საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ 1 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოფელ მუშევანთან ახლოს ოქროს მოპოვებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული პროცედურებისა და მოთხოვნების დარღვევით გასცა; გარდა იმისა, რომ პროცესში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი, სააგენტომ, ასევე, კანონის დარღვევით არ განიხილა და უგულებელყო ჩვენი ორგანიზაციისა და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, სასამართლოში გაასაჩივროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სოფელი მუშევანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მისი მოსახლეობის 99.9%-ს ეთნიკური აზერბაიჯანელია. სოფელში 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ სოფელს დღემდე არ აქვს ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სასმელი წყლი, ბუნებრივი აირი, სოფლის შიდა გზები, სარწყავი სისტემა. სოფელში არ არსებობს არც საბავშვო ბაღი.
სოფელ მუშევანში უკვე გამოჩნდა სამუშაო ტექნიკა და როგორც გზშ დოკუმენტაციიდან ირკვევა, წიაღისეულის მოპოვება სოფელ მუშევანიდან 808 მეტრში ღია კარიერული წესით მოხდება, რაც მოითხოვს კვირაში 1-2 აფეთქებას, ხოლო მოპოვებული მადნის ტრანსპორტირება დაგეგმილია ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით. გარდა ამისა, სოფელთან ახლოს იგეგმება მასშტაბური დამხმარე ინფრასტრუქტურის აგება. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოო მოედნის, მომსახურე პერსონალის ოფისის, ტექნიკის ავტოსადგომის, მისასვლელი გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. გარდა ამისა, კარიერის მიმდებარედ განთავსდება 25,7 ჰექტარი ფართობის ფუჭი ქანების სანაყარო.
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ ეტაპზე დაგეგმილი საქმიანობა გულისხმობს ღია კარიერული წესით ოქროს და სპილენძის მოპოვებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში, თუმცა კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს როგორც ამ ვადის ისე, მოპოვების არეალის გაზრდა. საქმე იმაშია, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მხოლოდ 11,27 ჰა ფართობის ტერიტორიაზე გაიცა, თუმცა ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის საერთო ფართობი 175,8 ჰექტარია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესწავლის და მარაგების დაზუსტების საფუძველზე, კომპანიას აქვს უფლება, მოითხოვოს ახალი ნებართვების გაცემა აღნიშნულ ტერიტორიაზეც.
მოსახლეობა წუხს, რომ საქმიანობის მასშტაბიდან გამომდინარე, მოპოვება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს მათ სოფელზე. მით უმეტეს, რომ, როგორც საქართველოში წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების გამოცდილება აჩვენებს, ეს საქმიანობა მძიმე შედეგებს უკავშირდება გარემოსთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის: გარდა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა, მოპოვება, მიწის დაბინძურების გამო, შეიცავს სარჩოს დაკარგვის რისკებს. სწორედ ამიტომ, ამგვარი რისკები და შესაბამისი შემამსუბუქებელი ღონისძიებები სათანადოდ უნდა ყოფილიყო ახსნილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მათ ლეგიტიმურ წუხილებს უნდა გასცემოდა დამაკმაყოფილებელი პასუხები, არსებული ენობრივი ბარიერის მხედველობაში მიღებით.
გარდა ამისა, როგორც მწვანე ალტერნატივის, გარემოსდაცვითი ექსპერტის და, რაც მთავარია, თავად გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გზშ ანგარიშის შეფასებებიდან ირკვევა, კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეიცავდა არაერთ ფუნდამენტურ ხარვეზს, მაგალითისთვის შეიძლება გამოიყოს შემდეგი პუნქტები:[1]
სააგენტომ კანონის დარღვევით არ განიხილა გარემოსდაცვითი ექსპერტის და ჩვენი ორგანიზაციის შენიშვნები კომპანიის მიერ მომზადებულ გზშ-ზე
საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი მოითხოვს, რომ დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში განხილული უნდა იყოს საჯაროდ, ხოლო დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა მიეცეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენა. გარდა ამისა, ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია, განიხილოს და „შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში“ გაითვალისწინოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები.
სააგენტომ კომპანიის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოაქვეყნა და საზოგადოებას მოსაზრებების წარსადგენად ვადა 17 ოქტომბრამდე განუსაზღვრა. ჩვენმა ორგანიზაციამ დამატებით ინფორმაციაზე, ჩვენი და გარემოსდაცვითი ექსპერტის, მამუკა გვილავას არსებითი ხასიათის შენიშვნები 17 ოქტომბერს, ვადის დაცვით, გაგზავნა.[2] მიუხედავად ამისა, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში სააგენტო მიუთითებს, რომ „იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააგენტოს მიერ დაინტერესებული საზოგადოების მიერ შენიშვნების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 17 ოქტომბრამდე, სააგენტოში დაგვიანებით წარმოდგენილი შენიშვნები მხედველობაში არ იქნა მიღებული.“
ეს იმ ფონზე, როდესაც სამინისტროს მიერ განსაზღვრული 25 დღიანი ვადა, თავის მხრივ, აბსოლუტურად თვითნებურია. კოდექსის მიხედვით, გზშ ანგარიშზე მოსაზრებების წარდგენის ვადა 40 დღით განისაზღვრება და კოდექსი საერთოდ არ იცნობს გზშ-ზე დამატებით წარდგენილ ინფორმაციაზე „დაკომენტარების“ ინსტიტუტს.
