საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე დოკუმენტი მიზანად ისახავს სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) გამოვლენილი კონფლიქტის დინამიკისა და კონტექსტის ჩვენებას, ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში რელიგიური კონტექსტების მქონე კონფლიქტების გაჩენის მიზეზების ანალიზსა და რელევანტური სახელმწიფო უწყებებისთვის რეკომენდაციების გაზიარებას.
დოკუმენტში წარმოდგენილი შეფასებები 2021 წლის 14 და 15 იანვარს სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებში ჩვენს დაკვირვებასა და მუსლიმი და ქრისტიანი თემების წარმომადგენლებთან ჩაწერილ ინტერვიუებს ეფუძნება. კვლევის გუნდმა სოფელ ბუკნარში დამატებითი საველე გასვლები მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში და ივნისის ბოლოს დაგეგმა. გუნდმა სცადა ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ თემთან პოსტკონფლიქტური გამოცდილების, განწყობებისა თუ რეალობის შესწავლა.
სოფელ ბუკნარში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური შევიწროება არ არის პირველი შემთხვევა. რელიგიური კონტექსტის მქონე კონფლიქტების ჯაჭვი გამოვლინდა წინა წლებშიც სოფელ ციხისძირში (2011), სოფელ ნიგვზიანში (2012), სოფელ წინწყაროში (2013), სოფელ სამთაწყაროში (2013), სოფელ ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), სოფელ მოხესა (2014) და სოფელ ადიგენში (2016). უნდა ითქვას, რომ ყველა ამ კონფლიქტს საერთო სოციალური და კულტურული მიზეზები და კონტექსტები ჰქონდა. კონფლიქტი ეკომიგრანტი ოჯახებით დასახლებულ თემებში მულტი-რელიგილურ-ეთნიკურ თემებში ხდებოდა, სადაც მეზობელ თემებს თანაცხოვრების საერთო მეხსიერება და ტრადიცია სუსტი აქვთ. ამასთან, კონფლიქტები ძირითადად ხელისუფლების ტრანზიციის, ან არჩევნების კონტექსტს ებმოდა და ადგილობრივი თემების მხრიდან ახალი პოლიტიკური რეალობისა და დაპირებების განსხვავებულ წარმოდგენებს უკავშირდებოდა. ყველა შემთხვევაში ადგილობრივი ქრისტიანი თემის რიტორიკა ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის პარადიგმას ეფუძნებოდა და ,,ქართულ მიწაზე“ ისლამური სალოცავების თუ სხვა რელიგიური დაწესებულებების დაუშვებლობის ისლამოფობიურ/ზოგჯერ თურქოფობიურ სენტიმენტებზე იდგა. როგორც კონფლიქტების ისტორია გვაჩვენებს, ეს რიტორიკა კიდევ უფრო მძიმედ ვლინდება ქართველი მუსლიმი თემის მიმართ, რომელიც ეთნიკურად ქართველია და სწორედ ამიტომ მათი ისლამური თვითიდენტიფაკია გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ჩარჩოსთვის ორმაგად მიუღებელი ხდება.
სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებს აღნიშნულ კონფლიქტებზე სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ ჰქონიათ. ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვა მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროების სრული უგულებელყოფის ხარჯზე მოხდა (მაგალითად, სამთაწყაროში ჯამეს გახსნა ადგილობრივი თემის მიერ შეძენილ კერძო სახლში მაინც ვერ მოხერხდა, ქობულეთის მუსლიმური პანსიონატი ამ დრომდე დაკეტილია, მოხის ისტორიული მეჩეთისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭება ამისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისიის მუშაობის მიუხედავად არ მომხდარა). ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა თითქმის არცერთ ინციდენტზე და რელიგიური დევნისა და ძალადობის ფაქტებზე არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მათ შორის, მაშინ როცა ადგილობრივი მუსლიმი გლეხების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა შემთხვევები დაფიქსირდა (ამ კუთხით სიზუსტისთვის უნდა ვახსენოთ მოხეში მუცლიმების ცემის ფაქტზე 7 წლის შემდეგ, ევროპული სასამართლოს ინტერევნეციის გამო მიღებული გადაწყვეტილება, როცა ორი ყოფილი პოლიციელის მიმართ პროკურატურამ დევნა დაიწყო[16]). უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების პრობლემის მიღმა, არცერთ შემთხევაში სახელმწიფო უწყებებს მსგავსი კონფლიქტის სისტემური მიზეზები არ შეუსწავლიათ და არ გაუტარებიათ გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა, რაც კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში ნდობის აღდგენას და სოლიდარული, თანასწორი თუ მულტიკულტურული სოციალური გარემოს შექმნას შეუწყობდა ხელს.
