საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: ნეტგაზეთი
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გალის რაიონში არსებულ სკოლებში ქართული ენაზე სწავლების სრულად აკრძალვა ეთნიკური ქართველების მიმართ მორიგი დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა და ასიმილაციური კულტურული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უფრო ეფექტიანად გამოიყენოს მის ხელთ არსებული პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი მექანიზმები და რესურსები გალში მაცხოვრებელი ეთნიკური ქართველების განათლებისა და კულტურული უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის.
2021 წლის 12 სექტემბერს ცნობილი გახდა აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აიკრძალა.[1] ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დასრულდა გალის სკოლების აფხაზურ საგანმანათლებლო სისტემაში ასიმილაციისა და რუსიფიკაციის პროცესი, რომელიც წლების წინ წამოიწყო.
გალის მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლება ადგილობრივი ხელისუფების მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგად შეზღუდულია. ჯერ კიდევ 1993 წლიდან გალის რაიონი დაიყო ე.წ. „ზედა და „ქვედა“ ზონებად, საიდანაც ზედა ზონაში დაიწყო რუსულენოვანი პირველი კლასების გახსნა და ქართულენოვანი კლასების მიერ სწავლების დასრულების შემდეგ, ამ სკოლებში სწავლება სრულიად რუსულ ენაზე გადავიდა. გალის „ზედა ზონის“ ამ სკოლებში ქართული ენა მხოლოდ ერთ საგნად ისწავლებოდა, დანარჩენი საგნების სწავლება რუსულ ენაზე გადაეწყო.[2] ქვედა ზონაში 2015-2016 სასწავლო წლიდან პირველიდან მეოთხე კლასამდე რუსულ ენაზე სწავლება დაწესდა, რაც ასევე ყოველი მომდევნო პირველი კლასებისთვის რუსულ ენაზე სწავლის დაწყებას გულისხმობდა.[3] მიმდინარე წლის სექტემბერში კი აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გალის რაიონში ქართულენოვანი სწავლების სრულად გაუქმდა.[4]აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე სწავლა აკრძალულია გალის რაიონში არსებულ ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება წლების განმავლობაში ახდენს ზეწოლას გალის რაიონის ქართველ მასწავლებლებზე, მათ შორის მასწავლებლების სამსახურიდან გათავისუფლების მეშვეობით.[5]
გალის რაიონში ქართველი მოსწავლეებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვა პრობლემაა არა მხოლოდ მისი დისკრიმინაციული და ასიმილაციური შინაარსის გამო, არამედ მოსწავლეების და ახალგაზრდების განვითარების თვალსაზრისითაც. მოსწავლეები, იმის გამო, რომ შინ მეგრულად ან ქართულად საუბრობენ, სკოლაში კი ყველა საგანს რუსულად ასწავლიან და უცხო ენებთან ერთად აფხაზურ ენასაც სწავლობენ, შედეგად, ვერც ერთ ენას ვერ ფლობენ სრულყოფილად. მათთვის უცხო, რუსულ ენაზე სწავლის დაწყება პირველივე კლასიდან, უარყოფით გავლენას იქონიებს მათი განათლების მიღების პროსესზე და სასწავლო შედეგებზე. გალის სკოლებში რუსულ ენაზე სწავლების საკმარისი ადამიანური რესურსებიც არ არსებობს, რაც მთლიანად განათლების მიღების ხარისხს დააზიანებს და მძიმედ აისახება ადგილობრივი ახალგაზრდების ცოდნასა და სოციალური განვითარების შესაძლებლობებზე.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მცდელობების მიუხედავად წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მიმდინარე კულტურული ასიმილაციის პროცესის შეკავება და მისგან მომდინარე რისკების დაზღვევა თუნდაც ალტერნატიული მდგრადი და ეფექტიანი საგანმანათლებლო რესურსების შექმნით ადგილზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე ეხმარება გალის რაიონის სკოლებს, რაც მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო კურსების, ფინანსური დახმარების გაწევასა და სახელმძღვანელოებით მომარაგებაში გამოიხატება. საქართველო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აქტიურად აყენებს გალში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხს, თუმცა, ზოგადი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების განათლებაზე მთლიანობაში მძიმედ აისახება და ის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალისხმევის გაძლიერებას საჭიროებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც კონფლიქტის რეგიონებში განათლების უფლების რეალიზებას უკავშირდება. მათ შორის, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ, კატანი და სხვები მოლდოვასა და რუსეთის წინააღმდეგ საქმეებზე განათლების უფლების ხელყოფის პრაქტიკაში ევროპულმა სასამართლო შესაბამის ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლი განმახორციელებელი სახელმწიფოების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაადგინა. ჩვენს შემთხვევაშიც აშკარაა რუსეთის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების და პრაქტიკების გამო. თუმცა, ეს მოცემულობა de jure სახელმწიფოს ასევე აკისრებს პოზიტიური ვალდებულებების განხორციელების პასუხისმგებლობას, რაც მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმისა და რესურსის გამოყენებას გულისხმობს, რათა აღადგინოს ტერიტორიაზე იურისდიქცია და ასევე გავლენა მოახდინოს უფლებათა დარღვევის აღკვეთაზე.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით,
არსებითია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დასაცავად და მათ შორის, გამართოს აქტიური მოლაპარაკებები de facto მთავრობასთან.
ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს ქართული ენისა და სხვა საგნების სწავლების ალტერნატიული ფორმატები და პროგრამები გალში მცხოვრები ახალგარდებისთვის და ამ მიზნით მათ შორის, მოახდინოს ადეკვატური საგანმანათლებლო, ტექნიკური და საბიბლიოთეკო რესურსების მობილიზება ადგილზე.
[1] Де-факто Сухуми запретил обучение на грузинском в школах Гальского района. ხელმისაწვდომია: https://sova.news/2021/09/14/228164/?fbclid=IwAR3unu_S8LM6ADisItsqp2Bsuvrqt3RFjaL3W_wxBZ-fa_WUmqoyk3jUquQ
[2] შონია ნ. „რუსიფიკატორული საგანმანათლებლო პოლიტიკა ოკუპირებულ გალის რაიონში.“ ხელმისაწვდომია: http://meca.gov.ge/assets/books/Esatia_Shromebis_Krebuli.pdf
[3] „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები“. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, 2015 წ. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2019041311454240454.pdf
[4] ფუხაშვილი რ., ნანუაშვილი უ., ხიდაშელი თ. „მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობა გალის და ახალგორის რაიონებში.„ 2020წ. ხელმისაწვდომია: http://www.democracyresearch.org/files/65DRI-broshura-geo-2.pdf
[5] გალის ქართულ სკოლებში ქართულად სწავლების აკრძალვამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ხელმისაწვდომია: http://damoukidebloba.ge/c/news/galis_skolebshi_qartulad_swavlebis_akrdzalva
ინსტრუქცია