საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აფასებს პანკისელი უხუცესისა და საზოგადო მოღვაწის ჯაბრაილ ხანგოშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ საქმეს და მიიჩნევს, რომ საქართველოში დაბადებული და მუდმივად ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ჯაბრაილ ხანგოშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასა და მიღებაზე, ისევე როგორც ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი, აშკარად თვითნებურია და საქმის საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიტიკური დაინტერესების ეჭვებს აჩენს.
ჯაბრაილ ხანგოშვილი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. მისი მშობლიური ენა ქართულია. მას განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე. იგი დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, ეწევა როგორც საჯარო-სამოქალაქო, ისე სამეწარმეო საქმიანობას. რუსეთ-ჩეჩნეთის ომების შედეგად დაკარგული ქონებრივი უფლებების აღდგენის მიზნით, ხანგოშვილს 2015 წელს რუსეთის მოქალაქეობის მიღება დასჭირდა, რის გამოც კანონის საფუძველზე ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. თუმცა, მისი თხოვნა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და შემდგომში, მისი აღდგენის შესახებ სახელმწიფო უწყებებმა, უსაფრთხოების ინტერესებზე ზოგადი და დაუსაბუთებელი მითითებით, არ დააკმაყოფილეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეაფასა უარის შესახებ გადაწყვეტილებები და აშკარაა, რომ ის დაუსაბუთებელია. საქართველოს დამსახურებული ყოფილი მოქალაქისთვის მოქალაქეობის დაბრუნებისა და საქართველოში ლეგალური ცხოვრების პროცესში შექმნილი თვითნებური სამართლებრივი ბარიერები და ნეგატიური გადაწყვეტილებების ჯაჭვი, ისევე როგორც მის წინააღმდეგ საეჭვოდ დაწყებული ქონებრივი დავა თელავის ბაზრის წილის საკუთრებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური კომუნიკაცია ჯაბრაილ ხანგოშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან, ამ საქმეში ხელისუფლების დაინტერესების შესახებ ეჭვებს აჩენს.
ჯაბრაილ ხანგოშვილის საქმე არის ლუსტრაცია სახელმწიფოს მანკიერი პრაქტიკის, ფორმალურად გადაწყვიტოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები და ადამიანებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოუსპოს სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. ამგვარი მიდგომებით ის ხელყოფს მოქალაქის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მოქალაქეობის საკითხის განმხილველი სააგენტო, როგორც წესი, სახელმწიფო/საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მხოლოდ ფორმალური მითითებით გასცემს შაბლონურ უარყოფით დასკვნას მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. ინფორმაცია კი იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე საბუთდება კონკრეტული პირისგან მომდინარე უსაფრთხოების რისკი მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შაბლონური წერილით დგინდება. ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა და როგორც წესი, არ ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოების ჯეროვან განხილვას.
საქართველოში არ არსებობს ზემოაღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლის რეალური და სპეციალური მექანიზმი. სასამართლო მხოლოდ აქტის გასაჩივრების შემთხვევაშია ვალდებული შეამოწმოს საიდუმლო ინფორმაცია, მისი საფუძვლიანობა და რაციონალური კავშირი მიღებულ გადაწყვეტილებასთან. როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას, ასევე სასამართლო დავის ეტაპზე დაინტერესებულ პირს აბსოლუტურად წართმეული აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე, წარადგინოს საპასუხო არგუმენტაცია და გააქარწყლოს სახელმწიფოს ეჭვები სავარაუდო საშიშროებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ზემოაღნიშნულ სტანდარტს სახელმწიფო ორგანოები აქტიურად იყენებენ საკუთარი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების დასაფარად. ჯაბრაილ ხანგოშვილის საქმე არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ აქცევს ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას თვითნებობად და სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებით ზედაპირულ უარს ამბობს საკუთარი გადაწყვეტილებების დასაბუთებაზე, არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და უკანონოდ ახორციელებს მმართველობით საქმიანობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ჯიბრაილ ხანგოშვილის უფლებების აღდგენისთვის არსებითია, მისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი ხელახალ ჯეროვან განხილვას დაექვემდებაროს და შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და საბოლოოდ, პრეზიდენტმა დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ.
ამასთან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მყისიერი რეაგირება მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტისას ქვეყანაში არსებული მანკიერი პრაქტიკის შესაცვლელად. მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, რომელიც დაიცავს როგორც ინფორმაციის საიდუმლოების ეროვნულ ინტერესს, ასევე დაინტერესებული პირის სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას. ამასთან, გამორიცხავს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში სახელმწიფო ორგანოების თვითნებობას, პოლიტიკურ მოტივებს და მაღალჩინოსანთა ზეგავლენებს.
ინსტრუქცია