[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / სტატია

ათასობით ადამიანი ჯავახეთიდან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოლოდინში

ტიგრან თარზიანი 

ჯავახეთში ნებისმიერ სოფელში თუ ქალაქში მოსახლეობასთან გასაუბრების დროს, ერთ-ერთ პრობლემად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა სახელდება. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზი მოსახლეობისთვის სოციალური სიდუხჭირე იყო, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ კიდევ უფრო მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ასაკში მყოფი ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა ფინანსურ თუ იურიდიულ ბარიერებთან ერთად, ქართული ენის არ ცოდნის გამო კიდევ უფრო რთულია. წინამდებარე სტატიაში შევეცდებით მიმოვიხილოთ ჯავახეთში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზები, დღეს მოსახლეობაში არსებული განწყობა და ობიექტურად არსებული სამართლებრივი თუ სოციალური დაბრკოლებები საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გზაზე.

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, ჯავახეთშიც 90-იანი წლებიდან დღემდე  უმუშევრობის  პრობლემა გადაუჭრელია. ჯავახეთის მაცხოვრებლებმაც საკუთარი თავის და ოჯახების უზრუნველსაყოფად ის ნაბიჯი გადადგეს, რაც არა ერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ და - უცხოეთში შრომით მიგრაციაში წავიდნენ სარჩოს მოსაპოვებლად. ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა სეზონურ შრომით მიგრაციაშია ჩართული, რაც გულისხმობს მამაკაცების გადინებას რუსეთში სამშენებლო თუ სხვა სახის ფიზიკურ სამუშაოზე. ადგილობრივების მტკიცებით, ნებისმიერ ოჯახიდან ერთი ან ორი მამაკაცი სეზონურად მიდის რუსეთში სამუშაოდ, რასაც ჯავახეთში „ხოპანს“ ეძახიან.

შრომითი მიგრაციის ეს ხანგძლივი პროცესი  2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ შეფერხდა - აუცილებელი გახდა რუსეთის ვიზის მიღება. პრობლემის მოსაგვარებლად ბევრმა ჯავახეთის მაცხოვრებელმა სომხეთის მოქალაქეობის მიღება  გადაწყვიტა, რაც მათთვის ნათესაური და ენობრივი კავშირების გამო მარტივად მისაღწევი იყო.   არ არსებობს ოფიციალური რაოდენობრივი მონაცემები, მაგრამ არა ოფიციალურად ვარაუდობენ, რომ ამ რეალობაში ათი ათასზე მეტი ადამიანი მოექცა.  ამ პროცესს ამარტივებდა ისიც, რომ 2007 წლიდან სომხეთში დაშვებულია ორმაგი მოქალაქეობა,[1] სომხეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიმღებთა რაოდენობის დადგენას ისიც ართულებს, რომ ადამიანები ზოგჯერ ფარულად ფლობენ ორივე პასპორტს და მხოლოდ საქართველოს პასპორტით კვეთენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს, ხოლო სომხეთის პასპორტს სომხეთიდან რუსეთში გადასასვლელად იყენებენ.

2013 წელს ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების და შემდეგ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ახალი კანონის მიღების საფუძველზე. რომელთა თანახმადაც სხვა ქვეყნის მოქალაქე კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, გაამკაცრა  ორმაგი მოქალაქეობის კონტროლი საზღვარზე და შედეგად ბევრი ადამიანი, ვინც არც კი ფლობდა ინფორმაციას, რომ სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთანავე დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, დარჩა ქართული მოქალაქეობის გარეშე. „ჩვენ არ ვიცოდით, რომ მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით, ავტომატურად ვკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას. 2013 წელს საზღვრის კვეთის დროს იქვე საზღვარზე გაგვაცნეს, რომ ავტომატურად დავკარგე საქართველოს მოქალაქეობა, ძალიან რთული პერიოდი იყო არც კი ვიცოდით, რა უნდა მოვიმოქმედოთ, სად უნდა მივმართოთ?“ - იხსენებს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევას ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის ამოქმედების და საზღვარზე ორმაგი მოქალაქეობის უფრო მკაცრი გაკონტროლების გამო არა მხოლოდ ჯავახეთში მაცხოვრებელმა ადამიანებმა დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, არამედ სხვა რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმაც,  ამ პროცესმა მაინც შეიძინა გეოპოლიტიკური განზომილება ჯავახეთთან მიმართებით. მედია ალაპარაკდა ჯავახეთში რუსეთის ინტევენციის საფრთხეზე საკუთარი მოქალაქეების  დასაცავად; ; ჯავახეთი როგორც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მხარე კიდევ ერთხელ მოინიშნა ასეთი დეზინტეგრაციული პროცესებისთვის ხელსაყრელ არეალად[2] და გამოითქვა ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთს აემოქმედებინა საკუთარი თავდაცვის დოქტრინები საქართველოს მიმართაც რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით.[3]

