საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტის დინამიკისა და კონტექსტის ნიუანსირებულ ჩვენებას, ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ამგვარი კონფლიქტების გაჩენის მიზეზების ანალიზსა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის რეკომენდაციების გაზიარებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტში წარმოდგენილი შეფასებები 14 და 15 იანვარს სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებში ჩვენს უშუალო დაკვირვებასა და მუსლიმი და ქრისტიანი თემების წარმომადგენლებთან ჩაწერილ ინტერვიუებს ეფუძნება.
სოფელი ბუკნარი - ზოგადი სოციალური კონტექსტის აღწერა
სოფელი ბუკნარი ჩოხატაურის მუნიციპალური ცენტრიდან 12 კმ-ითაა დაშორებული. 2014 წლის საყოველთა აღწერის მიხედვით, სოფელში 775 მოსახლე ცხოვრობს. ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, სოფლის მოსახლეობა 500 ადამიანს ითვლის, სადაც მუსლიმი და ქრისტიანი თემის თანაფარდობა თითქმის თანაბარია. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან და მეცხოველეობასთან. მათ ნაწილს სამუშაოდ წასვლა საზღვარგარეთ, ძირითადად თურქეთში უწევს. ბუკნარში მუსლიმი მოსახლეობა პირველად დაახლოებით 70-50 წლის წინ დასახლდა. მუსლიმი თემის ძირითადი ნაწილი ბუკნარში ახლომდებარე სოფლიდან, ზოტიდან გადმოსახლდა. ბუკნარში მათი გადმოსახლების უმთავრეს მიზეზად დიდი ოჯახები და მათ სოფელში მცირემიწიანობის პრობლემა სახელდება. მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა სოფელში შერეულადაა დასახლებული და მათი გეოგრაფიული განლაგება არ არის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული, ან სეგრერირებული. თუმცა ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის სხვადასხვა უბნებს „აჭარლების მხარედ“ მოიხსენიებს.
სოფლის ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ კონფლიქტამდე სოფელში თანაცხოვრების და გაზიარების თვალშისაცემი პრაქტიკები არსებობდა. მართალია, მოსახლეობა ვერ იხსენებს შერეული ოჯახების მაგალითებს, თუმცა, ამბობს, რომ კონფლიქტამდე ხშირი იყო დღესასწაულების და ლხინის კოლექტიურად აღნიშვნის შემთხვევები. ამასთანავე, სოფლის მოსახლეობა საუბრობს სოციალური მხარდაჭერის პრაქტიკებზე, რომელიც არღვევდა რელიგიურ ხაზებს და ერთიანობის განცდას ქმნიდა.[1] მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობაც აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა სოფელში ეკლესიის მშენებლობა დაიწყო, მუსლიმი მოსახლეობის მნიშნველოვანი ნაწილი ფიზიკურად და მატერიალურად ეხმარებოდა ქრისტიან მრევლს ეკლესიის მშენებლობაში.
ერთი შეხედვით, სოფელში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მატერიალურ და ეკონომიკურ ნიადაგზე მკვეთრი განსხვავებები არ არსებობს. თუმცა, ორივე ჯგუფი მეორე მხარეს უფრო პრივილეგირებულად, ან შეძლებულად მიიჩნევს. მუსლიმი მოსახლეობის განცდით, ქრისტიანებს აქვთ უფრო ვრცელი მიწა და მეტი შესაძლებლობა. ხოლო, ქრისტიანი მოსახლეობა ფიქრობს, რომ მუსლიმი მოსახლეობა ეკონომიკურად უფრო შეძლებულია.
მართალია, ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა აცხადებს, რომ კონფლიქტის დაწყებამდე, ისინი სოფელში ურთიერთპატივისცემით და მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, ზოგიერთი ადგილობრივი მუსლიმი იხსენებს, რომ კონფლიქტამდეც, სოფელში „ქრიტიანების პრესტიჟი უფრო დიდი იყო, ვიდრე მუსლიმების“. გაუცხოების განცდებზე ირიბად საუბრობენ ქრისტიანულ თემშიც. ერთ-ერთი ქრისტიანი ქალი აღნიშნავს, მუსლიმები ჩვენს სოფელში საკუთარ მიცვალებულებს არ ასვენებენ და სოფელში სასაფლაოს მოწყობა არ უნდათო.
ერთ-ერთი ადგილობრივი მუსლიმის თანახმად, აქამდე არსებული მეგობრობაც და თანაცხოვრებაც ქრისტიანების უპირატესობის აღიარებასა და მუსლიმების სიჩუმეზე იყო აგებული. „თუ აქამდე შენი მტერი არ ვიყავი, ახლა რატომ ვარ შენი მტერი?“ - კითხულობს ის და აცხადებს, რომ თავად ეხმარებოდა სოფლის ეკლესიის მშენებლობას, და ქრისტიანები, თუ არ დაეხმარებიან მუსლიმებს სალოცავი სივრცის მოწყობაში, ხელი მაინც არ უნდა შეუშალონ მათ.
სალოცავი სივრცის საჭიროება და მისი ორგანიზების მცდელობები
სოფელ ბუკნარში მეჩეთის მშენებლობაზე საჯარო მსჯელობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. მუსლიმი თემის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბუკნარის მიმდებარე სოფლებში (ზოტი, ნასაკირალი) ფუნქციონირებს მეჩეთები, მათთვის გზისა და დამატებითი ფინანსური ხარჯის გათვალისწინებით, უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, ჯამეს (სალოცავი სივრცის) მათ სოფელშივე მოწყობა. თემის წევრების განმარტებით, ამ საკითხის გასარკვევად, მათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მიმართეს და ადგილობრივი, მართლმადიდებელი თემის აზრითაც დაინტერესდნენ. მართლმადიდებელი თემი მეჩეთის მშენებლობას მაშინვე შეეწინააღმდეგა იმ მოტივით, რომ ბუკნარი ,,ქრისტიანული მიწა“ იყო და დაუშვებელი იყო აქ ისლამური სალოცავის გახსნა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება იმ დროს არ მიიღო და მუსლიმი თემი ოფიციალური პასუხის გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, მუსლიმმა თემმა მაშინ უარი თქვა მეჩეთის მშენებლობაზე და ლოცვა კვლავ საკუთარ სახლებში ინდივიდუალურად განაგრძო.
