[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / სტატია

ჩრდილოვანი ეკონომიკის ფორმალიზებასთან დაკავშირებული გამოწვევები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, ჩრდილოვანი ეკონომიკა გლობალური შრომითი ძალის ნახევარზე მეტს და მთელ მსოფლიოში არსებული მიკრო და მცირე საწარმოების 90 პროცენტზე მეტს წარმოადგენს.[1]

ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაცემებით ის მთლიანი შიდა პროდუქტის ორმოცდაათ და სამოც პროცენტს შეადგენს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, ზიმბაბვე და ბოლივია, მაშინ როდესაც მოწინავე ეკონომიკებში მისი მაჩვენებელი ეკონომიკური აქტივობის დაახლოებით რვიდან თორმეტამდე პროცენტია.[2] მართლაც, ჩრდილოვანი ეკონომიკის ტენდენცია ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისთვისაა აქტუალური, მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნები ამ საკითხით ნაკლებად ინტერესდებიან. განვითარებულ ქვეყნებში, ჩრდილოვანი ეკონომიკა ჩვეულებრივ  ეკონომიკური და კომერციული საქმიანობით შემოიფარგლება, რომელსაც  მხოლოდ ინდივიდები ახორციელებენ ფირმების ფარგლებს გარეთ (მაგალითად, სახლის დამლაგებელი პერსონალი). უფრო მეტიც, განვითარებად ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკა შეიძლება  ფორმალური ეკონომიკის პირობებში არსებული უმუშევრობის პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზაც კი იყოს: ადამიანები, რომლებიც სამუშაოს ვერ პოულობენ ფორმალურ ეკონომიკაში, მიმართავენ არაფორმალურ ეკონომიკას. მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში, სადაც შესაძლოა მეტი დახმარების პროგრამა ჰქონდეთ დაუსაქმებელი შრომისუნიარიანი რესურსების მხარდასაჭერად, დაუსაქმებელ პირებს არ უწევთ თავის გამოსაკვებად ჩრდილოვან ეკონომიკაში მუშაობა.[3] თუმცა, საჭიროა არაფორმალურობასა და განუვითარებლობას შორის ასეთ კავშირში გარკვეული ნიუანსების გამოკვეთა. ამრიგად, შრომის საერთაშორისო ოფისის მონაცემებით, ისეთ „განვითარებულ ქვეყანას“, როგორიც ესპანეთია, 2012 წელს ჩრდილოვანი დასაქმების თითქმის 30% ჰქონდა მთლიანი დასაქმების ფარგლებში.[4] გარდა ამისა, OECD აღნიშნავს, რომ რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთ აზია და ლათინური ამერიკა, ბოლო 20 წლის ეკონომიკურ ზრდას თან სდევდა ჩრდილოვანი დასაქმების მაჩვენებლების ზრდაც,[5] ანუ ტენდენცია, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და ჩრდილოვანი ეკონომიკის დაბალ მაჩვენებლებს შორის კავშირს ქმნის და ეჭვქვეშ აყენებს ფორმალიზების საკითხს.

2002 წელს გამართული შრომის საერთაშორისო კონფერენციის- „რეზოლუციები და დასკვნები ღირსეულ შრომასა და არაფორმალურ ეკონომიკაზე“[6], თანახმად, ცნება „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ მოიცავს „მუშაკთა და ეკონომიკური ერთეულების ყველა ეკონომიკურ საქმიანობას (კანონითაც და პრაქტიკაშიც), რომელზეც არ ვრცელდება ან არასაკმარისად ვრცელდება ფორმალური პირობები“. მოგვიანებით, 2015 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია ჩრდილოვანიდან ფორმალურ ეკონომიკაზე გადასვლასთან[7] დაკავშირებით განმარტავს, რომ განსაზღვრება ეხება დაქირავებულ მუშახელს, საკუთარ ხარჯზე მომუშავე ინდივიდებსა და კოოპერატივებს, და აგრეთვე სოციალური და სოლიდარობის ეკონომიკის ერთეულებს. 

