[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელბორკილების გამოყენება ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გასული დღეების განმავლობაში „ტროტუარის გადაკეტვის“ საბაბით აქტივისტების დაკავების შემთხვევებს და მიგვაჩნია, რომ დაკავების საფუძვლის პრობლემურობასთან ერთად, დაკავების ფორმა და მანერა იყო ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირების, მოქალაქეთა დაშინებისა და მათი ღირსების შელახვის მიზანმიმართული მცდელობა.

2026 წლის 6 მაისს საფეხმავლო მოძრაობის შეფერხების საფუძვლით და ბორკილების გამოყენებით შსს-მ დააკავა სტუდენტი ანა ფრიდონიშვილი, პარტია “ახალის“ წევრი ნოდარ ჩაჩანიძე და აქტივისტები თამარ გიორგაძე და ნათია გოფოძე. სასამართლომ მათ 2-3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდა.  ამ პირების დაკავება არ მომხდარა საფეხმავლო მოძრაობის შეფერხების ადგილას და დროს. მაგალითად, სტუდენტი ანა ფრიდონიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დააკავეს. ამასთან, აშკარაა, რომ არ არსებობდა პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის ბორკილების დადების საჭიროება.

ტროტუარის “გადაკეტვის” გამო პასუხისმგებლობის დაუშვებლობა

საფეხმავლო მოძრაობის (ტროტუარის) გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა გასული წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაჩნდა. ცვლილებებით აიკრძალა ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა და ასეთი შეფერხების პრევენციისთვის დადგინდა აქციის გამართვის შესახებ შსს-ს 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება. ამასთან,  სისხლის სამართლის კოდექსში მანამდე შესულ ცვლილებებთან ერთობლიობაში, უკვე შესაძლებელი გახდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის და 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება  ტროტუარზე საფეხმავლო მოძრაობისთვის ხელოვნური შეფერხების, ასევე შსს-სთვის 5 დღით ადრე აქციის შესახებ შეუტყობინებლობის განმეორებითი შემთხვევებისთვის მას შემდგომ, რაც პირველ ჯერზე პირს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.

მიუხედავად იმისა, რომ არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და არც  ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს არ განუხილავს საქმე, რომელიც კონკრეტულად კანონით ტროტუარზე შეკრების უფლების შეზღუდვას შეეხებოდა, მათი სტანდარტები საფეხმავლო მოძრაობის შეფერხების საბაბით შეკრების შეზღუდვას ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს. საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ მინიმალური შეფერხება შეკრების თავისუფლებით სარგებლობის თანმდევი შედეგია და ის შეზღუდვის საბაბი ვერ იქნება, თუ ამას შეკრებილთა რაოდენობა მოითხოვს, და ასეთი შეფერხება თვითმიზნური არ არის.

მეტიც, საქმეზე თავისუფალი საქართველოსაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნევს შეკრების შეწყვეტის მოთხოვნას მაშინაც, თუ შეკრების მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა აუცილებელი არ არის. სასამართლოს თანახმად, შეკრების ასეთი წესის დარღვევა მისი კანონთან შესაბამისობაში მოყვანის და არა დაუყოვნებლივ მისი შეწყვეტის საფუძველი უნდა გახდეს.[1]

ანალოგიურად, ევროპული სასამართლოც სახელმწიფოს თმენის ვალდებულებას აკისრებს თვითმიზნური შეფერხების შემთხვევაშიც, თუ ეს პროტესტის მიზნებთან არის კავშირში.[2] მაგალითად, ევროპული სასამართლო შეკრების თავისუფლების სფეროში აქცევს მაგისტრალის გადაკეტვას ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით,[3] საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გარკვეული დროით მიზანმიმართულ შეფერხებას, როდესაც პროტესტი პირდაპირ მიემართება საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას.[4] ევროპული სასამართლო გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დაცვას ავრცელებს, მათ შორის, ისეთ პერფორმანსებზე, რომლებიც საჯარო დაწესებულებებისა[5] ან საზოგადოებისთვის ღია კერძო დაწესებულებების დროებით დაკავებას ან შეფერხებას გულისხმობს.[6]

ეს სტანდარტი ცხადია გულისხმობს, რომ საფეხმავლო მოძრაობისთვის შეკრებით შექმნილი მინიმალური დისკომფორტი, შემოვლითი გზით (მინიმალურად გაზრდილი მარშრუტით) მივიდეს დანიშნულების ადგილას, რომელიც თავისი ბუნებით მხოლოდ ბუნებრივად, შეკრებილთა რაოდენობით შეიძლება შეიქმნას, ვერ დაიმსახურებს შეკრების თავისუფლებაზე უფრო მაღალ დაცვას (საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესახებ იხილეთ აქ).[7]

შეკრების თავისუფლების ასეთ მნიშვნელობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც 2026 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში (Amicus Curiae). სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ ნებისმიერი შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი.