ვინაიდან პარასკევს ჯუმა ლოცვის კოლექტიური შესრულება ისლამური რწმენისა და პრაქტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია, და ამავე დროს ადგილობრივ მუსლიმებს არ სურდათ თავიანთი მართლმადიდებელი მეზობლების სურვილს შეწინააღმდეგებოდნენ, 2020 წელს მუსლიმმა თემმა გადაწყვიტა თანხა შეეგროვებინა და სოფლის ცენტრიდან მოშორებით მდგარი საცხოვრებელი სახლი შეეძინა. მათი განმარტებით, მეზობლები რომ არ გაეღიზიანებინათ, არ დაუგეგმავთ შეძენილ სახლზე მინარეთის აღმართვა, ან აზანისთვის (ლოცვისთვის მოხმობა) შენობაზე ხმის გამაძლიერებლების დამონტაჟება. სწორედ ამ მიზნით, მათ დაახლოებით 10 თვის წინ სოფლის განაპირა მხარეს, სადაც არც ერთი მეზობელი სახლი არ დგას, მუსლიმი მეზობლისგან, რომელიც წალკაში გადავიდა საცხოვრებლად, კერძო საცხოვრებელი სახლი შეიძინეს და სალოცავი სივრცე მოაწყვეს. კონფლიქტამდე 7 თვის განმავლობაში მუსლიმები ამ სივრცეში რეგულარულად იკრიბებოდნენ პარასკევის ლოცვისთვის. როგორც თავად განმარტავენ, მართალია, ადგილობრივი მართლმადიდებლებისთვის სახლის შეძენისა და ლოცვის პრაქტიკის შესახებ უშუალოდ არ უთქვამთ, მაგრამ მუსლიმი თემის კოლექტიური ლოცვის გამოცდილება მათთვის გასაგები უნდა ყოფილიყო. მუსლიმები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ეს სახლი თურქეთის მხარდაჭერით შეიძინეს. ამ პროცესის მოთავე მოხუცმა დეტალურად გაგვიზიარა თანხის შეგროვებისა და ჯამეს მოსაწყობად, ამ სოფლის მუსლიმი ოჯახების მიერ დაწყებული პროცესი.
კონფლიქტის ესკალაცია და ძალადობრივი გამოცდილებები
ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას დგინდება, რომ სოფლის მცხოვრებლებს შორის ურთიერთობა 2020 წლის დეკემბერში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსლიმი თემი სოფელში მეჩეთის აშენებას გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმმა თემმა ეს ფაქტი უარყო და ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობას განუმარტა, რომ მხოლოდ პარასკევის ლოცვის კოლექტიური შესრულება სურდათ, ამ აღიარებამ და დაპირებამ მეზობლებს შორის დაძაბულობა ვერ გადაჭრა.
ადგილობრივი მოსახლეობა განმარტავს, რომ რელიგიის ნიადაგზე მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წევრებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის რამდენიმე ფაქტს. კერძოდ, თემის წევრები აღნიშნავენ, რომ იანვარში, პარასკევს ლოცვის მიზნით სალოცავ სახლში მისულ მუსლიმებს გზად ერთ-ერთი მართლმადიდებელი ქალი დახვდათ, რომელმაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი ყვიროდა, რომ მისი თემი არ დაუშვებდა ბუკნარში მეჩეთის მშენებლობას და მუსლიმი მეზობლების მიმართულებით ქვებს ისროდა. ამ ინციდენტს შეესწრნენ სალოცავ სახლთან მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ქალი ადგილიდან გაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ მუსლიმებს ლოცვის შესაძლებლობა.
ამ ინციდენტის შემდეგ, ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა სოფელში 2021 წლის 10 იანვარს მოხდა. მუსლიმი რესპონდენტების განმარტებით, მათმა ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა მეზობელმა მუსლიმების სახლებში დაიწყო ჩამოვლა და შეურაცხმყოფელი ენით მათთან იმის გარჩევა, რომ მეჩეთის გახსნა ქრისტიანულ სოფელში შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ მსგავსი შემთხვევის დროს, ერთ-ერთმა მუსლიმმა თავისი მეზობლის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ხელის ქნევით საუბარს, ფიზიკური პასუხი გასცა. მომხდარ ინციდენტს სხვაგვარად აღწერენ ჩვენს მიერ გამოკითხული მართლმადიდებლები. მათი განმარტებით, სოფელში, ქუჩაში მყოფმა ერთ-ერთმა მუსლიმმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ მეზობელი მართლმადიდებელი მას არ მიესალმა და ფიზიკურად გაუსწორდა მას.
2021 წლის 10 იანვარს მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის, რომელმაც იმავე დღეს დაიწყო გამოძიება და დაპირისპირებული პირები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხა. დაზიანებებთან დაკავშირებით დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც. პოლიციის თანამშრომლებმა დაპირისპირებული პირები გააფრთხილეს, თავი შეეკავებინათ კონფლიქტისგან და შერიგებისკენ მოუწოდეს. თუმცა ვითარება მალევე, 12 იანვარს, კვლავ დაიძაბა და მან კიდევ უფრო მძიმე ძალადობის ფორმა მიიღო.