აშკარაა, რომ ჩვეულებრივ მთავრობებისა და კანონმდებელთა თავდაპირველი პოზიცია ხელს უწყობს ფორმალიზებას. მართლაც, როგორც ნაჩვენებია, ფორმალიზების მაღალი მაჩვენებლები ტრადიციულად კეთილდღეობას უკავშირდება, იმავდროულად, არაფორმალობა  განუვითარებლობას განასახიერებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, მკვლევრები ამ ორთოდოქსული მიდგომის დაგმობას შეუდგნენ და ჩრდილოვანი ეკონომიკისადმი უფრო დეტალური და რეალისტური მიდგომის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

შესაბამისად, ეს სტატია მიზნად ისახავს წარმოადგინოს (I) ფორმალიზების პროცესის არსებული მიდგომები და მისი შეზღუდვები და  (II) ჩრდილოვანი ეკონომიკის მიდგომები, რათა (III) მიმოიხილოს ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი მაჩვენებლების მქონე განვითარებადი ქვეყნების გამოწვევები.

 

I. ფორმალიზების პროცესი და მისი შეზღუდვები

ფორმალიზებას მსოფლიო მასშტაბით აქვს ხელშეწყობა (მაგალითად ILO, მსოფლიო ბანკი, AID) და ფორმალიზების რამდენიმე  პოლიტიკის ინიცირება განვითარებად ქვეყნებში მოხდა (მაგალითად, ბრაზილია, ეგვიპტე და პალესტინა). ასეთი პოლიტიკის გაცხადებული მიზანია, სამიზნე ქვეყნების განვითარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით, უკეთ ანაზღაურებადი და მდგრადი დასაქმების უზრუნველყოფით, ინვესტორების ნდობის გაზრდითა და საგადასახადო ბაზის გაზრდით.

ფორმალიზების მხარდასაჭერად გამოყენებული ძირითადი საშუალებებია: მარეგულირებელი და ადმინისტრაციული ბარიერების შემსუბუქება, რათა გაიზარდოს ბიზნეს კლიმატის მიმღეობა ფორმალური საწარმოებისადმი (მაგალითად, დოკუმენტაციის გამარტივებით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის გამოყენებით და ა.შ.); რეგისტრაციის გამარტივება და ლიცენზირების პროცესი (მაგალითად, სარეგისტრაციო მოსაკრებლებისა და ნორმატიული მოთხოვნების შემცირებით); მოსაკრებლებისა და ფინანსური მოთხოვნების რაციონალიზება (მაგალითად, საგადასახადო რეფორმის შემუშავებით და მცირე კომპანიების უპირატესობების შესახებ კომუნიკაციით); კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო ადმინისტრაციაში, ბიზნეს სერვისების გაზრდა (მაგალითად, ჩრდილოვანი ბიზნესებისათვის მიკრო დაფინანსების, უკეთესი ინფრასტრუქტურის, შესყიდვების შესაძლებლობების და სხვა სახის მხარდაჭერის შეთავაზებით).

სინამდვილეში, ამ საშუალებების შედეგები არაერთგვაროვანია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანახმად, მონტენეგროში, ბიზნესის რეგისტრაციის გადასახადის შემცირების პროგრამამ ხელი შეუწყო რეგისტრირებული კომპანიების გაზრდას და 1999 წელს დარეგისტრირებული 6001-დან 2003 წლისათვის რიცხვი 21724-მდე გაიზარდა, რაც დადებითი შედეგია. ამავდროულად,   2001 წელს ტანზანიამ ახალი, გამარტივებული საგადასახადო გრაფიკი შემოიღო მიკრო და მცირე საწარმოების ფორმალიზების წასახალისებლად. ინფორმაცია არ გავრცელებულა და ჩრდილოვანი ეკონომიკის აქტორებმა კვლავ არ იციან ახალი განრიგის შესახებ, რაც მათ სრულად  დამოკიდებულს ხდის ტანზანიის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური პირების პატიოსნებაზე.[8]  ასევე, მექსიკამ შემოიტანა „ერთი ფანჯრის“ რეფორმა, რამაც განაპირობა რეგისტრირებული ახალი კომპანიების რაოდენობის 5%-ით გაზრდა, მაგრამ შრომის საერთაშორისო ოფისი აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკას არსებული ჩრდილოვანი კომპანიების რეგისტრაცია და ფორმალიზება არ მოჰყოლია.[9] დაბოლოს, მულაინათანისა და შნაბლის დასკვნები აჩვენებს, რომ მუნიციპალური ლიცენზირების რეფორმამ ლიმაში (პერუ) არაფორმალურ საწარმოებზე გაცემული დროებითი ლიცენზიების რაოდენობა გაზარდა, მაგრამ ბევრი საწარმო მოგვიანებით ლიცენზიას აღარ ანახლებს.[10]

