საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანი იხ. მიმაგრებულ ფაილში
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სოფელ მუშევანში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) ადგილობრივი მოსახლეობის თვითორგანიზებას, რომელიც მათ სოფელში „RMG GOLD“-ს და „RMG Copper“ მიერ ღია კარიერული წესით მოპოვების პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ორგანიზაცია სალამის დახმარებით, დღეს სოფელ მუშევანში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ხელი მოაწერა განცხადებას, რომლითაც მათ ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტს მიმართეს რეაგირების თხოვნით. მოსახლეობა გარემოსდაცვით და სოციალურ სამართლიანობას მოითხოვს, რამდენადაც მათთვის დაუშვებელია, რომ დასახლებული პუნქტის სიახლოვეს (800 მეტრის დაშორებაზე) ღია კარიერული წესითა და აფეთქებების გზით, სოფელში წიაღისეული მადნის მოპოვება დაიწყოს, ისე რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან შესაბამისი კონსულტაციები არ ჩატარდეს და მათი კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომპანია „RMG GOLD“-ს და „RMG Copper“-ს სახელმწიფოსგან გადაცემული აქვს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში 2042 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ლიცენზიები უკვე მოიცავს ასობით ჰექტარ ტერიტორიას, კომპანიას სურს, მოპოვების ახალ კერად ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი აქციოს. კომპანია გეგმავს გამოიყენოს ჯერ კიდევ 2011 წელს შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემული „მუშევანი 2“-ის ლიცენზია, რომელიც იჯარით აქვს აღებული. RMG გეგმავს 11 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის ათვისებას და ღია კარიერული წესით ოქრო-სპილენძის მოპოვებას, რისთვისაც მან გზშ გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
როდესაც 2022 წლის 14 ივლისს სოფელ მუშევანში გაიმართა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პირველად გაიგო მათ სოფელში დაგეგმილი მოპოვების შესახებ. ორგანიზაცია სალამის დახმარებით, სოფლის მოსახლეობამ, ივლისის თვეში, ამ მოვლენებთან დაკავშირებით, დააფუძნა სოფლის საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც 28 ივლისს სოფელში შეაგროვეს ხელმოწერები და სოფლის მოსაზრებები და შენიშვნები წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
სოფელ მუშევანის მოსახლეობისთვის მიუღებელია მათი სოფლის მიმდებარედ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებითი სამუშაოების წარმოება, რადგან მას, სხვა სოფლების მსგავსად, მძიმე გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს უკავშირებს. 28 ივლისს სააგენტოში წარდგენილ წერილში, რომელსაც 217 ადგილობრივი მოსახლე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ გზშ პროექტი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე არ იყო თარგმნილი. ასევე, გზშ დოკუმენტიდან ირკვეოდა, რომ კომპანია გეგმავს სოფელ მუშევანში სასარგებლო წიაღისეული მოიპოვოს ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით წელიწადში 55-ჯერ, ამასთან ერთად აფეთქებითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან 800 მეტრის დაშორებით, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც არის მოსახლეობა. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის განმარტებით იგეგმება დაახლოებით 50 ადგილობრივის დასაქმება, ადგილობრივებისთვის აღნიშნული გარემოება იყო ბუნდოვანი და არ შეიცავდა დასაქმებისთვის საკმარის გარანტიებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც მოსახლეობამ საპროტესტო წერილი წარუდგინა სააგენტოს, სააგენტომ RMG-ის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში სათანადოდ მომზადებულად არ მიიჩნია და კომპანიას რამდენიმე ხარვეზის აღმოფხვრა დაავალა, რისთვისაც მას ორთვიანი ვადა განუსაზღვრა, რაც 8 ოქტომბერს იწურება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მოსახლეობის ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და მათთან გაურკვეველი სამართლებრივი ბუნების „მემორანდუმს“ აფორმებს. „მემორანდუმით“ კომპანია მოსახლეობას სოფლის წყლით უზრუნველყოფას ჰპირდება, სამაგიეროდ კი, ხელმომწერებს „სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დახმარებას“ ავალდებულებს. „მემორანდუმში“ ის გარემოება, რომ კომპანია აქ სპილენძისა და ოქროს მოპოვებას აპირებს, გარკვევით განმარტებული არაა. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ისიც, რომ დღეს, გარკვეული პირები RM Copper-ის წინააღმდეგ გამოსულ მოსახლეობას დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, კომპანია წყალმომარაგებასა და გაზიფიკაციას დაპირდა, სწორედ ამიტომ, მის საქმიანობას არ ეწინააღმდეგებიან.
მოსახლეობის მიერ დღევანდელი ხელმოწერილ პეტიცია/განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან სოფელ მუშევანში RMG Copper-ის მიერ ოქრო-სპილენძის საბადოს დამუშავებას და სთხოვენ შესაბამის უწყებებს, რომ უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას.
მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ამ პროცესში გაითვალისწინოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური წუხილები და ლიცენზიის გაცემის პროცესში მოსახლეობის დემოკრატიული და რეალური მონაწილეობა უზრუნველყოს. სწორედ სახელმწიფოა ის აქტორი, რომელიც საჯარო ინტერესების, მათ შორის, რესურსების, გარემოს, მოსახლეობის სოციალური ინტერესების და ტრადიციული მეურნეობის დაცვას უზრუნველყოფს და მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიიღონ დროული და სამართლიანი ზომები მოსახლეობის საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინების მიზნით.
განცხადების ვიზუალი მომზადებულია პროექტის „წყლის და მინერალური რესურსების მდგრადი და დემოკრატიული მართვა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.
ინსტრუქცია