კომპანიამ სათანადოდ არ გაითვალისწინა თავად სააგენტოს მითითება მოსახლეობასთან დამატებითი კომუნიკაციის საჭიროების თაობაზე, მიუხედავად ამისა, დადებითი გარემოსდაცვითი ნებართვა მაინც გაიცა
კომპანიის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ, სააგენტომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს კომპანიას გაუგზავნა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც გზშ-ში და თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო მოცემული და საჭიროებდა დაზუსტებას. ჩვენი შეფასებით, კომპანიამ აღნიშნული შენიშვნები, მათ შორის, მოსახლეობასთან დამატებითი კომუნიკაციის შესახებ მითითება, სათანადოდ არ გაითვალისწინა, რასაც სააგენტოს მხრიდან გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე უარი უნდა მოჰყოლოდა.
აღნიშნული წერილით, სააგენტომ კომპანიას მიუთითა, რომ საჭირო იყო მოპოვების გავლენის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან დამატებითი კომუნიკაცია. მიუხედავად ნებართვის გამცემი ორგანოს ერთმნიშვნელოვანი მითითებისა, კომპანიამ საპასუხო წერილში დაასკვნა, რომ „მოსახლეობასთან დამატებითი კომუნიკაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას“. იმ პირობებში, როდესაც კომპანიამ აშკარად უგულებელყო და არ შეასრულა კომპეტენტური საჯარო უწყების მითითება, სააგენტოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო, მით უმეტეს, რომ საქმე შეეხებოდა, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც გავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან კომუნიკაციაა.
როგორც ითქვა, დაგეგმილი მოპოვების არეალი ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული, რაც, მონაწილეობის მექანიზმების განხორციელებისას სათანადოდ გათვალისწინებული არ ყოფილა. უფრო ზუსტად, მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჯარო განხილვას სოფლის დაახლოებით 600 მუდმივი მცხოვრებიდან მხოლოდ 70 (დაახლოებითი მონაცემი) ესწრებოდა, ხოლო საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოკრული იყო მხოლოდ ქართულ ენაზე. ადგილობრივების ცნობით, განხილვაზე ერთი თარჯიმნის არსებობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მათთვის ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემას. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მიწოდებული არ ყოფილა უმცირესობის ენაზე თარგმნილი გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში ან, როგორც მინიმუმ, აღნიშნული ანგარიშის არატექნიკური რეზიუმე. ამ ვითარებაში გამოდის, რომ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას ინფორმაცია მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიეწოდა და მათ არ ჰქონდათ საშუალება, წერილობითი ფორმით არსებულ დოკუმენტაციაში დაეზუსტებინათ ან გადაემოწმებინათ მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხები. ბუნებრივია, რომ ამგვარი პრაქტიკა ორჰუსის კონვენციის და უმცირესობათა უფლებების მარეგულირებელი საერთაშორისო ინსტრუმენტების უხეშ დარღვევად უნდა ჩაითვალოს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არსებული ბარიერებისა, მოსახლეობა თავიდანვე ცდილობდა საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას და შესაბამისი უწყებებისთვის თავისი ხმის მიწვდენას. კერძოდ, გზშ ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ, 22 ივლისს სოფელ მუშევანის მოსახლეობამ სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა საკუთარი შენიშვნები (რომელსაც 188 ადამიანი აწერდა ხელს) და უარყოფითი პოზიცია დაგეგმილი საქმიანობის მიმართ.
გარდა ამისა, სააგენტოს მხრიდან მათი შენიშვნების უგულებელყოფის გამო, მოსახლეობამ მიმდინარე წლის სექტემბერში დამატებით პეტიციით (რომელსაც 90 ადამიანი აწერდა ხელს) მიმართა საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს და მათ, გადაწყვეტილების მიღებისას, სოფლის პოზიციის გათვალისწინება სთხოვა.
8 აგვისტოს სააგენტოს მხრიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარე წარმოების შეჩერებას გზშ ანგარიშის განახლება და მისი ხელახალი საჯარო განხილვა უნდა მოჰყოლოდა, რაც არ მოხდა და დადებითი გადაწყვეტილება უამრავი დათმობით გაიცა
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 8 აგვისტოს წერილით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიას მიუთითა სხვა არსებითი ხასიათის ხარვეზებზეც, რაც კომპანიის მიერ მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გამოიკვეთა. სააგენტოს შენიშვნების საფუძველზე RMG-იმ მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშზე დამატებით ახალი დოკუმენტაცია წარადგინა. დამატებით დოკუმენტში დაზუსტდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პროექტის არაქმედების (ნულოვანი) ალტერნატივის განხილვა, საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ჰაბიტატებზე, ფლორასა და ფაუნაზე ზემოქმედება, კარიერის წყლების გაწმენდა-გამოყენების, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის რეკულტივაციის და სხვა საკვანძო საკითხები. შესაბამისად, ხელახლა უნდა გატარებულიყო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გზშ ანგარიშის წარდგენის შემდგომ გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის, განახლებული ანგარიშის საჯარო განხილვა.
