[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / კვლევა

ჰესების მშენებლობა სვანეთში და მისი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  62

გამოცემის წელი:  2019

მკვლევრები: 

ჰესები_მშენებლობა_სვანეთში_1571400310.pdf

კვლევაში, ნენსკა ჰესისა და ხუდონ ჰესის მაგალითზე, მიმოხილულია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები და ხარვეზები.

კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები:

  • რა სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და რა პრივილეგიები მიენიჭათ კომპანიებს, ამ დოკუმენტების საფუძველზე;
  • რა ზეგავლენა აქვს ჰესების მშენებლობას ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საკუთრებისა და საჯარო სივრცით სარგებლობის უფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, დასაქმების პოლიტიკასა და შრომით უფლებებზე.

ძირითად მიგნებებზე დაფუძნებით, EMC შესაბამის უწყებებს მიმართავს რეკომენდაციით, ჰიდროენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო ინტერესების გააქტიურების პარალელურად, უზრუნველყონ ამ სფეროსთვის აუცილებელი სტრატეგიის, დოკუმენტებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება და დახვეწა.

კვლების ძირითადი მიგნებები:

  • დღესდღეობით, ჰესების მშენებლობის პროცესი დაუგეგმავად, ენერგეტიკის სტრატეგიის და სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს გარეშე მიმდინარეობს. ქვეყანაში არ არსებობს ჰიდროენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომა და სტრატეგია.
  • მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და ინვესტორებთან ხელშეკრულებების დადების პროცესი გამჭირვალე არ არის და მასში დაინტერესებულ საზოგადოებას ჩართვის საშუალება არ აქვს. ასევე, არ არის გამჭვირვალე ის კრიტერიუმები, რითიც სახელმწიფო ინვესტორებს ხანგრძლივი პერიოდით ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვას სთავაზობს, ბუნდოვანია ტარიფების განსაზღვრის კრიტერიუმებიც.
  • კვლევის ფარგლებში პრობლემურად შეფასდა ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებებით კონკრეტული კომპანიებისთვის მინიჭებული სხვადასხვა სახის პრივილეგია, მაგალითად ნენსკრა ჰესის შემთხვევაში ასეთ პრივილეგიებად შეგვიძლია მოვიაზროთ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები, სახელმწიფოს მიერ რისკების დაზღვევა და ა.შ.
  • პრობლემურია ინვესტორების შერჩევის პროცესი და მკაცრი კრიტერიუმების არარსებობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჰესების მშენებლობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მაგალითად, ხელისუფლების მიერ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტად შეფასებული ხუდონ ჰესის ინვესტორი, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედია“, რომლის მეწილეების, გამოცდილებისა თუ სხვა სახის დეტალებზე თითქმის არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.
  • სისტემურ პრობლემას წარმოადგენს გარემოსდაცვითი, ენერგეტიკისა და ჰიდრო პროექტებისთვის სხვა რელევანტური საკანონმდებლო სტანდარტებისა და ნორმების არარსებობა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფა და საბჭოთა პერიოდის მოძველებული ნორმებით სარგებლობა. ამ მხრივ ნაწილობრივ გამონაკლისს წარმოადგენენ ის პროექტები, რომლებშიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან ჩართული. ინვესტორები ამ ორგანიზაციებიდან შესაბამისი დაფინანსების მისაღებად, იძულებული არიან პროექტები ამ ორგანიზაციების პოლიტიკის დოკუმენტების სტანდარტების შესაბამისად მოამზადონ. ნენსკრა ჰესის შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ კომპანიას ჩატარებული ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც 2015 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ შეითანხმა, კომპანიამ საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნით პროექტზე ჩაატარა დამატებითი სოციალური და გარემოსდაცვითი კვლევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში რადიკალურად უპირისპირდება 2015 წელს ჩატარებულ კვლევას. მაგალითად, 2015 წლის გზშ-ს თანახმად, „პროექტის გავლენის ზონის ფარგლებში მოქცეულია კერძო მფლობელობაში არსებული მხოლოდ 4 მიწის ნაკვეთი, ხოლო 2017 წელს გამოქვეყნებული დამატებითი კვლევების თანახმად, დაახლოებით 89 ოჯახი მოხვდება ზემოქმედების ქვეშ მიწის, არასაცხოვრებელი ნაგებობების, ხეების, ნათესების დაკარგვის გამო.
