[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანალიტიკური დოკუმენტები

დმანისის კონფლიქტი - ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების ეთნიკური შტრიხები

2021 წლის 16-17 მაისს, დმანისში ეთნიკურ ჯგუფებს შორის მომხდარმა მასობრივმა დაპირისპირებებმა ქართულ მედია და პოლიტიკურ დღის წესრიგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. ინცინდენტის კვალდაკვალ კონფლიქტის მიზეზების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები გაისმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან. იმავე დღეს, თანამდებობის პირების და რელიგიური ლიდერების ჩართულობით, მხარეები შერიგდნენ. თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, დმანისის მოსახლეობაში, როგორც ეთნიკურ აზერბაიჯანელებში, ასევე ეთნიკურ ქართველებშიც, მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, უკმაყოფილება და უსამართლობის განცდა ჯერ კიდევ მწვავეა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული კონფლიქტის ანალიზისა და შეფასების დროს, დმანისი ცალკე მდგომ მოვლენად არ უნდა დავინახოთ და მთლიანობაში დავაკვირდეთ ქვეყანაში არსებულ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას. უფრო მეტიც, ანალიზის დროს, მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, ჭელაში, მოხეში, ადიგენში, ქობულეთსა და ბუკნარში რელიგიურ ჯგუფებს შორის მომხდარი კონფლიქტების ჯაჭვი და სახელმწიფოს მხრიდან ამ კონფლიქტების სისტემურ ტრანსფორმაციაზე მუშაობის გამოცდილების არქონა.[1] ზემოთ მითითებული კონფლიქტების ძირითად ნაწილში ხელისუფლებამ უარი თქვა შევიწროებისა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირებისგან, რამაც წაახალისა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები და შექმნა კონფლიქტების განმეორების რისკები.[2] ხელისუფლებამ კონფლიქტების ნაწილი არაფორმალური მედიაციის ფორმატების გამოყენებით გააჩერა, თუმცა არცერთ შემთხვევაში მან არ იმუშავა კონფლიქტის მიზეზების რეალური აღმოფხვრისა და კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებს შორის ნდობის აღდგენის, თანამშრომლობის მშენებლობისთვის. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს კონფლიქტის კონსერვაციის ნიშნები, როგორც წესი არადომინანტური ჯგუფების უფლებების, საჭიროებების და ინტერესების უგულებელყოფისა და გაჩუმების ხარჯზე (სამთაწყარო, ქობულეთი).[3]  

დმანისში გამოვლენილი კონფლიქტი შეუძლებელია არ წავიკითხოთ ინტეგრაციის პოლიტიკის საერთო შუქზე, რომელსაც სამწუხაროდ მეტწილად ფორმალური და მოჩვენებითი ხასიათი აქვს. ამ საკითხებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, უმცირესობების მიმართ მიმღებლობა მოსახლეობის ფართო მასებში ჯერ კიდევ სუსტია. ეთნიკური ქართველების უმრავლესობა ეთნიკურ უმცირესობებს ხშირად უცხოდ, პრობლემად და სხვად აღიქვამენ. CRRC-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს უნდა გააჩნდეთ საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო მოსახლეობის 50% პროცენტი ფიქრობს, რომ მხოლოდ მართმადიდებელ ქრისტიანებს შეუძლიათ იყვნენ ქვეყნის მოქალაქეები.[4]

სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების მონაწილეობას და წარმოჩენას. ISSA-ს მიერ, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების 70%-ს არ გაუგონია, ან უარყოფს პარტიების ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობას რაიმე მიმართულებით.[5] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების მაჩვენებელი 4%-მდე ჩამოვიდა.[6] უფრო მძიმე რეალობაა ადგილობრივ თვითმმართველობებში. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად და ტრადიციულად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საშუალოდ 779 ეთნიკურად ქართველს ჰყავს ერთი წარმომადგენელი საკრებულოში, მაშინ როდესაც 1,116 ეთნიკურად სომეხსაც და 2,945 ეთნიკურად აზერბაიჯანელსაც —  თითო-თითო.

საქართველოში სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის პრობლემურ ბუნებას და შესაბამისი უწყებების სუსტ მუშაობას სოციალური სამართლიანობის ცენტრი, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ აქტივისტებთან და თემის ლიდერებთან ერთად, უკვე წლებია აკრიტიკებს. ჩვენი მუშაობა არადომინანტური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში აჩვენებს, რომ ერთი მხრივ, ამ რეგიონებში ეთნიკურ ჯგუფებს შორის გაზიარებული სოციალური თუ კულტურული სივრცეები და კავშირები სუსტია, ხოლო მეორე მხრივ, არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებში მძიმედ დგას პოლიტიკური მონაწილეობის, სასიცოცხლო რესურსებზე და ბაზისურ სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომლობის პრობლემა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ინტეგრაციის პოლიტიკის ჩავარდნები, რეგიონებში პოლიტიკური პარტიების სუსტი მუშაობა და მკაცრი უსაფრთხოების პარადიგმები, ხელს უშლის ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პოლიტიკის ჩამოყალიბებას და ადგილობრივი ავთენტური ლიდერების გაჩენასაც.

წინამდებარე დოკუმენტი ქალაქ დმანისში მიმდინარე წლის 16-17 მაისს გამოვლენილი კონფლიქტის დინამიკის, ადგილობრივი კონტექსტის აღწერას, კონფლიქტის სისტემური მიზეზების წარმოჩენას და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის ცვლილების თეორიისა და რეკომენდაციების გაცემას ისახავს მიზნად.

სრულად, ჩვენი შეფასება იხ. მიმაგრებულ ფაილში.

დმანისის_მოვლენები_1629904540.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი ჯგუფის მიმართ https://bit.ly/3yeiodq

[2] რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების მიმოხილვა. https://bit.ly/3x8apx6

[3] რელიგია, პოლიტიკა და სოციალური კონტექსტები - კვლევების, ანგარიშების და სტატიების კრებული https://bit.ly/3ylFBdy

[4] Future of Georgia, CRRC, https://crrc.ge/uploads/tinymce/documents/Future%20of%20Georgia/Final%20FoG_Eng_08_04_2021.pdf

[5] ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის კვლევა https://bit.ly/3qoxuKl

[6]საქართველოს პარლამენტის წევრების სია: https://parliament.ge/parli

ament-members

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“