[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / სტატია

წმ. მატათას პანსიონში ბავშვთა უფლებების სავარაუდო დარღვევის სერიოზული შემთხვევები იკვეთება

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) შეისწავლა 2014 წლის 8 დეკემბერს, “ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესახებ. EMC-იმ ახსნა-განმარტებები აიღო პანსიონის მოსწავლისგან შ.ე.-სგან, რომელიც მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე ყვება; მოსწავლის მშობლისგან, მისი მეგობრისგან, რომელმაც შ.ე.-ისა და აღმზრდელს შორის დაპირისპირების აუდიოჩანაწერი გააკეთა და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტისგან, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ თემაზე, ასევე, გამოიკითხნენ პანსიონის სხვა მოსწავლეები. დამატებით, EMC-იმ ახსნა-განმარტება აიღო პანსიონის სამი ყოფილი მოსწავლისგან.

EMC-ის მიერ პანსიონის მოსწავლეებისგან აღებული ახსნა-განმარტებებში ვლინდება პანსიონში ბავშვთა უფლებების სავარაუდო დარღვევის სერიოზული შემთხვევები, რომელსაც მათი თქმით, სისტემური ხასიათი აქვს. ამასთან, აღებული ახსნა-განმარტებებითა და შ.ე.-ს მეგობრის მიერ ჩაწერილი აუდიო ფაილით იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შ.ე. პანსიონში ფიზიკური ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა. ცხადია, პანსიონში ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის რეალური შეფასება სათანადო მეთოდოლოგიით, კომპლექსური და მასშტაბური მონიტორინგის ჩატარებას მოითხოვს. თუმცა, EMC-ის მიერ გამოკითხული მოსწავლეები საკუთარ თანმხვედრ ახსნა-განმარტებებში უთითებენ, სხვადასხვა პერიოდში, მათი და სხვა ბავშვების ცემის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, შევიწროებისა და დასჯის სასტიკ ფორმებზე, რომელსაც აღმზრდელები ხშირად იყენებენ.

წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში 160-ზე მეტი, 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი ცხოვრობს და იღებს განათლებას. პანსიონის ფუნქციონირებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის პირდაპირ ტრანსფერის სახით გადაცემული სახსრები ხმარდება. პანსიონის ბენეფიციარების ძირითად ნაწილს მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვები შეადგენენ. პანსიონში ბენეფიციარების მიღება რელიგიური ნიშნით ხდება. მოსწავლეები პანსიონში სამოქალაქო განათლებასთან ერთად, რელიგიურ განათლებას იღებენ და რეგულარულად მონაწილეობენ რელიგიურ რიტუალებში, მათ შორის სავალდებულო სახით ესწრებიან წირვებს ღამისთევით. სწავლის დღეებში მოსწავლეებს შეზღუდული აქვთ საკომუნიკაციო საშუალებების (მობილური ტელეფონის, ინტერნეტის) გამოყენება. გამოკითხული მოსწავლეები მთლიანობაში პოზიტიურად აფასებენ პანსიონში არსებულ სათანადო საცხოვრებელ და საგანმანათლებლო პირობებს, თუმცა, უთითებენ აღმზრდელებისა და ძიძების არასათანადო მოპყრობის განმეორებად ფაქტებზე.

შ.ე. იხსენებს, 4-5 წლის წინ, აღმზრდელებმა როგორ „დააყენეს გოგოების ერთ-ერთი ჯგუფი მწკრივში და ჩატენეს წინდები, მერე კი პირი სკოჩით აუკრეს.“ როგორც ი.შ.-ს მონათხრობიდან ირკვევა, ბავშვების დასჯა საჯაროდ, სხვების თვალწინ განხორციელდა. მას შემდეგ ერთ-ერთმა დასჯილმა გოგონამ პანსიონი დატოვა, თუმცა, ადმინისტრაციამ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა,

„2-3 წლის წინ მე და რამდენიმე გოგო დავრბოდით სავარძლებზე და ვხმაურობდით, ამის გამო ღამის სამ საათამდე დაჩოქილი ვიყავით მარმარილოს იატაკზე, მეორე დილას მუხლები გვტკიოდა და გვეკეცებოდა სიარულის დროს.“ (შ.ე-ს (16 წლის) ახსნა-განმარტება)