მნიშვნელოვანია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა. წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით, რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებები გაკეთდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან. ადგილზე მედიაციის პროცესი ხარვეზებით, თუმცა მაინც დროულად დაიწყო და გამოჩნდა პოლიციის სამართლებრივი რეაგირებაც. თუმცა, დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გვგონია სახელმწიფომ სოფელი ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონტექსტის მქონე კონფლიქტებთან მიმართებით გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს.
სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ეთნოცენტრიზმი, შოვინიზმი, ისლამოფობია არის სოციალური კონსტრუქციები, ის გამსჭვალავს სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტს და მასზე დაფუძნებული იდელოგიები ქმნის რისკებს საზოგადობის შეკავშირებისთვის. იდეოლოგია „ჩვენ“ და „ისინი“ დაყოფაზე დგას და გაუმართლებელ სოციალურ იერარქიებს ქმნის.[17] რელიგიური კონფლიქტები და ჩვენს რეალობაში გამოვლენილი კონფლიქტების ჯაჭვი ამ დაყოფისა და იერარქიზების ყველაზე მძიმე გამოვლინებაა. ყველა ამ კონფლიქტის ჰქონდა სოციალური ხასიათი და მას, არა კონკრეტული ორგანიზებული ჯგუფები და ინდივიდები წარმოშობდნენ, არამედ (დომინანტური) თემი კოლექტიურად, რაც პრობლემის სიმწვავესა და სისტემურობას ავლენს.[18] ამგვარ კონფლიქტებს ღრმა და კუმულაციური სოციალური შედეგები და ზეგავლენა აქვს არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებზე და გაუცხოების[19], გარიყულობისა[20] და მეორეხარისხოვნობის[21] განცდას ქმნის. ამგვარი პრაქტიკები არსებითად აზიანებს საზოგადოების მთლიანობას და სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, არსებითია ამ პრობლემას სახელწიფო სტრუქტურული ცვლილებებით დაუპირისპირდეს და არამხოლოდ ერთჯერადი მიდგომებით.
ჩვენი ხედვით, კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მუშაობა კონკრეტულ თემში კონფლიქტის სისტემური სოციალური თუ კულტურული მიზეზების შესწავლასა და მის საპასუხოდ განათლების, კულტურისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან შეთანხმებული, ამასთანავე, თანამიმდევრული პოზიტიური ინტერვენციის გეგმის განხორციელებას უნდა გულისხმობდეს. პირველ რიგში, სამუშაო პროცესმა რელიგიური შევიწროებისა და დევნის მსხვერპლების აღქმები, ცხოვრებისეული გამოცდილებები და უკმაყოფილებები უნდა მოისმინოს, ამასთანავე კარგად გაიაზროს ის მძიმე სოციალური და ფსიქიკური კვალი, რომელსაც უმცირესობების თემებში ამგვარი გამოცდილებები ტოვებს. ცხადია, რომ ამ სამუშაოებმა ასევე უნდა მოიცვას გარიყულობის მატერიალური ასპექტების (უფრო დაბალი წვდომა სერვისებზე, რესურსებზე, უფლებებზე; ნაკლები შანსები განვითარებისთვის, სოციალური და ეკონომიკური გარიყულობა, სუსტი პოლიტიკური მონაწილეობა და ა.შ.) კვლევაც და მის საპასუხოდ დაგეგმილი ცვლილებები.
