[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

მთავრობამ კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის არსებით გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს

ფოტო: everydaygeorgia.ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება მდინარე ენგურში საქართველოს ოთხი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს და ხელისუფლებას კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის ქმედითი პოლიტიკური და დიპლომატიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მომხდარი ადამიანის სიცოცხლისა და ბაზისური უფლებების ხელყოფის სულისშემძვრელი და ტრაგიკული გამოცდილებაა, რომელიც ერთის მხრივ, ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს, მეორეს მხრივ კი კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოლიტიკის სისუსტეს კიდევ ერთხელ ავლენს.

7 აპრილს მედია საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ გალიდან საქართველოს ოთხი მოქალაქე გაუჩინარდა, რომელთა ცხედრები მდინარე ენგურში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ შამგონაში იპოვნეს. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ გადმოსვლას პენსიის მისაღებად და სხვა პროდუქტების შესაძენად. თუმცა, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვისა და ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვებიდან გამომდინარე, ისინი ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფარულად გადმოსვლას, რაც მათი სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა.

მსგავსი ტრაგედიით უკვე არაერთი შემთხვევა დასრულდა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ცდილობდნენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გადაცურვით. დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების გამო, რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთიდან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გადმოსული 63 წლის ქალიც გარდაიცვალა. მას სამედიცინო დახმარება გადაუდებლად ესაჭიროებოდა, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღდვების გამო ის სავალდებულო 5 დღიან კარანტინში მაინც გაუშვეს, რის შედეგადაც ქალი მეორე დღესვე გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ მედიასააგენტო აფსნიპრესმა 2 აპრილს აფხაზეთიდან საქართველოში „უკანონოდ გადმოსვლის“ სტატისტიკა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის პირველ სამ თვეში აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები დააკავა დე-ფაქტო საზღვრის „უკანონოდ“ კვეთის მცდელობისათვის. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს გავრცელებული ოფიციალური საჯარო ინფორმაცია ამ საკითხზე.

ამდენი წლის შემდეგაც, კონფლიქტის რეგიონებთან თავისუფალი, უსაფრთხო და მდგრადი მიმოსვლის რეჟიმის შექმნა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს პირველ რიგში რუსეთის ანექსიური პოლიტიკა აფერხებს, აშკარად სუსტია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი გადაადგილება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები თემების, მათ შორის ქართველების და აფხაზების საერთო ინტერესებში შედის, ხელშესახები ცვლილებების მიღწევა ამ მიმართულებით ვერ მოხერხდა. პერიოდულად ხდება ე.წ. საზღვრების სრული ჩაკეტვა, ან მიმოსვლის მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირებისთვის დაშვება.

ბოლო თვეებში მიმოსვლის პროცესს დამატებით ართულებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პირობებში დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები, რომელიც ადამიანებს ზუგდიდში შემოვლითი გზებით შემოსვლისკენ დამატებით უბიძგებს. 5 დღიანი კარანტინი მათთვის ოჯახებთან წყვეტისა და გაუმართლებელი სოციალური ტვირთის ფორმას იღებს, რომელიც აშკარად გადასახედია. გვესმის, რომ არსებობს ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი, თუმცა არსებითია მთავრობამ ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებები გამოიყენოს ამ მიზნის მისაღწევად, მაგალითად დე-ფაქტო საზღვრის გადმოლახვისას შესაძლებელი გახადოს ტესტირების სისტემის დანერგვა და სწორედ ამგვარად გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება.

ჯანდაცვის სერვისების მიღების გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები რეგულარულად გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიისა და დევნილის შემწეობის მისაღებად, რაც ხშირ შემთხვევაში, მათ ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის სერვისები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის არის, ვინაიდან მათ ადგილზე ხარისხიანი და დროული სამედიცინო დახმარების მიღება არ შეუძლიათ. ამ მიზეზით, ხელისუფლებას ევალება გაითვალისწინოს ადგილობრივი კონტექსტი და საჭიროებები გადაადგილების კუთხით შეზღუდვების დაწესებისას.

ოკუპაციისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ხელისუფლება არ თავისუფლდება პოზიტიური ვალდებულებებისგან უზრუნველყოს ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ამ პროცესში ხელისუფლებებს ეკისრებათ ვალდებულება მიიღონ ყველა პოლიტიკური, სამართლებრივი, დიპლომატიურ, ადმინისტრაციული და სხვა სახის ზომა, ამგვარ რეგიონებში უფლებების დაცვისთვის. ამ მიზნით მნიშვნელოვანია კონფლიქტის რეგიონების de facto მთავრობებთან მუშაობა ორმხრივად მისაღები და გაზიარებული მიმოსვლის პირობების შესაქმენლად. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ საქართველოში სერვისებისა და სხვა სოციალური სიკეთეების მიღების მიმართ ინტერესი აფხაზ და ოს საზოგადოებებში ასევე არსებობს. ამ კუთხით ასევე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას იმგვარი შეფერხებების შექმა, რომელიც მისი კონტროლის ფარგლებში ექცევა.

შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • გადახედოს კონფლიქტის რეგიონებთან დაწესებულ მიმოსვლის რეჟიმს და საკარანტინო მოთხოვნები ჩაანაცვლოს სხვა უფრო ადეკვატური და პრაქტიკული მექანიზმით, რაც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასთან დაკავშირებით.
  • უსაფრთხო და თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის მიზნით, გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალება, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობებთან პირდაპირი მუშაობისა და კომუნიკაციის გზები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“