[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

მოვითხოვთ რელიგიური სკოლა-პანსიონების საქმიანობის სახელმწიფოს რეალური ზედამხედველობის მოქცევას  

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტს. ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სახელმწიფოს მიიღოს ყველა ზომა რელიგიურ პანსიონატებში ბავშვთა უფლებების განუხრელი დაცვისთვის და ამ ინსტიტუციების სახელმწიფოს რეალური და ქმედითი მონიტორინგის ქვეშ მოსაქცევად.

15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომლებიც ნინოწმინდაში მდებარე ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის მიზნით შესვლას ცდილობდნენ, დაწესებულებაში არ შეუშვეს. პანსიონის პასუხისმგებელმა პირმა ამის საფუძვლად სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. სახალხო დამცველის განცხადებით, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც იქ 2020 წლის ივნისის შემდეგ აღარ ყოფილა.

სამწუხაროდ, სხალთის მთავარეპისკოპოსმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების პანსიონის ტერიტორიაზე არშეშვების საკითხზე კომენტარის გაკეთების დროს, კიდევ ერთხელ სცადა ჰომოფობიით სპეკულირება და ამით პანსიონში შესაძლო პრობლემების არსებობის საკითხიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა. მთავარეპისკოპოსს და არც საპატრიარქოს დასაბუთებული და ბავშვთა ინტერესებზე ორიენტირებული სხვა განცხადება ამ საკითხზე არ გაუკეთებია.

ნინოწმინდას ბავშვთა რელიგიური პანსიონი იმ მცირერიცხოვან რელიგიურ პანსიონებს შორისაა, რომელსაც აქვს მოპოვებული საქმიანობის ერთჯერადი ლიცენზია, თუმცა ამ ადგილებში ბავშვთა უსაფრთხოების, უფლებების დაცვის, რელიგიური ინდოქტრინაციისა და პიროვნული განვითარების რეალური შესაძლებლობების არარსებობის შესახებ სახალხო დამცველი გასულ წლებშიც საუბრობდა.

სახალხო დამცველის თქმით, დაწესებულებებში არსებული შეზღუდვები, აღზრდის მკაცრი წესი, არასრულწლოვანთა დიდი რაოდენობა, ნაკლებად ქმნის ოჯახთან მიახლოებულ ინკლუზიურ გარემოს. სახალხო დამცველის შეფასებით განსაკუთრებით პრობლემურია, რომ პასუხისმგებელ უწყებებს დღემდე არ აქვთ ინფორმაცია რელიგიური პანსიონებისა და მათში ჩარიცხული ბავშვების ზუსტი რაოდენობის შესახებ, ხოლო უკვე იდენტიფიცირებულ დაწესებულებებში მეტად სუსტია სახელმწიფოს კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო თითქმის არ მონაწილეობს ბავშვების დაწესებულებაში ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცესებში, არ კონტროლდება პანსიონებში არსებული სააღმზრდელო პირობები და გარემო. შესაბამისად, დაწესებულებაში შესვლა და დატოვება სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყების მიღმა ხდება. ყოველივე ეს სრულიად დაუცველ მდგომარეობაში აყენებს ამ დაწესებულებების არასრულწლოვან ბენეფიციარებს (2019 წლის მონიტორინგის ანგარიში). განსაკუთრებით შემაშფოთებელია ძალადობის მომეტებული რისკების შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ომბუდსმენის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბავშვების სააღმზრდელო პროცესში, დასჯის მეთოდად შეიძლება გამოყენებული იყოს ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის დროებითი შეზღუდვა, მეტანიების გაკეთება. ამის პარალელურად, ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მსგავსი მოპყრობის გაპროტესტების შესაძლებლობა და ისინი ეგუებიან არსებულ გარემოს. ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნები თითქმის იზოლირებულები არიან სოციუმიდან, ამასთან, ბავშვებს არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება მიმართონ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით. სახალხო დამცველი ასევე უთითებს, რომ პანსიონებში არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, აღსაზრდელების პირადი დოკუმენტაცია ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელია, ბავშვები არ არიან უზრუნველყოფილი პირადი სივრცით, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს არ აქვთ ადეკვატური ფსიქოლოგიური დახმარების მიღების შესაძლებლობა.

