საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვის, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით 2021 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ ყოფილა. აღსანიშნავია, მხოლოდ რამდენიმე პოზიტიური მოვლენა. მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ათ წლიანი (2021-2030) სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო უწყებების უცვლელი საჯარო პოზიციონირების მიუხედავად, სტრატეგიის ენა და პათოსი კრიტიკული და თვითრეფლექსიური იყო. ამის მიუხედავად, სტრატეგიის დოკუმენტს არსებითად ახალი და მნიშვნელოვანი ხედვები და გეგმები არ წარმოუდგენია, რაც ცხადია, რომ ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების მშენებლობის კუთხით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინებს ამცირებს. ამასთანავე, ჩვენი დაკვირვებით, 2021 წელს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საკითხები, წინა წლებთან შედარებით, საჯარო და მედია სივრცეში უფრო ხშირად ხვდებოდა, რაც ადგილობრივი აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის ორგანიზების შედეგი უფროა.
მიმდინარე წლის იანვარში მარნეულის მუნციპალიტეტის სოფელი მეორე ქესალოს მოსახლეობასა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წარმომადგენლებს შორის დაძაბულობა მოხდა. ადგილობრივი გლეხები სოფლის გარშემო მდებარე სახელმწიფო ბალანსზე არსებულ სასოფლ-სამეურნეო მიწებზე სარგებლობის უფლების მოპოვებას ითხოვდნენ, რის უფლებასაც მათ ადგილობრივი ეპარქია არ აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მალევე ჩაერთო როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, მას ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. რამდენიმე კვირის შემდეგ ეპარქიამ დემონსტრაციულად, ადგილობრივებთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, სადავო მიწის ნაკვეთების დამუშავება დაიწყო. დაპირებების მიუხედავად, ადგილობრივი გლეხების მიწის საჭიროებებზე საუბარი კი არც გაგრძელდა.
2021 წლის მარტში საქართველოს აზერბაიჯნელი თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების მოთხოვნაზე, 21 მარტს, ერთი დღით გაუქმებულიყო ე.წ. „კომენდანტის საათი“ და მოსახლეობას შესძლებოდა ტრადიციული სახალხო დღესასწაულის, ნოვრუზის, სრულფასოვნად აღნიშვნა, საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა. ამავე წელს სათემო ცენტრებისა და ახალგაზრდა აქტივისტების საპარლამენტო ინიციატივა, 21 მარტი გამოცხადებულიყო ოფიციალურ უქმე დღედ, ასევე, არ მიიღო საქართველოს პარლამენტმა.
2021 წლის მარტში საქართველოს პარლამენტში ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე საბჭოს დიასპორის კომიტეტის ქვეშ შექმნა ეთნიკური უმცირესობების და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი კრიტიკის საფუძველი გახდა. აქტივისტებმა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან დაიწყეს კამპანია სლოგანით „მე დიასპორა არ ვარ,“ რომლითაც სახელმწიფოს შეახსენეს მათი მოქალაქეებად დანახვის მნიშვნელობა.
2021 წლის 16-17 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დაპირისპირება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო, თუმცა შემდგომში ეთნიკურ ჯგუფებს შორის მძიმე დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება იყო, რომელიც სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პროცესის სისუსტეებზე მიუთითებს. სახელმწიფოს დმანისში საპოლიციო რეაგირების მიღმა, პრევენციული და ტრანსფორმაციული ნაბიჯები თემთა შორისი ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით არ გადაუდგამს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში მნიშნველოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა. კვლავ ჩანდა ხელისუფლების მხრიდან ამ რეგიონებში სუსტი დემოკრატიის და პერიფერიულობის პოლიტიკური გამოყენების ნიშნები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ოპოზიცონერი კანდიდატები ზეწოლის შედეგად უარს აცხადებდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე და რამდენიმე უბანზე სახელისუფლებო პარტიას საარჩევნო ბიულეტენებზე კონკურენტიც კი არ ჰყავდა. ქვემო ქართლში კვლავ ჩანდა ძალადობრივი პრაქტიკებით და სოციალური კონტროლით ზემოქმედება ამომრჩეველზე.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პროცესში კიდევ ერთხელ დადგა მოქალაქეობის მიღების საკითხი ჯავახეთში ისტორიულად მცხოვრები იმ ათასობით ადამიანისთვის, რომლებმაც მეზობელ ქვეყნებში შრომითი მიგრაციის გამო რამდენიმე წლის წინ საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგეს, აღნიშნული საკითხი წელსაც არ გადაიჭრა. გადაუჭრელი რჩება მუსლიმი მესხების მოქალაქეობის საკითხიც, რომელიც რეპატრიტრებული ოჯახების ნაწილს ბაზისურ სოციალურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე წვდომას უზღუდავს.
2021 წელს აზერბაიჯანელი თემის წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივით და გვარი დამიბრუნე-ს კამპანიის ფარგლებში მოაგროვეს 27 000 მდე ხელმოწერა, რათა მათი გვარებიდან რუსული დაბოლოებების (ოვ/ევ და ა.შ.) ამოღების უფლების და ავთენტური გვარების დაბოლოებების დაბრუნების საკანონმდებლო საფუძველი შექმნილიყო. სამწუხარდ, საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივაც ზედაპირული და ფორმალისტური მიზეზებით არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება დღეს გასაჩივრებულია სასამართლოში.
