[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / თვალსაზრისი

"ქართველი მუსლიმი არსებობს"

ლელა დეკანაძე

ვუზივარ კომპიუტერს, ვიწყებ წერას, რამდენიმე სტრიქონის შემდეგ ვჩერდები და ვეღარ ვაგრძელებ. ერთი კვირის განმავლობაში ვცდილობდი თავი მომეყარა აზრებისთვის და ისე გადმომეცა, რომ ეს სხვებისთვის გასაგებიც ყოფილიყო, თან დიპლომატიურად მეთქვა ჩემი სათქმელი, დამემალა ბრაზი, უსამართლობის საშინელი შეგრძნება და ნიჰილიზმი, რასაც ახლა ვგრძნობ. საბოლოოდ, გადავწყვიტე გულწრფელი ვიყო თქვენთან, იმ ადამიანებთან, ვინც ამას ახლა კითხულობთ.

მე დავიბადე ერთ პატარა, საოცრად ლამაზი ბუნებით დაჯილდოებულ ადგილას, სადაც იმდენი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა არსებობს, რომ მხოლოდ ეს სილამაზეა იმედის მომცემი ძალა. ხულოს მუნიციპალიტეტში გვერდიგვერდ ვცხოვრობდით მუსლიმები და ქრისტიანები. ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის ხიდჩატეხილობის პრობლემას მაშინ ვერ ვხედავდი. მეტიც, მეგონა, რომ სრულ ჰარმონიაში ვგრძნობდით თავს ყველა ერთად. დღეს 23 წლის ასაკში ვიაზრებ, რომ ჩვენ ერთმანეთის გვეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო საჭმელს ვუზიარებდით ერთმანეთს, ვეხმარებოდით ერთმანეთს ქორწილებსა თუ ქელეხებში, ჩვენ ერთმანეთის გვეშინოდა და ამის აღიარება დღეს სამართლიანი და აუცილებელიც მგონია. აჭარელი მუსლიმებისთვის ქრისტიანი ყოველთვის უცხოსთან ასოცირდებოდა და ეს ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობის სამეტყველო ენაშიც კი გამოიხატება, როცა ისინი ქრისტიანებს ქართველებს უწოდებენ და რელიგიას ეროვნებასთან აიგივებენ. ცხადია, რომ ეს გამოწვეულია იმ იდეით და პოლიტიკით, რომელიც სათანადო მოქალაქედ, „ქართველად“ ამ ქვეყანაში მხოლოდ მართლმადიდებელს მოიაზრებენ და ეს ამბავი ორივე მხარემ საბოლოოდ ასე მიიღო. მუსლიმები ჩამოაშორეს რელიგიის გამო ეროვნულ იდენტობას და წარმოსახვას, რადგან მათ უთხრეს, რომ მათი რელიგიური და ეროვნული იდენტობა ერთმანეთს გამორიცხავდა.

მოზარდობისას იყო პერიოდი, როცა ცუნამივით გადაგვიარა "გაქრისტიანების" ტალღამ. ჩემი მეგობრები, კლასელები, მეზობლები ამ იდეების მატარებლები გახდნენ და დაიწყო მოძღვრების ციკლი, რომელსაც "ქართველი მუსლიმი არ არსებობს" კამპანიის სახელწოდება ჰქონდა. სწორედ აქედან იწყება ჩემს მეხსიერებაში ის ტრავმული გამოცდილებები, რომლებიც ჩემს რელიგიურ იდენტობას უკავშირდებოდა.

