საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ნესტან ანანიძე
სკოლა მაღალმთიან აჭარაში, ხულოში დავასრულე. ძალიან მიყვარდა სკოლაში დროის გატარება, თუმცა უფრო მეტად მიყვარდა შაბათისა და კვირის მოსვლა, რადგან ვიცოდი რომ ყოველ შაბათ-კვირას 11 საათზე ხულოს ცენტრალურ მეჩეთთან მდებარე პატარა შენობაში, მედრესეში უნდა მივსულიყავი, სადაც ჩემი საყვარელი პედაგოგი დამხვდებოდა. პედაგოგი, რომელიც მე და ჩემს თანატოლებს გვასწავლიდა სიყვარულს, პატიებას, სიკეთეს, სხვების პატივისცემას, სამშობლოს სიყვარულს, ისლამის საფუძვლებსა და ყურანის კითხვას. დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული თუ რომელი პროფესია ამერჩია. საბოლოოდ კი იმისათვის, რომ საკუთარი თავისა და ჩემი თემის უფლებების დაცვა შემძლებოდა სამართალი ავირჩიე. მეგონა, სამართლის პრინციპებისა და კანონების შესწავლა დამეხმარებოდა უფრო დაცულად მეგრძნო თავი საკუთარ ქვეყანაში. თუმცა, სამართალი ისეთივე ფასადური აღმოჩნდა, როგორიც ქართული ტოლერანტობის ცნებაა ჩვენთან. მივხდი, რომ კანონები საკმარისი არ არის ჩემი და თემის უფლებების დასაცავად. აშკარაა, რომ რაღაც მეტის გაკეთებაა საჭირო.
15 იანვარი ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში გავატარე. ამ პატარა სოფელში მცხოვრებ მუსლიმებს დღეს, 21-ე საუკუნეში მოუწიათ ქუჩაში იმის სამტკიცებლად გამოსვლა, რომ ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ და ისე როგორც სხვებს ჩვენც გვჭირდება სივრცე, მეჩეთი ჩვენი რელიგიური ღვთისმსახურების შესასრულებლად. მსგავსი შემთხვევა მოხდა 2014 წელს ქობულეთში როდესაც მუსლიმებს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სასწავლებელი, მედრესე უნდა გაეხსნათ, თუმცა მოსახლეობის მეორე ნაწილმა ღორის თავი მიაჭედა მედრესის კარს და განმარტეს, რომ შეეძლოთ მედრესე სხვაგან, „თავიანთ ქვეყანაში“ გაეხსნათ. არადა ქართველი მუსლიმები ჩვენს ქვეყანად საქართველოს მივიჩნევთ. თუმცა ჩვეულებრივი მოქალაქეების დამოკიდებულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, 2018 წელს სწორედ ბათუმის მერიამ მიიღო დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების თაობაზე უარის თქმით, რასაც დღემდე სასამართლო იხილავს. საჭიროების მიუხედავად, ჩვენ დღემდე არ გვაქვს ბათუმში მეჩეთის აშენებაზე ნებართვა, მაშინ როცა კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ამის სრული უფლება გვაქვს.
ხშირად გამიგია თითქოს საქართველოში რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტები პროვოცირებულია და რეალურად მასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენ არ გვაქვს. თუმცა ფაქტები და ჩემი პირადი გამოცდილება სხვას აჩვენებს. მახსოვს, როგორ კითხეს 17 წლის ნესტანს საზაფხულო ბანაკში, თუ რატომ იყო მტრის რელიგიის მიმდევარი. მაშინ, ისე დავიბენი აღარც კი მახსოვს ვუთხარი თუ არა ჩემს თანაბანაკელს, რომ რელიგიას ეროვნება არ გააჩნია და ჩემი რელიგია მშვიდობას, სოლიდარობას და გაზიარებას მასწავლის.
განა ამით დასრულდა ყველაფერი? თბილისში ავტობუსით მგზავრობისას ერთ-ერთმა მგზავრმა ქართველ მუსლიმებს შეაგინა და ქართველობა დაუწუნა. ალბათ ეპატიება, საიდან ეცოდინებოდა რომ მის გვერდით პირველკურსელი ქართველი მუსლიმი გოგონა იჯდებოდა. ქართველ მუსლიმებს ისლამის გამო უკვე მრავალი წელია გვარცხენს საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა ელიტა და დომინანტური კულტურული საზოგადოება.
ეს ყველაფერი ისევ არ სრულდება და 2021 წლის 16 იანვარს, მას შემდეგ რაც „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე თავის ისლამოფობიურ პოსტზე სამართლიანი და კრიტიკული კომენტარი დავუწერე სოციალურ ქსელში, პირად შეტყობინებაში მომწერა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ თავის სიტყვებში „ქართველი მუსლიმების წინაპართა რელიგიაზე მოქცევა“ ცუდს ვერაფერს ხედავს. ხოლო ჩემს პასუხსზე თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანის სხვა რელიგიაზე მოქცევა, რომლისთვისაც ისლამი იდენტობის ნაწილია, მიპასუხა, რომ „თქვენ თურქეთიდან შემოსული ფულები გალაპარაკებთ და არა იდენტობა“. ჩვენ თითქოს არც ვარსებობთ. გვართმევენ ხმას, პირად ავტონომიას და საბოლოოდ ადამიანობასაც.
მე უბრალოდ მაინტერესებს ნუთუ რაიმე ბოროტებას ჩავდივარ, როცა დღეში ხუთი ნამაზიდან (ლოცვიდან) თითოეულის დასრულების შემდგომ ყველა ადამიანის, ჩემი სამშობლოს და ყველა გაჭირვებულის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ვლოცულობ? დიახ, ამას მასწავლის მე ჩემი რელიგია და ამას შთამაგონებენ ჩემი მუსლიმი წინაპრები. ალბათ ისინიც ამ ტკივილს და სირცხვილს ეზიდენოდნენ. იმდენად ჩამომიყალიბდა შიშები საკუთარ თავთან, დავიწყე კითხვების დასმა: და ვინ ვარ? გპასუხობთ: მე ქართველი მუსლიმი ვარ, ბავშვობიდან ეს განცდა და თვითმყოფადობა მაქვს და მე ამით ვამაყობ.
ამ მცირე წერილით მინდა მივმართო ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, სახელმწიფო ჩინოვნიკებს და მოვუწოდო, მცირე ჰუმანურობა მაინც იქონიეთ და ისწავლეთ როგორ შეიძლება გველეპარაკოთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ არადომინანტურ თემებს და ბაზისური გარანტიები მაინც შეგვიქმნათ ადამიანური ცხოვრებისთვის. სამწუხაროდ, ისინი ვისაც ძალაუფლება აქვთ ამაზეც არც კი ფიქრობენ. მათ ინტერესიც კი არ აქვთ გაიგონ და იგრძნონ ტკივილი, რომელსაც ჩვენ განვიცდით და უკვე ისტორიულად დავატარებთ ჩვენს გონებაში, გულში და სხეულებში.
ამავე თემაზე:
ინსტრუქცია