საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბოლო ათწლეულის განმავლობაში აკადემიურ თუ პოლიტიკურ წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი "სამუშაოს ახალი სამყაროს" (new world of work) შესახებ. ამ კონცეფციით აღინიშნება ის ზოგადი ტენდენცია, როდესაც ,,სტანდარტული შრომითი ურთიერთობები“ ნელ-ნელა რღვევას განიცდის და ადგილს უთმობს შრომისა და დასაქმების ახალ, უფრო მოქნილ და არატრადიციულ ფორმებს. ,,სტანდარტული შრომითი ურთიერთობა“ ან იგივე ,,სტანდარტული სამუშაო“ დასავლური კონცეპტია, რომელიც ფორდიზმის ხანაში აღმოცენდა, ზოგადი განმარტებით, ეს არის ,,სტაბილური, უვადო და პირდაპირი შრომითი ურთიერთობა სრულგანაკვეთზე დასაქმებულსა და მის ერთადერთ დამსაქმებელს შორის“ (Walton, 2016). თავის მხრივ, შრომით ურთიერთობას განსაზღვრავს შემდეგი მახასიათებლები: არსებობს პირდაპირი სუბორდინაცია დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, ორივე მხარეს გააჩნია ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმებულისათვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ამ სამუშაოზე მიღებული ხელფასია, ანუ ის ეკონომიკურად დამოკიდებულია დამსაქმებელზე (Schoukens & Barrio, 2017). აღსანიშნავია, რომ ფორდიზმის ეპოქაში ჩამოყალიბებულმა ამ დეფინიციებმა, მომდევნო ათწლეულებში სერვის სექტორის განვითარების პარალელურად, ცვლილება განიცადეს. მაგალითად, თუ ფორდიზმის ხანაში სუბორდინაცია უშუალო მეთვალყურისგან მიღებული ბრძანებების შესრულებას აღნიშნავდა, დღეს სუბორდინაცია უფრო მეტად განიმარტება როგორც ერთი რგოლის მუშაკების ფუნქციური დაქვემდებარება მეორის მიმართ. აღნიშნული განაპირობა სერვის სექტორის განვითარებასთან ერთად სამუშაო ძალაში მაღალკვალიფიციური შრომით დაკავებულთა რაოდენობის ზრდამ, რომელთაც სამუშაოს შესრულების დროს გაცილებით მეტი ავტონომია გააჩნიათ, ვიდრე ფიზიკური შრომით დაკავებულ პირებს (Veneziani, 2009). ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სტანდარტული შრომითი ურთიერთობა დასაქმების სტაბილურობას და სოციალური დაცვის გარანტიებს გულისხმობს.
აღნიშნულის საპირისპიროდ, არასტანდარტული შრომა ზოგადი კონცეფციაა, რომელიც ისეთ შრომით ურთიერთობებს მიემართება, რომლებიც სტანდარტული შრომითი ურთიერთობის მახასიათებლებს მოკლებული არიან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია არასტანდარტული დასაქმების ოთხ ძირითად ფორმას გამოყოფს: ა) დროებითი (განსაზღვრული ვადით) დასაქმება), ბ) არასრულ განაკვეთზე დასაქმება, გ) ქვეკონტრაქტირებით დასაქმება და გ) შენიღბული (ცრუ) თვითდასაქმება (ILO, 2016). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არასტანდარტული დასაქმების ზემოდასახელელებული სხვადასხვა ფორმა არ არის ურთიერთგამომრიცხავი და მათ შორის საზღვრები პირობითია.
დროებითი დასაქმება განისაზღვრება იმით, რომ სტანდარტულისგან განსხვავებით, იგი უვადო დასაქმებას არ გულისხმობს. ტერმინი ,,დროებითი“ საკმაოდ ფართო გაგებით გამოიყენება. დროებითი შეიძლება იყოს რამდენიმეწლიანი კონტრაქტით დასაქმებულიც და ისიც, ვინც ე.წ. არარეგულარულ და არასტაბილურ სამუშაოზე მუშაობს (ე.წ. casual worker). ამ უკანასკნელის მაგალითია გამოძახებაზე და/ან დღიური შრომით დაკავებული (wage workers) პირები. შრომითი ურთიერთობა პირველ შემთხვევაში უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მეორეში, თუმცა მათთვის საერთოა ის, რომ სამუშაო გარკვეული ვადით არის შემოფარგლული.
არარეგულარული და არასტაბილური სამუშაო (casual work), ძირითადად, განვითარებად ეკონომიკებშია გავრცელებული. შეიძლება ითქვას რომ აქ იგი დასაქმების დომინანტურ ფორმასაც კი წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შრომითი გარიგებების რაოდენობა ასევე იზრდება განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითად, ე.წ. zero hour workers ევროპაში, რომელიც გულისხმობს ისეთი კონტრაქტის არსებობას, როდესაც კომპანია არ არის ვალდებული რაიმე მინიმალური სამუშაო საათები და შესაბამისად, მინიმალური ანაზღაურება მისცეს დასაქმებულს. ეს უკანასკნელი მზად უნდა იყოს შეასრულოს სამუშაო მაშინ, როდესაც საჭირო იქნება და იმდენი საათით, რამდენიც საჭირო იქნება (მაგ. კომპანიას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი შეთანხმება თარჯიმანთან).
სტატია სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში
სტატია მომზადდა პროექტის - “ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“, ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორების პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს.
ინსტრუქცია