ჩვენი მოსაზრებით, ზემოთ დასახელებული კონფლიქტის სამუშაოები მათ შორის, უნდა მოიცავდეს 1. სკოლის შიგნით მულტიკულტურული გრძელვადიანი პროგრამების დანერგვას; 2. სკოლის სივრცეში გაჩენილი უნდობლობის დაძლევასა და მშობლებთან თუ მოსწავლეებთან ნდობის შენებაზე დაფუძნებული კომუნიკაციის აწყობას; 3. სოფლის სივრცეში კულტურული სივრცეების ინფრასტრუქტურის შექმნასა და მულტიკულტურული შინაარსის პროგრამების შეტანას; 4. დისკრიმინაციის, შევიწროების გამოცდილების მქონე ადამიანებთან სოციალური მუშაკების მუშაობის დაგეგმვას; 5. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მუსლიმი და ქრისტიანი თემებისთვის საერთო ჩართულობაზე ორიენტირებული პროგრამების (მათ შორის, საგრანტო პროექტების) წახალისებას; 6. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სეკულარული და თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც არადომინანტური რელიგიური ჯგუფების წუხილებისა და საჭიროებების მოკვლევას, მის შესახებ თემთან დემოკრატიულ დისკუსიას დაეფუძნება. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში ყველა აღნიშნული ამოცანა და საქმიანობა თემის ლიდერებთან დემოკრატიული კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმოს.
მიკრო სოციალურ დონეზე პოზიტიური, ტრანსფორმაციაზე მიმართული მუშაობის გარდა, მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ნაკლოვანებების გააზრება და ფუნდამენტური რეფორმების დაწყება.
ცალკე უნდა აღინიშნოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ მოქმედი უწყების - სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მკვეთრად არაეფექტიანი როლი და წლების განმავლობაში მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგები ამ კონფლიქტის კონტექსტშიც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტის გადაჭრაში უწყება აქტიური მონაწილე არ ყოფილა და მისი ჩართულობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო. ეს უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც, მედიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის გაკეთებულ განცხადებებში[22] კიდევ ერთხელ ვლინდება, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს.
ამასთან ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს სოფელ ბუკნარის კონფლიქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ მუსლიმი თემის გაჟღერებულ კრიტიკას. ეს სწორედ სააგენტოს და უფრო მეტად მთავრობის მხრიდან არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკის[23] შედეგია.
წლების განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორები, მათ შორის, სახალხო დამცველი, ვუთითებთ/ხაზს ვუსვამთ რელიგიის თავისუფლების სფეროში დაგროვილი არაერთი სისტემური გამოწვევის შესახებ[24], რომელიც კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის დონეზე, ასევე მიკრო სოციალურ/სათემო დონეზე არსებობს. ეს გამოწვევები უკავშირდება კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ჩანაწერებს (მაგალითად, დისკრიმინაციული ჩანაწერები რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წესში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ტყის კოდექსში), რელიგიური უმცირესობების საჭიროებებისა და უფლებების მრავალწლიან უგულებელყოფასა თუ გამოტოვებას (მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ კანონისა და პოლიტიკის არარსებობა, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და შენარჩუნების პრობლემა) პოლიტიკურ ენაში გამოხატულ არასეკულარულ და თანასწორობის საწინააღმდეგო შინაარსს, დისკრიმინაციულ, ადმინისტრაციულ პრაქტიკებს (მაგალითად, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პროცესში წარმოშობილ დაბრკოლებებს, საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევებებს), რელიგიური შეუწყნარებლობით მოტოვირებულ დანაშაულებზე არაეფექტიან რეაგირებასა და პრევენციას.