როცა პირველ კურსზე უნივერსიტეტში აჟიტირებული ახლად შეძენილ მეგობრებს ჩემს თავს ვაცნობდი, აღვნიშნე რომ მუსლიმი ვიყავი, კარგად მახსოვს მათი გაოცებული, გაკვირვებული სახეები და კითხვები თუ როგორ არის შესაძლებელი ეს საქართველოში. ეს შესაძლებელია, ოღონდ უდიდესი ნებისყოფისა და მოთმინების ფასად. მტკივნეულად მახსოვს შემთხვევები, როცა დედაჩემს თავსაბურავის გამო თათარს უწოდებდნენ, ან ეკითხებოდნენ ქართულად თუ შეეძლო საუბარი. ჩემი და ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სულ იმის მტკიცებაში ვართ, რომ ქართველები ვართ, ამ ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები, როგორც მართლმადიდებლები, რომ ძალითა და ხმლით არავის მოუხვევია ჩემთვის ეს რელიგია თავს და მე ისლამის ეთიკითა და ღირებულებებით ვიზრდებოდი. წლებთან ერთად უფრო რთულდებოდა ამის მტკიცება და ენერგია მეცლებოდა მუდმივად საკუთარი ადგილის ძებნით ამ ქვეყანაში და საზოგადოებაში. საბოლოოდ, მივედი იმ შედეგამდე, რომ დღეს დაცლილი ვარ ყოველგვარი იდენტობისგან. სიმართლეს ვიტყვი, რომ აღარ არსებობს ჩემთვის ეროვნული და რელიგიური კუთვნილებები. არ ვიცი ეს იმ უარყოფის და უგულებელყოფის შედეგია, რაც წლების განმავლობაში მივიღე, როგორც მუსლიმმა ქართველმა, თუ უბრალოდ ასე განვითარდა ჩემი მსოფლმხედველობა. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეული დომინანტური ჯგუფის წარმომადგენლის ნათქვამი სიტყვა, რომ მე არ ვარ მათი ნაწილი, არ ვარ ამ ქვეყნის და საზოგადოების წევრი, რომ მე მათი მადლიერი უნდა ვიყო, რადგან უფლება მომცეს მათ გვერდით ვარსებობდე, შავ ლაქად მაქვს ჩამალული გონების ერთ პატარა ნაწილში. წლები ვცდილობდი გავქცეოდი მიუღებლობით გამოწვეულ არასრულფასოვნების კომპლექსს და შედეგად მივიღე ის ნიჰილიზმი და გულგრილობა, რასაც დღეს ვგრძნობ რელიგიური იდენტობის მიმართ. მძიმე ტვირთია მუდმივად ამ კონფლიქტის ნაწილი იყო, აირჩიო მხარე, ამტკიცო შენი უფლებები, იბრძოლო და ამას დასასრული არასდროს ჰქონდეს. ერთი კონფლიქტის დასრულების შემდეგ, იმედი გიჩნდება, რომ გავიზარდეთ და ერთმანეთი მივიღეთ, მეორე დღეს კიდევ ვხედავთ იგივეს. გული მწყდება რომ სამყარო ვითარდება, ახალ გამოწვევებს პასუხობს და ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით მხოლოდ იმის გამო, რომ ღმერთს სხვადასხვა გზით ვუკავშირდებით.

მე თავს სხვა ქვეყანაში უფრო მისაღებად ვგრძნობდი, სრულიად უცხო ადამიანები ინტერესდებოდნენ ჩემი რელიგიით და მეც მსიამოვნებდა მათთან ინფორმაციის და პირადი გამოცდილების გაზიარება, რასაც საკუთარ ქვეყანაში ვერ ვახერხებ. იქ ქართველი მუსლიმი ვიყავი და ეს სრულიად მისაღები იყო, აქ კი სამწუხაროდ, მიწევს მტკიცება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რის გამოც უნდა ვაღიარო რომ დაღლილი ვარ, ძალა აღარ შემწევს გავუძლო თავის მართლების მდგომარეობას, შევინარჩუნო ბრძოლისუნარიანობა და ოპტიმიზმი. ბუკნარის, მოხის, ჭელას, სამთაწყაროს, წინწყაროს, ნიგვზიანის, ციხისძირისა და არაერთი ამგვარი ამბის შემდეგ ყოველ ჯერზე მეც და ჩემს თემსაც ძალების და იმედის აღდგენისთვის შრომა გვიწევს, რომ შევიყვაროთ საკუთარი სხეულები, ისტორია, წარმოსახვები, მივიღოთ ერთმანეთი და ახლიდან ავაშენოთ ხიდები.

ამავე თემაზე:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“