სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 თებერვალს, EMC-ს სარჩელის საფუძველზე, 3 სოციალური მუშაკის სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“-დან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ახალ სააგენტოს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად გადახდა დააკისრა. ასევე, სამივე სოციალურ მუშაკთან მიმართებით სასამართლომ განაცდური სამი თვის ხელფასის ოდენობით (3600 ლარი) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, იმის ნაცვლად, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლადშექმნილ სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-ში“ უკონკურსოდ გადაეყვანათ, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. EMC გათავისუფლებული სოციალური მუშაკის 8 საქმეს აწარმოებს.
სოციალური მუშაკები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაზე მუშაობენ და ეხმარებიან მათ შესაბამის სახელმწიფო სოციალურ პროგრამებზე წვდომაში. EMC-სარაერთხელ გაუჟღერებია სოციალური მუშაკების არასათანადო შრომით პირობებთან, მათ შორის, გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობით იყო გამოწვეული. ამ ვითარებაში დამატებით 33 კვალიფიციური სოციალური მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და მთლიანი სისტემისთვის და განსაკუთრებით ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო.
EMC აგრძელებს სისტემიდან უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკების ინტერესების დაცვას სასამართლოში და ამ საქმეებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას.