საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებთა მდგომარეობა კონფლიქტის რეგიონებში არ გაუმჯობესებულა 2021 წელს. კრიტიკული უფლებრივი გამოწვევები რაც წლების მანძილზე ნარჩუნდებოდა კვლავაც ართულებს აქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას. პოზიტიური ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2021 წელს დაიწყო ჩართულობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლებაზე მუშაობა, რისთვისაც ექსპერტთა დახურული ჯგუფი შექმნა. ეს პოლიტიკური დოკუმენტები აგვისტოს ომის შემდეგ, 2010 წელს მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ და ითვალისწინებდა გადახედვას ყოველ 6 თვეში ერთხელ სამუშაო დონეზე და ყოველ 3 წელში ერთხელ სტრატეგიულ დონეზე. თუმცა მისი მიღებიდან 11 წლის თავზე მასში არავითარი ცვლილება არ არის შეტანილი და ვერ პასუხობს იმ მძიმე უფლებრივ, ჰუმანიტარულ და სოციალურ გამოწვევებს რაც კონფლქიტის რეგიონებში და მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში არის შექმნილი. მნიშვნელოვანია რომ, ხელისუფლებამ ამ პროცესში კრიტიკულად გადაიზროს მისი სამშვიდობო პოლიტიკა და მთელი ძალისხმევა კონფლიქტის ტრანსფორმაციის კომპლექსური მიზნებისკენ მიმართოს, რომელიც ადამიანური უსაფრთხოების პრინციპებს დაეფუძნება.
კონფლიქტის რეგიონებში და გამყოფ ხაზებთან არსებულ სოფლებში უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გალში და ახალგორში გრძელდება ეთნიკურად ქართველების მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკები, მათ შორის 2021 წელს გალის სკოლებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება. ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად დასრულდა რუსიფიკაციის პროცესი გალის სკოლებში რომლებიც წლების წინ დაიწყო. იგივე მდგომარეობაა ახალგორის საგანმანათლებლო სექტორშიც.
კვლავ ვერ ხერხდება კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის გაუმჯობესება, რასაც 2021 წელს არაერთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის წვდომა ხარისხიან და სწრაფ ჯანდაცვაზე და სხვა სოციალურ სერვისებზე შეზღუდულია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ სოციალურ ფონს. მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის შედეგად ასევე გრძელდებოდა უკანონო დაკავებების პრაქტიკაც, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას დაკავების ფაქტები. კონფლიქტის რეგიონებთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილები კიდევ უფრო ართულებს ამ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას, რადგან ისინი მუდმივად არიან გატაცების, დაკავების, ე.წ. საზღვრის გადმოწევის და საკუთრების დაკარგვის შიშში. გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ზოგიერთ შემთხვევაში ომისგან დანგრეულ სახლებში ღირსებისშემლახავ და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. მათ დიდ ნაწილს კი შეზღუდული აქვს წვდომა სასიცოცხლო რესურსებსა და საბაზისო სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მაგალითად როგორიცაა, სასმელი წყალი, სარწყავი წყალი, საძოვრები, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები.
ხელისუფლება შერიგების და ნდობის აღდგენის მიმართულებით წარმატებას ცალკეული პროექტების რაოდენობით ზომავს, რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია, თუმცა მათი როლი კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ ნდობის აღდგენის და შერიგების რეტორიკა პოლიტიკურ დისკურსიებში გაძლიერდა, ხელშესახები შედეგი ამას კონფლიქტის რეგიონებში და მის მიმდებარედ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე არ ჰქონია და ზოგიერთ შემთხვევაში დამძიმდა კიდეც.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღების პროცესში ხელისუფლებამ კრიტიკულად გაიაზროს არსებული შედეგები, მისი პოლიტიკა კონფლიქტის ტრანსფორმაციის და ადამიანური უსაფრთხოების კომპლექსურ მიდგომებს დააფუძნოს. ეს ერთის მხრივ გულისხმობს ადამიანების ინდივიდუალური უსაფრთხოების გარანტირებას, მეორეს მხრივ ადამიანის უფლებების დაცვას და ამ მხრივ პირდაპირ თანამშრომლობას და დიალოგს დე-ფაქტო რეჟიმებთან და მესამე მხრივ, სოციალური, ჯანდაცვის და განათლების სერვისების გამართვას და ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათ შორის ნეიტრალური მოწმებების ქმედითუნარიანობის გაზრდით.
ვრცლად: https://cutt.ly/vUriLJr
ინსტრუქცია