სახალხო დამცველის გარდა, ბავშვთა მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა არ ეძლევა ასევე არც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვრცელდება ცალკეული ფაქტები პანსიონებში ძალადობის შემთხვევების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ვერ მოქმედებს რელიგიური პანსიონების ზედამხედველობის მექანიზმი, შეუძლებელია შეფასდეს რამდენად მასშტაბური და სისტემურია ძალადობა და უფლების დარღვევის სხვა პრაქტიკები ამ დაწესებულებებში.

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ 2016 წელს მიღებული კანონისა და მასში შემდგომ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 24-საათიანი ზრუნვის მქონე ყველა დაწესებულების, მათ შორის, რელიგიური სკოლა-პანსიონების ლიცენზირების პროცესი გართულდა და მათზე იმგვარი სამართლებრივი რეჟიმი (დაწესებულებების სიის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრა) და სტანდარტები გავრცელდა, რომელიც დიდი პანსიონატების არსებობას გამორიცხავდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად (კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა 2018 წლის 1 სექტემბრიდან დასჯადი გახდა), საქართველოში არსებული მუსლიმური სააღმზრდელო დაწესებულებების დიდი ნაწილი შეჩერდა. ამ კანონის მოქმედების ფარგლებში არ მოხვდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედი დიდი პანსიონატები, რომლებსაც სახელმწიფომ წინა წლებში განუსაზღვრელი ვადით ინდივიდუალური და საგამონაკლისო ლიცენზიები უბოძა. ამ პირობებში კი მივიღეთ რეალობა, როცა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედი დიდი სკოლა-პანსიონატები ფორმალური ლიცენზიების ქვეშ სათანადო საკანონმდებლო რეგულირების მიღმა და სახელმწიფოს რეალური მონიტორინგის მექანიზმების მიღმა მუშაობას შეუზღუდავად აგრძელებს, მუსლიმურმა პანსიონატებმა კი არსებობა არსებითად შეწყვიტა და კანონგარეშე გახდა. ამგვარი დიფერენცირება კიდევ უფრო თვითნებური იყო იმ პირობებში, როდესაც მუსლიმურ პანსიონატებში მზრუნველობამოკლებული ბავშვები არ სწავლობდნენ და მუსლიმური ორგანიზაციები გამოხატავდნენ მზადყოფნას მკაცრ სამართლებრივ რეგულაციებს დაქვემდებარებოდნენ (მათ შორის, ბენეფიციარების ასაკის აწევა, აკრედიტაციისა და ლიცენზირების მკაცრი წესების დაცვა, მონიტორინგის მექანიზმების მიმართ ღიაობა და ა.შ.). ცხადია, რომ დიფერენცირებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეჟიმების გამოყენება სხვადასხვა კონფესიის პანსიონატების მიმართ უთანასწორო მოპყრობის პრაქტიკას და განცდას ქმნის.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  1. უზრუნველყოს მოქმედი რელიგიური პანსიონების საქმიანობის სისტემური ზედამხედველობა და მონიტორინგი, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და სოციალური მუშაკების შეუფერხებელი მუშაობა პანსიონებში.
  2. დაუყოვნებლივ შეიმუშაონ და ფართო საზოგადოებას განსახილველად წარუდგინონ ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა, მისი განხორციელების კონკრეტული ვადების მითითებით;
  3. რელიგიური ორგანიზაციების, ასევე ბავშვთა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეალური ჩართულობით შეიმუშავოს რელიგიური სკოლების (და არა სააღმზრდელო დაწესებულებების) ფუნქციონირების იმგვარი მოდელი, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტებს დაეფუძნება და ამავდროულად გაითვალისწინებს რელიგიური ჯგუფების ინტერესს დაიცვან საკუთარი რელიგიური უფლებები და კულტურული თვითმყოფადობა.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • უფლებები საქართველო
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“