ამრიგად, ფორმალიზების პოლიტიკა აჩვენებს საკმაოდ ვიწრო შედეგებს განვითარებად ქვეყნებში და რამდენიმე საერთო კვლევა  ფორმალიზების შეზღუდვებს ადასტურებს. ფლორიდის, აფევერკ დემენას და ვაგნერის მიერ ფორმალიზების პოლიტიკის გავლენის შესახებ ჩატარებული მეტაანალიზი, რომელსაც შედეგად  49 მკვლევარის მიერ ჩატარებული 27 კვლევიდან გამოტანილი 842 შეფასება მოჰყვა, და რომელიც 2019 წლის ივნისამდე გამოქვეყნდა, არ დაადასტურა კავშირი გაზრდილ ფორმალიზებასა და აქამდე განხორციელებულ ინტერვენციებს შორის. სუეიდანის თანახმად[11], კვლევა მიუთითებს, რომ ფორმალიზების პოლიტიკა უფრო ეფექტურია ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებში. ძირითადი ფაქტორებია აგრეთვე უკეთესი კანონმდებლობა და ქონებრივი უფლებები.

უფრო მეტიც, როკას, ულისეას და რახტერის მიერ ბრაზილიაში ფართომასშტაბიანი ფორმალიზების პროგრამის[12]  შესახებ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ფორმალიზებაში მოკლევადიანი პერსპექტივით  მონაწილეთა შემოსავლები არ იზრდება. კვლევის თანახმად, მცირე ფირმები შეზღუდულ სარგებელს იღებდნენ ფორმალიზებიდან, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ვალდებულების შემცირებით გათვალისწინებული ფორმალიზების ზრდა შეინიშნებოდა.  

დაბოლოს, ფლორიდი, ვაგნერი და კამერონი ამტკიცებენ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ფორმალიზების პროცესებზე ეგვიპტესა და პალესტინაში, არასწორად წარმოაჩენს მრავალრიცხოვანი ფირმების მდგომარეობას. შესაბამისად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ორივე ქვეყანაში პოლიტიკამ მცირედი ყურადღება დაუთმო ან სულაც გამორიცხა მცირე და საშუალო საწარმოები.[13]

ამ დასკვნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ფორმალიზების პოლიტიკის შედეგები განვითარებადი ქვეყნებისათვის უდავოდ შეზღუდულია. ამ პრობლემის გადალახვისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნებოდა ჩრდილოვანი ეკონომიკის უფრო რეალისტური ხედვა  (II).

 

II. ჩრდილოვანი ეკონომიკისადმი პლურალური მიდგომის საჭიროება

ფორმალიზების შეზღუდვების შესახებ წინა მიგნებებმა მკვლევრებს ეს კონცეფცია პლურალურ ფენომენად წარმოუდგინა, რომელიც შეიძლება რამდენიმე მიდგომის ფარგლებში განიხილოს:

დუალისტური მიდგომა: დუალისტური მიდგომა ყველაზე კლასიკურია. მის თანახმად, ფორმალური და ჩრდილოვანი ეკონომიკა ორი სხვადასხვა სფეროს ნაწილია. ჩრდილოვანი ეკონომიკა განიხილება, როგორც ფორმალური ეკონომიკის ნარჩენი კომპონენტი, რომელსაც კავშირი არ აქვს ფორმალურთან. ეს არის საარსებო ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ფორმალური ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს საკმარის სამუშაო ადგილებს. მაგალითად, ზოგიერთ მიტოვებულ სოფელში, ფორმალური ეკონომიკა არ ეხება საოჯახო მეურნეობას, მათი საარსებო საშუალება შინამეურნეობაა და მათ წვდომა არ აქვთ ოფიციალურ შრომის ბაზარზე, რომელიც  განვითარებულ ქალაქებში მდებარეობს.

