[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / კვლევა

ხელისუფლების მიდგომები გარემოსდაცვითი წინააღმდეგობების მიმართ უგულებელყოფა, დისკრედიტაცია და რეპრესია

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  111

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები:  ლინა ღვინიანიძე

ხელისუფლების_მიდგომები__გარემოსდაცვითი_წინააღმდეგობების_მიმართ_1758871492.pdf

1.    შესავალი

საქართველოს უკანასკნელი ათწლეულის სოციალური პროტესტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბუნებრივი გარემოს დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წარმოქმნილ გარემოსდაცვით წინააღმდეგობებს. ბოლო წლებში, ჩვენი საზოგადოება აკვირდება ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის,  ბუნებრივი რესურსების მოპოვების თუ ათვისების, საჯარო, რეკრეაციული თუ კულტურული სივრცეების სამშენებლო თუ სხვადასხვა სახის ჩარევის არეალად გარდაქმნის აჩქარებულ პროცესს. ბუნებრივი და საარსებო გარემოს ინტენსიური და მტაცებლური ათვისების პრაქტიკას, თან სდევდა საპასუხო სოციალური წინააღმდეგობები, რომლებიც ურბანულ თუ რურალურ სივრცეებში წარმოიქმნებოდა და მიზნად ისახავდა ბუნებრივი რესურსების დატაცების პრაქტიკის შეკავებას და მის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებას. გარემოსდაცვითი წინააღმდეგობები ასევე გულისხმობდა ბრძოლას გარემოსდაცვითი სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის სისტემური ცვლილებებისთვის, რადგან არსებული პოლიტიკა მუდმივად გამორიცხავდა საზოგადოების ჩართვას საარსებო გარემოს თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კერძოს საჯარო ინტერესზე დომინაციის  შესაძლებლობას აძლევდა და არ ითვალისწინებდა მეცნიერულ ცოდნასა თუ ადგილობრივი მოსახლეობის წუხილებს და საჭიროებებს.

საქართველოში სოციალური პროტესტის შესწავლის სუსტი ტრადიციის მიუხედავად, უკანასკნელ წლებში მაინც მზადდებოდა მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი კვლევები სოციალური, მათ შორის, გარემოსდაცვითი წინააღმდეგობების წარმოქმნის, მათი განვითარების დინამიკის, მოძრაობების მიერ გამოყენებული სტრატეგიების, ტაქტიკებისა თუ მიღწეული შედეგების შესახებ.  თუმცა, ჩვენს სივრცეში მწირია კვლევები იმის თაობაზე, თუ როგორია სახელმწიფოს მიმართება  გარემოსდაცვითი წინააღმდეგობებისადმი და რა მთავარ პარადიგმებს, მეთოდებსა და ამოცანებს ემყარება სახელმწიფოს ხედვა გარემოსდაცვითი პროტესტის მიმართ.. ეს კვლევა შეეცდება დასვას ეს საკითხი  და პასუხი გასცეს კვლევის მთავარ შეკითხვას, თუ როგორ მიემართება სახელმწიფო გარემოსდაცვით საკითხებთან კავშირში წარმოქმნილ იმ სოციალურ უკმაყოფილებებს, რომლებიც გარემოსდაცვით წინააღმდეგობებად ჩამოყალიბდა.

უკანასკნელი წლების გარემოსდაცვითი პროტესტის გამოცდილება, მათი განსაკუთრებული სიმრავლისა და წუხილების მრავალფეროვნების გარდა, ასევე ხასიათდებოდა წინააღმდეგობის განფენილობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინააღმდეგობის სიმწვავით, კოლექტიური მობილიზაციის ხანგრძლივობითა და უწყვეტობით. პროტესტების მნიშვნელოვან საერთო მახასიათებელს ასევე წარმოადგენდა მათი ადგილობრივი და თვითორგანიზებული ბუნება. კვლევა აჩვენებს, რომ როგორც ურბანულ, ისე რურალურ სივრცეებში წარმოქმნილი წინააღმდეგობები, უმრავლეს შემთხვევაში, არა აქტივისტურ თუ პროფესიულ წრეებში, არამედ იმ ადგილობრივ საზოგადოებებში ჩნდებოდა, რომელთაც უშუალოდ შეეხებოდა მათი საცხოვრებელი გარემოსთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება თუ პროექტი. უკანასკნელი წლების გარემოსდაცვითი წინააღმდეგობების მნიშვნელოვან მახასიათებლად იქცა ასევე სოციალური მედიის გამოყენების გზით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზაციის გამოკვეთილი პრაქტიკა.