თუმცა შემაშფოთებელი პროგნოზები არ გამართლდა და საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა შესაძლებლობები მოქალაქეობის აღსადგენად, ხოლო ვინც მომავალში დადგებოდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საჭიროების წინაშე, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად. მოქალაქეობის შენარჩუნების მექანიზმი საკმაოდ ფართო შესაძლებლობას ანიჭებს მსურველებს და სამომავლოდ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მსურველი პირისთვის საქართველოს სახელმწიფოს თანხმობის გაცემას ითვალისწინებს.[4] თანხმობა კი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ამ ადამიანის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნა მიჩნეული. ერთი მხრივ ეს საკმაოდ ფართე და შეიძლება ითქვას, რომ ბუნდოვანი ჩანაწერია, თუმცა პრაქტიკაში ასეთად ძირითადად საქართველოში არსებული ოჯახური კავშირები მიიჩნევა. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან შეუსაბამობა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის დემოკრატიული ზედამხედველობის არ არსებობის პირობებში, თვითნებური გადაწყვეტილებების მაღალ რისკებს შეიცავს.  

სხვა სახის სირთულეები ახლავს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის პროცესსაც. ჯავახეთში დაბრკოლებად იქცა აღდგენის სამართლებრივი წინაპირობა[5] - სახელმწიფო ენის ცოდნის დასადასტურებლად შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. ეს პრობლემა მნიშვნელოვანია ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებმაც სასკოლო განათლება მიიღეს საბჭოთა პერიოდში, როცა მათივე თქმით სკოლაში ქართული ენა ფაქტობრივად ფორმალურად ისწავლებოდა და საჭიროების არ არსებობის გამო, ისინიც რუსულ ენას ეუფლებოდნენ. ქართული ენის ცოდნის თვალსაზრისით ახალგაზრდებში პოზიტიური დინამიკა აშკარაა ბოლო წლებში, მაგრამ ზრდასრული ადამიანებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა არის წარმოდგენილი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მაგრამ მძიმე ყოფით გარემოში, შინა მეურნეობაში დასაქმებული ასაკოვანი გლეხებისთვის არ არის მარტივი სამეცადინოდ რაიონულ ცენტრში რეგულარულად სიარული.  საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას უარყოფითი გავლენა აქვს მათ სოციალურ პირობებზე. ერთ-ერთი რესპოდენტი ჩვენთან ინტერვიუში საკუთარ მდგომარეობას ასე ახასიათებს: “აქ დაბადებულ და გაზრდილ ვარ. მშობლები, შვილები, ოჯახი ყველა აქ მყავს. ავად თუ გავხდები, ექიმთან ვერ მივალ, რადგან, იმის გამო, რომ სომხური მოქალაქეობა მაქვს, საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი შეღავათები ჩემზე არ მოქმედებს. მაგალითად, გადაუდებელი ოპერაციის დროს, თუ ეხმარება სახელმწიფო მოქალაქეებს, მე ამ შეღავათით ვერ ვსარგებლობ“...

ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის და ორმაგი მოქალაქეობის მიღების სირთულეებს ასე აღწერს: „მოქალაქეობის მისაღებად, რამდენიმე ეტაპი უნდა გავიაროთ, პირველი განცხადების დაწერა პრეზიდენტზე, რომელიც ღირს 250 ლარი, პასუხი იქნება 80 დღის განმავლობაში, თუ გინდა, რომ თანხმობის პასუხი უფრა ადრე მოვიდეს  უნდა გადაიხადო 350 ლარი ორი თვის მანძილზე იქნება პასუხი, მეორე ეტაპი სუს-ის ადგილობრივი უწყებაში გასაუბრებაა და მესამე ენის გამოცდა“. ამ პროცესში ადგილობრივების თქმით, ზოგიერთმა მოახერხა გავლენიანი ნაცნობების დახმარებით ენის გამოცდისთვისაც გვერდის ავლა, პარალელურად კი ზოგიერთმა მათგანმა რამდენჯერმე დაიწყო მოქალაქეობის აღდგენის პროცედურა, ყოველ ჯერზე გადაიხადა შესაბამის თანხა,  მაგრამ ენის გამოცდის ვერ ჩაბარების გამო ვერ აღიდგინეს მოქალაქეობა.   

