[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

#გვარიდამიბრუნე კამპანიას ჩვენც მხარს ვუჭერთ

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) სოლიდარობას უცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელ თემში თვითორგანიზებულ პროცესს, რომელიც ისტორიული გვარების დაბრუნების საკითხს უკავშირდება და პარლამენტს ამ პროცესის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე კვირის წინ პლატფორმა სალამის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინა „სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი, რომელიც არატრადიციული/არაავთენტური სუფიქსის ჩამოშორებით ან ამავე სუფიქსის შეცვლის გზით გვარის შეცვლის ახალ და სპეციალურ წესს ადგენს. კანონპროექტში პლატფორმა სალამი ითხოვს სპეციალური ჩანაწერის გაჩენას, რომელიც ითვალისწინებს, რომ „პირს, რომლის გვარიც ბოლოვდება არაავთენტური/არატრადიციული სუფიქსით („ოვ“/„ევ“ ან სხვა) უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული სუფიქსის გვარიდან ამოღება ან/და მისი შეცვლა ტრადიციული/ავთენტური სუფიქსით დამახასიათებელი იმ გვარისთვის, რომელთანაც პირს კავშირი აქვს ტრადიციიდან, ეთნიკური წარმომავლობიდან, ოჯახური ურთიერთობიდან ან/და რელიგიიდან გამომდინარე.“ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებისთვის პლატფორმა სალამს არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მხარდაჭერა სჭირდება და კამპანიის #გვარიდამიბრუნე ფარგლებში სხვადასხვა რეგიონებში მათ უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება.

საქართველოში გვარების შეცვლის ისტორია რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკას უკავშირდება. ამ პერიოდებში მოსახლეობის აღრიცხვისა და კონტროლის გაიოლების მიზნით სავალდებულო გახადა გვარების „გაფორმება“ პირსახელზე რუსული სუფიქსების (ოვ /ევ ან/და სხვა) დართვით. შედეგად, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დაკარგა ტრადიციული გვარი. ეს პროცესი მასობრივად შეეხო სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს, მათ შორის საქართველოს აზერბაიჯანელ თემს.

აღსანიშნავია, რომ გვარის ცვლილებისა და აღდგენის არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ჩვენს მოქალაქეებს არ აძლევს ტრადიციული გვარების აღდგენის შესაძლებლობას. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ ჩანაწერს გვარისთვის სუფიქსების ჩამოშორების შესახებ, ისტორიული გვარების აღდგენის ფარგლებში კი შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებულია ავთენტური გვარების დაბრუნების პროცესი, მოქალაქეზე მტკიცების გადაჭარბებული ტვირთის დაწესების გამო. კერძოდ, კანონის 65-ე მუხლის თანახმად, „პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა.“ სამოქალაქო რეესტრის საარქივო დოკუმენტებში აღმავალი შტოს ნათესავების დოკუმენტაცია მეტწილად არ იძებნება, ხოლო არსებულ დოკუმენტებში მხოლოდ რუსული სუფიქსით გადაკეთებული გვარები ფიქსირდება. დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდის შესაქმნელად კი, ამ მოცემულობით მზა დოკუმენტი/კვლევა არ არსებობს და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მოქალაქეს მოუწევს შესაბამისი მეცნიერის/ისტორიკოსის მოძიება, ფინანსური და სხვა რესურსების გაღება და კვლევის დაკვეთა, რომელიც შესაძლოა არც პასუხობდეს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, მოქალაქეები პრაქტიკულად ვერ ახერხებენ გვარის გარდაქმნის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამოქალაქო რეესტრის პრაქტიკა იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პირის მოთხოვნას ჩამოშორდეს მის გვარს არაავთენტური სუფიქსი და დაუბრუნდეს პირვანდელი სახე არაერთგვაროვანია. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღნიშნულის თაობაზე განაცხადებებს ხან „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის მიღება) ქვეპუნქტით, ხან ამავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით (ისტორიული გვარის აღდგენა) ან 66-ე (გვარის კანონიერად აღიარება) და 67-ე (გვარის დადგენა) მუხლებით დადგენილი წესით იხილავს. ნებისმიერ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა არ კმაყოფილდება. ვინაიდან, არსებული რეგულაციები არ პასუხობს განმცხადებლების რეალურ საჭიროებებს, ან არეგულირებს სხვა სამართალურთიერთობას.

ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ საჭიროა საკითხის სპეციალური რეგულირება, რომელიც სუფიქსების დამატებით გადაკეთებული გვარების შეცვლის წესს ცალკე მოაწესრიგებს და მას გვარის შეცვლის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისგან გამიჯნავს. ცხადია, რომ ამ ცვლილების შედეგად გაიზრდება სამოქალაქო რეესტრის საქმიანობის ეფექტიანობაც და მოქალაქეები ზედმეტი ბიუროკრატიის, დანახარჯების და სირთულეების გარეშე, მარტივად შეძლებენ შეიცვალონ არაავთენტური გვარები.

სახელი და გვარი პირის მთავარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია და ის ადამიანის ღირსებას, პატივს და იდენტობას უკავშირდება. ამ საკითხების რეგულირების პროცესში პირის პირადი ავტონომიისა და იდენტობის სპეციფიკის დაცვას მაღალი მნიშვნელობა ენიჭება და სახელმწიფოს განსაკუთრებულ გულისხმიერებას ითხოვს. ეთნიკური უმცირესობების მიმართ კი სახელმწიფოს დამატებითი ვალდებულებები ეკისრება დაცვას მათი იდენტობა და თვითმყოფადობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი უერთდება კამპანიას #გვარიდამიბრუნე და მოუწოდებს:

საქართველოს მოქალაქეებს მხარი დაუჭირონ პლატფორმა სალამის ამ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ფართე ჯგუფების ინტერესს გამოხატავს;

საქართველოს პარლამენტს გაიაზროს ამ პროცესის ისტორიული და სოციალური მნიშვნელობა და ხელი შეუწყოს სათაადო საკანონმდელო ცვლილებების გატარებას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ცდილობს სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს ამ პროცესს და სხვა ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობდა პლატფორმა სალამის მიერ ორგანიზებული კანონპროექტის შემუშავების პროცესში. ჩვენ გეგმაში გვაქვს სასამართლო დავების ორგანიზებაც ამ მიმართულებით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“