საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება დარბაზის ხეობაში სავარაუდოდ, მინერალური რესურსების მოპოვების მიზნით წარმოებულ სამუშაოებს და მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა გარემოსდაცვით სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარვეზულობის და ადგილობრივი მოსახლეობის უგულებელყოფის ტენდენციის მორიგი გამოვლინებაა.
ორგანიზაცია „სალამ“-ის ცნობით, აპრილის ბოლოდან ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე დარბაზის ხეობაში, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა, ორგანიზაციამ გაავრცელა სამუშოების ამსახველი ფოტომასალაც, რომელშიც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკაც. დარბაზის ხეობა 6 სოფელს აერთიანებს, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს აზერბაიჯანელებით არის დასახლებული.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამუშაოები ისე დაიწყო, მოსახლეობისთვის წინასწარ ინფორმაცია არავის მიუწოდებია. მათი თქმით, სოფელში პროტესტის დაწყება მას შემდეგ მოუხდათ, რაც ტექნიკა უკვე ტერიტორიაზე მუშაობდა. მათთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი რა მასშტაბის და რა ტიპის სამუშაოების ჩატარებას აპირებს კომპანია მათ სოფლებში.
აღსანიშნავია, რომ 10 მაისს, დარბაზის ხეობის ექვსი სოფლის მოსახლეობამ შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს და შეაგროვეს ხელმოწერები განცხადებაზე, რომლითაც ადგილობრივებმა სახელმწიფო უწყებებს ოფიციალურად მიმართეს და სამუშაოების სრულად შეწყვეტა მოითხოვეს. ამასთან, „სალამ“-ის წარმომადგენლის ცნობით, საჯარო ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის ბუნების და საფუძვლების შესახებ გამოითხოვეს ორი კვირის წინაც, თუმცა შესაბამისი უწყებებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ინფორმაციის დასაზუსტებლად და პროექტის მიმდინარეობის სამართლებრივი ჩარჩოს გამოსარკვევად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც მიმართა და შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით წარმოებული სამუშაოების სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე.[1]
13 მაისს რადიო „მარნეულის“ მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, სავარაუდოდ, წიაღისეულის გამოვლენისა და მოპოვების მიზნით მიმდინარე გათხრები შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ სამუშოები მხოლოდ დროებით შეჩერდა.
ამ დრომდე ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივები დაგეგმილი სამუშაოების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილან და არც შესაბამისი განხილვები გამართულა. შესაბამისად, მოსახლეობისთვის უცნობია, თუ რა ტიპის და მასშტაბის მოპოვებით სამუშაოები იგეგმება მათ სოფლებში და ეს რა გავლენას მოახდენს მათ გარემოზე და მომავალზე.
ზოგადად, ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის მონაწილეობა ხშირად დაგვიანებულია ან მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ ინსტრუმენტების ფორმალური ხასიათი მოპოვების დარგში დამძიმებულია იმ გარემოებითაც, რომ წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა წინ უძღვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გავლას, შესაბამისად კომპანიას, რომელმაც განახორციელა წინასწარი შესწავლა, უკვე აქვს გარკვეული მოლოდინი, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებაც დადებითი იქნება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მომპოვებელი კომპანია „RMG“ შვილობილია, რომლის ხელისუფლებასთან კავშირებზე არა ერთი ჟურნალისტური გამოძიება არსებობს.
დარბაზის ხეობაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ სისტემურ და ფუნდამენტურ ჩავარდნებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახასიათებს საქართველოში. ეს ჩავარდნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სექტორით და თანაბრად პრობლემურია წიაღისეულის მოპოვების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ურბანული განვითარების და დაცული ტერიტორიების მართვის თაობაზე სხვადასხვა უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ადგილობრივების უფლებების და ინტერესების სრული უგულებელყოფით წარიმართება.
მოცემულ შემთხვევაში, დამატებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დარბაზის ხეობა საქართველოს აზერბაიჯანელებით არის დასახლებული, რომლებსაც ენის ბარიერისა და არსებული ენის პოლიტიკის გამო, რომელიც სრულად გამორიცხავს უმცირესობების ენის გამოყენებას თარგმანის სტატუსით თემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების დროსაც, კიდევ უფრო მეტი წინაღობა ხვდებათ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის და დაგეგმილი საქმიანობის გავლენების შესახებ ინფორმაციის ჯეროვნად გაცნობის თვალსაზრისით.[2] 2022 წელს RMG-ის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მძიმე ლითონების მოპოვების ნებართვის მიღების პროცესმა ნათლად გამოავლინა ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევები; მაგალითისთვის, საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოკრული იყო მხოლოდ ქართულ ენაზე. ადგილობრივების ცნობით, განხილვაზე ერთი თარჯიმნის არსებობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მათთვის ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემას. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მიწოდებული არ ყოფილა უმცირესობის ენაზე თარგმნილი გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში ან, როგორც მინიმუმ, აღნიშნული ანგარიშის რეზიუმე.