2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ არცერთი ზემოთ დასახელებული მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრილა. ამის საპირისპიროდ, ჩვენ მუდმივად ვხედავდით სააგენტოს მკვეთრად რეგრესულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს.
ჩვენი დაკვირვებით, ცვლილებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიური აქტორად განიხილება. აღნიშნული უწყებისა და მისი პოლიტიკის არსებობის პირობებში რელიგიის თავისუფლების სფეროში პოლიტიკის პოზიტიური ცვლილება და ამისთვის აუცილებელი დემოკრატიული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან შეუძელებლი ხდება, რადგან ხსენებულ უწყებას: 1. პრობლემური მანდატი და ბუნდოვანი კომპეტენციები აქვს, რომელიც მას თვითნებობის და არადემოკრატიული/გაუმჭირვალე მუშაობის შესაძლებლობებს აძლევს[25]; 2. რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის, მეტწილად უსაფრთხოებაზე და იერარქიებზე დაფუძნებული ხედვები აქვს[26]; 3. ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებზე მუშაობის გამოცდილება უფრო აქვს, ვიდრე უფლებების სასარგებლო მუშაობის; 4. რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების დაბალი ნდობა აქვს. 5. უწყება საბოლოოდ არაეფექტიანიც არის, რადგან მნიშვნელოვანი კონფლიქტებისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების დროს, ის არც კი ჩნდება სცენაზე ან აზიანებს პროცესებს. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების მიმართ მკვეთრი კრიტიკა დაფიქსირებული აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მრჩეველთა კომიტეტი უთითებს, რომ მასთან დისკუსიაში რელიგიურმა უმცირესობებმა გამოხატეს დაბალი ნდობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ. ამავდროულად მათ სახალხო დამცველთან დააფიქსირეს მაღალი ნდობა არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც 33 რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს და ქმნის მათთვის ჰორიზონტალური და დამოუკიდებელი ორგანიზაციების ჩარჩოს.[27]
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) შეფასებით, მისი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა გაეძლიერებინა კომუნიკაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სახალხო დამცველს შორის, არ შესრულდა და სააგენტომ არ გადადგა სერიოზული ნაბიჯები საბჭოსთან თანამშრომლობის მიზნით. კომისია ხაზს უსვამს, რომ თანამშრომლობის ნაცვლად, ამ ორ ორგანოს შორის შეინიშნება დაძაბულობა, ასევე, ცალსახა აცდენაა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მათ პოზიციებს შორის. ეს გამოვლინდა 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში, როდესაც იყო ინიციატივა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის. ამ ინიციატივის წინააღმდეგ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არ გამოვიდა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი სიგნალი იყო რელიგიური ჯგუფებისთვის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის განეხილათ სააგენტო, როგორც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისთვის შექმნილი ინსტრუმენტი.[28]
რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ოსლოს კოალიციის შეფასებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მის ჩაწერილ ინტერვიუში დადასტურდა ის მნიშვნელოვანი წუხილები, რომელიც მათ შეხვედრამდე ჰქონდათ: მისი მანდატი არ არის ცხადი; პასუხისმგებლობები და ძალაუფლება არ არის ნათელი; მას არ გააჩნია პროცედურული სახელმძღვანელოები მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებისთვის; არ აქვს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. ამდენად, ჩანს, რომ სააგენტო, რომელიც მთავრობის უწყებაა, მის არსებით მისიად ხედავს არა რელიგიის თავისუფლების დაცვას ყველა მოქალაქისთვის, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ფინანსური და მატერიალური ინტერესების დაცვას.[29]
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროცესზე საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიშში იკითხება, რომ სააგენტო დაარსდა 2014 წელს, როგორც რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო, თუმცა, ეს უწყება მცირე ნდობით სარგებლობს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, სააგენტო მიიჩნეოდეს რელიგიის თავისუფლების დაცვის უწყებად, ის განიხილება, როგორც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის მექანიზმი. ამის შესახებ არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა აქტორის მიერ. [30]
ჩვენი შეფასებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არსებობა პირველივე წლებიდან არსებითად აფერხებს რელიგიის თავისუფლების სფეროში ცვლილებისთვის საჭირო დიალოგს, რადგან მან რელიგიური ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის და ადამიანის უფლებათა აქტორებისთვის უნდობლობისა და კონფლიქტის ველი შექმნა. იმის გამო, რომ აღნიშნული უწყება ყველა ჯერზე ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, რეგრესულ ინიციატივებს აყენებდა ან ლობირებდა. მოლოდინი, რომ უწყებას აქვს რესურსი აუცილებელი რეფორმების პროცესში პოზიტიური როლი შეასრულოს, უკიდურესად დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სააგენტოს არსებობისა და მანდატის საკითხის გადაწყვეტა, მთავრობის მხრიდან ცვლილებების ნებისა და მზადყოფნის პირდაპირი საზომია.