ეს მიდგომა მიუთითებს, რომ საქონლისა და მომსახურების წარმოება იზრდება და მისი მიწოდება ხდება ფორმალური ეკონომიკის მეშვეობით, სანამ ეკონომიკა ვითარდება. ამასობაში კი, სანამ ქვეყანა ვითარდება, „ტრადიციული“ ჩრდილოვანი მუშაობა ქრება. ამ ხედვის თანახმად, ჩრდილოვანი ეკონომიკა განიხილება, როგორც განუვითარებლობის ფორმა. ეს თეორია მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მაღალპროდუქტიული ფორმალური ფირმების მეშვეობით ხდება.

სტრუქტურალისტური ან ქვეპროდუქტისმიერი მიდგომა: დუალისტური მიდგომისგან განსხვავებით, სტრუქტურალისტური მიდგომა ხაზს უსვამს  არაფორმალურ და ფორმალურ სექტორს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ამ მარქსისტულად შთაგონებული მიდგომის თანახმად, ჩრდილოვანი სექტორი კაპიტალისტურ სისტემაში არსებულ დაქვემდებარებულ ურთიერთობაში არის ინტეგრირებული. ჩრდილოვანი ეკონომიკა ფორმალურ საწარმოებს შრომით და იაფი პროდუქტებით უზრუნველყოფს, რითაც ჩრდილოვანი სექტორი ზრდის ეკონომიკის მოქნილობას და კონკურენტუნარიანობას.

მართლაც, მსოფლიოს დერეგულირებული ღია ეკონომიკის გაჩენის გამო, ჩრდილოვანი შრომა ფართოვდება და  ფორმალურ შრომას უკავშირდება. ეს  ზოგიერთ ქვეყანაში დაბალი ანაზღაურების ქვეკონტრაქტს განაპირობებს, მაგალითად, ქსოვილის წარმოების სფეროში და ეს გავლენას ახდენს მუშაკთა მარგინალიზებულ კატეგორიებზე (ქალები, ბავშვები, შშმ პირები და ა.შ.), რომლებიც გარიყულნი არიან ფორმალური ეკონომიკიდან. მართლაც, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ქსოვილის წარმოება, როგორც წესი, ქვეკონტრაქტით არის გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნების მომწოდებლებთან (როგორიცაა ბანგლადეში), რაც ძლიერ კონკურენციას იწვევს და ეს კი, თავის მხრივ ხარჯებს ამცირებს.[14]

ალტერნატიული ან დამატებითი მიდგომა: ეს მიდგომა წინა ორს ეწინააღმდეგება, რადგან არაფორმალურობის არჩევანი ნებაყოფლობითია. ამ თვალსაზრისის მიხედვით, არაფორმალურ ეკონომიკას აქვს დადებითი მახასიათებლები და აგრეთვე, გავლენა ფორმალურ ეკონომიკასთან შედარებით, ამიტომ ზოგიერთი მუშაკი ფორმალურის ნაცვლად მას ირჩევს. ამ სექტორში უფრო მეტი ავტონომია, მოქნილობა და თავისუფლება შეიძლება იყოს, ვიდრე ფორმალურ ეკონომიკაში. ამრიგად, ბევრი ფირმა განზრახ წყვეტს დარჩეს არაფორმალურად, რადგან ფორმალურ ფუნქციონირებასთან შედარებით აქ უფრო მაღალი სარგებლის მიღება შეიძლება. ეს მათ საშუალებას აძლევს თავი დააღწიონ მძიმე საჯარო რეგულაციებს ან ლეგალიზაციის გადაჭარბებულ ხარჯებს ოფიციალურ სტატუსთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით.   

გარდა ამისა, ეს მიდგომა შეიძლება  სოციალურ-კულტურულ ფაქტორებს უკავშირდებოდეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი სახელმწიფოს ძლიერ არაფორმალურ ქსელებთან შედარებით სუსტად მიიჩნევს ან არსებობს სახელმწიფო ჩაგვრის კოლექტიური გამოცდილება. მაგალითად, ზოგიერთ პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, როგორიცაა უკრაინა, ჩრდილოვანი სექტორის დიდი ნაწილი „ანაზღაურებადი დახმარებით“ იქმნება: ხალხი ფულს შოულობს იმ დროს, როდესაც ისინი მათთვის ნაცნობ ადამიანებს ემსახურებიან. ამ გზით, ფული ისე გადანაწილდება, რომ „ქველმოქმედება“ არ ჩანს, რაც ავითარებს და ამყარებს საზოგადოებასა და სოციალურ კავშირებს.[15].

