საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების კოლექტიური შრომითი დავის პროცესს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უზრუნველყოს მედიაციის პროცესის წარმოება და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შესაქმნელად საჭირო, მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება.
დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების სოციალური აგენტების, უფროსი სოციალური აგენტების, სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და მთავარი სპეციალისტები შრომითი პირობები უკიდურესად მძიმეა, ხოლო მათი საქმიანობა მოწყვლადი და დაურეგულირებელია. სააგენტოს თანამშრომლები დიდი ხანია საუბრობენ უმძიმეს სამუშაო პირობებზე და არარსებულ, დაუცველ შრომით უფლებებზე. სამწუხაროდ, ქვეყნის შრომითი პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი უწყება შრომის სამინისტრო თავად ვერ უზრუნველყოფს, მის სისტემაში შემავალ ორგანოში დასაქმებულთათვის შრომითი კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვას და დასაქმებულებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სახელმწიფო მხარდამჭერ მთავარ რგოლს უნდა წარმოადგენდნენ, მსგავსი უსამართლო შრომითი პოლიტიკით თავად ხდის მოწყვლადს. სოციალურ სააგენტოს თანამშრომლებს ასევე უდიდესი როლი უჭირავთ ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობის დროული იდენტიფიცირებისა და რეფერირების კუთხით. ისინი თითოეულ ბავშვიან ოჯახში ავსებენ სპეციალურ ფორმას და აკეთებენ ძალადობისა თუ უგულებელყოფის გამოკვლევას. შესაბამისად მათი შრომის პირობების დაცვა და გაუმჯობესება, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემისთვის მყარი საფუძველია.
სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული მძიმე შრომითი პირობები მიმდინარე წლის ივნისში შრომის ინსპექციამ შეამოწმა. ინსპექტირების შედეგებმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, სააგენტოში არსებული შრომითი დარღვევები და სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებისა და პირობების გაუმჯობესების საჭიროება გამოაჩინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომითი პირობების არაერთი დარღვევა დაუდგინდა, მათ შორის:
აღსანიშნავია, რომ ინსპექციის მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოს შემოწმებამდე, რამდენიმე სოციალური აგენტის მიმართ, რომლებიც შრომითი უფლებების დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ სააგენტომ დისციპლინიური გადაცდომის საფუძვლით წარმოებებიც კი დაიწყო. დისციპლინური წარმოება მოგვიანებით შეწყდა და რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა აღნიშნული ქმედებით სააგენტომ საკუთარი უფლებამოსილების დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა და, მართალია, ირიბად, თუმცა დასაქმებულებს არსებულ მძიმე პირობებზე შეგუებისა და ხმის ამოუღებლობისაკენ მოუწოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ინსპექციის მიერ არსებული დარღვევების გამოსასწორებლად 6 თვიანი ვადა მიეცა, თუმცა სოციალური აგენტები აღნიშნავენ, რომ ინსპექტირების შემდეგ მათი შრომითი მდგომარეობა მინიმალურადაც კი არ გამოსწორებულა.
მძიმე შრომითი პირობების პარალელურად, სოციალური აგენტები არსებული სახელფასო პოლიტიკის ნაკლოვანებებზე საუბრობენ და ხელფასების ზრდას მოითხოვენ. აგენტები, რომელთა საქმიანობა უმნიშვნელოვანესია და ქვეყანაში სიდუხჭრის გამოვლენას, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაცემის შესაძლებლობას იძლევა, დღეს თავად დგანან სოციალური კატასტროფის და უკიდურესი გაჭირვების წინაშე. მათი ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმსაც კი ვერ უტოლდება. სოციალური აგენტების უმრავლესობის ანაზღაურება ოჯახებში განხორციელებული შემოწმებების ოდენობაზეა დამოკიდებული. პანდემიის პირობებში კი აღნიშნული ვიზიტების ოდენობამ მნიშნველოვნად იკლო. სოციალური აგენტის მიერ შესრულებული თითოეული საქმის ანაზღაურება, 2009 წლის იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და 6 ლარს შეადგენს. უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებას- 550 ლარი, ხოლო სოციალური აგენტების ფიქსირებულ ხელფასს - 250 ლარი წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს 246-მა თანამშრომელმა დამსაქმებელის მიმართ 11 პუნქტიანი მოთხოვნა წარადგინა და კოლექტიური შრომითი დავა დაიწყო. Მედიაციის პროცესში მათ ინტერესებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი-სოლიდარობის ქსელი წარმოადგენს. Დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნა კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების დადებას, არსებული სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას, გაწეული მომსახურების ტარიფებისა და ანაზღაურების გაზრდას უკავშირდება. ამასთან, სააგენტოს თანამშრომლები დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფო ფურცელზე (ბიულეტენზე) არსებობისას სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას მოითხოვენ.
დღეისათვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა და სააგენტოს შორის შრომითი მედიაციის პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა უკიდურესად მძიმე შრომითი პირობების აღიარება და დროული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უმნიშნველოვანესია სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემაში კრიზისული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, რამდენადაც ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან შემხევდრი ნაბიჯების არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულები საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად იძულებულები იქნებიან დაიწყონ გაფიცვის პროცედურები.
ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს სოციალურ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს და იზიარებს მათი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდაუვალ აუცილებლობას.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს სამართლიანი მედიაციის პროცესის ჩატარება, აღიაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული სისტემური პრობლემები, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის მასიური ხასიათი და დაუყოვნებლივ დაიწყოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება მათთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით.
ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:
ინსტრუქცია