რეკომენდაციები
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით გვინდა წარმოვადგინოთ ჩვენი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და სხვა რელევანტური სახელმწიფო ორგანოების მიმართ:
საქართველოს მთავრობამ
შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანამიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან[31] და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
გააუქმოს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ ინსტიტუციურ მოდელებზე იმუშავოს, რომელიც დაეფუძნება შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს;
სხვადასხვა უწყების ერთობლივი მონაწილეობითა და ინტერდისციპლინური ცოდნების, ინსტრუმენტების გამოყენებით შეიმუშავოს და განახორციელოს სოფელ ბუკნარსა და რელიგიური კონტექსტის კონფლიქტების გამოცდილების ან ამგვარი რისკების მქონე თემებში კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და სოციალურ ცვლიებებზე მიმართული გრძელვადიანი სამუშაოები.
საქართველოს პარლამენტმა
რელიგიის თავისუფლების სფეროში მთავრობის პოლიტიკა დაუქვემდებაროს მის საგანგებო ზედამხედელობას;
სახალხო დამცველის, სახალხო დამცველის ქვეშ არსებულ რელიგიათა საბჭოს, ადამიანის უფლებათა ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციების შუქზე დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო თანასწორი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ
შეისწავლოს ბუკნარის სკოლაში გაუცხოების შემქნელი ვითარების მიზეზები და დანერგოს სკოლაში თანასწორი, მრავალფეროვანი და სოლიდარული გარემოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამები. ამასთან, იმუშავოს სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების გაძლიერებაზე დემოკრატიულ კომპეტენციებში მათი ცოდნის, სენსიტიურობის გაზრდის მიზნი>
შეიმუშავოს სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები და პროგრამები საჯარო სკოლებში მულტიკულტურული, თანასწორი გარემოს შექმნისთვის და პირველ რიგში აღნიშნული პროგრამები დანერგოს რელიგიური და ეთნიკური კონტექსის კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკების მქონე თემების სკოლებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
შეიმუშავოს და დანერგოს რელიგიურ და ეთნიკური კონფლიქტების იდენტიფიკაციის, პრევენციისა და სათანადო რეაგირების ინსტრუქციები, რომელიც სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებსა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს დაეფუძნება;
კიდევ უფრო გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და მათზე შიდა უწყებრივი მონიტორინგი.
საქართველოს პროკურატურას
გააძლიეროს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა და სამართლიანი, ასევე ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს
მისი კომპეტენციების ფარგლებში, სამოქალაქო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შეიმუშავოს თანასწორობის მხარდამჭერი პროგრამები მულტირელიგიურ და მულტიეთნიკურ სოფლებში; განსაკუთრებით გააძლიეროს მულტიკულტურული მიდგომების დანერგვა ადგილობრივი კულტურის პოლიტიკაში;
გააძლიეროს მისი თანამშრომლების ცოდნა რელიგიის თავისუფლების, თანასწორობისა და კონფლიქტების ტრანფრომაციისა და მართვის სფეროში;
გააძლიეროს ქართველი მუსლიმი თემისა და სხვა უმცირესობების რეპრეზენტაცია და მონაწილეობა ადგილობრივ პოლიტიკაში და ამისთვის დანერგოს სპეციალური პოზიტიური მექანიზმები;
ბუკნარში თემთა შორის ნდობის აღდგენის და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით შექმნას პროგრამები (სოფლის მეურნეობის, ახალგაზრდული, კულტურული და ა.შ.), რომელიც თემთა შორის თანამშრომლობას და მონაწილეობას დაეფუძნება.
საქართველოს სახალხო დამცველსა და მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოს
რელიგიური/ეთნიკური კონტექსტის კონფლიქტის გამოცდილების და ამგვარი რისკების მქონე სოფლებსა და ქალაქებში გააძლიეროს თანასწორობაზე, მრავალფეროვნებაზე და სოლიდარობაზე მიმართული სამუშაოები, რაც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ეფექტიან მონიტორინგსა და სახელმწიფო უწყებებისთვის რელევანტური რეკომენდაციების მომადებას, თემის ლიდერებს შორის დიალოგის შენებას, სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან (საჯარო მოხელეები, მასწავლებლები, რელგიიური ლიდერები და ა.შ) მდგრად საგანმანათლებლო სამუშაოებს გულისხმობს.
სამოქალაქო და დონორ ორგანიზაციებს
გააძლიერონ საკუთარი ინტერესები და სამუშაოები რელიგიური/ეთნიკური კონტექსტის კონფლიქტების გამოცდილების და ამგვარი რისკების მქონე სოფლებსა და ქალაქებში და კონფლიქტის მშვიდობიანი, გრძელვადიანი ტრანსფორმაციის დემოკრატიული პროცესების შექმნას შეუწყონ ხელი.
ვრცლად, ჩვენი შეფასება, იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში
[1] “რას ჰყვება თამაზ ქამადაძე სოფელში რელიგიურ დაპირისპირებაზე“, ჟურნალი ,,ბათუმელები“, 17.01.2021. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/watch/?v=314122433338423
[2]პირდაპირი ეთერი ბუკნარიდან, გურია ნიუსი 13.01.2021. 6:18 წუთიდან EMC-ის წარმომადგენლების მიერ მოსახლეობასთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/gurianews/videos/412653606638878/
[3] „გურიის პოლიციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი, 12.01.2021. ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/guriis-politsiam-chokhatauris-munitsipalitetshi-momkhdar-intsidenttan-dakavshirebit-1-piri-daakava/14274
[4] „დაპირისპირება გურიაში - სოფელ ბუკნარში პოლიციაა მობილიზებული“, ტელეკომპანია ფორმულა,13.01.2021. ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=hJjaqqIM1sQ
[5] საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. ხელმისაწვდომია: http://catalog.edu.ge/index.php?module=school_info&page=detals&school_code=3796
[6] „მედია: ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შედეგად სამი ადგილობრივი დაშავდა“, Civil.ge. 13.01.2021. ხელმისაწვდომია:https://civil.ge/ka/archives/390996
[7] „სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგი –NGO-ები ბუკნარზე“, ტელეკომპანია მთავარი, 13.01.2021. ხელმისაწვდომია:https://mtavari.tv/news/28896-sakhelmcipos-diskriminatsiuli-arasekularuli
[8]„რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე“, ჟურნალი ,,ბათუმელები“, 13.01.2021. ხელმისაწვდომია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/322770/
[9] “სრულიად საქართველოს მუფტი ჩოხატაურში მუსლიმებთან შესახვედრად ჩავიდა“, ჟურნალი ,,ბათუმელები“, 14.01.2021. ხელმისაწვდომია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/322880/
[10] „ბუკნარის ქრისტიანი და მუსლიმი მკვიდრნი „მშვიდობიან თანაცხოვრებაზე“ შეთანხმდნენ“, Civil.ge. 15.01.2021. ხელმისაწვდომია:https://civil.ge/ka/archives/391517
[11] „მხარეები ამბობენ, რომ შერიგდნენ და გურიაში რელიგიური დაპირისპირება ამოიწურა“, ,,ნეტგაზეთი``, ხელმისაწვდომია:https://netgazeti.ge/news/512283/
[12] „ქვეყნის პირველი პირები რელიგიური შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე საუბრობენ“, Civil.ge. 14.01.2021. ხელმისაწვდომია:https://civil.ge/ka/archives/391203
[13] Philippa Williams, Everyday Peace? Politics, Citizenship and Muslim lives in India, Chichster: Miley Blckwell, 2015.
[14] Bojicic-Dzelilovic, Vesna and Mary Martin, “Wholly local? Ownership as Philosophy and Practice in Peacebulding intervantions”, 2018
[15] A Coomunitarina Peace Agenda for the South Caucasus: Supporting Everyday Peace practices, Vadim Romashov, Nuriyya Guliyeva, Tatia Kalatozishvili, Lana Kokaia, Journal of Conflict Transformation, Caucasus Edition Voulme 3, Issue 1, 2018
[16] მოხის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილება დაგვიანებული და მოჩვენებითია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2021, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/mokhis-sakmeze-prokuraturis-gadatsqvetileba-dagvianebuli-da-mochvenebitia
[17] „ბათუმის მეჩეთის საქმე“, EMC, 03.02.2020. ხელმისაწვდომია:https://www.facebook.com/watch/?v=2284810785149655
[18] აჭარის უხილავი და ხილული საზღვრები“, EMC, 06.10.2020. ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/acharis-khiluli-da-ukhilavi-sazghvrebi, ასევე: https://www.facebook.com/watch/?v=336469190988991
[19] „გადამქართულდა“, აბაშიძე ჰურიე, 19.01.2021. ხელმისაწვდომია:https://emc.org.ge/ka/products/gadamkartulda
[20] “ვინ ვარ“, ანანიძე ნესტან, 19.01.2021. ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/vin-var
[21] ,,წართმეული ქართველობა“, მიქელაძე ზაზა, 19.01.2021. ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/tsartmeuli-kartveloba
[22] რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მედიაგამოსვლა, ხელმისაწვდომია: https://m.facebook.com/watch/?v=4259701250712511&_rdr
[23] არჩევნები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში, EMC, 2019, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/archevnebi-sruliad-sakartvelos-muslimta-sammartveloshi
[24] რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა, EMC, 2017, ხელმისაწვდომია: რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა
[25] რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა, EMC, 2017, ხელმისაწვდომია: რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა
[26] „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის“ შეფასება, EMC, 2015, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/sakartvelos-sakhelmtsifos-religiuri-politikis-ganvitarebis-strategiis-shefaseba
[27] Third Opinion on Georgia adopted on 7 March 2019, FCNM, available at: https://rm.coe.int/3rd-op-georgia-en/1680969b56
[28] ECRI, Conclusions on the implementation of the recommendations in respect of Georgia, Subject to interim follow-up, Adopted on 5 December 2018, available at: https://rm.coe.int/ecri-conclusions-on-the-implementation-of-the-recommendations-in-respe/1680934a7e
[29] Georgian Constitutional Values versus Political and Financial Interests: The Constitutional Agreement’s Departure from the Georgian Principle of Equality, The Oslo Coalition of Freedom of Religion and Belief, available at:
[30] საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელება, საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის, მიერ მომზადებული შეფასება, 17 ოქტომბერი, 2019, ხელმისაწვდომია:
https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/publications/Georgia-human-rights-2019.html
[31] სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები, 2020, ხელმისაწვდომი: https://www.ombudsman.ge/res/docs/2020092417162834667.pdf
ინსტრუქცია