უწყვეტობის მოდელი: ამ ხედვის თანახმად, არსებობს ეკონომიკური აქტივობების უწყვეტობის ვარიანტები ფორმალობის განსხვავებული ხარისხით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს მიდგომა  ზემოხსენებულ 2002 წლის რეკომენდაციაში მიიღო.

ჩრდილოვანი ეკონომიკა არ არის მხოლოდ დასაქმების აქტივობების ერთობლიობა არაფორმალურ სექტორში. უწყვეტობიის მოდელი მართლაც მოიცავს არაფორმალურ და შემთხვევით დასაქმებას ფორმალურ სექტორში. ეს მიდგომა წარმოქმნის ნაცრისფერ ზონებს, სადაც ეკონომიკური აქტივობა ფორმალური და ჩრდილოვანი ეკონომიკის მახასიათებლებს აერთიანებს.  

მართლაც, ფორმალიზება შეიძლება ეტაპობრივი პროცესი იყოს, მაგალითად, ბიზნესი ჩინეთში შეიძლება არ იყოს დარეგისტრირებული ცენტრალური მთავრობის მიერ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეესაბამებოდეს ბევრ ადგილობრივ რეგულაციას.[16] ეს მიდგომა ასევე გამოიყენება ფორმალური ეკონომიკის მუშაკებზე, რომლებიც არადეკლარირებულ ხელფასს იღებენ, ან ფორმალური საწარმოების მუშაკებზე, რომელთა სამუშაო პირობები ან ანაზღაურება არაფორმალურია (მაგალითად, გამოუცხადებელი და გადაუხდელი ზეგანაკვეთური სამუშაოები).

ჩრდილოვანი ეკონომიკური ფენომენების შესწავლისას ყველა ამ მიდგომის გათვალისწინება წარმოაჩენს ქვეყნის სიტუაციის რეალისტური და დეტალური ხედვის უპირატესობას. მართლაც, ჩრდილოვანი ეკონომიკის აღიარება, როგორც განუვითარებლობის ეტაპისაგან განსხვავებულის, საშუალებას გვაძლევს ეს ფენომენი ქვეყნების სოციალურ-კულტურული სპეციფიკის გათვალისწინებით შევისწავლოთ. მაგალითად, უილიამსისა და რაუნდის თანახმად, უკრაინაში მრავალი ოჯახი წარმოებას შინამეურნების რეჟიმში განაგრძობს, განსაკუთრებით მიტოვებულ სოფლებში, რადგან იქ სხვა არჩევანი არ აქვთ. ეს სიტუაცია შეიძლება დაუკავშირდეს დუალისტურ მიდგომას. თუმცა, თვითდასაქმებული ჩრდილოვანი სამსახურის არჩევანი ძირითადად უკრაინაშია გავრცელებული (10-დან 9) და მათ გამოკითხვაში მითითებული ყველა არადეკლარირებული სამუშაოს 55% შედგება მეგობრების, მეზობლებისა და ნათესავებისთვის გაკეთებული ანაზღაურებადი დახმარებისაგან; 41% - გადახდებისგან. ეს სიტუაცია  დამატებითი ან ალტერნატიული მიდგომით არის წარმოდგენილი. ამგვარად, ასეთი ანაზღაურებადი დახმარების აღმოფხვრა, უილიამსისა და რაუნდის მიხედვით, პირადი ურთიერთობების ყველა ქმედების თითქმის ნახევარს აღმოფხვრის და გამოიწვევს საზოგადოების ურთიერთდახმარებისა და შემდგომ კი სოციალური კავშირის შესუსტებას.[17]

დასასრულს, მტკიცებულება შეიძლება მოიძებნოს თითოეული მოდელისათვის, მაგრამ ვერც ერთი მოდელი ვერ წარმოაჩენს მთელ არაფორმალურ ეკონომიკას. ეს დაკვირვება აჩვენებს, რომ სისტემატური ფორმალიზება არ არის ჩრდილოვანი ეკონომიკის (III) საკადრისი პასუხი.

 

III. დასკვნა და დასკვნები ეკონომიკური პოლიტიკისათვის

დასკვნის სახით, ჩრდილოვანი ეკონომიკის მრავლობითობის გათვალისწინება გადამწყვეტია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ჩრდილოვანი სამუშაოს ფორმებს შორის ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ის ფორმები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას და ისინი, რომლებიც უსიტყვოდ უნდა იქნას მიღებული. მართლაც, მარტივი დებატების გამო თემაზე „ფორმალიზება თუ არაფორმალიზება“ ბევრი მცირე და საშუალო ჩრდილოვანი საწარმო დღემდე გვერდზე არის გადადებული.

ამგვარად, დონორებმა და მკვლევრებმა უნდა გააცნობიერონ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომები,  გონივრული ერთობლივი კვლევა ჩაატარონ ჩრდილოვანი ეკონომიკის შესახებ და დასაქმებაზე ორიენტირებული დისკურსის მიღმა იმსჯელონ.

ჩრდილოვანი ეკონომიკის საერთო ხედვის ხაზგასმის შემდეგ, პოლიტიკამ მიზნად უნდა დაისახოს ჩრდილოვანი სექტორის იმ ნაწილის აღიარება, რომელიც  ფორმალიზების მოქმედ ალტერნატივას წარმოადგენს და აგრეთვე დასახოს მისთვის ხილვადობისა და ზრდის პოტენციალის უზრუნველყოფის გზები. ასეთი პოლიტიკის შემუშავება ჩრდილოვანი ეკონომიკის აქტორების ჩართულობას უნდა განიხილავდეს შესაბამისი სტრატეგიის მიღების პროცესში.

 

სტატია მომზადდა პროექტის - “ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“, ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორების პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს  ღია საზოგადოების ფონდის შეხედულებებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

გამოყენებული ლიტერატურა:

  • https://www.ilo.org/global/topics/dw4sd/themes/informal-economy/lang--en/index.htm
  • http://www.ilo.org/global/industries-and-sectors/textiles-clothing-leather-footwear/lang--en/index.htm
  • https://www.oecd.org/fr/dev/societesinclusivesetdeveloppement/messageschiffresetdonneespourlemploiinformeldanslespaysendeveloppementunenormaliteindepassable.htm
  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, „ფორმალიზების პროცესის წინაშე არსებული დაბრკოლებების მოშლა, რეფორმისა და საუკეთესო პრაქტიკების განვითარება“, მომზადებულია „განვითარების ალტერნატივების“ მიერ, Inc. and Bannock Consulting Ltd., 2005 წლის მარტი.
  • შრომის საერთაშორისო კონფერენცია, „რეზოლუციები და დასკვნები ღირსეულ შრომასა და არაფორმალურ ეკონომიკაზე“, 90-ე სესია, 2002 წ.
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაცია N 204 არაფორმალურიდან ფორმალურ ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ, 104-ე სესია, 2015 წლის 12 ივნისი.
  • „მცირე და საშუალო მეწარმეობა და ღირსეული და პროდუქტიული დასაქმების ადგილების შექმნა“, შრომის საერთაშორისო კონფერენცია, 2015 წ., შრომის საერთაშორისო ოფისი.
  • მულაინათანი (ს.), და შნაბლი (პ.), „გაზრდის თუ არა მეწარმეობას ბაზარზე შესვლის ნაკლები რეგულაციები? მტკიცებულება პერუს მარეგულირებელი რეფორმიდან“, ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010 წ.
  • ფლორიდი (ა.), დემენა (ა.ბ.), ვაგნერი (ნ.), „არაფორმალურობის ჩრდილების გათვალისაჩინოება: არაფორმალურ ფირმებზე ორიენტირებული ფორმალიზების ინტერვენციების მეტაანალიზი“, შრომის ეკონომიკა 67, 2020 წ.
  • სუეიდენი (ო.), „ეკონომიკური თავისუფლება და ჩრდილოვანი ეკონომიკა“, ჟურნალი გლობალური ეკონომიკა, 2017 წ.
  • როკა (რ.), ულისეა (გ.), რახტერი (ლ.), „ამცირებს თუ არა არაფორმალობას დაბალი გადასახადები? მტკიცებულებები ბრაზილიიდან“, განვითარების ეკონომიკის ჟურნალი, 2018 წ.
  • ფლორიდი (ა.), ვაგნერი (ნ.), კამერონი (ჯ.), „ეგვიპტისა და პალესტინის ტრანსფორმალური ფირმების კვლევა: უგულებელყოფილი კატეგორია ფორმალობისა და არაფორმალობის მიჯნაზე, სოციალური კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი, 2016 წლის აპრილი.
  • უილიამსი (კ.), რაუნდი (ჯ.), „ჩრდილოვანი ეკონომიკის ხასიათის ხელახლა გააზრება: რამდენიმე გაკვეთილი უკრაინიდან“, ურბანული და რეგიონალური კვლევის საერთაშორისო ჟურნალი, 2007 წ.