სამეცნიერო ლიტერატურაში განასხვავებენ გარემოსდაცვით პროტესტსა და კლიმატის აქტივიზმს. სოციალური პროტესტის ორივე ფორმა საზოგადობრივი უკმაყოფილების გამოხატვის გზით გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის იბრძვის. თუმცა, გარემოსდაცვით პროტესტად  მოიაზრება ის წინააღმდეგობები, რომლებიც მიემართება გარემოს დამაზიანებელ კონკრეტულ პროექტებს, როგორიცაა, ბუნებრივი და წიაღისეული რესურსების მოპოვება, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურების მშენებლობა თუ ბუნებრივი და საარსებო გარემოს გარდამქმნელი ჩარევები. ხოლო კლიმატის აქტივიზმი, როგორც წესი, ურბანულ სივრცეებში წარმოიქმნება და ის კლიმატის კრიზისის შეკავების მიზნით, სახელმწიფოებსა და სხვა პასუხისმგებელ აქტორებზე ზეგავლენის გზით სამართლიანი და მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შექმნას ისახავს მიზნად.[1] ჩვენს სინამდვილეში წარმოქმნილი კოლექტიური მობილიზაციის შემთხვევები მათი ბუნებიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, გარემოსდაცვით წინააღმდეგობებად/პროტესტებად უნდა მივიჩნიოთ და სწორედ ამგვარი იქნება მათი საერთო სახელიც ამ კვლევის მიზნებისთვის.

გარემოსდაცვითი და კლიმატის კრიზისი, რომელიც გლობალურ პოლიტიკურ, სოციალურ და ეგზისტენციალურ გამოწვევას წარმოადგენს, მის შედეგად დამდგარი ზიანი და მისგან მომდინარე საფრთხეები[2] მთელ მსოფლიოში წარმოქმნის გარემოსდაცვით წინააღმდეგობებს. კვლევები აჩვენებს 2018-2019 წლებიდან გარემოსდაცვითი წინააღმდეგობების დრამატული ზრდის ტენდენციას, მათ შორის, გამორჩეულად მზარდია კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული სოციალური პროტესტიც. ეს პროცესი აერთიანებს  ინდივიდების, სოციალური ჯგუფებისა და ადგილობრივი საზოგადობების, პროფესიული თუ სამეცნიერო წრეების, პოლიტიკური ჯგუფების, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების, სამოქალაქო ინიციატივების თუ გარემოსდამცველთა მნიშვნელოვან ძალისხმევას, შეამცირონ გარემოსადმი შეუქცევადი ზიანი და გარემოსდაცვითი კრიზისი გლობალური და ეროვნული პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად აქციონ.[3]