კომპანიის მოპოვებითი სამუშაოების ეკოლოგიური ზეგავლენის კუთხით, აღსანიშნავია, რომ სოფლის მიწების მოპოვებითი საქმიანობისთვის ათვისება იწვევს ნიადაგის შესაძლო დეგრადაციასა და დაბინძურების რისკებს[3]. არსებული პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი ტიპის სამუშაოები ხშირად ასოცირდება მიწის სტრუქტურის დარღვევასთან და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის შემცირებასთან, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივი ეკოსისტემის მდგრადობაზე. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივების ნაწილი მიუთითებს, რომ სამუშაოების შედეგად გამოყენებულ ტერიტორიებზე აღინიშნება ნიადაგის ხარისხის გაუარესება და მოსავლიანობის შემცირება, რის გამოც გარკვეულ შემთხვევებში მოსავალი აღარ მოდის ან მისი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ამ ეკოლოგიური ზემოქმედებების პარალელურად, საკითხი უკავშირდება ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის რისკებსაც. კერძოდ, მიწის რესურსების ცვლილება და ეკონომიკური გადაადგილება მოსახლეობას ართმევს წვდომას მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საშუალებებზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დარბაზის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობასა და ფერმერულ საქმიანობაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ის ტერიტორია, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, გამოყენებულია საძოვრად, რაც დამატებით მიუთითებს მიწის ტრადიციული სარგებლობის შეზღუდვაზე და ადგილობრივი საარსებო წყაროების შემცირების რისკზე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ RMG ჯგუფი წარმოადგენს მსხვილ სამთო-მოპოვებით კომპანიას ბოლნისის რაიონში, რომელიც ოპერირებს მადნეულის და საყდრისის საბადოებზე და ახორციელებს ოქროს, სპილენძისა და პოლიმეტალური მადნების მოპოვება-გადამუშავებას. კომპანიის ისტორია იწყება საბჭოთა ინდუსტრიული განვითარებიდან, ხოლო დამოუკიდებლობის შემდეგ მისი მფლობელობის სტრუქტურა რამდენჯერმე რადიკალურად შეიცვალა და გადანაწილდა სხვადასხვა იურისდიქციებში რეგისტრირებულ კომპანიებზე (ნიდერლანდები, კვიპროსი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, მენის კუნძული). ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, საბოლოო მაკონტროლებელ დონეზე ფიგურირებენ კერძო ფიზიკური პირები, დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი, რომლებიც მოხსენიებულნი არიან როგორც რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესგარემოდან წარმოშობილი მენეჯმენტ/საინვესტიციო ფიგურები. ისტორიულ ეტაპზე კომპანიის მფლობელურ სტრუქტურაში ასევე იკვეთება რუსულ ინდუსტრიულ-ფინანსურ ჯგუფებთან კავშირი, მათ შორის „პრომიშლენიე ინვესტორი“ და მასთან დაკავშირებული მენეჯმენტი (სერგეი გენერალოვის გარშემო არსებული კორპორაციული ქსელი), რაც მიუთითებს რუსულ ბიზნესკაპიტალთან არაპირდაპირ კავშირებზე სხვადასხვა ეტაპზე. ამასთან, 2000-იანი წლების ბოლოს და შემდეგ პერიოდში მფლობელობა გადადიოდა ისეთ სტრუქტურებზე, სადაც საბოლოო ბენეფიციარები კვლავ ფიზიკურ პირებად რჩებოდნენ, ხოლო შუალედური რგოლები ოფშორულ კომპანიებს მოიცავდა, რაც ამცირებს გამჭვირვალობას რეალური კონტროლის სრულად იდენტიფიცირებაში.[4]
ოპერაციულად კომპანია იყენებს ღია კარიერულ მოპოვებასა და ქიმიურ/ფიზიკურ გამდიდრების მეთოდებს (ფლოტაცია, გროვული გამოტუტვა). მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, გადამუშავებული იყო დაახლოებით 2.52 მილიონი ტონა მადანი, საშუალო შემცველობით დაახლოებით 1.07 გ/ტ ოქრო და 0.38% სპილენძი. მიღებული კონცენტრატი შეიცავდა საშუალოდ 41.57 გ/ტ ოქროსა და დაახლოებით 16% სპილენძს, ხოლო ამოღების კოეფიციენტები მერყეობდა დაახლოებით 64–71%-ის ფარგლებში, რაც მიუთითებს რესურსის ნაწილობრივ ტექნოლოგიურ დაკარგვაზე და ნარჩენებში დარჩენაზე. სწორედ ამიტომ კომპანია ნარჩენების მეორადი და მესამედი გადამუშავების ტექნოლოგიებს მიმართავს, რაც მძიმე გავლენას ახდენს გარემოზე. პარალელურად, კომპანიის მიერ დაგეგმილია მრავალმილიონტონიანი მოცულობების მოპოვება და გადამუშავება მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ზრდის ტერიტორიული დატვირთვის მასშტაბს და კომპანიის მხრიდან ახალი ხეობებისა და სოფლების ექსპანსიას. [5]