[1] https://www.ilo.org/global/topics/dw4sd/themes/informal-economy/lang--en/index.htm

[2] ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, „ფორმალიზების პროცესის წინაშე არსებული დაბრკოლებების მოშლა, რეფორმისა და საუკეთესო პრაქტიკების განვითარება“, მომზადებულია „განვითარების ალტერნატივების“ მიერ, Inc. and Bannock Consulting Ltd., 2005 წლის მარტი.

[3] სუეიდენი (ო.), „ეკონომიკური თავისუფლება და ჩრდილოვანი ეკონომიკა“, ჟურნალი გლობალური ეკონომიკა, 2017 წ.

[4] https://www.ilo.org/re-Search/informality/map1_en.html

[5]https://www.oecd.org/fr/dev/societesinclusivesetdeveloppement/messageschiffresetdonneespourlemploiinformeldanslespaysendeveloppementunenormaliteindepassable.htm (ფრანგულ ენაზე).

[6] შრომის საერთაშორისო კონფერენცია „რეზოლუციები და დასკვნები ღირსეულ შრომასა და არაფორმალურ ეკონომიკაზე“, 90-ე სესია, 2002 წ.

[7] შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაცია N 204 არაფორმალურიდან ფორმალურ ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ, 104-ე სესია, 2015 წლის 12 ივნისი.

[8] იქვე.

[9] „მცირე და საშუალო მეწარმეობა და ღირსეული და პროდუქტიული დასაქმების ადგილების შექმნა“, შრომის საერთაშორისო კონფერენცია, 2015 წ., შრომის საერთაშორისო ოფისი.

[10] მულაინათანი (ს.), და შნაბლი (პ.), „გაზრდის თუ არა მეწარმეობას ბაზარზე შესვლის ნაკლები რეგულაციები? მტკიცებულება პერუს მარეგულირებელი რეფორმიდან“, ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010 წ.

[11]სუეიდენი (ო.), „ეკონომიკური თავისუფლება და ჩრდილოვანიი ეკონომიკა“, ჟურნალი გლობალური ეკონომიკა, 2017 წ.

[12] როკა (რ.), ულისეა (გ.), რახტერი (ლ.), „ამცირებს თუ არა არაფორმალობას დაბალი გადასახადები? მტკიცებულებები ბრაზილიიდან“, განვითარების ეკონომიკის ჟურნალი, 2018 წ.

[13] ფლორიდი (ა.), დემენა (ა.ბ.), ვაგნერი (ნ.), „არაფორმალურობის ჩრდილების გათვალსაჩინოება: არაფორმალურ ფირმებზე ორიენტირებული ფორმალიზების ინტერვენციების მეტაანალიზი“, შრომის ეკონომიკა N67, 2020 წ.

[14] http://www.ilo.org/global/industries-and-sectors/textiles-clothing-leather-footwear/lang--en/index.htm

[15] უილიამსი (კ.), რაუნდი (ჯ.), „ჩრდილოვანი ეკონომიკის ხასიათის ხელახლა გააზრება: რამდენიმე გაკვეთილი უკრაინიდან“, ურბანული და რეგიონალური კვლევის საერთაშორისო ჟურნალი, 2007 წ.

[16] იქვე.

[17] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“