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხი პოლიტიკურად მომგებიანად იქნა მიჩნეული და ახალქალაქსა თუ ნინოწმინდაში არჩევნების წინ ყველა პოლიტიკოსი სხვადასხვაგვარ დაპირებას გასცემდა. საპრეზიდენტო არჩევნების ვითარებას ადგილობრივები ასე იხსენებენ: „ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ 1400 მოქალაქის საბუთი სალომე ზურაბიშვილისთვის უკვე გადაცემული ჰქონდა და ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ეს ხალხი მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებდა, ასევე თავის მხრივ პრეზიდენტიც დაპირდა მოსახლეობას მოქალაქეობის წესის მიღების გამარტივებას, ყოველ წელს ჩვენ ეთნიკური სომხებს გვიყენებენ ამ საკითხით მეტი ხმების მოსაპოვებლად, არჩევნების დამთავრებისთანავე არც კი ახსენდებათ დაპირებების შესახებ”.  ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის სწავლების ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება და ეს არ უნდა იქნას გაგებული როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დანაშაული.[6] ამის მიუხედავად, იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ობიექტური გარემოებების გამო ფაქტობრივად შეუძლებელია სახელმწიფო ენის შესწავლა, სახელმწიფო კვლავ უშეღავათო პროცედურებს ადგენს.

ერთადერთი საშეღავათო პირობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული პირების მიმართ მიიღო, ეს არის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებების შეტანის ვადების გაგრძელება, რომელიც ამ ეტაპზე 2022 წლის 31 დეკემბრამდეა გაგრძელებული.[7] მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ჯავახეთის შემთხვევაში მოქალაქეობის აღდგენის საჭიროების წინაშე მდგარი ადამიანებისთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა არა აღდგენის სამართლებრივი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება, ან შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, არამედ ის წინაპირობა რაც კვლავაც შენარჩუნებული საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად - სახელმწიფო ენის ცოდნა. სახელმწიფოს მხრიდან გონივრული და ჰუმანური აქტი იქნება, თუ ზედა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, აქ გაატარეს საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი და მათი პირადი, სოციალური, კულტურული და ემოციური კავშირები საქართველოსთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, მიეცემათ შესაძლებლობა  საგამონაკლისო წესით, სახელმწიფო ენის ცოდნის დადასტურების გარეშე  აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა. სხვა შემთხვევაში, შექმნილი მდგომარეობა, ათასობით ადამიანს ბაზისური სამართლებრივი და სოციალური გარანტიების გარეშე ტოვებს და მათ და მთლიანად ჯავახეთის რეგიონს პოლიტიკურ და გეოპოლიტიკური ინტრუმენტალიზების საშუალებად აქცევს.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] რუსეთი, როგორც გადარჩენის გზა? რეპორტაჟი ჯავახეთიდან. ხელმისაწვდომია: https://jam-news.net/ge/ruseti-rogorc-gadarchenis-gza-reportadji-javakhetidan/

[2] მაგ:“ რუსეთი საქართველოს ნატოსკენ გადასადგმელი ნაბიჯისთვის ემზადება - ჯავახეთში რუსული პასპორტები აქტიურად რიგდება“. ხელმისაწვდომია:https://ghn.ge/news/105755-ruseti-sakartvelos-natosken-gadasadgmeli-nabijistvis-emzadeba-javakhetshi-rusuli-pasportebi-aktiurad-rigdeba

[3]გადაცემა თეორემა: “დანაღმული ჯავახეთი“. ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=SXPwtC-5Jy0

[4] „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლი. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2342552?publication=6

[5] „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2342552?publication=6

[6] Кандидат в президенты Саломе Зурабишвили в Ниноцминде. ხელმისაწვდომია: https://nor.ge/?p=99230

[7] „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლის პირველი პუნქტი. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2342552?publication=6

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“