[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის გამოხმაურება დმანისში მიმდინარე პროცესებზე

ფოტო: რადიო თავისუფლება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება დმანისში მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს მყისიერი და ეფექტიანი ზომები ადგილზე უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად. ამისთვის კი საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია ადგილზე და მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად.
გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია დმანისში ძალადობისა და კონფლიქტის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და ის სვან ეკომიგრანტებსა და საქართველოს აზერბაიჯანელი თემების წარმომადგენლებს შორის მასშტაბურ დაპირისპირებაში და ძალადობაში გადაიზარდა. აღნიშნულ ძალადობას დღეს დმანისში ორივე თემის მასობრივი საჯარო გამოსვლები მოჰყვა, რასაც ძალადობრივი შეხლა-შემოხლის ფაქტები ახლავს თავს.
დმანისში იმყოფებიან სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები, თუმცა მათთვის უსაფრთხოების რისკების გამო რთულია ადგილზე მუშაობა. უსაფრთხოების არარსებობის გამო მუშაობაში ხელი ეშლებათ მედიის წარმომადგენლებსაც. ჩვენი წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები არასაკმარისია და ქუჩებში რეალურად უკონტროლო ვითარებაა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი უახლოეს მომავალში ამ საკითხზე ვრცელ შეფასებას გამოაქვეყნებს.

ამ ეტაპზე არსებითია ადგილზე მშვიდობიანი გარემოსა და მართლწესრიგის მყისიერი უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ ამ მასშტაბის დაპირისპირების სისტემური მიზეზების კვლევა და მათზე მიმართული პოლიტიკის დაგეგმვა და გატარება. ამ მიზნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს
  • უზრუნველყოს ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება და წესრიგის ეფექტიანი და რეალური დამყარება;
მთავრობას და პრემიერ-მინისტრს
  • უზრუნველყოს ადგილზე მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად;
  • შეისწავლოს მომხდარი კონფლიქტის სისტემური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები და შეიმუშავოს გრძელვადიანი და ფართე ხედვა სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიური ჯგუფებს შორის არსებითად მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნისა და კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში მისი ტრანსფორმაციის მიზნით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“