[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს თბილსერვისში დასაქმებულებს და შრომის ინსპექციას კომპანიის შემოწმებისკენ მოუწოდებს

დღეს, 6 აგვისტოს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომპანია „თბილსერვის ჯგუფშის” დასაქმებულთა აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები სახელშეკრულებო პირობების არცოდნაზე, საფრთხისშემცველ სამუშაო გარემოზე, დაბალ ხელფასებზე, ფიზიკურად მძიმე შრომით რეჟიმსა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების და პროტესტის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი სამუშაოს შესრულებაზე უარს იტყვიან. პროტესტის მონაწილეთა განცხადებაში შრომის უფლებების არაერთი დარღვევა იკვეთება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ მშრომელებს და მოუწოდებს შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ შეამოწმოს “თბილსერვისში” დასაქმებულების სამუშაო პირობები, „თბილსერვის ჯგუფს” და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას კი - შეისწავლოს პროტესტის მონაწილეთა წუხილები და დროულად გადადგას ნაბიჯები დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

Თბილისის მერიისა და კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან Საპროტესტო აქციის საპასუხად გაკეთებულ განცხადებებში მინიშნება გაკეთდა წარსულში გაზრდილ ხელფასებზე და EBRD-დან აღებული ახალი სესხის მოცულობაზე, რითიც დამსაქმებელმა პრობლემებზე მყისიერი რეაგირება გამორიცხა და ცვლილებების 2022 წლამდე გადავადება დაანონსდა. Გავრცელებული ინფორმაციით ნაწილმა პროტესტის მონაწილეებისა თბილსერვისის ხელმძღვანელთან და მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ამ ეტაპზე უკვე შეწყვიტა პროტესტი. Თუმცა გაკეთებული განცხადებებიდან Საგანგაშო იყო თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის, დღევანდელი განცხადებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო გაფიცვას, ეს კი იმ პირობებში, როდესაც Პროტესტში მონაწილე მშრომელები დღეს აცხადებდნენ, რომ შრომითი ხელშეკრულების შინაარსი, მათ შორის, მხარეთა პასუხისმგებლობები, უფლებები და მოვალეობები მათთვის უცნობია. კომპანიის დირექტორის მოადგილემ, დავით ფაჩულიამ, კი თავად დაადასტურა, რომ „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებს წერილობითი ხელშეკრულება არ გააჩნიათ საკუთარ დამსაქმებელთან.

თბილსერვისის თანამშრომელთა განცხადებებში იკვეთება შრომითი უფლებების და უსაფრთხოების არაერთი მძიმე დარღვევა, მათ შორის, ამორტიზებული ტექნიკითა და შეუსაბამო ეკიპირებით აღჭურვის პრობლემა. Ამასთან, თბილსერვისში დასაქმებულები აცახდებენ, რომ გაუმართავი ტექნიკა და არასათანადო ეკიპირება არაერთხელ გამხდარა საგანგაშო ინციდენტების მიზეზი, თუმცა კომპანია ამ მხრივ რესურსების გამოყოფაზე წლებია უარს აცხადებს.

თბილსერვისის თანამშრომლებისთვის პრობლემურია სამუშაო რეჟიმის ცვლილებაც, Რომელიც მათი ინფორმირების და თანხმობის გარეშე მოხდა. Ამ ცვლილების მიხედვითაც მათ ორი ოთხსაათიანი ცვლის მაგივრად ერთ უწყვეტ რვასაათიან ცვლაში უწევთ მუშაობა. თუ ცვლილებამდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მუშაობა მხოლოდ დილის და საღამოს საათებში უწევდათ, ცვლილებების შემდეგ მათ მუშაობა სამუშაო დღის განმავლობაში უწევთ, როცა ქალაქი გადატვირთულია. ზაფხულის განმავლობაში დღის საათებში მუშაობას ქუჩების გადატვირთულობასთან ერთად ართულებს მაღალი ტემპერატურაც.

პროტესტის მონაწილეები ხელფასის 50 პროცენტით გაზრდასაც ითხოვენ. ამჟამად დასაქმებულთა უმეტესი ნაწილის ანაზღაურება 800 ლარს არ აღემატება, რაც მათი ცხოვრებისეული ხარჯების დასაფარად საკმარისი არაა და არ შეესაბამება იმ საკვანძო მნიშვნელობის, ფიზიკურად მძიმე და საფრთხისშემცველ შრომას, რასაც ისინი ასრულებენ. დასაქმებულები საუბრობენ სახელფასო პოლიტიკის უსამართლობაზეც და მიუთითებენ, რომ მათ არ ეძლევათ კუთვნილი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობაც, რითაც იკვეთება, რომ უხეშად ირღევა საქართველოს შრომის კოდექსის ნორმები.

ამასთან, თბილისერვისში დასაქმებულები საუბრობენ ღირსების შემლახავ მოპყრობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ მძიმე სამუშაო პიროებების შესახებ დასაქმებულების მიერ აქამდე გამოთქმულ წუხილებს კომპანიის წარმომადგენლები უპასუხოდ ტოვებდნენ, მაშინაც კი, როცა დასაქმებულები პროტესტის მწვავე ფორმებს, მათ შორის საკუთარი თავის დაზიანებას მიმართავდნენ და საკუთარი სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდნენ.

„თბილსერვის ჯგუფი” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელიც 2007 წელს დაარსდა. თბილსერვისში დასაქმებული 5,000-ზე მეტი ადამიანის საქმიანობა მოიცავს ქალაქის ნარჩენების მართვას, ქუჩებისა და მოედნების დასუფთავებას, სანიაღვრე ქსელის მოწესრიგებას, საავტომობილო და საფეხმავლო გზების გაწმენდას, გარე განათების უზრუნველყოფას და ქალაქისთვის აუცილებელ სხვა არაერთ მომსახურებას.

Სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს “თბილსერვისში” დასაქმებულებს და მოუწოდებს თბილისის მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას დროულად შეასრულონ თანამშრომლების სამართლიანი მოთხოვნები, აღმოფხვრან კომპანიაში არსებული შრომითი უფლებების დარღვევები და დაუყონებლივ უზრუნველყონ დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

Სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შრომის ინსპექციას დაუყოვნებლივ შეისწავლოს კომპანიაში შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევების შესაძლო ფაქტები და მიიღოს სათანადო ზომები შრომის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“