  • კვლევის ფარგლებში ნენსკრა ჰესის პროექტთან მიმართებით, ასევე პრობლემად შეფასდა 2019 წლის დასაწყისში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჰესის განახლებული პროექტის ახალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისგან გათავისუფლების თაობაზე. ხაზი უნდა გაესვას, რომ მინისტრის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღით უსწრებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ამ გადაწყვეტილებით, პროექტში არსებითი ხასიათის ტექნიკური, ტექნოლოგიური და რაც მთავარია, ადგილმდებარეობის ცვლილებების მიუხედავად, ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში გარემოსდაცვითი საფრთხეების შესაფასებლად საკმარისად ჩაითვალა 2015 წელს მომზადებული გზშ-ს ანგარიში.
  • კვლევის ფარგლებში EMC-მ ასევე შეისწავლა ჰესების პროექტის ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების უფლებასა და საჯარო რესურსებზე ხელმისაწვდომობაზე. ხაზგასასმელია, რომ ამ სფეროში ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სახელმწიფო არ აღიარებს სვანეთში არსებული ტრადიციული/სათემო საკუთრების ფორმა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებს მიწებს. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს განვითარების პროექტების საფუძველზე მოსახლეობის განსახლების და მათთვის საკომპენსაციო ღონისძიებების მარეგულირებელი სათანადო კანონმდებლობის არარსებობა, რაც მსგავსი პროექტების შემთხვევაში მოსახლეობა მხოლოდ კომპანიის კეთილსინდისიერების ან პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობის იმედად ტოვებს. შესაბამისად, კვლევაზე დაფუძნებით EMC-ის რეკომენდაციას წარმოადგენს მთავრობის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული, სათემო საკუთრების აღაირებისა და განვითარების პროექტების ფარგლებში განსახლების მომწესრიგებელი კანონპროექტების მომზადება.
  • კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა ჰესებთან დაკავშირებით მარტივი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც კი. ხაზი უნდა გაესვას, რომ ჰესებთან დადებული ხელშეკრულებების დიდ ნაწილს კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად საზოგადოებას აღნიშნულ დოკუმენტებზე წვდომა და საჯარო კონტროლის შესაძლებლობა არ გააჩნია. ამ ხელშეკრულებების შინაარსის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისთვის მხოლოდ ფრაგმენტულად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მომზადებული კვლევებზე და მედიაში გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული დოკუმენტების დახურულობა საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, თვითნებური გადაწყვეტილებისა და კორუფციის რისკებთან დაკავშირებით. აუცილებელია, ისეთ საზოგადოებრივი ინტერესის პროექტებთან დაკავშირებით როგორიც მაგალითად ნენსკრა და ხუდონ ჰესია მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი სახელმწიფოსთან დადებული ყველა შეთანხმების გამჭირვალობა და მათ შორის ამ დოკუმენტების პროაქტიული გამოქვეყნება.
  • კვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ჰესების წინააღმდეგობის პროცესში მონაწილე აქტივისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა სახის სავარაუდო ზეწოლის ფაქტები. მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ-ებიდან რამდენიმე პირი გათავისუფლდა სავარაუდოდ მათ მიერ ჰესების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის გამო. ასევე, ხელისუფლების მიერ რამოდენიმეჯერ, სხვადასხვა დასაბუთებით მოხდა დემონსტრაციული საპოლიციო ძალის გამოყენება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის აღქმით მათ მიერ ჰესების მიმართ პროტესტის გამოხატვას უკავშირდებოდა. აუცილებელია დაუყოვნებლივ აღიკვეთოს ყველა მსგავსი ინდივიდუალური თუ სისტემური ზეწოლის ეპიზოდები და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები, წინააღმდეგობა ჰესების მიმართ.

ჰესები_მშენებლობა_სვანეთში_1571400310.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“