12 იანვარს მომხდარ შემთხვევას, რომელიც კონფლიქტის დინამიკაში კულმინაციური ფაზა იყო, განსხვავებულად აღწერენ ჩვენს მიერ გამოკითხული მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წევრები. მუსლიმების განმარტებით, 12 იანვარს მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის ორ წევრს შორის კვლავ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც მუსლიმი თემის წარმომადგენლის ოჯახის წევრები და ახლობლები ვითარების გასარკვევად სოფლის ცენტრში შეკრებილ მართლმადიდებელ მეზობლებთან მივიდნენ. მისვლისთანავე, ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა ისინი შეაგინა, რაც მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს მართლმადიდებელმა გ.ს.-მ თავის არეში ქვა ჩაარტყა ორ მუსლიმს, მათ შორის, ადგილზე მყოფ არასრულწლოვანს. ორივე პირმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
12 იანვარს მომხდარი ძალადობის დინამიკას სხვაგვარად აღწერენ მართლმადიდებელი რესპონდენტები. მათი თქმით, 12 იანვარს, მუსლიმი თემის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან, ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებას, რის შემდეგაც ადგილზე სხვა მუსლიმებიც მივიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფ მართლმადიდებელს. დაპირისპირებული ჯგუფის გაშველების დროს ერთ-ერთი მუსლიმი ფიზიკურად შეეხო ადგილზე მყოფ მართლმადიდებელ ქალს, რამაც გ.ს.-ს გაღიზიანება გამოიწვია. მან ქვა აიღო და უმისამართოდ რამდენჯერმე მოიქნია, რასაც ორი ახალგაზრდის დაზიანება მოჰყვა.
სოფლის მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობაც აღნიშნავს[2], რომ მომხდარი ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ერთი ეკიპაჟი. პოლიციელები ასევე შეეცადნენ დაპირისპირებული მხარეების გაშველებას და, როგორც თავად ფიქრობენ, დროულად შეძლეს სიტუაციის განმუხტვა. მომხდარის ირგვლივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დაკავებულია გ.ს., რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.[3]
უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ბუკნარში სიტუაცია 13 იანვარსაც დაიძაბა[4], როდესაც ადგილობრივი მუსლიმი თემის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, იქ სხვადასხვა რეგიონიდან (ძირითადად აჭარიდან) ქართველი მუსლიმები ჩავიდნენ. პოლიციის თანამშრომლები მათ სოფელში შესვლისა და სოფლის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა ახალგაზრდების ჯგუფებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და სოფელში შევიდნენ. ამ ინციდენტს რაიმე სახის ძალადობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, თემებს შორის, არ მოჰყოლია.
მოსახლეობასთან საუბრის დროს ირკვევა, რომ კონფლიქტის მხარეების წუხილები და პოზიციები მათ შიშებსა და ღირსების დაცვაზეა აგებული. ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ ქართულ მიწაზე მეჩეთების აშენებას არ დაუშვებს. მათი გადმოსახედიდან, ეს საქართველოს ისტორიის და ღირსების დაცვის მცდელობაა. ამასთანავე, ისინი ხაზგასმით საუბრობენ, რომ კონფლიქტის შემდეგ, 13 იანვარს, როცა სხვა მუსლიმები გამოჩნდნენ ადგილობრივი მუსლიმების მხარდასაჭერად, მათ განსაკუთრებული შიში განიცადეს.
მეორე მხრივ, ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ თავიანთი მეზობელი ქრისტიანების რეალური სახე დაინახეს, როცა მათ არასრულწლოვანი ბავშვი გაწირეს სასიკვდილოდ და ბავშვს და მასთან ერთად კიდევ ერთ ადამიანს ქვით გაუტეხეს თავი. მუსლიმი ქალები საკუთარი შვილების ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე წუხილს ღიად გამოხატავნენ. ამასთან, მუსლიმი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი დაიღალნენ საკუთარი ქართველობის მტკიცებით. ისინი არიან სრულფასოვანი ქართველები, საქართველოს მოქალაქეები და მათი რელიგიური კუთვნილება არ უნდა გახდეს მიზეზი საიმისოდ, რომ ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს მათი ქართველობა. თემის თქმით, ლოცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ამის ხელშეშლა დაუშვებელია.
პოლიციის როლი და მოქმედებები ძალადობრივი ინციდენტების ჯაჭვში
მუსლიმი რესპონდენტების განმარტებით, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის დეკემბერსა და იანვარში მომხდარ კონფლიქტურ ინციდენტებზე აქტიურად რეაგირებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. კერძოდ, 2021 წლის 10 და 12 იანვარს მომხდარი ფიზიკური ძალადობის ორივე შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება და ერთ შემთხვევაში სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირიც დააკავეს.
პოლიციის თანამშრომლების მხრიდან პროაქტიული რეაგირების მიღმა, თემის წევრები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ცნობილი გახდა შესაძლო კონფლიქტის შესახებ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქტიურად დაიწყეს სოფელში პატრულირება. პოლიციის ერთი ან ორი ეკიპაჟი დღეში რამდენჯერმე გადადგილდებოდა სოფლის ტერიტორიაზე, ხოლო მუსლიმი თემის წევრები აღნიშნავენ, რომ პარასკეობით საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი სოფლის ცენტრში იდგა, ხოლო მეორე უშუალოდ სალოცავი სახლის მიმდებარედ.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, 2021 წლის 12 იანვარს მომხდარი ინციდენტის დროს სოფლის ცენტრში აგრეთვე იმყოფებოდა პოლიციის ერთი ეკიპაჟი, ხოლო კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად, ადგილზე დაახლოებით 10-15 პოლიციელი მოგროვდა. ადგილობრივ მცხოვრებთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილება ვერ მოახერხეს, მალევე შეძლეს დაპირისპირებული მხარეების განცალკევება და ვითარების განმუხტვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობა მოგვიანებით მოლაპარაკებების პროცესშიც ჩანდა. 13 იანვარს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს გურიის პოლიციისა და აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და შემდგომ დღეებშიც ჰქონდათ აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. პოლიციის თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზება შეიმჩნეოდა 15 იანვარს, როდესაც სოფელ ბუკნარში მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით შედგა შეხვედრა მართლმადიდებელი და მუსლიმი თემის წევრებს შორის. შეხვედრის დაწყებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა ორი ცოცხალი კორდონით გადაკეტეს სოფლის ცენტრისკენ მისასვლელი გზა (სადაც შეხვედრა იმართებოდა), მუსლიმი და ქრისტიანი თემები დააშორიშორეს და მხოლოდ კონკრეტულ პირებს და მედია საშუალებებს მიეცათ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა.
