საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პლატფორმა სალამის სახელით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ #გვარიდამიბრუნე კამპანიის ფარგლებში კანონპროექტის ინიცირებაზე უარის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი დასაშვებად ცნო.
როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საქართველოს აზერბაიჯანელმა თემმა დაიწყო თვითორგანიზებული კამპანია, #გვარიდამიბრუნე, რომელიც ისტორიული გვარების დაბრუნებას უკავშირდებოდა. ამავე მიზნით 2021 წლის 26 ივლისს პლატფორმა სალამის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინა „სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი, რომელიც არატრადიციული/არაავთენტური სუფიქსის ჩამოშორებით ან ამავე სუფიქსის შეცვლის გზით გვარის შეცვლის ახალ და სპეციალურ წესს ადგენდა. საინიციატივო ჯგუფმა შეძლო თემის უპრეცედენტო მობილიზება და დროის მოკლე პერიოდში შეაგროვა 25 000-ზე მეტი ხელმოწერა საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა ბოლო წლებში სოციალური ცვლილებებისთვის თემისა და საზოგადოების დემოკრატიული თვით-ორგანიზების უნიკალური გამოცდილება იყო.
აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თავდაპირველად არასწორად დაითვალა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ხელმოწერების საერთო ჯამი, შემდგომ კი ხელმოწერების დათვლის პროცესში, ისე რომ არ გადაუმოწმებია ხელმომწერთა ვინაობის ნამდვილობა, ფორმალური არგუმენტებით (მაგალითად, ბლანკზე ტელეფონის ნომრის, ქუჩის დასახელების მიუთითებლობა ან არასრულყოფილი მითითება და სხვ.) ბათილად მიიჩნია რამდენიმე ათასი ხელმოწერა და ნამდვილად ჩათვალა მხოლოდ 22 928 ხელმოწერა. აშკარაა, რომ კომიტეტმა ხელმოწერების დათვლისა და ანალიზის შეფასების პროცესში საცხოვრებელი მონაცემების ნამდვილად მიჩნევის სხვადასხვა და საბოლოოდ თვითნებური მიდგომები გამოიყენა და ფორმალური მიდგომებით პეტიციის კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა მოქალაქეებს. სწორედ ამგვარი ტექნიკური დასაბუთებით კომიტეტმა მოამზადა უარყოფითი დასკვნა, 2021 წლის 8 ნოემბერს კი საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის განსახილველად წარდგენაზე უარი განაცხადა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების არსებითი შესწავლისა და საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინების გარეშე. თავის მხრივ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფორმალური, სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით გააბათილა ხელმოწერები, რითაც ათასობით ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება დარღვევის რისკის ქვეშ დააყენა.
მიგვაჩნია, რომ პარლამენტის ბიუროს ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება კარგი მმართველობის, სამართლიანი წარმოების კონსტიტუციურ პრინციპებს და არღვევს თითოეული ამომრჩევლის უფლებას, უშუალოდ ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რის გამოც მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვიმედოვნებთ, რომ მიუკერძოებელი სამართალწარმოების პირობებში სასამართლო გააუქმებს ბიუროს უკანონო გადაწყვეტილებას და დაიცავს თითოეული ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივის კონსტიტუციურ უფლებას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა მმართველი პოლიტიკური გუნდიდან წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც არატრადიციული/არაავთენტური გვარების ცვლილების ახალ წესს და პროცედურებს ადგენს, რაც ჩვენი აზრით, მოქალაქეების მიერ ქვემოდან ორგანიზებული მოთხოვნის და წუხილის პირდაპირი აღიარებაა, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების თვით-ორგანიზებას, როგორც პროცესს, თავისთავადი ღირებულება აქვს და არსებითია, სახელმწიფო უწყებებმა მოქალაქეების დემოკრატიული მობილიზების პროცესს პატივი სცეს და ამ პროცესში განსაკუთრებული გულისხმიერება აჩვენოს. სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ რწმენის შენებისთვის ამ პროცესში მოქალაქეზე ორიენტირებული მიდგომების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს და სამწუხაროა, რომ ამ პროცესის მნიშვნელობა სათანადოდ დანახული არ იყო პარლამენტის მხრიდან. მით უფრო, რომ პლატფორმა სალამის მიერ ორგანიზებული კამპანია ბოლო წლებში არადომინანტური ეთნიკური თემების დემოკრატიული თვით-ორგანიზებისა და პოლიტიკური მონაწილეობის ყველაზე მასობრივი, რეალური და უნიკალური გამოცდილება იყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სამართალწარმოების ეტაპების შესაბამისად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
ჩვენ ასევე წარვადგენთ ჩვენს პოზიციებს და შეფასებებს პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით.
განცხადება აზერბაიჯანულ ენაზე იხ. მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია