[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

ჭყონდიდის ეპარქიაში განკვეთილი მღვდელმსახურების შევიწროება სისტემური დევნის ფორმას იღებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის უზენაესობისა და სოციალური მშვიდობის განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადგილზე შეისწავლა 5-7 ნოემბერს მარტვილის რამდენიმე მონასტერში განვითარებული მოვლენები. პროცესებზე ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტერში მათი საცხოვრებელი სივრცეებიდან საპატრიარქომ, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, სათანადო პროცედურების გარეშე გამოასახლა და ამ პროცესში პოლიციამ დემონსტრაციულად უგულებელყო კანონისა და უსაფრთხოების დაცვის მაღალი ინტერესები. პოლიციამ ნაცვლად იმისა, რომ გამოსახლების პროცესის კანონიერება შეემოწმებინა და იძულების ქვეშ მყოფი სასულიერო პირების უსაფრთხოება და იურიდიული ინტერესები დაეცვა, მათი ნაწილი თვითნებურად დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში ამის განმარტებებიც კი არ მისცა.

5-7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების აღწერა

2021 წლის 5 ნოემბერს სალხინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მცხოვრებ განკვეთილ სასულიერო პირებთან დილის 6:00 საათზე ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნული ლეჩხუმისა და ცაგერის ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯაშვილი, საპატრიარქოს იურისტი და საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების 50-ზე მეტი პირი მივიდა და მონასტრის ტერიტორიის დაუყოვნებლივი დატოვება მოსთხოვეს. სასულიერო პირების უარის შემდეგ, საპატრიარქოს იურისტის მითითებით ათეულობით ჩოხოსანი მღვდელმსახურების კელიებში შევიდა, მღვდელმსახურების საცხოვრებელი სივრცეები დაიკავა და სასულიერო პირებს ადგილზე შესვლის შესაძლებლობას აღარ აძლევდა. ადგილზე მყოფი სასულიერო პირები ცდილობდნენ ადგილზე მოსული პირებისთვის აეხსნათ, რომ არ ჰქონდათ მონასტრიდან მათი გაძევების უფლება, რა დროსაც სრულიად მოულოდნელად პოლიციამ რამდენიმე სასულიერო პირი დააკავა და მარტვილის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. დაკავებულმა პირებმა ჩვენთან აღნიშნეს, რომ პოლიციის თანამშრომლებს მათთვის დაკავების, მისი საფუძვლებისა და შესაბამისი უფლებების შესახებ განმარტება არ მიუციათ. მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, როცა ადგილზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა, სასულიერო პირებს პოლიციამ განუმარტა, რომ ორი მათგანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, ნაწილი კი გამოკითხვის მიზნით იმყოფებოდა პოლიციის შენობაში.

აღსანიშნავია, რომ ჩოხოსნების მიმართ, რომლებიც მონასტრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და იქ მცხოვრები სასულიერო პირების საცხოვრებელი კელიები თვითნებურად დაიკავეს, პოლიციას რეაგირება არც კი მოუხდენია. ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯაშვილის განმარტებით, "ჩოხოსნები იყვნენ საპატრიარქოს მიერ წარმოდგზავნილი იმისათვის, რომ აქ წესრიგი ყოფილიყო.“

სალხინოს მონასტრიდან გამოძევებულ სასულიერო პირებს არც მომდევნო დღეებში მიეცათ მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, რის გამოც ადგილობრივმა მრევლმა 6 ნოემბერს აქცია გაიმართა და ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებს მღვდელმსახურების კელიებში შესვლის უზრუნველყოფას ითხოვდა. მღვდელმსახურებს კელიებში შესვლის და პირადი ნივთების აღების შესაძლებლობა მხოლოდ 7 ნოემბერს მიეცათ.

მღვდელმსახურების მონასტრის ტერიტორიაზე დაბრუნების მოთხოვნით აქცია 7 ნოემბერსაც გაიმართა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ მხოლოდ განკვეთილი სასულიერო პირების მხარეს აქციის 7 მონაწილე დააკავეს, მათ შორის 2 სასულიერო პირი.

ამ დროისთვის განკვეთილი სასულიერო პირები სხვა ბალდისა და წაჩხურას მონასტრებში იმყოფებიან. მათი თქმით, დროებითი მმართველის მიერ სალხინოს მონასტრიდან გაძევება აქ მათ მიერ წლების განმავლობაში გაშენებული მეურნეობის მიმართ ეკონომიკური ინტერესით აიხსნება. თუმცა, ისინი თავს დაცულად დღესაც არ გრძნობენ და აქვთ შიში, რომ სხვა მონასტრებიდან მათ ასევე გაასახლებენ.