სკოლის მასწავლებლების სავარაუდო მონაწილეობა კონფლიქტში
სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემების[5] თანახმად, 119 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში სწავლობენ როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანი მოსწავლეები. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სკოლაში მხოლოდ ერთი მასწავლებელია მუსლიმი.
მუსლიმი თემი სკოლის მასწავლებლების როლს კონფლიქტის გამწვავების კუთხით უარყოფითად აფასებს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტამდე სკოლაში არ ყოფილა ღია ინდოქტრინაციის ან მიზანმიმართული პროზელიტიზმის ფაქტები, ცალკეული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები მუსლიმი მოსწავლეების წარმატებების აღიარების კუთხით, ზოგიერთი მასწავლებლის მხრიდან, წინა წლებშიც შეინიშნებოდა. თუმცა ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებმა, მუსლიმი ოჯახების ნაწილი იმაზეც დააფიქრა, რომ თავიანთი შვილები ბუკნარის სკოლაში სასწავლებლად არ გაეშვათ. სკოლის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება და პროტესტი სოციალურ ქსელებში მუსლიმების მიმართ შეურაცხმყოფელმა პოსტებმა გამოიწვია, რომელსაც, ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, ბუკნარის საჯარო სკოლის მასწავლებლები ავრცელებდნენ ან/და მხარს უჭერდნენ. ფეისბუკ პოსტები თათრებისგან/გათათრებისგან „ქრისტიანული სოფლის“ დაცვის მოწოდებებს შეიცავდა. მუსლიმების აზრით, სოციალურ ქსელებში გაჩენილი ეს მოწოდებები სოფელში სალოცავის ამოქმედების შემდეგ გაჩნდა. მათი მისამართით გამოყენებული ტერმინი „თათარი“ მუსლიმებმა შეურაცხყოფად მიიღეს და მათთვის ასევე გაუგებარი დარჩა, თუ რატომ იყო სოფელი მათგან დასაცავი. მასწავლებლების ან სკოლის დირექტორის მხრიდან, თავიანთ პრეტენზიებზე მათ ადეკვატური პასუხი არ მიუღიათ. ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მუსლიმები აცხადებდნენ, რომ მათთვის უცნობია, მიეცათ თუ არა შესაბამისი მითითება იმ მასწავლებლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სიძულვილის ენის გავრცელებაში.
15 იანვარს მიღწეული შერიგების შემდეგ, მუსლიმმა თემმა ამ თემაზე მსჯელობა და რეაგირება აღარ მოინდომა და არც მასწავლებლების მიერ გაზიარებული პრობლემური შინაარსის ამსახველი მტკიცებულებები გაგვიზიარა, რაც მათი შინაარსის დეტალური ანალიზის შესაძლებლობას მოგვცემდა.
კონფლიქტის მედიაციის პროცესი
სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი 2020 წლის 13 იანვარს გახდა. თუმცა მანამდე თითქმის 1 თვის განმავლობაში მეზობელ თემებს შორის მოლაპარაკებების პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით უკვე დაწყებული იყო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას განმარტებით, მუნიციპალიტეტმა დაპირისპირებულ მხარეებთან 12 იანვრის ინციდენტამდე 7 შეხვედრა გამართა.[6] მუსლიმი თემის განმარტებით, და როგორც ეს მოგვიანებითაც გამოჩნდა, მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები სათანადოდ ეფექტიანი არ ყოფილა. ამ ეტაპზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი შეთავაზება მეზობელი თემებისთვის - მუსლიმების მიერ შეძენილი სალოცავი სივრცის მუსლიმი და ქრისტიანი თემების შერჩეული ლიდერებისთვის საერთო საკუთრებაში გადაცემა - მუსლიმი თემისთვის მიუღებელი იყო.[7]
ვითარების გამწვავების შემდეგ, 13 იანვარს, ბუკნარში, მოლაპარაკებების გასამართად, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ჩავიდნენ.[8] თუმცა საბოლოოდ, ეს მოლაპარაკებაც უშედეგოდ დასრულდა. 14 იანვარს ჩოხატაურის მერიასთან გამოკითხული მუსლიმები ჩვენთან აცხადებდნენ, რომ 13 იანვარს გამართულ შეხვედრაში მათი რეალური წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და თან იმის გამო, რომ შეხვედრას არც მხარეების და არც სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები არ დასწრებიან, ის სოფელში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის გარანტი ვერ იქნებოდა. ამასთანავე, მერიასთან შეკრებილი ადამიანების საუბარში ჩანდა კიდევ უფრო ღრმა წუხილები და იმედგაცრუება და სახელმწიფოს მიერ პოლიტიკის რადიკალური ცვლილების აუცილებლობის მოთხოვნა.