„ერთხელ, შობის დღესასწაულზე ვიცელქეთ და ამის გამო ჩაგვკეტეს ოთახში, შუქი იყო ჩამქრალი. ნერვიულობის გამო, გული წაუვიდა ჩვენ ერთ-ერთ კლასელს, [..] რომელიც კარგი ხანი ვერ მოასულიერეს და მერე გამოიძახეს ექიმები.“ (შ.ე-ს (16 წლის) ახსნა-განმარტება)

შ.ე იხსენებს, IV-V კლასში როგორ დასაჯეს მასწავლებლისთვის ენის შებრუნების გამო. „[..]ჩემმა აღმზრდელმა სხვა ოთახში გამიყვანა, ბიბლიოთეკაში და სასტიკად მცემა, თავი მიმარტყმევინა წიგნების თაროზე, რამდენიმეჯერ სახეში გამარტყა, ზურგში მუშტები მირტყა და თმით მათრია. ეს აღმზრდელი ახლაც იქ მუშაობს.“

„მინახავს, რომ სცემეს ბავშვი. იგი კუთხეში დააყენეს და ამას სხვა ბავშვებსაც აყურებინებდა ის აღმზრდელი და იცინოდა. ბავშვი კი ტიროდა. სხვა ბავშვებიც იცინოდნენ,“ - (ბ. გ.-ის (16 წლის)ახსნა-განმარტება.)

„გვაშინებდნენ იმით, რომ საჭმლის გარეშე დაგვტოვებდნენ და ტოვებდნენ კიდეც ზოგიერთს. მე ერთხელ დღის განმავლობაში დამტოვეს წყალზე და პურზე,“ - (ბ. გ.-ის (16 წლის)ახსნა-განმარტება.)

„დერეფანში იყო მარმარილოს იატაკი, სადაც ხატის წინ აღმზრდელები აჩოქებდნენ ბავშვებს, უმეტესად გოგოებს, რომლებმაც თავიანთი ბავშვური ჭკუით, სავარაუდოდ, რაღაც დააშავეს,“ - (ბ.ი.-ის ახსნა-განმარტება.)

„აგრესია ბავშვების წინააღმდეგ ბევრჯერ მინახავს. ისინი 4-5 წლის ბავშვებს ბუქნებს აკეთებინებდნენ. ეს იყო მათი დასჯის მეთოდი,“ - (თ.ბ.-ის ახსნა-განმარტება.)

„საღამო პერიოდი იყო, ოთახს ვალაგებდი. ამავე ოთახში ბავშვები ხუმრობდნენ. აღმზრდელი შემოვარდა და პირდაპირ ჯოხი გადამატეხა თავზე,“ - (თ.ბ.-ის (18 წლის) ახსნა-განმარტება.)

„ვხედავდი აღმზრდელების უყურადღებობას, რადგან ერთხელ ვნახე, როგორ წაიყვანა ერთი ბიჭი ორმა მასზე უფროსმა ბიჭმა სხვა კლასში და ცემა, სახეზე დაზიანებები ჰქონდა,“ - (თ.ბ.-ის (18 წლის) ახსნა-განმარტება.)

„ვთქვათ, ბავშვმა იცელქა ან რაღაც დააშავა, ხდება ლახტით ცემა, კუთხეში დაყენება, ყურის აწევა, დაშინება რომ უჭმელად დატოვებდნენ. [..] მგონია, რომ ყველა ბავშვს ფსიქიკა აქვს აწეწილი ამდენი ძალადობის გამო და ამიტომ ტირიან ასე ხშირად. მამაო იყო ერთხელ ამოსული, და რომ შეესწრო ასეთ სიტუაციას, ერთ-ერთ ძიძას უთხრა და ურჩია ნუ სჯით ამ ბავშვებს ასეო. ბავშვი თუ გააგრძელებს ცელქობას, სამხრის გარეშე რჩება,“ - (შ.ე.-ის (16 წლის) ახსნა-განმარტება)

რაც შეეხება უშუალოდ შ.ე-ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, დაზარალებული მის მიმართ კაცი აღმზრდელების მხრიდან შევიწროვებისა და მისი აღქმით, სექსისტური დამოკიდებულების ფაქტებზე უთითებს, რაც, როგორც ის აღნიშნავს, ბოლო პერიოდში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის მიზეზი გახდა. შ.ე.-ის განცხადებით, ამ მხრივ მის პრეტენზიებს სათანადო რეაგირება ქალი აღმზრდელების მხრიდან არ მოჰყვა და ის მსგავსი ჩივილის გამო, სცემეს კიდეც. „რომ ავუხსენი რაში იყო საქმე, როგორ დაჟინებით მიყურებდა და რომ ეს სხვამაც შეამჩნია, [..] სახეში გამარტყა და თმებით მითრია,“ - იხსენებს შ.ე.

