საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მიმდინარე წელი გამორჩეული იყო ქვეყანაში გამართული მშრომელთა გაფიცვების ოდენობით. წლის დასაწყისში ხელშეკრულების არსებითი პირობების ცალმხრივად ცვლილების გამო კურიერები გაიფიცნენ. კვლავ გაფიცვის კერას წარმოადგენდა ჭიათურა, სადაც მაღაროებში დასაქმებულები წლების მანძილზე ითხოვენ უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და გაუმჯობესებულ შრომის პირობებს. დედაქალაქის რამდენიმე დღით ანტისანიტარია გამოიწვია თბილსერვისში დასაქმებული პირების პროტესტმა და ამ სამსახურის პარალიზებამ. მშრომელები ამ შემთხვევაშიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფასა და ღირსეული ანაზღაურების მიღებას მოითხოვდნენ. რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიფიცნენ გურიაში, პურის ფქვილის საწარმოში დასაქმებული პირებიც. მოთხოვნას შრომის ანაზღაურების ოდენობის გაზრდა და შრომითი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენდა. 6 დღე გაგრძელდა დასაქმებულთა გაფიცვის პროცესი რუსთავის აზოტშიც. მშრომელები მოითხოვდნენ ანაზღაურების გაზრდას და გარანტიას, რომ გაფიცვის მონაწილეთა მიმართ რეპრესიული ღონისძიებები არ განხორციელდებოდა. უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით რამდენიმე დღის მანძილზე გაფიცული იყვნენ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირებიც.
დასაქმებულთა უფლებების დარღვევა და უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობა კვლავ ტყიბულის შახტებში დასაქმებული პირების ყოველდღიურობას წარამოადგენდა. წლის დასაწყისში ანაზღაურების სისტემის ცვლილებამ რამდენიმე მეშახტე აიძულა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართა, თითქმის 24 საათის მანძილზე 11 მეშახტე შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებდა და საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებდა. მოგვიანებით, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ტყიბულში, ქვანახშირის საბადოს ერთ-ერთი მოპოვების კერაზე მიმდინარე გამაგრებითმა სამუშაოებმა. პრობლემური აღმოჩნდა შახტებში პანდემიის კონტროლიც. დაწესებული რეგულაციების უკონტროლო ხასიათმა დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ სამუშაო ადგილებზე დააინფიცირა.
გაფიცვის პირას იდგნენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს თანამშრომლებიც, რომლებიც დიდი ხანია საუბრობენ მძიმე სამუშაო პირობებსა და შრომითი უფლებების დარღვევებზე. სამწუხაროდ, სამინისტრო, რომლისგანაც საზოგადოებას შრომითი უფლებების ღირსეული სტანდარტების დაწესების მოლოდინი აქვს, როგორც დამსაქმებელი, თავად ვერ უზრუნველყოფს შრომითი კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვას და დასაქმებულებს გაფიცვისკენ უბიძგებს. სოციალური სააგენტოს თანამშრომლებთან მოლაპარაკების პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
2021 წელს პანდემიურმა რეალობამ კიდევ ერთხელ მწვავედ გამოავლინა ქვეყანაში არსებული არაფორმალური დასაქმების მასშტაბი და მშრომელთა კრიტიკული გამოწვევები. სამწუხაროდ, სახელმწიფოს აღნიშნული პირების პრობლემების შესწავლის, გამოვლენისა და ადეკვატური დახმარების ქმედითი ბერკეტები კვლავ არ გააჩნია. ამაზე მეტყველებს ანტიკრიზისული დახმარების გეგმის ფარგლებში თვითდასაქმებულთა და არაფორმალურად დასაქმებულთა იდენტიფიცირების და მათ მიერ დახმარების მიღების თვალსაზრისით სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევებიც.
2021 წელს შრომის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებას წარმოადგენდა შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატის გაფართოება და მისთვის შრომის უფლებების ზედამხედველობის უფლებამოსილების მინიჭება. ინსპექციას პირველი იანვრიდან შეეძლო რეაგირება მოეხდინა არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, არამედ შრომითი უფლებების დარღვევებზეც. შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი მშრომელთა ყოველდღიურობის ხელშესახები გაუმჯობესების წინაპირობად უნდა ქცეულიყო, თუმცა შრომის ინსპექცია სათანადო რესურსების ნაკლებობისა და კოვიდ-რეგულაციების შესრულების ზედამხედველობის ახალი ვალდებულების გამო, სამწუხაროდ სრულყოფილად კვლავ ვერ უმკლავდება ახალი მანდატით განსაზღვრული უფლებამოსილებების აღსრულებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2021 წელს კვლავ აქტიურად განაგრძობდა სასამართლოებში სტრატეგიულ სამართალწარმოებას უფლებადარღვეული დასაქმებულების დაცვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Ცენტრმა შრომით დავებში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კერძოდ, გამარჯვებით დასრულდა დავა მესტიის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ ჰესების მშენებლობის პროტესტის მონაწილეთა სამსახურიდან დისკრიმინაციულ განთავისუფლებას შესახებ. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობაში დასაქმებულთა დისკრიმინაციისაგან დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან დადგინდა, რომ მოსარჩელეების დევნა განსხვავებული აზრის გამო მოხდა. ასევე სოციალური სამართლიანობის ცენტრის გამარჯვებით დასრულდა დავა სამივე ინსტანციაში ბიბლუსის წინააღმდეგ. აღნიშნულ დავაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენდა დასაქმებულებს, რომლებსაც კომპანია ცილისწამებას ედავებოდა იმის გამო, რომ მათ ხმამაღლა ისაუბრეს მძიმე და არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე, დაბალ ანაზღაურებასა და დაჯარიმების უსამართლო პრაქტიკაზე. კიდევ ერთი მოგებული შრომითი დავა ეხებოდა სოციალურ მუშაკთა უკანონოდ გათავისუფლებული 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და მათთვის განაცდურის ანაზღაურებას. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს სისტემიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირებისა და შრომითი უფლებადარღვეული პირების მხარდაჭერას.
მიმდინარე წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და საიამ სასამართლოს მიმართეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მასშტაბური საშტატო ცვლილებების შედეგად თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების შრომითი უფლებების დაცვის მიზნით. მიგვაჩნია, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი შრომის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა.
2021 წლის მოვლენებმა კიდევ ერთხელ გახადა ნათელი დასაქმების ადგილებზე ადამიანის უფლებათა შელახვის სისტემური, მძიმე გამოცდილება და დასაქმებულთა ექსპლუატაციის უხილავი თუ ხილული პრაქტიკები, რაც შრომის პოლიტიკის არათანმიმდევრულობასა და ფუნდამენტურ ხარვეზებს უკავშირდება. ეს მოვლენები წარმოადგენდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ შრომით დავებს, არამედ საერთო სოციალურ პროტესტს არსებული ეკონომიკური და სოციალური სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დასაქმებულთა მინიმალური კეთილდღეობა და სოციალური უსაფრთხოება დღემდე ვერ უზრუნველყო.
ინსტრუქცია