მოვლენების ზოგადი კონტექსტი

უნდა აღინიშნოს, რომ მონასტრის ტერიტორიიდან გამოძევებული მღდელმსახურები წლებია ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს, ბალდისა და წაჩხურას მონასტრებში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. 2019 წლიდან, როცა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საპატრირაქომ უფლებამოსილება შეუჩერა, ისინი და მათთან ერთად რამდენიმე სასულიერო პირი (მთლიანობაში 13 მღვდელმსახური), ითხოვენ სინოდის შეკრებასა და მიტროპოლიტი პეტრე ცაავას საქმის სამართლიან განხილვას.

2021 წლის 11 სექტემბერს ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად მივლენილმა ლეჩხუმისა და ცაგერის ეპისკოპოსმა სტეფანე კალაიჯიშვილმა, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღნიშნული მღვდელმსახურები „სრულად განკვეთა სამონაზვნო დასიდან“ და მათ აუკრძალა სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა. ეს გადაწყვეტილება განკვეთილი და სხვა სასულიერო პირებისა და თეოლოგების მიერ უკანონოდ არის მიჩნეული. მაგალითად, ღვაწლმოსილი თეოლოგის, ზურაბ ჯაშის განმარტებით, „არ არსებობს კანონი, რომელიც მონაზონს მონაზვნობას ჩამოართმევს. [..] შეიძლება ვიღაც ეპისკოპოსი აღარ იყოს, მიტროპოლიტი აღარ იყოს. ასევე პატრიარქი აღარ იყოს, მაგრამ მონაზვნობის ჩამორთმევა არ ხდება. რაც არ უნდა ცოდვა ჩაიდინოს მონაზონმა, რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს, მას ვერ ჩამოართმევ.“ თეოლოგების და სასულიერო პირების ნაწილი მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილების რევიზიას სინოდისგან ითხოვენ და ელიან, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

განკვეთის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში, 2 ნოემბერს ეკლესიიდან განკვეთილ მღვდელმსახურებს საქართველოს საპატრიარქომ მონასტრის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და ამისთვის ვადად 4 ნოემბერი განუსაზღვრა. აღნიშნულ მოთხოვნას მღვდელმსახურებმა 3 ნოემბრის წერილით უპასუხეს და საქართველოს პატრიარქს მათ განკვეთასთან დაკავშირებით სინოდალური გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვეს. მათი განცხადებით, საპატრიარქოს პოზიცია არღვევს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას, რადგან „საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების პირველი თავის #5(3) თანახმად, „საქართველოს ეკლესია თავის მოღვაწეობას ახორციელებს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებით. ასევე, #9 საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი არის უკანასკნელი ინსტანცია იმ სასულიერო და საერო პირებისთვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მიუსაჯა მღვდელმსახურების აკრძალვა.“ თუმცა საკითხის შიდა საეკლესიო განხილვისა და კონსტრუქციული შეთანხმებების ნაცვლად, მიტროპოლიტმა სტეფანემ მათი მონასტრიდან ძალით გამოსახლების პროცესი დაგეგმა

პროცესების პირველადი სამართლებრივი შეფასება

ჩვენი დაკვირვებით, ჭყონდიდის ეპარქიაში კრიტიკული აზრის მქონე სასულიერო პირების მიმართ მოპყრობამ სისტემური დევნის ხასიათი მიიღო. თუმცა, სამწუხაროდ, საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში შექმნილ კრიზისზე სათანადო რეაგირებას არ ახდენს და ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნული ლეჩხუმისა და ცაგერის ეპისკოპოსი სტაფანეს რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელიც მრევლის შიგნით დაძაბულობის მიზეზიც ხდება, ეკლესიის ადმინისტრაციის მხრიდან სრულად არის შეწყნარებული.

ამ პროცესში ყველაზე პრობლემურია ადგილობრივი პოლიციის როლი, რომელიც ვერ ახერხებს კანონის მიუმხრობელი დამცველის როლის შესრულებას და განკვეთილი სასულიერო პირების მიმართ ძალადობისა და დევნის ფაქტებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებას დემონსტრაციულად არ ახდენს. საეკლესიო ძალაუფლებასთან სახელმწიფო ინსტიტუტების შეზრდა, აშკარა ლოიალობა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა, ბოლო წლებში ჩვენი პოლიტიკური სისტემის ნიშანი გახდა.