დაზარალებულის თქმით, მის გარშემო შექმნილი აუტანელი პირობების გამო, მას ღამით პანსიონიდან გამოქცევა მოუწია. პანსიონიდან გამოქცევამდე რამდენიმე წუთით ადრე, აღმზრდელთან შ.ე.-ს საუბარი, მისი მეგობრის მიერ ტელეფონით არის ჩაწერილი. აუდიომასალაში ისმის, ყვირილი და ჩხუბი. შ.ე. აღმზრდელს სთოვს ხელი გაუშვას და დამშვიდების შესაძლებლობა მისცეს. ახსნა-განმარტებაში შ.ე. ყვება: „[აღმზრდელმა] ჩამჭიდა ხელი და დამაგდო საწოლზე, არ მომცა საშუალება ოთახი დამეტოვებინა რომ ცოტა დავწყნარებულიყავი.“ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, გოგონა პანსიონიდან გაიქცა. „[..] გავედი ეზოში და ტირილით გავუყევი ბილიკს, გამოვიქეცი სკოლიდან. ვცდილობდი, ამ ყველაფრიდან, აგრესიისგან, ლანძღვისგან თავი ამერიდებინა და გავქცეულიყავი, არ მახსოვს, რას ვფიქრობდი ან სად მივდიოდი, მხოლოდ ის მახსენდებოდა რა სიტყვებსაც მეუბნებოდა ჩემი აღმზრდელი. [..] წვიმდა, ძალიან ციოდა, მეცვა პიჟამო, რადგან დასაძინებლად ვემზადებოდი და ჟაკეტიც. ფეხზე მეცვა წინდები და ზახულის ფლოსტები.“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები შ.ე.-ს გზაზე დაეწივნენ და უკან პანსიონში დააბრუნეს. ამ ეტაპზე შ.ე. ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში პანსიონში მის დარჩენას აზრი აღარ აქვს და უმჯობესია სკოლა დატოვოს.

ფაქტების ინდივიდუალური გარემოებების (inter alia, მსხვერპლის ასაკი, მოწყვლადობა, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება პანსიონზე) გათვალისწინებით, აღმზრდელების მიერ გამოვლენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) არის გათვალისწინებული.

პანსიონის ყოფილი მოსწავლეების შეფასებით, აღმზრდელების გადაცდომაზე პანსიონის ადმინისტრაცია სათანადოდ არ არის ინფორმირებული და ძირითად შემთხვევებში, მათ მიმართ ლოიალურია. მათი თქმით, აღმზრდელების უმრავლესობა, რომელიც მოწმეების ან სხვა ბავშვების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, დღემდე პანსიონში მუშაობს.

„დედაომ იცის ამის შესახებ, მაგრამ მან მარმარილოზე დაჩოქებაზე არაფერი თქვა და ამას საერთოდ არაფრად აგდებს და ამბობს, რომ ასეთი რამეები, ბავშვების დასჯა, დაშინება ნებისმიერ ბავშვთა სახლში ხდება. თითქმის ყველა ძიძა ერთნაირია. დამოკიდებულება არის სხვადასხვა, ანუ პატარა ბავშვებს ექცევიან, დიდებს კი ვერ უბედავენ. ზოგიერთი განსაკუთრებულად აგრესიული არის,“ - (შ.ე-ის (16 წლის) ახსნა-განმარტება)

„ბავშვის წყალზე და პურზე დატოვების უფლება მხოლოდ მეუფის ნებართვით ქონდათ. მაგრამ მზრუნველები ამას არავის უთანხმებდნენ,“ - (ბ. გ.- ის (15 წლის) ახსნა-განმარტება)

„მეუფემ ერთხელ ნახა, აღმზრდელი როგორ სჯიდა ბავშვს და მან ეს აღმზრდელი გაათავისუფლა. შესაბამისად, მგონია, რომ მეუფემ ბევრი არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა ხდება პანსიონში სინამდვილეში,“ - (თ.ბ.-ის (18 წლის) ახსნა-განმარტება)

წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში გამოვლენილი ბავშვთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს მიერ, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების დარღვევის ეფექტური მონიტორინგის, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების არარსებობის პრობლემას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ გააზრებასა და დროულ რეაგირებას ითხოვს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული დაწესებულებებში წლების განმავლობაში არ ხორციელდებოდა სახელმწიფოს ან სახალხო დამცველის მონიტორინგი, რის გამოც, აღნიშნული ინსტიტუციები ქმნიან ერთგვარ ლაკუნას, სადაც სახელმწიფო არ აღწევს და მისი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტის, კონტროლის გარეთ რჩება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომში სამინისტრო) საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგი მხოლოდ 2014 წელს დაიწყო. თუმცა, როგორც მონიტორინგის ანგარიშების ანალიზი აჩვენებს, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია და მასშტაბი არ იყო გამოსადეგი ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის იდენტიფიცირებისთვის, რომელსაც მსგავსი ტიპის ინსტიტუციებში, როგორც წესი, ლატენტური ხასიათი აქვს, სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული იერარქიული ურთიერთობების, მოსწავლეების მოწყვლადობის, დაწესებულებებზე ეკონომიკური და სოციალური დამოკიდებულებების გამო. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პროცესში სამინისტრომ უარი განაცხადა დამოუკიდებელი ექსპერტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვაზე და სააღმზრდელო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული სერვისების მოკლე და ზედაპირული შეფასებით შემოიფარგლა.

2014 წლის 18 თებერვალს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ა(ა)იპ „ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდში“ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშში მითითებულია, რომ მომსახურებაში აღსაზრდელები დაცულნი არიან რაიმე სახის ძალადობისგან. საჭიროების შემთხვევაში, მათ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური დახმარება (ფსიქოლოგი, აღმზრდელები, სასულიერო პირები).

იმ პირობებში, როცა ორდღიანი მონიტორინგის პროცესში არ განხორციელდა მოსწავლეების საკმარისი რიცხვის ინდივიდუალური ინტერვიურება ინტერდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომელიც ნდობის და დამოუკიდებლობის გარანტიებს შეუქმნიდა ბენეფიციარებს, ანგარიშში წარმოდგენილი შეფასების ადეკვატურობა, ცხადია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მით უფრო, რომ სამინისტროს მონიტორინგის ანგარიშში მითითებულია, რომ პანსიონში არ ხორციელდება აზრის გამოხატვის პასუხად და ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა და მომსახურე პერსონალი არ ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თაობაზე.

სეკულარული ინსტიტუტების მხრიდან, რელიგიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგისა და რეაგირების ეფექტური მექანიზმების არარსებობა, რომელიც არ იძლევა სასტიკი და არასათანადო მოპყრობის გამოვლენისა და მასზე რეაგირების საშუალებას, წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას ევროპული კონვენციის მე-3, მე-8 მუხლებისა და ბავშვთა უფლებების მე-3 და მე-19 მუხლების გაგებით. საქმეში O’ Keefe v. Irland რომელიც კათოლიკე ეკლესიის მიერ, ორგანიზებულ სკოლებში ბავშვთა ძალადობის ფაქტებს შეეხებოდა, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ იმის გამო, რომ ირლანდიის განათლების სამინისტროს არ ჰქონდა აღნიშნული სკოლების პირდაპირი და ყოველდღიური კონტროლის სისტემა, მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია მისი პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ბავშები არასათანადო მოპყრობისგან, იმის მიუხედავად, თუ ვისზე აქვს მას დელეგირებული განათლების უზრუნველყოფის ვალდებულება. ევროპული სასამართლოს თქმით, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, იყოს ინფორმირებული ძალადობის რისკების თაობაზე და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ორგანოებს მინიმუმ გააჩნდეთ ეფექტური მექანიზმები არასათანადო მოპყრობის გამოვლენისა და დოკუმენტირებისთვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს სახელმწიფოს:

  1. დროულად შეიმუშაოს რელიგიური ორგანიზაციების დაქვემდებარებაში მყოფი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი დამოუკიდებელი ორგანოების მიერ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები, რომელიც შესაძლებელს გახდის ბავშვთა მიმართ ძალადობის, შევიწროებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოვლენასა და მყისიერ რეაგირებას.
  2. შეისწავლოს წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლის შ.ე.-ს მიმართ გამოვლენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტები და რეაგირება მოახდინოს მათზე. მათ შორის,
    • სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო რეაგირება მოახდინონ შ.ე.-ს მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შეიცავს;
    • სახელმწიფომ უზრუნველყოს შ.ე.-სთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და უწყვეტი განათლების მიღების ხელშეწყობა;
    • სამინისტრომ, სათანადო მეთოდოლოგიის გამოყენებით, უზრუნველყოს განმეორებითი და ძალადობის შესწავლაზე ორიენტირებული მონიტორინგის დროული ჩატარება პანსიონში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“