ვიდეო: KMD FILMS
სოფელი მეორე ქესალო მარნეულის მუნიციპალიტეტში, წითელი ხიდის საზღვართან მდებარეობს. მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ითხოვს სასოფლო-სამეურნეო მიწების სარგებლობაში გადმოცემას. მიწა ადგილობრივი გლეხებისთვის არსებობისა და თვითგადარჩენის საბაზისო რესურსია. სამწუხაროდ, ადგილობრივი გლეხებისთვის მიწით სარგებლობის პროცესს ამ რეგიონში მიწების გადანაწილების უსამართლო პრაქტიკა, მიწის დაუსრულებელი რეფორმა და ასევე, ადგილობრივი ეპარქიის გავლენები აფერხებს.
5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გლეხებს მიწითა და სარწყავი წყლით სარგებლობისთვის ძალიან მაღალ იჯარის გადასახადს ადგილობრივი ეპარქია ახდევინებდა. სინამდვილეში, დოკუმენტებში არსად ჩანს, რომ ეს მიწა ეპარქიას ეკუთვნის. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა სამართლებრივი საფუძვლით იღებდა ეპარქია იჯარის გადასახადს გლეხებისგან.
ორი წლის წინ ადგილობრივი გლეხების თვითორგანიზებულმა ჯგუფმა ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომა. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს მათ უკეთ დაორგანიზება მოახერხეს და სახელმწიფოსთან მათი მოთხოვნები მიწაზე პროტესტის ფორმით დააყენეს.
სამწუხაროდ, ამ პროცესში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა და მისი ეპარქიის სხვა მღვდლებმა მკვეთრად შოვინისტური ენა გამოიყენეს და საქართველოს აზერბიაჯანელებს მიუთითეს, რომ მათ მიწების მოთხოვნა არა აქ, არამედ საზღვრის იქით (იგულისხმება აზერბაიჯანი) შეეძლოთ.