დაკავების ფორმის შეუსაბამობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან

დაკავებისას ხელბორკილების აუცილებლობის გარეშე გამოყენება შესაძლოა განხილული იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში, რომელიც წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელს კრძალავს. ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ მიუთითა, რომ მსგავსმა მოპყრობამ, კერძოდ, საჯარო ადგილას ხელბორკილების ტარებამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირის თვითშეფასებაზე და მიაყენოს მას ფსიქოლოგიური ზიანი.[8] ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა დაკავებული პირის წარსული ქცევა, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიშებს წარმოშობდა ან მტკიცებულება იმისა, რომ პირი საფრთხეს შეუქმნიდა საკუთარ საკუთარ თავს ან სხვებს, ან რომ მას ადრე ჩადენილი ჰქონდა დანაშაულებრივი ქმედება, თვითდაზიანების თუ სხვების მიმართ ძალადობის აქტი.[9]

ეროვნულ დონეზე ხელბორკილის გამოყენების ზოგად წესს პოლიციის შესახებ კანონის 33-ე მუხლი ადგენს,  რომელიც მიუთითებს, რომ ხელბორკილი გამოიყენება დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციელს, ან გაქცევას ცდილობს; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას; ამ ზოგადი ნორმის გარდა, სამართალდამცავ სისტემაში არ არსებობს ერთიანი და დეტალური პროტოკოლი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავდა ხელბორკილის გამოყენების ფარგლებს, აუცილებლობის კრიტერიუმებსა და პროპორციულობის სტანდარტს.

2024 წლის იანვარში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეების კონტექსტში მისივე უწყებისთვის დაამტკიცა ხელბორკილების გამოყენების შემზღუდველი წესები. დოკუმენტის მიხედვით, ხელბორკილის გამოყენების მთავარი მიზანი უნდა იყოს პირის ფიზიკური წინააღმდეგობის განეიტრალება, საკუთარი თავისთვის ან მესამე პირისთვის ზიანის მიყენების პრევენცია და გაქცევის რისკის შემცირება. მისი გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ აუცილებლობის ფარგლებში და მხოლოდ იმ ინტენსივობით, რაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად არის საჭირო. ხელბორკილი ისე უნდა მოერგოს პირს, რომ თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი მოჭერა და ფიზიკური დაზიანება, ხოლო სამართალდამცავი ვალდებული უნდა იყოს, დარწმუნდეს, რომ დაკავებულს ფიზიკური ტკივილი ან დაზიანება არ ადგება. ამასთან, ხელბორკილის გამოყენება აუცილებლად უნდა აისახოს შესაბამის ოქმში და თითოეულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მისი გამოყენების მკაფიო დასაბუთება.[10]

საპოლიციო ძალაუფლების შემზღუდველი  ინსტრუქცია, რომელიც, როგორც მინიმუმ, ინდივიდუალური შეფასების გარეშე ხელბორკილის გამოყენებას გამორიცხავს, კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში. ადმინისტრაციული სამართალადარღვევა თავისი ბუნებით ნაკლები სიმძიმის ქმედებებს ეხება, უფრო ხშირია, შესაბამისად, ხელბორკილების მასშტაბური გამოყენების და ხელბორკილდადებული პირის დამცირების კიდევ უფრო მაღალ რისკებს აჩენს.

