საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მართლმსაჯულების რეფორმების 4 ტალღის მიუხედავად, ქართული სასამართლო სისტემა კვლავაც ვერ არის მედეგი შიდა, თუ გარე გავლენების მიმართ. დღეს სასამართლო სისტემა იმართება არა მართლმსაჯულების, არამედ ვიწრო-პარტიული და შიდა-კორპორატივისტული ინტერესებით. არსებული მწვავე პრობლემების მკაფიო დადასტურება იყო 19 აპრილის შეთანხმება, სადაც მართლმსაჯულების სისტემური რეფორმის საჭიროებაზე ხაზგასმით იყო აღნიშნული.
სამწუხაროდ, 2021 წელსაც გაგრძელდა სასამართლოში მმართველი პოლიტიკური გუნდის და შიდა-კლანური გავლენების გაფართოება. 19 აპრილის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, გაგრძელდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და წელს 10 მოსამართლე დაინიშნა უვადოდ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც, მოსამრთლეთა დანიშვნა მიმდინარეობდა ხარვეზიანი პროცესებით და კანდიდატების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღებოდა არა პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე, არამედ პარტიული თუ კლანური ლოიალურიბის მიხედვით.
კვლავაც პრობლემურია მართლმსაჯულების სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. სისტემის მართვასთან დაკავშირებულ თუ საკადრო გადაწყვეტილებებს, საბჭო კვლავაც ვიწრო-კლანური ინტერესებით იღებს და უკიდურესად დაბალია აღნიშნული ორგანოს მიმართ საზოგადოებრივი თუ პროფესიული ჯგუფების ნდობის ხარისხი. ხაზგასასმელია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილების შედეგად, დღემდე არ არის საბჭოში დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი, რაც კიდევ უფრო ამცირებს აღნიშნული ორგანოს საქმიანობაზე გარე-კონტროლისა თუ გამჭვირვალობის შესაძლებლობებს და საბჭოს ფუნქციონირებას მთლიანად შიდა-კლანურ ლოგიკას უქვემდებარებს.
სასამართლო სისტემის მიმართ ადგილობრივი თუ საერთაშორისო აქტორების მკაცრი შეფასებების ფონზე, მიმდინარე წლის ზაფხულში კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეიმუშავა სასამართლო სისტემის რეფორმის კონცეფცია. კონცეფცია, რადიკალურად ცვლის სასამართლო სისტემის მართვის ლოგიკას, აძლიერებს ამ პროცესში პოლიტიკური კონსენსუსის საჭიროებას და ამავდროულად, აქცენტს აკეთებს სასამართლო კორპუსის გადახალისებაზე, რათა სისტემამ რეალურად მოიპოვოს საზოგადოებრივი ნდობა.
ინსტრუქცია