ეკოლოგიური თვალსაზრისით, კომპანიის საქმიანობა დაკავშირებულია ნიადაგის დეგრადაციის, მძიმე მეტალებით დაბინძურების, წყლის რესურსებზე ზემოქმედებისა და მტვრის/ემისიების ზრდის რისკებთან, რასაც თავად კომპანიის ანგარიშებიც აღიარებს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ნარჩენების მართვის კონტექსტში[6]. ამასთან მიწის გამოყენების ინდუსტრიული ინტენსიფიკაცია იწვევს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის შემცირებას და ადგილობრივი ეკონომიკის დამოკიდებულებას ერთ დომინანტურ სექტორზე, რაც აღნიშნულ მუნიციპალიტეტში კომპანიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენებს რადიკალურად ზრდის და პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება საზოგადოებრივი უკმაყოფილების სათანადო გამოხატვასაც კი.
ამდენად, ამ დროისთვის ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, აშკარაა, რომ მოპოვების მორიგი კერის ათვისების პროცესი გაუმჭვირვალედ, მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების გარეშე დაიწყო, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ენასთან და ენის პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ უწყებებმა დროულად და ჯეროვნად უპასუხონ ხეობის მცხოვრებლების მიმართვას, წარმართონ სათანადო კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მისცენ მათ შესაბამის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ასევე არსებითია ამ პროცესში გათვალისწინებული იყოს გარემოზე ზემოქმედების რისკების მინიმუმამდე დაყვანის ინტერესი და აგრარულ მეორნეობაში ჩართული სოფლის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები ადგილობრივ რესურსებზე.
[1] მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მოცემულია უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის გრაფა, რომლიდანაც შესაბამისი Excel-ის ფაილი უნდა იტვირთებოდეს, თუმცა დოკუმენტის ჩამოტვირთვა ტექნიკურად შუძლებელია, იხ. https://www.namr.gov.ge/licenses?scrollTo=license-transfer-application-samples.
[2] ეროვნული უმცირესობების დაცვის თაობაზე ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია (რომლის მხარე საქართველოცაა), პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ, მათ შორის, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანასწორობის ხელშესაწყობად აუცილებელია, სახელმწიფოებმა მხედველობაში მიიღონ ის სპეციალური პირობები, რომლებშიც უმცირესობის წარმომადგენლები იმყოფებიან (მუხლი 4) და რომ სახელმწიფოებმა ყველა პირობა უნდა შექმნან უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული საკითხები უშუალოდ მათ ეხებათ (მუხლი 15).
[3] იხ., სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 2018 წლის 13 ივლისის სამეცნიერო დასკვნა „ტყვია, როგორც კანცეროგენური საფრთხე გარემოში და ადამიანის ყოფაცხოვრებაში“, რომელშიც აღნიშნულია, რომ, მაგლითად, სოფელ ბალიჭში „ტყვიის კონცენტრაცია ნიადაგებში მნიშვნელოვნად აღემატება [საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი] ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას“ (გვ. 20) და რომ, „ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ტყვიის მატების მაღალი ტენდენციაა, რაც გამოწვეულია RMG-ის სამთო მოპოვებითი საქმიანობით“ (გვ. 15).
[4] მწვანე ალტერნატივა, კომპანიის პროფილი, 2021 წელი, ხელმისაწვდომია: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://greenalt.org/app/uploads/2021/04/RMG_Geo_2021.pdf
[5] იქვე
[6] რადიო თავისუფლება, ქართული ოქროს მოპოვების ფარული მხარე მაისი 16, 2022, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/31844604.html#3
ინსტრუქცია