Kovács, B., & Harboe, I. (2014). Welfare States’ and Social Policies in Eastern Europe and the Former USSR: Where Informality Fits In? Journal of Contemporary European Studies , 184-198.

Rekhviashvili, L. (2016). Counterbalancing marketization informally: Georgia’s new-institutionalist reform and its discontents. Journal of Contemporary Central and Eastern Europe, 255-272.

Kuran, C., Morsut, C., Kruke, B., & Krüger, M. (2020). Vulnerability and vulnerable groups from an intersectionality perspective. International Journal of Disaster Risk Reduction.

Bernabe, S. (2002). Informal Employment in Countries in Transition: A conceptual framework. London: Centre for Analysis of Social Exclusion London School of Economics.

დიაკონიძე, ა. (2021). არასტანდარტული და არაფორმალური დასაქმება –კონცეპტები და მათი რელევანტურობა საქართველოსთვის. გ. ინცაძე, გ. ლანჩავა, ს. შუბლაძე, ა. დიაკონიძე, ს. ქაჯაია, & თ. ქებურია-ში, არაფორმალური და არასტანდარტული შრომა საქართველოში (გვ. 17-31). თბილისი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ცინცაძე, გ. (2021). არასტანდარტულ და არაფორმალურ შრომაში ჩართულთა საჭიროებები: თემატური მოკვლევა. გ. ცინცაძე, გ. ლანჩავა, ს. შუბლაძე, ა. დიაკონიძე, ს. ქაჯაია, & თ. ქებურია-ში, არაფორმალური და არასტანდარტული შორმა საქართველოში (გვ. 32-46). თბილისი: სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

Abbott, P., & Claire, W. (2009). patterns of Participation in the Formal and Informal Economies in the Commonwealth of Independent States. International Journal of Sociology, 12-38.

[1] Informal economy_ https://www.ilo.org/global/topics/employment-promotion/informal-economy/lang--en/index.htm

[2] international labour organization_ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

[3] Informal economy_ https://www.ilo.org/global/topics/employment-promotion/informal-economy/lang--en/index.htm

[4] Transition from Informal to Formal Employment Project Kyrgyzstan_ https://www.ilo.org/moscow/projects/WCMS_826841/lang--en/index.htm (ნახვის დრო: 3/10.2022)

[5] Overview of the informal economy in the Republic of Moldova_ https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---europe/---ro-geneva/---sro-budapest/documents/genericdocument/wcms_751315.pdf (ნახვის დრო: 3/10.2022)

[6] The enabling environment for sustainable enterprises in Armenia _ https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---ed_emp/---emp_ent/---ifp_seed/documents/publication/wcms_465083.pdf (ნახვის დრო: 3/10.2022

[7] სოციალური მომსახურეობის სააგენტო, 4.1 მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=1539 (ნახვის დრო: 2/11/2022)

[8] სოციალური მომსახურეობის სააგენტო, ფულადი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) http://ssa.gov.ge/index.php?sec_id=35&lang_id=GEO (ნახვის დრო: 2/12/2022)

[9] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საარსებო მინიმუმი (2021 წლის დეკემბერი) https://www.geostat.ge/ka/calendar (ნახვის დრო: 2/12/2022)

[10] სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო https://www.moh.gov.ge/ka/news/6576/

[11] სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო https://www.moh.gov.ge/ka/news/6576/

[12] სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო https://www.moh.gov.ge/ka/news/6576/

[13]ირაკლი ღარიბაშვილი: ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია  https://imedinews.ge/ge/politika/227726/irakli-garibashvili-natsvlad-sotsialuri-dakhmarebisa-shromisunarian-moqalaqeebs-samushao-adgilebi-unda-shevtavazot--daakhloebit-600-atasi-sotsialurad-dautsveli-moqalaqe-gvkavs-da-matgan-titqmis-nakhevari-shromisunariania (ნახვის დრო: 2/12/2022)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“