14 იანვარს, ჩოხატაურის მერიასთან მთელი დღის განმავლობაში შეკრებილ მომიტინგეებს, რატომღაც მხოლოდ შსს სამინისტროს წარმომადგენლები ესაუბრებოდნენ და მიუხედავად შეკრებილი ხალხის მოთხოვნისა, პოლიტიკური აქტორები მათ საღამომდე არ შეხვედრიან. მხოლოდ მოგვიანებით და არაერთი კრიტიკის შემდეგ, ჩოხატაურში დასავლეთ საქართველოს მუფთი ჩავიდა და შეკრებილებს პრობლემის გადაჭრას შეპირდა. ამის მიუხედავად, შეკრებილ ადამიანებს პროტესტი არ შეუწყვეტიათ. იმავე საღამოს ადგილზე ჩავიდა ვასილ ჩიგოგიძე (გურიის მაჟორიტარი), რომელმაც მომდევნო პარასკევს შერიგების მონაწილეობითი შეხვედრის ორგანიზების პირობა გასცა.
ეს შეხვედრა, უკვე სოფელ ბუკნარში, 15 იანვარს პარასკევის ჯუმა ლოცვის დასრულების შემდეგ შედგა. მოლაპარაკებების წინ სოფელში შეიმჩნეოდა პოლიციის ჭარბი მობილიზაცია და კორდონებით მხარეების დაშორიშორებისა და უსაფრთხოების დაცვის მაღალი ზომები, რომელსაც იქ მყოფი ადამიანებისთვის გამაუცხოებელი ეფექტი უფრო ჰქონდა.
სოფელ ბუკნარის კულტურის ცენტრში მოწყობილი მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ვასილ ჩიგოგიძე (გურიის მაჟორიტარი) და ნინო წილოსანი, საქართველოს საპატრიარქოს და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, სხვა მუსლიმი ლიდერები და ადგილობრივი რელიგიური თემებიდან 10-10 წარმომადგენელი. განმარტებებისა და თანაცხოვრების გამოცდილების ემოციური გაზიარების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტი ამოიწურა და მეზობლები მშვიდობიან თანაცხოვრებას განაგრძობდნენ.[9]
მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ბოლო დღეებში სახელმწიფო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებები გააკეთეს, სადაც მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ და საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებაზე მიუთითებდნენ.[10]
პროცესის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება
მართალია, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი თემების მზადყოფნითა და სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, კონფლიქტის დეესკალაციისა და შერიგების მიზანი სოფელ ბუკნარში მიიღწა, თუმცა ვფიქრობთ, რომ არსებითია სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ ამგვარი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და მას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ.
სოფელ ბუკნარში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური შევიწროება არ არის პირველი და ერთეული შემთხვევა. ამგვარი რელიგიური კონფლიქტების ჯაჭვი წინა წლებშიც გამოვლინდა სოფელ ციხისძირში (2013), სოფელ ნიგვზიანში (2012), სოფელ წინწყაროში (2013)[11], სოფელ სამთაწყაროში (2013), სოფელ ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), სოფელ მოხესა (2014) და სოფელ ადიგენში (2016). უნდა ითქვას, რომ ყველა ამ კონფლიქტს საერთო სოციალური და კულტურული მიზეზები და კონტექსტები ჰქონდა. კონფლიქტი ეკომიგრანტი ოჯახებით დასახლებულ თემებში მულტი-რელიგიურ-ეთნიკურ თემებში ხდებოდა, სადაც მეზობელ თემებს თანაცხოვრების საერთო მეხსიერება და ტრადიცია სუსტი აქვთ. ამასთანავე, კონფლიქტები ძირითადად ხელისუფლების ტრანზიციის, ან არჩევნების კონტექსტს ებმოდა და ადგილობრივი თემების მხრიდან ახალი პოლიტიკური რეალობისა და დაპირებების განსხვავებულ წარმოდგენებს უკავშირდებოდა. ყველა შემთხვევაში ადგილობრივი ქრისტიანი თემის რიტორიკა ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის პარადიგმას ეფუძნებოდა და „ქართულ მიწაზე“ ისლამური სალოცავების თუ სხვა რელიგიური დაწესებულებების დაუშვებლობის ისლამოფობიურ/ზოგჯერ თურქოფობიურ სენტიმენტებზე იდგა. როგორც კონფლიქტების ისტორია გვაჩვენებს, ეს რიტორიკა კიდევ უფრო მძიმედ ვლინდება ქართველი მუსლიმი თემის მიმართ, რომელიც ეთნიკურად ქართველია და სწორედ ამიტომ, მათი ისლამური თვითაღქმა გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ჩარჩოსთვის ორმაგად მიუღებელი ხდება.
სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ამ კონფლიქტებს სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ მოჰყოლია. ზოგიერთ შემთხვევაში, სიტუაცია მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროების სრული უგულებელყოფის ხარჯზე განიმუხტა (მაგალითად, სამთაწყაროში ჯამეს გახსნა ადგილობრივი თემის მიერ შეძენილ კერძო სახლში მაინც ვერ მოხერხდა, ქობულეთის მუსლიმური პანსიონატი ამ დრომდე დაკეტილია, მოხის ისტორიულ მეჩეთს ამგვარი სტატუსი საამისოდ საგანგებოდ შექმნილი კომისიის მუშაობის მიუხედავადაც არ მინიჭებია). ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია თითქმის არცერთ ინციდენტს, რელიგიური დევნისა და ძალადობის ფაქტებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, მათ შორის, არც მაშინ, როცა ადგილობრივი მუსლიმი გლეხების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა შემთხვევები გამოიკვეთა (მაგალითად, სოფელ ჭელასა და მოხეში). უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების პრობლემის მიღმა, სახელმწიფო უწყებებს მსგავსი კონფლიქტის სისტემური მიზეზები არცერთ შემთხვევაში არ შეუსწავლიათ და არ გაუტარებიათ გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა, რაც კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში ხელს შეუწყობდა სოლიდარული, თანასწორი და მულტიკულტურული სოციალური გარემოს შექმნას.