მიმდინარე წელი რთული იყო პანკისის ხეობაში. ხეობაში ჩანს მზარდი მიგრაცია და სოციალური უიმედობა, რაც ჩვენი შეფასებით, ბოლო წლების ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს, რეგიონის არადემოკრატიული გზებით მართვასა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აგრძელებდა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვას, სადაც საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებდა დაუსაბუთებელი და დეზინფორმაციული ინფორმაციის მიწოდებას სასამართლოსთვის. საგანგაშო იყო ადგილობრივი უხეცესის ჯაბრაილ ხანგოშვილისთვის მოქალაქეობაზე და შემდეგ უკვე ბინადრობის ნებართვაზე უარის საქმე, სადაც აშკარად გამოჩნდა პოლიტიკურ დაინტერესების და თვითნებობის ნიშნები.
რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა
რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის კუთხით მიმდინარე წელს იმედის მომცემი ცვლილებები ან გადაწყვეტილებები ხელისუფლებას არ მიუღია.
2021 წლის დასაწყისში ქართველი მუსლიმი თემის რელიგიური შევიწროების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), რომელმაც თემთა შორისი კონფლიქტის ფორმა მიიღო. ადგილობრივი მართლმადიდებელი თემის გაღიზიანება კერძო სახლში მეჩეთის გახსნას მოჰყვა, რომელმაც საბოლოოდ ძალადობის ფორმა მიიღო. პოლიციამ მუქარისა და ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდებში 2 ადამიანი დააკავა. კონფლიქტის ესკალაციამდე ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა სიტუაციის ნორმალიზებას, თუმცა მას საკმარისი ნდობა და რესურსი ვერ აღმოაჩნდა კონფლიქტის პრევენციისთვის, ცენტრალური ხელისუფლების ინტერვენცია კი დაგვიანებული აღმოჩნდა. თემთა შორისი ურთიერთობა ამ დროისთვის ისევ პრობლემურია და ადგილზე ჩანს გაუცხოების და იზოლაციის აშკარა ნიშნები. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით პოზიტიური ნაბიჯებს არ დგამს. სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტი იმეორებს წარსულში 8 სოფელში (ციხისძირი (2011), ნიგვზიანი (2012), წინწყარო (2012), სამთაწყარო (2013), ჭელა (2013), მოხე (2014), ქობულეთი (2014), ადიგენი (2016) ქართველი მუსლიმი თემის არ აღიარების და რელიგიური შევიწროების ლოგიკას და ნარატივს.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როლითაც აღიარა 2014 წლის ოქტომბერში სოფელ მოხეში პოლიციის მხრიდან ქართველი მუსლიმების უფლების შეზღუდვის ფაქტები.
მიმდინარე წელს კვლავ დღის წესრიგში იდგა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარის უკანონო და დისკრიმინაციული შინაარსის აღიარების მიუხედავად, ბათუმის მერიამ ეს გადაწყვეტილება მაინც გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და კვლავ პროცესის გაჭიანურების სტრატეგიას მიმართა. ეს ნაბიჯი ადგილობრივი მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროებების არ აღიარების კიდევ ერთი დემონსტრაციაა ბათუმის თვითმმართველობის მხრიდან.
მიმდინარე წელი კრიზისული იყო მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც. 2021 წლის აპრილში დაძაბულობის ადგილად იქცა ნინოწმინდის რელიგიური პანსიონატი. პანსიონატის ადმინისტრაცია და მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე სახალხო დამცველს არ აძლევდა პანსიონატში მონიტორინგის მიზნით შესვლის შესაძლებლობას. ეს უფლება მანამდე შეზღუდული ჰქონდათ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებსაც. ამ პროცესის კვალდაკვალ პანსიონატის ყოფილმა ბენეფიციარებმა საჯაროდ დაიწყეს მათ მიერ განცდილი ძალადობის შესახებ საუბარი. 2021 წლის 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფოს პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა მოუწია. პროკურატურამ ძალადობის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ დრომდე მისი შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში რელიგიური პანსიონატების დეინსტიტუციონალიზების და გადაუდებელი რეფორმის საკითხი.
2021 წლის 5-6 ივლისს თბილისი პრაიდის მიერ გაცხადებული შეკრების წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობრივ კონტრ-დემონსტრაციაზე სამწუხაროდ ისევ ჩანდა მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილის მობილიზაცია. ზოგიერთი მათგანი კი ღიად ძალადობრივ მოწოდებას აკეთებდა. ამ დღეებში საპატრიარქო საკუთარ საჯარო განცხადებებში საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებდა. ძალადობრივი აქციის პარალელურად პატრიარქის თანამოსაყდრე მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადა.
2021 წლის 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდოდ უკანონო მოსმენების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ეკლესიის შიგნით პოლიტიკური და მორალური კრიზისი. ამასთან, გავრცელებული კრებსების შინაარსმა დაადასტურა ერთის მხრივ, ხელისუფლების მხრიდან სასულიერო პირების მასობრივი და ტოტალური კონტროლის და მეორეს მხრივ, საპატრიარქოს არსებული მმართველების ღია მხარდაჭერის და ლოიალობის ნიშნები.
მიმდინარე წელს კვლავ დაძაბული მდგომარეობა იყო ჭყონდიდის ეპარქიაში. ეპარქიის დროებით მართველად დანიშნული ეპისკოპოსის სტეფანე კალაიჯაშვილისა და მასთან დაკავშირებული სხვა ჯგუფების მხრიდან კრიტიკული სასულიერო პირების დევნამ მძიმე შინაარსი შეიძინა და მათი განკვეთის, მონასტრებიდან გაძევების და იძულების სხვა ფორმა მიიღო.
მიმდინარე წელს მაღალი სასულიერო იერარქებისგან კვლავ ისმოდა შოვინისტური (საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ქვემო ქართლში ისედაც არასახარბიერო ეთნიკური ბალანსია), ანტისემიტური განცხადებები. დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მძიმე გამოცდილებებიც, რომელიც არც სახელმწიფოს და არც საპატრიარქოს მხრიდან რეაგირების საგანი არ გამხდარა.
ინსტრუქცია