გასულ დღეებში შეკრების მონაწილეების დაკავების განხილვისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ისინი დააკავეს არა შეფერხების ადგილზე და შეფერხების მომენტში, არამედ მოგვიანებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ხელბორკილის გამოყენების რაიმე პრაქტიკულ საჭიროებას; ამასთან, არ არსებობდა არც გაქცევის, არც წინააღმდეგობის, არც საფრთხის რისკი. თავის მხრივ, დაკავების საფუძველს წარმოადგენდა ტროტუარის გადაკეტვა, რომელიც თავისი ბუნებით მსუბუქ სამართალდარღვევას წარმოადგენს და ვერ ამართლებს ბორკილების გამოყენებას ინდივიდუალური შეფასების გარეშე. სტუდენტ ანა ფრიდონიშვილის შემთხვევაში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს, განსაკუთრებული მძიმეა ის გარემოება, რომ საქმე ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სასწავლო გარემოში, საუნივერსიტეტო სივრცეში, ბორკილებით დააკავეს. აშკარაა, რომ ამ ქმედებას ვერც უსაფრთხოების და ვერც აუცილებლობის არგუმენტი ვერ გაამართლებს და, ამდენად, შესაძლოა გაუტოლდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აკრძალულ დამამცირებელ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას.

დასკვნა 

როგორც ტროტუარზე შეკრებისთვის პოსტ ფაქტუმ აგრესიული დაკავებების ეს მორიგი ტალღა  ცხადყოფს, შეკრების თავისუფლების დაცვაში უკუსვლა სისტემურ და შეუქცევად პროცესად იქცა. ეს უკუსვლა გამოიხატა არამარტო რეგრესულ კანონმდებლობასა და დაკავშირებულ „მსუსხავ ეფექტში“, არამედ თავად ასეთი კანონმდებლობის აგრესიულ გამოყენებასა და მისი შემბოჭველი ფუნქციის გაქრობაში.

ამ პირობებში, სივრცე არ რჩება შეკრების მნიშვნელობის სიმბოლური აღიარებისთვისაც კი. ეს პრაქტიკა არ წარმოადგენს კანონმდებლობისა და უფლების დარღვევის იზოლირებულ შემთხვევებს; იგი ავლენს პროტესტით შექმნილი დისკომფორტის მინიმუმამდე დაყვანის სისტემურ განზრახვას, მათ შორის, ისეთი დამამცირებელი ფორმების გამოყენებით, როგორიცაა, მოულოდნელად სასწავლო დაწესებულებასთან ბორკილების დადებით დაკავება. ამდენად, ტროტუარზე პროტესტის გამოხატვისთვის დასჯის ეს აგრესიული პრაქტიკა ლეგიტიმურ საპოლიციო ღონისძიებად ვერ ჩაითვლება და მხოლოდ “შიშველი” ძალის დემონსტრირების და აქტივისტების დამცირების ეფექტი აქვს. ხელბორკილების გამოყენების ობიექტური აუცილებლობის არარსებობა და დაკავების საჯარო, დამამცირებელი ფორმა კი მიუთითებს, რომ ეს ქმედება შესაძლოა გაუტოლდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აკრძალულ ღირსებისშემლახავ მოპყრობას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 24/06/2014, პ. 47, 48. 

[2] Navalnyy and Yashin v. Russia, 2014, § 63; Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 2015, § 97-98, 150.

[3] Barraco v. France, 2009, no. 31684/05, 5 March 2009, პარა 43, 46-47.

[4] Makarashvili and Others v. Georgia, no. 23158/20, 1 September 2022, პარა 89-94.

[5] Taranenko v. Russia, no. 19554/05, 15 May 2014.

[6] Mariya Alekhina and Others v. Russia, 38004/12, 17 July 2018; იხ. ასევე Annenkov and Others v. Russia, 2017, § 123, 126.

[7] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 14/12/2023, პ. 36, 38-39, 41, 43. https://matsne.gov.ge/ka/document/view/6004741?publication=0.

[8] Erdoğan Yağız v. Turkey (2007), Application No. 14687/05, პარაგრაფი 45.

[9] იქვე.

[10] დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამდა, რომ ხელბორკილის გამოყენებამდე სამართალდამცავებმა უნდა გაითვალისწინონ დაკავებული პირის ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფიზიკური შესაძლებლობები და სხვა ინდივიდუალური გარემოებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელების ზურგს უკან შებორკვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა ფორმით შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხშირად ვხედავთ, რომ ხელბორკილი ავტომატურად გამოიყენება ყველა დაკავებულის მიმართ, განურჩევლად ინდივიდუალური გარემოებებისა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“