მნიშვნელოვანია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა. წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით, რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებები გაკეთდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, ადგილზე მედიაციის პროცესი ხარვეზებით, თუმცა მაინც დროულად დაიწყო და გამოჩნდა პოლიციის სამართლებრივი რეაგირებაც. თუმცა, დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე, ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გვგონია, სახელმწიფომ სოფელ ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს.
სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ეთნოცენტრიზმი, შოვინიზმი და ისლამოფობია სოციალური კონსტრუქციებია და მსჭვალავს სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტს, მასზე დაფუძნებული იდელოგიები კი ქმნის რისკებს საზოგადობრივი კოჰეზიისთვის. ეს იდეოლოგია „ჩვენ“ და „ისინი“ დაყოფაზე დგას და გაუმართლებელ სოციალურ იერარქიებს ქმნის. [12]რელიგიური კონფლიქტები და ჩვენს რეალობაში გამოვლენილი კონფლიქტების ჯაჭვი ამ დაყოფისა და იერარქიზების ყველაზე მძიმე გამოვლინებაა. ყველა ამ კონფლიქტის ჰქონდა სოციალური ხასიათი და მას არა კონკრეტული ორგანიზებული ჯგუფები და ინდივიდები ჩადიოდნენ, არამედ (დომინანტური) თემი კოლექტიურად, რაც პრობლემის სიმწვავესა და სისტემურობას ავლენს.[13] ამგვარ კონფლიქტებს ღრმა და კუმულაციური სოციალური ეფექტი და აფექტი აქვს არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებზე და გაუცხოების[14], გარიყულობისა[15] და მეორეხარისხოვნობის განცდას ბადებს[16]. ამგვარი პრაქტიკები არსებითად აზიანებს საზოგადოების მთლიანობას და სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, არსებითია, სახელმწიფო ამ პრობლემას სტრუქტურული ცვლილებებით დაუპირისპირდეს და არა მხოლოდ ერთჯერადი პოლიტიკური და რეპრესიული მიდგომებით.
კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მუშაობა, ჩვენი ხედვით, კონკრეტულ თემში კონფლიქტის სისტემური სოციალური და კულტურული მიზეზების შესწავლასა და მის საპასუხოდ განათლების, კულტურისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან შეთანხმებული და თანმიმდევრული პოზიტიური ინტერვენციის გეგმის განხორციელებას უნდა გულისხმობდეს. პირველ რიგში, სამუშაო პროცესმა რელიგიური შევიწროებისა და დევნის მსხვერპლების პერსეფციები, ცხოვრებისეული გამოცდილებები და უკმაყოფილებები უნდა მოისმინოს და კარგად გაიაზროს ის მძიმე სოციალური და ფსიქიკური კვალი, რომელსაც ამგვარი გამოცდილებები უმცირესობების თემებში ტოვებს. ცხადია, რომ ამ სამუშაოებმა ასევე უნდა მოიცვას გარიყულობის მატერიალური ასპექტების (უფრო დაბალი წვდომა სერვისებზე, რესურსებზე, უფლებებზე; ნაკლები შანსები განვითარებისთვის, სოციალური და ეკონომიკური გარიყულობა, სუსტი პოლიტიკური მონაწილეობა და ა.შ.) კვლევაც და მის საპასუხოდ დაგეგმილი ცვლილებები.
ჩვენი ხედვით, ზემოთ დასახელებული კონფლიქტის სამუშაოები, მათ შორის, უნდა მოიცავდეს 1. სკოლის შიგნით მულტიკულტურული გრძელვადიანი პროგრამების და გაიდლაინების დანერგვას, 2. სკოლის სივრცეში გაჩენილი უნდობლობის დაძლევასა და მშობლებთან და მოსწავლეებთან ნდობის შენებაზე დაფუძნებული კომუნიკაციის აწყობას, 3. სოფლის სივრცეში კულტურული სივრცეების ინფრასტრუქტურის შექმნასა და მულტიკულტურული შინაარსის პროგრამების შეტანას; 4. დისკრიმინაციის, შევიწროების გამოცდილების მქონე ადამიანებთან სოციალური მუშაკების მუშაობის დაგეგმვას. 5. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მუსლიმი და ქრისტიანი თემებისთვის საერთო ჩართულობაზე ორიენტირებული პროგრამების (მათ შორის, საგრანტო პროექტების) წახალისებას; 6. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სეკულარული და თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც არადომინანტური რელიგიური ჯგუფების წუხილებისა და საჭიროებების მოკვლევას და მის შესახებ თემთან დემოკრატიულ დისკუსიას დაეფუძნება. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში ყველა ეს ამოცანა და საქმიანობა თემის ლიდერებთან დემოკრატიული კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმოს.
მიკრო სოციალურ დონეზე პოზიტიური, ტრანსფორმაციაზე მიმართული მუშაობის გარდა, მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ნაკლოვანებების გააზრება და ფუნდამენტური რეფორმების დაწყება.
ცალკე უნდა აღინიშნოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში მოქმედი უწყების - სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მკვეთრად არაეფექტიანი როლი და წლების განმავლობაში მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგები ამ კონფლიქტის კონტექსტშიც. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა ამ უწყების კომპეტენციაში შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტის გადაჭრაში უწყება აქტიური აქტორი არ ყოფილა, მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც, მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები[17] კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს.
ამასთანავე, ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს სოფელ ბუკნარის კონფლიქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ მუსლიმი თემის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც სწორედ სააგენტოს და უფრო ფართოდ, მთავრობის მხრიდან არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკის[18] შედეგია.