პრობლემურია სალხინოს მონასტრიდან სასულიერო პირების გამოსახლების კანონიერების საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ სალხინოს მონასტრის შენობა საპატრიარქოს ბალანსზეა აღრიცხული, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გამოსახლების წინასწარ დადგენილ სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ პროცედურებს, რომელთა დაცვის გარეშე გამოსახლების პროცესის ორგანიზება დაუშვებელია და უკანონო შინაარსს იღებს. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმი, სასამართლოში სარჩელის წარდგენას და დავის დაწყებას საჭიროებს და მხოლოდ დავის დასრულების შემდგომ უშვებს უკანონოდ დაკავებული სივრციდან პირის გამოსახლების პროცედურას. სისხლის სამართლებრივი მექანიზმის ფარგლებში კი (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ,,საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის ბრძანება) იმისათვის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებული სივრციდან პირის იძულებით გამოსახლება/გამოყვანა უზრუნველყონ, უნდა დადასტურდეს პირის მიერ კონკრეტული სივრცის უკანონოდ დაკავების ფაქტი და შესაბამისი სამართლებრივი პირობები (მათ შორის, უნდა არსებობდეს უკანონო მფლობელობის განხორციელების თაობაზე ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას). ამავე აქტით, განცხადების წარდგენის შემდგომ შესაბამისი შეტყობინებით მიემართება სავარაუდოდ უკანონო მფლობელობის განმახორციელებელ პირს და მას ეძლევა ვადა ტერიტორიის დასატოვებლად.

ჩვენი ორგანიზაცია ვერ შევა განკვეთისა და განკვეთილი სასულიერო პირების/ბერების საცხოვრისთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების საეკლესიო სამართლებრივ განხილვაში, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის პერსპექტივიდან ცალსახაა გამოსახლების პროცედურის დარღვევა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს მხრიდან. აშკარაა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასულიერო პირების იძულებითი გამოსახლება საპატრიარქომ დაიწყო ისე, რომ არ ჰქონდა დაწყებული გამოსახლების არც სამოქალაქო და არც სისხლის სამართლებრივი პროცედურა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით, იძულებით დაატოვებინეს საცხოვრებელი ადგილი სასულიერო პირებს.

საკუთარი ტრადიციული კელიებიდან ბერების გამოსახლება მოულოდნელად, იძულებით და ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცის შეთავაზების გარეშე, სამართლებრივ პრობლემასთან ერთად, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა და შავი სამღვდელოების სოციალური დაცვისა შიდა საეკლესიო პოლიტიკის კრიტიკის საფუძველი შეიძლება ხდება.

სამწუხაროდ, პოლიციამ უკანონო გამოსახლების შეკავება და ამ პროცესში სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვა ასევე არ უზრუნველყო. პოლიციის მხრიდან ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების დროს გამოვლენილი აშკარა ლოიალობა ადგილობრივი ეპისკოპოსისა და საპატრიარქოს მიმართ, რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს და ის საბოლოოდ სამსახურეობრივი გულგრილობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფორმას იღებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ამ სენსიტიურ პროცესში პოლიცია ივიწყებს სოციალური მშვიდობის დაცვის მაღალ საჯარო ინტერესს და მიმხრობილი პოზიციონირების გამო, ვერ ახერხებს ადგილზე მრევლის წევრებს შორის შექმნილი დაძაბულობისა და კონფლიქტების ეფექტიან პრევენციას და მართვას.

მოთხოვნა

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, განკვეთილი სასულიერო პირების დევნის ფაქტებზე მოახდინოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება და ამ პროცესში განუხრელად დაიცვას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპები;
  • უწყების მენეჯმენტმა გაითვალისწინოს ადგილობრივი პოლიციის წინაშე მდგარი სირთულეები და მიიღოს ადეკვატური ინსტიტუციური ზომები პოლიციის მხრიდან ეპარქიაში შექმნილი კონფლიქტების ეფექტიანი პრევენციისა და მართვისთვის;

საქართველოს პროკურატურამ

  • დაიწყოს გამოძიება 5-7 ნოემბერს მიმდინარე მოვლენების დროს დევნისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებზე;

საქართველოს საპატრიარქომ

  • გაიაზროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების მძიმე სოციალური შედეგები მრევლისთვის და მთლიანად ადგილობრივი საზოგადოებისთვის და მიიღოს ყველა ზომა ეპარქიაში არსებული კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის;
  • დაიცვას ბერებისა და მონაზვნების სოციალური ინტერესები და უსაფრთხოება ამ პროცესში.
  • აღსანიშნავია, რომ ზემოთ წარდგენილ სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში, განკვეთილი სასულიერო პირების სახელის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი დასაბუთებული განცხადებით მიმართავს პროკურატურას და სამსახურეობრივი გულგრილობის, ასევე თვითნებობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“