[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / სტატია

არაფორმალობა პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ

თამუნა ქებურია 

გლობალურად, არაფორმალურ დასაქმებაზე მთელი დასაქმების 60% მოდის, რაც 2 მილიარდამდე არაფორმალურ მშრომელს უდრის. მათი უდიდესი ნაწილი (90%) განვითარებად ქვეყნებშია კონცენტრირებული (ILO 2018). ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 10 ბიზნესერთეულიდან 8 არაფორმალურად არსებობს, ხოლო 10-დან 6 დასაქმებული არაფორმალურ მშრომელს წარმოადგენს (OECD 2021). პანდემიური კრიზისის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ILO-მ ივარაუდა, რომ COVID 19-ის პანდემია ყველაზე მწვავე დარტყმას არაფორმალურად დასაქმებულებს მიაყენებდა – 1,6 მილიარდამდე ადამიანი შემოსავლის 60%-ზე მეტს დაკარგავდა, რის შედეგადაც არაფორმალურად დასაქმებულთა შორის სიღარიბე 26-დან 59%-მდე გაიზრდებოდა (ILO 2020). სიღარიბის ამ მასშტაბით ზრდა 30-წლიანი ჩამორჩენის ტოლია, რაც საქართველოს შემთხვევაში, მისი დამოუკიდებელ რესპუბლიკად არსებობის მთლიან პერიოდს უტოლდება.

იმას, თუ რატომ აღმოჩნდა არაფორმალურად დასაქმებულების ჯგუფი პანდემიის წინაშე ყველაზე მოწყვლადი, მრავალი მიზეზი აქვს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, საწარმოო პროცესების მდგრადობას, სოციალური დაცვის პოლიტიკას, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკას, დაწესებული შეზღუდვების ფორმებს თუ თავად არაფორმალურად დასაქმებულთა სოციოეკონომიკურ პროფილს უკავშირდება. რამდენადაც COVID 19-ის ვირუსი ფიზიოლოგიურ დონეზე ადამიანთა ჯანმრთელობის სისუსტეებს უმიზნებდა და ქრონიკულ დაავადებებს კიდევ უფრო ამწვავებდა, საზოგადოების სოციოეკონომიკურ ქსოვილზეც მას იდენტური ეფექტი  ჰქონდა – სოციალურად ყველაზე დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს მიაყენა უზარმაზარი ზიანი და ისინი ქრონიკული სიღარიბისთვის გაწირა.

დღეს საქართველო პანდემიის კიდევ ახალ ტალღას ებრძვის. შესაბამისად, ნაადრევია იმ საბოლოო ზიანზე საუბარი, რაც COVID 19-მა არაფორმალურად დასაქმებულებს მოუტანა. თუმცა სხვადასხვა მონაცემით, და მათ შორის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის თანახმად,  2020 წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა თვითდასაქმებულმა დაკარგა შემოსავალი,[1] ხოლო გრძელვადიანი ზიანის მასშტაბი ჯერაც უცნობია. შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე არაერთ საპროტესტო აქციას გაუწიეს ორგანიზება არაფორმალურად დასაქმებულებმა – მათ შორის სარფის საბაჟოზე გადამსვლელმა მოვაჭრეებმა,[2] ტურისტულ სააგენტოებში დასაქმებულმა გიდებმა,[3] აგრობაზრების მოვაჭრეებმა,[4] საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებმა,[5] და ვაგზლის მოედნის მიმდებარედ არსებული ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით მოვაჭრეებმა. ისინი შეღავათებს, სოციალურ მხარდაჭერას და მწვავე სოციალური, ყოფითი თუ შრომითი გამოწვევების შემსუბუქებას მოითხოვდნენ სახელმწიფოს მხრიდან.[6] ის, თუ როგორ უპასუხებდა და მიემართებოდა სახელმწიფო სტრუქტურები მათ მოთხოვნებს, მეტწილად განპირობებული იყო იმით, თუ რა მექანიზმები და ხედვა ჰქონდა სახელმწიფოს ამ გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის და მათი საჭიროებების შესაფასებლად.

მოცემული ნაშრომის მიზანია, 2020 წლის პერიოდში გატარებულ იმ ანტიკრიზისულ და სოციალური პოლიტიკაზე დაკვირვებით, რომელიც სახელმწიფომ პანდემიით დაზარალებულთათვის, კერძოდ კი, არაფორმალურად დასაქმებულთა მხარდასაჭერად  შეიმუშავა, გაანალიზოს ის, თუ როგორ ხედავდა და როგორ მიემართებოდა სახელმწიფო სტრუქტურები არაფორმალურ დასაქმებას პანდემიამდე, როგორ შეცვალა პანდემიამ ეს ხედვა და სამომავლოდ რა შესაძლებლობები არსებობს საიმისოდ, რომ არაფორმალურად დასაქმებულთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა გარდაიქმნას. იქიდან გამომდინარე, რომ, ისტორიულად, მსგავსი მასშტაბის კრიზისი საზოგადოების იდეისა და კოლექტიური კეთილდღეობის ახალ პარადიგმებს წარმოშობს, შესაძლოა, ახლა ყველაზე შესაბამისი დრო იყოს პოლიტიკური დისკუსიის დასაწყებად იმაზე, თუ რას გულისხმობს არაფორმალურობა, როგორ უნდა შეიცვალოს არსებული პოლიტიკა და როგორ უნდა უზრუნველყონ თავად არაფორმალთა ჩართულობა ცვლილებების დანერგვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

დოკუმენტი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში

სტატია მომზადდა პროექტის - “ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“, ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორების პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს.

არაფორმალობა_პანდემიამდე_და_პანდემიის_შემდეგ_1638799542.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ინტერვიუ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დირექტორთან, 2021 წლის სექტემბერი

[2] აქცია სარფში, 01.07.2020, https://batumelebi.netgazeti.ge/news/286943/

[3] რატომ რჩებიან გიდები კომპენსაციის გარეშე? 25.05.2020, https://bm.ge/ka/article/57088

[4] EMC ღია ბაზრობების მოვაჭრეთა პროტესტს ეხმიანება და სახელმწიფოს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, 24/12/2020, https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-ghia-bazrobebis-movachreta-protests-ekhmianeba-da-sakhelmtsifos-mati-mkhardacherisken-moutsodebs

[5] ბათუმში, მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ, 12.07.2021 https://ipress.ge/new/bathumshi-mikroavtobusis-mdzgholebi-gaiphitsnen/

[6] მოვაჭრეები აქციას მართავენ და ფართის გადასახადის განახევრებას ითხოვენ, 03/09/2021, https://formulanews.ge/News/56048

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“