რელიგიური ორგანიზაციები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორები, მათ შორის, სახალხო დამცველი, წლების განმავლობაში ვუთითებთ რელიგიის თავისუფლების სფეროში დაგროვილი არაერთი სისტემური გამოწვევის შესახებ[19], რომელიც კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის დონეზე, ასევე მიკრო სოციალურ/სათემო დონეზე არსებობს. ეს გამოწვევები უკავშირდება კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ჩანაწერებს (მაგალითად, დისკრიმინაციული ჩანაწერები რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წესში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ტყის კოდექსში), რელიგიური უმცირესობების საჭიროებებისა და უფლებების მრავალწლიან უგულებელყოფასა და გამოტოვებას (მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ კანონისა და პოლიტიკის არარსებობა, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და შენარჩუნების პრობლემა) პოლიტიკურ ენაში გამოხატულ არასეკულარულ და თანასწორობის საწინააღმდეგო შინაარსს, დისკრიმინაციულ ადმინისტრაციულ პრაქტიკებს (მაგალითად, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პროცესში წარმოშობილ დაბრკოლებებს, საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს), რელიგიური შეუწყნარებლობით მოტოვირებულ დანაშაულებზე არაეფექტიან რეაგირებასა და პრევენციას.
2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ არცერთი ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრილა.[20].ამის საწინააღდეგოდ, მუდმივად ვხედავდით სააგენტოს მკვეთრად რეგრესულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებობს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა[21], ასევე ჩანს პოზიტიური რეფორმების დინამიკა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის, ასევე განათლების სამინისტროს სისტემებში, ფუნდამენტური პრობლემები რელიგიის თავისუფლების სფეროში, კვლავ გადაუჭრელი რჩება.
ჩვენი დაკვირვებით, ცვლილებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ აქტორად განიხილება. ამ უწყებისა და მისი პოლიტიკის არსებობის პირობებში, რელიგიის თავისუფლების სფეროში პოლიტიკის პოზიტიური ცვლილება და საამისოდ აუცილებელი დემოკრატიული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან შეუძლებელი ხდება, რადგან ამ უწყებას 1. პრობლემური მანდატი და ბუნდოვანი კომპეტენციები აქვს, რომლებიც მას თვითნებობის და არადემოკრატიული/გაუმჭვირვალე მუშაობის შესაძლებლობებს ანიჭებს[22]; 2. რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის მეტწილად უსაფრთხოებასა და იერარქიებზე დაფუძნებული ხედვები აქვს[23]; 3. ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებზე მუშაობის გამოცდილება უფრო აქვს, ვიდრე უფლებების სასარგებლო მუშაობის; 4. რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების დაბალი ნდობა აქვს. 5. უწყება საბოლოოდ არაეფექტიანიც არის, რადგან მნიშვნელოვანი კონფლიქტებისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების დროს, ის არც კი ჩნდება სცენაზე ან აზიანებს პროცესებს. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების მიმართ მკვეთრად კრიტიკულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც.
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მრჩეველთა კომიტეტი მიუთითებს, რომ მასთან დისკუსიაში, რელიგიურმა უმცირესობებმა დაბალი ნდობა გამოხატეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და ამავე დროს, აჩვენეს მაღალი ნდობა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც 33 რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს და მათთვის ჰორიზონტალური და დამოუკიდებელი ორგანიზაციების ჩარჩოს ქმნის.[24]
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) შეფასებით, მისი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, გაეძლიერებინა კომუნიკაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სახალხო დამცველს შორის, არ შესრულდა და სააგენტოს, საბჭოსთან სათანამშრომლოდ, სერიოზული ნაბიჯები არ გადაუდგამს. კომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თანამშრომლობის ნაცვლად, ამ ორ ორგანოს შორის შეინიშნება დაძაბულობა და ცალსახა აცდენაა მათ პოზიციებს შორის, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს გამოვლინდა 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში, როდესაც გაჩნდა ინიციატივა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ ინიციატივის წინააღმდეგ არ გამოვიდა, რაც მნიშვნელოვანი სიგნალი იყო რელიგიური ჯგუფებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, სააგენტო რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისთვის შექმნილ ინსტრუმენტად განეხილათ.[25]
რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ოსლოს კოალიციის შეფასებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მის მიერ ჩაწერილ ინტერვიუში დადასტურდა ის მნიშვნელოვანი წუხილები, რომელიც შეხვედრამდე ჰქონდათ: მისი მანდატი არ არის ცხადი; მისი პასუხისმგებლობები და ძალაუფლება არ არის ნათელი; მას არ გააჩნია პროცედურული სახელმძღვანელოები მნიშვნელოვანი საქმიანობის განსახორციელებლად; მას არ აქვს გამჭვირვალების და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. ამდენად, ჩანს, რომ სააგენტო, რომელიც მთავრობის უწყებაა, თავის არსებით მისიად მოიაზრებს არა რელიგიის თავისუფლების დაცვას ყველა მოქალაქისთვის, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ფინანსური და მატერიალური ინტერესების დაცვას. [26]
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროცესზე საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიშში იკითხება, რომ სააგენტო დაარსდა 2014 წელს, როგორც რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო, თუმცა, ეს უწყება მცირე ნდობით სარგებლობს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, სააგენტო მიიჩნეოდეს რელიგიის თავისუფლების დაცვის უწყებად, ის განიხილება, როგორც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის მექანიზმი, რაც არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა აქტორის მიერ. [27]
ჩვენი შეფასებით, ამ უწყების არსებობა პირველივე წლებიდან არსებითად აფერხებს რელიგიის თავისუფლების სფეროში ცვლილებისთვის საჭირო დიალოგს, რადგან მან რელიგიური ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის და ადამიანის უფლებათა აქტორებისთვის უნდობლობისა და კონფლიქტის ველი შექმნა. იმის გამო, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა ჯერზე ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, რეგრესულ ინიციატივებს აყენებდა ან ლობირებდა, მოლოდინი, რომ ამ უწყებას ექნება რესურსი აუცილებელი რეფორმების პროცესში პოზიტიური როლის შესასრულებლად, უკიდურესად დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ მისი არსებობისა და მანდატის საკითხის გადაწყვეტა, მთავრობის მხრიდან ცვლილებების ნებისა და მზადყოფნის პირდაპირი საზომია.