მოსახლეობისთვის პროექტის მახასიათებლებისა და გავლენების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით, მოითხოვდა ანგარიშის ხელახლა განხილვას. მიუხედავად ამისა, სააგენტომ უგულებელყო აღნიშნული მოთხოვნა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განახლებულ გზშ-ზე ისე გასცა, რომ საზოგადოებას სათანადო მონაწილეობის საშუალება არ მისცა და არც საჯარო განხილვა ჩაატარა, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს.
ამ გარემოებებიდან ნათელია, რომ გარდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას გამოკვეთილი ხარვეზებისა, არანაკლებ პრობლემურია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა საერთოდ არ იყო უზრუნველყოფილი გზშ პროცედურის დაწყებამდე. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ გზშ პროცედურის დაწყებას წინ უძღვის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა. მოცემულ შემთხვევაში მუშევანის საბადოზე ლიცენზია ჯერ კიდევ 2011 წელს იყო გაცემული, თუმცა მასში არსებითი ხასიათის ცვლილებები შევიდა და მარაგები დაზუსტდა გასული წლის მაისში. ამ ეტაპზე, ადგილობრივი მოსახლეობა არც ინფორმირებული და არც ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფორმალურადაც კი არ ყოფილა. ლიცენზირების და გადაწყვეტილების მიღების ამგვარად ორგანიზება იწვევს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხალხმა არ იცის და ვერ ახდენს გავლენას ისეთ გადაწყვეტილებებზე, რაც მათ სასიცოცხლო გარემოზე და ცხოვრების წესზე არსებით გავლენას იქონიებს. ამასთან, როგორც გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერებისას გამოჩნდა, ლიცენზიის საფუძველზე ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარე შესწავლითი სამუშაოების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. არადა გარემოსდაცვითი შეფასების არსიც სწორედ ისაა, შეფასება განხორციელდეს ზემოქმედების დადგომამდე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ გზშ შეფასება და მოსახლეობის ჩართვა მოხდეს რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, როდესაც საქმიანობა ჯერ კიდევ დაგეგმვის პროცესშია და არსებობს ალტერნატივების რეალური განხილვის შესაძლებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ლიცენზირების და გზშ პროცედურის მარეგულირებელი კანონმდებლობა ინტეგრირებულად, ერთობლიობაში უზრუნველყოფდეს, ერთი მხრივ, გავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინტერესების სათანადოდ გათვალისწინებას, ხოლო, მეორე მხრივ, გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევას და უარყოფითი გავლენების შემსუბუქებას.
მიგვაჩნია, რომ მუშევანში მიმდინარე პროცესები არის ქვეყანაში არსებული უფრო ფართო პრობლემური პრაქტიკის ნაწილი, როდესაც მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისას სათანადო წონა არ ენიჭება გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, ხოლო აღნიშნული პროექტების საჯარო ინტერესებთან შესაბამისობა საზოგადოებისთვის ნათელი არ არის. პროექტით გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ შედეგებს, როგორც წესი, ადგილობრივი მოსახლეობა იწვნევს, მაშინ, როცა საქმიანობით მიღებული სარგებელი ვიწრო ჯგუფის ხელში ხვდება, ისე, რომ სახელმწიფოსთვის მსგავსი პროექტების ხარჯსარგებლიანობა ბოლომდე დასაბუთებული არ არის.
სწორედ ამიტომ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში გაასაჩივრებს, ჩვენი შეფასებით, კანონდარღვევით მიღებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და გააგრძელებს მუშაობას ქვეყანაში სამართლიანი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პოლიტიკის დასამკვიდრებლად.
განცხადების ვიზუალი მომზადებულია პროექტის „წყლის და მინერალური რესურსების მდგრადი და დემოკრატიული მართვა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.
მიმაგრებულ ფაილებში შეგიძლია იხილოთ:
1. მუშევანის მოსახლეობის წერილი
2. მუშევანის მოსახლეობის პეტიცია
3. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება
4. გარემოსდაცვითი ექსპერტის ანალიზი
5. მწვანე ალტერნატივის შეფასება
[1] კომპანიის მიერ მომზადებული გზშ დოკუმენტის და დამატებით ინფორმაციის კრიტიკული შეფასება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.
[2] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ვინაიდან, სააგენტოს პოზიციით ბოლო ვადად მიჩნეული 16 ოქტომბერი დასვენების დღეა, გამოდის, რომ ვადა 17 ოქტომბრის ჩათვლით გვქონდა.
ინსტრუქცია