[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანალიტიკური დოკუმენტები

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის კრიტიკული შეფასება

2021 წლის 13 ივლისს საქართველოს მთავრობამ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ათწლიანი დოკუმენტი დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ხანგრძლივ სამოქმედო პერიოდს მოიცავს, ის არ ითვალისწინებს არსებითად ახალ და გადამწყვეტი შინაარსის საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პოლიტიკურ ცვლილებებს, რომელიც არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის უფრო თანასწორი და სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნას შეუწყობდა ხელს. დოკუმენტი რეალურად აგრძელებს წინა წლების გამოცდილების ინერციას და არ ითვალისწინებს არც ერთ ახალ სპეციალურ პოზიტიურ ღონისძიებას, რომელიც რომელიმე მიმართულებით არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ჩართულობას, მონაწილეობას და ხელმისაწვდომობას გაზრდიდა.

სტრატეგია ათწლიან პერიოდს მოიცავს და ინტეგრაციის პოლიტიკის 5 სტრატეგიულ მიმართულებას ფარავს: 1. სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; 2. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; 3. თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; 4. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია; 5. კულტურათშორისი დიალოგი. მთავრობის მოსაზრებით, ეთნიკური უმცირესობების მხრიდან სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესი ინტეგრაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ღერძი გახდება, რის გამოც ის ინტეგრაციის პოლიტიკის პირველად პრიორიტეტად არის მიჩნეული.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი სტრატეგიით მთავრობა ეთნიკური უმცირესობების განათლების მხარდაჭერის გაძლიერებას გეგმავს სკოლამდელი აღზრდის, სასკოლო და პროფესიული განათლების დონეებზე და აგრძელებს 1+4 პროგრამის მხარდაჭერას. ცალკე ხაზი უნდა გაესვას ეთნიკურ უმცირესობებზე ორიენტირებული სტატისტიკის წარმოებასა და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებული გეგმების მნიშვნელობას. ამასთან, ღირებულია, რომ მთავრობა აღიარებს ახალგაზრდების მხარდაჭერის და ჩართულობის მნიშვნელობას. თუმცა, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებული ამ მიმართულებების განხორციელების გზები დოკუმენტში მაინც ძალიან ზოგადი ფორმით არის წარმოდგენილი და სათანადო გაზომვის შესაძლებლობას არ იძლევა. მათ შორის, განათლების პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია, დოკუმენტი მომავალში ერთიანი პოლიტიკის შემუშავების იდეას ახსენებს და ეთნიკური უმცირესობების სკოლებში უკვე არსებული პროგრამების გადმოტანის, მასწავლებლების გადამზადებისა და საჭირო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო რესურსების შექმნის მიღმა, სპეციფიკურად ახალ მიდგომებს არ აზუსტებს. ამგვარი დეკლარაციული და ზოგადი შინაარსის გამო დოკუმენტით მიღწეული შედეგები არ არის განჭვრეტადი და ინტეგრაციის პოლიტიკაზე მრავალწლიანი სამთავრობო მუშაობის გამოცდილების ფონზე, ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო პრობლემური ჩანს.

სრულად, შეფასება იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

Geo-სტრატეგიის-დოკუმენტი-შეფასება_1634293169.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“