უახლეს სამეცნიერო ლიტერატურასა და კვლევებში აღწერილი გლობალური ტენდენცია აჩვენებს, რომ სახელმწიფოები მზარდ გარემოსდაცვით წინააღმდეგობებს უპირისპირდებიან საპასუხო რეპრესიით, დევნით, შევიწროვებით, პროტესტის კრიმინალიზებისა და დასჯის მიდგომებით, რაც, თავის მხრივ, არ ტოვებს საზოგადოებრივი პროტესტების სოციალური დიალოგის გზით გადაწყვეტის ადგილს და ამცირებს უკმაყოფილებების გამოხატვის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეეებს.[4] მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების მიხედვით განსხვავდება გარემოსდაცვითი პროტესტის რეპრესირების მეთოდები, ის დიდწილად მოიცავს გარემოსდაცვითი პროტესტის შემზღუდავ ახალ საკანონმდებლო რეგულაციებსა და პოლიტიკას, პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლო სისტემის მხრიდან გარემოსდამცველთა რეპრესირების, დევნის, უკანონო დაკავების, დაპატიმრების, დაჯარიმების, საპოლიციო თვითნებობისა და ძალის გადამეტების პრაქტიკას.[5] არაერთი ქვეყნის გამოცდილებაში ასევე მზარდია უსაფრთხოების სამსახურების როლი გარემოსდამცველთა დევნისა და კონტროლის ამოცანებში, რაც თვალთვალის, შევიწროების, დაშინებისა და მოძრაობებში ინფილტრაციის მზარდ პრაქტიკებს მოიცავს. ეს უკანასკნელი ასევე მომდინარეობს რიგ ქვეყნებში (მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში) დამკვიდრებული პრაქტიკიდან, რომელიც გარემოსდამცველებს კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის რისკის წყაროდ და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მონიშნავს.[6] სულ უფრო მეტი ისეთი ლიტერატურა იქმნება, რომელიც მსჯელობს სოციალურ მოძრაობებში მედიის, მათ შორის, ციფრული მედიის განსაკუთრებულ როლზე. მკვლევართა ერთი ნაწილი სოციალური პროტესტების მიერ სამოქალაქო მობილიზაციის და საკუთარი პოზიციონირების პროცესში, ციფრული მედიის დადებითად გამოყენების გამოცდილებაზე საუბრობს.[7] თუმცა, კვლევების ნაწილი აღწერს მედიისა და სოციალური მედიის მზარდ უარყოფით გავლენას სოციალური პროტესტის დისკრედიტაციასა და მათ მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, რაც, მათ შორის, სახელმწიფოებისა და კორპორაციების მიერ მართული საინფორმაციო არხების შექმნასა და გამოყენებას შესაძლოა უკავშირდებოდეს.[8] 

სწორედ ამ ტენდენციებზე პასუხია, ერთი მხრივ, გაეროს გენერალური ასამბლეის 2022 წლის ისტორიული რეზოლუცია, რომელიც უფლებას სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე - ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარებს.[9] პარალელურად, სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე რეპრესიისგან  გარემოსდამცველთა დასაცავად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) შესაბამისობის კომიტეტმა, 2021 წელს შექმნა სწრაფი რეაგირების სპეციალური მექანიზმი გარემოსდამცველთა შესახებ სპეციალური მომხსენებლის სახით. ამ ახალი ინსტრუმენტის მთავარ ამოცანა გარემოსდაცვით წინააღმდეგობებში ჩართული ადამიანების დევნის, დასჯისა და შევიწროებისაგან დაცვაა,[10] რაც წარმოადგენს ორჰუსის კონვენციით განსაზღვრულ მნიშვნელოვან მოთხოვნას, რომლის ხელმომწერ სახელმწიფოს საქართველოც წარმოადგენს.

ბოლო წლების გლობალური ტენდენციებისა და იმ საფრთხეების აღსაწერად, რომლის წინაშეც გარემოსდამცველები დგანან, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს გარემოსდამცველთა შესახებ სპეციალური მომხსენებლის 2024 წლის ანგარიში. ანგარიში ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებაზე დაყრდნობით, აღწერს გარემოსდამცველთა მიმართ სახელმწიფოების მიერ გამოყენებულ საგანგაშო მიდგომებსა და  ტენდენციებს. დოკუმენტი აჩვენებს გარემოსდამცველთა რეპუტაციის შემლახავი მედია და პოლიტიკური დისკურსის გაძლიერებას, გარემოსდაცვითი წინააღმდეგობების შესაკავებლად შემუშავებულ ახალ კანონებსა და პოლიტიკის მაგალითებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ სტანდატებთან და სახიფათო პრაქტიკებს წარმოქმნის - მართლმსაჯულების სისტემებისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების არასათანადო, არაპროპორციულ, ხშირად უკანონო ჩარევას გარემოსდაცვითი წინააღმდეგობების მართვის პროცესში, რაც გარემოსდამცველთა დევნაში, რეპრესირებასა და მათი საქმიანობის კრიმინალიზებაში გამოიხატება.[11]

ამ რთულ გლობალურ კონტექსტში, რომელიც, ერთის მხრივ, აჩენს და მეორეს მხრივ, დევნის საზოგადოებაში არსებულ მზარდ სოციალურ უკმაყოფილებას,  საინტერესოა საქართველოს გამოცდილება, რომელიც ბოლო წლებია მმართველობითი სისტემის გარდაქმნის პროცესს გადის, რაც დემოკრატიის სწრაფი უკუსვლითა და მზარდი ავტორიტარიზმით ხასიათდება.[12] პოლიტიკური სისტემების ამ ტრანსფორმაციას და ღიად ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას, წინ უსწრებდა სოციალური უკმაყოფილებების გაძლიერებული რეპრესიების პრაქტიკა, რაც შეეხო ყველა სამოქალაქო და სოციალური შინაარსის პროტესტს, მათ შორის, გარემოსდაცვით წინააღმდეგობებს.  

ხელისუფლების_მიდგომები__გარემოსდაცვითი_წინააღმდეგობების_მიმართ_1758871492.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Berglund, O., Franco Brotto, T., Pantazis, C. , Rossdale, C. and Pessoa Cavalcanti, R. (2024), Criminalisation and Repression of Climate and Environmental Protest, University of Bristol: Bristol. p.5.

[2] Amnesty Internationl, (2022), Any Tidal Wave Could Drown Us, Stories from the Climate Crisis.

[3] Berglund, O., Franco Brotto, T., Pantazis, C. , Rossdale, C. and Pessoa Cavalcanti, R. (2024), Criminalisation and Repression of Climate and Environmental Protest, University of Bristol: Bristol. pp.17-22.

[4] Crackdowns on Peaceful Environmental Protests Should Stop and Give Way to More Social Dialogue, Commissioner for Human Rights, 2023.

[5] Hadjimatheou, K., (2023) Surveillance, Democracy, and Protest in a Time of Climate Crisis Hadjimatheou, Oxford University Press, pp.136-144.

[6] Gordon, C. (2024): Criminalizing Care: Environmental Justice Under Political and Police Repression, Environmental Communication. pp. 2-4.

[7] Savolainen S., Saarinen, V.P., Yun Chen, T.H., (2024), Social Media Affordances Sustain Social Movements Facing Repression: Evidence from Climate Activism, Center for Open Science.

[8] Earl J. , Maher, T.V., and Pan, J., (2022), The Digital Repression of Social Movements, Protest, and Activism: A Synthetic Review. Science Advances 9 Mar 2022 Vol 8, Issue 10.

[9] The Human Right to a Clean, Healthy and Sustainable Environment: Resolution / Adopted by the General Assembly, A/RES/76/300, 2022-07-28.

[10] Decision VII/9 on a Rapid Response Mechanism to Deal With Cases Related to Article 3 (8) of the Aarhus Convention, Meeting of the Parties to the Convention on Access to Information, Public Participation in Decision-making and Access to Justice in Environmental Matters, Geneva, 18–20 October 2021.

[11] Forst, M. (2024) UN Special Rapporteur on Environmental Defenders under the Aarhus Convention, Postion Paper, State Repression of Environmental Protest and Civil Disobedience: A Major Threat to Human Rights and Democracy. pp. 8-19.

[12] European Parliament, JOINT MOTION FOR A RESOLUTION on the Further Deterioration of the Political Situation in Georgia, 12.2.2025 - (2025/2522(RSP)); https://www.europarl.europa.eu/doceo/document/RC-10-2025-0106_EN.html; (Accessed 24.03.2025)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“