რეკომენდაციები
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გვინდა წარმოვადგინოთ ჩვენი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიმართ
საქართველოს მთავრობამ
საქართველოს პარლამენტმა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
საქართველოს პროკურატურას
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს
დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს
[1] “რას ჰყვება თამაზ ქამადაძე სოფელში რელიგიურ დაპირისპირებაზე“, ჟურნალი ბათუმელები, 17.01.2021. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/watch/?v=314122433338423
[2] პირდაპირი ეთერი ბუკნარიდან, გურია ნიუსი 13.01.2021. 6:18 წუთიდან EMC-ის წარმომადგენლების მიერ მოსახლეობასთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაცია. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/gurianews/videos/412653606638878/
[3] „გურიის პოლიციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი, 12.01.2021. ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/guriis-politsiam-chokhatauris-munitsipalitetshi-momkhdar-intsidenttan-dakavshirebit-1-piri-daakava/14274
[4] „დაპირისპირება გურიაში - სოფელ ბუკნარში პოლიციაა მობილიზებული“, ტელეკომპანია ფორმულა,13.01.2021. ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=hJjaqqIM1sQ
[5] საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. ხელმისაწვდომია: http://catalog.edu.ge/index.php?module=school_info&page=detals&school_code=3796
[6] „მედია: ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შედეგად სამი ადგილობრივი დაშავდა“, Civil.ge. 13.01.2021. ხელმისაწვდომია:https://civil.ge/ka/archives/390996
[7] „სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგი –NGO-ები ბუკნარზე“, ტელეკომპანია მთავარი, 13.01.2021. ხელმისაწვდომია:https://mtavari.tv/news/28896-sakhelmcipos-diskriminatsiuli-arasekularuli
[8] „რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე“, ჟურნალი ბათუმელები, 13.01.2021. ხელმისაწვდომია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/322770/
[9] „მხარეები ამბობენ, რომ შერიგდნენ და გურიაში რელიგიური დაპირისპირება ამოიწურა“, ნეტგაზეთი, ხელმისაწვდომია:https://netgazeti.ge/news/512283/
[10] „ქვეყნის პირველი პირები რელიგიური შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე საუბრობენ“, Civil.ge. 14.01.2021. ხელმისაწვდომია:https://civil.ge/ka/archives/391203
[11] სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი ჯგუფის მიმართ, კვლევა, EMC, 2014, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/sekularizmis-krizisi-da-loialoba-dominanti-jgufis-mimart
[12] „ბათუმის მეჩეთის საქმე“, EMC, 03.02.2020. ხელმისაწვდომია:https://www.facebook.com/watch/?v=2284810785149655
[13] აჭარის უხილავი და ხილული საზღვრები“, EMC, 06.10.2020. ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/acharis-khiluli-da-ukhilavi-sazghvrebi, ასევე: https://www.facebook.com/watch/?v=336469190988991
[14] „გადამქართულდა“, აბაშიძე ჰურიე, 19.01.2021. ხელმისაწვდომია:https://emc.org.ge/ka/products/gadamkartulda
[15] “ვინ ვარ“, ანანიძე ნესტან, 19.01.2021. ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/vin-var
[16] “წართმეული ქართველობა“, მიქელაძე ზაზა, 19.01.2021. ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/tsartmeuli-kartveloba
ასევე, „წარსულის ჩურჩული და მომავლის ხმაური“, ლია დეკანაძე, 27.01.2021, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/tsarsulis-churchuli-da-momavlis-khmauri
ასევე, "ქართველი მუსლიმი არსებობს", ლელა დეკანაძე, 27.01.2021, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/kartveli-muslimi-arsebobs
[17] რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მედია გამოსვლა, ხელმისაწვდომია: https://m.facebook.com/watch/?v=4259701250712511&_rdr
[18] არჩევნები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში, EMC, 2019, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/archevnebi-sruliad-sakartvelos-muslimta-sammartveloshi
[19] რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა, EMC, 2017, ხელმისაწვდომია: რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა.
[20] რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკული ანალიზი, EMC, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/religiis-sakitkhta-sakhelmtsifo-saagentos-sakmianobis-kritikuli-analizi-1
[21] რელიგიური უმცირესობების დაცვა - ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის ანგარიში, EMC, 2018, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/religiuri-umtsiresobebis-datsva-adamianis-uflebata-datsvis-strategiebisa-da-samokmedo-gegmebis-shesrulebis-monitoringis-angarishi
[22] რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა, EMC, 2017, ხელმისაწვდომია: რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა
[23] „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის“ შეფასება, 2015, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/sakartvelos-sakhelmtsifos-religiuri-politikis-ganvitarebis-strategiis-shefaseba
[24] Third Opinion on Georgia adopted on 7 March 2019, FCNM, available at: https://rm.coe.int/3rd-op-georgia-en/1680969b56
[25] ECRI, Conclusions on the implementation of the recommendations in respect of Georgia, Subject to interim follow-up, Adopted on 5 December 2018, available at: https://rm.coe.int/ecri-conclusions-on-the-implementation-of-the-recommendations-in-respe/1680934a7e
[26] Georgian Constitutional Values versus Political and Financial Interests: The Constitutional Agreement’s Departure from the Georgian Principle of Equality, The Oslo Coalition of Freedom of Religion and Belief, available at:
[27] საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელება, საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის, მიერ მომზადებული შეფასება, 17 ოქტომბერი, 2019, ხელმისაწვდომია:
https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/publications/Georgia-human-rights-2019.html
[28] სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები, 2020, ხელმისაწვდომი: https://www.ombudsman.ge/res/docs/2020092417162834667.pdf
ინსტრუქცია