საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ლია დეკანაძე
ბუკნარში განვითრებული მოვლენები კიდევ ერთი ტყვიაა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავის თანამოქალაქეებს ესროლა. არ მერიდება მომხდარს ვუწოდო ძალადობა, რადგან ეს გაგრძელებაა ძალადობათა იმ სერიისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მუსლიმების წინააღმდეგ ბოლო ათწლეულებია ხორციელდება. ყოველ ჯერზე თემი ცდილობს მშვიდობის შენებისა და სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგია აირჩიოს თავის დასაცავად, რაც როგორც ჩანს, მაინც არავის აფიქრებს და არც დაუსჯელობასა და ძალადობას აჩერებს. ქართველი მუსლიმები უმცირესობაში და დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმის გამო კი არ მოვექეცით, რომ რიცხობრივად ცოტანი ვართ, არამედ იმის გამო რომ უმრავლესობა თავს უფლებას აძლევს ზემოდან გვიყუროს და იფიქროს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი მასზე დაბლა დგას, არასაკმარისად ცივილიზებულია და მისი ხსნა და გამოსწორება სჭირდება.
თქვენ მეტყვით რომ ამ გამოწვევას ცნობიერების ამაღლება სჭირდება, დრო სჭირდება, თაობების შეცვლა სჭირდება, მაგრამ ზუსტად რამდენი დრო უნდა გავიდეს? რამდენი ადამიანი უნდა ჩაიხრჩოს უიმედობის, იმედგაცრუების, უსუსურობის განცდის მორევში? რამდენი დრო სჭირდება ცნობიერების ამაღლებას, განათლების სისტემაში ცვლილებებს, რომლისაც ასე გვეიმედება? ზუსტად იმდენი სანამ ამ ქვეყანაში უკანასკნელი ქართველი მუსლიმი საბოლოოდ უარს არ იტყვის საკუთარ თავზე ან არ ეზიარება პროგრესის დომინანტურ იდეას? ან როდემდე უნდა უკავშირდებოდეს მოქალაქეობა და კიდევ უფრო ფართედ ცივილიზებულობა, პროგრესულობა მართლმადიდებლობას?
ჩემი თემის წევრებს წლებია დომინანტური ჯგუფი არცხვენს ყველგან, სადაც შეუძლია; ახსენებს ოსმალურ წარსულს და მოუწოდებს „გაქართველებისკენ“, „მის ნამდვილ რელიგიაზე დაბრუნებისკენ“, გაცივილიზებულობისკენ. ისინი არც რეალურ და არც სოციალურ სივრცეებში შანსს არ კარგავენ ეს გამოცდილება არ შეგვახსენონ და არ გაგვაჩუმონ; გვიმტკიცონ, რომ ისინი უკეთესი ქართველები არიან და ამის გამო მათი ძალაუფლება ამ მიწაზე უფრო ლეგიტიმურია. ნამდვილად არ მესმის, როგორ შეუძლია ამ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს კვლავ გვიანფეოდალური იდეებით გამოვიდეს, თავი კვლავ რელიგიურ საზოგადოებად გამოაცხადოს და ამ დაყოფით გული ატკინოს საერთო ენაზე მოლაპარაკე თანამოქალაქეებს.
ხშირად ადამიანები აღმოსავლეთ საქართველოდან მახსენებენ, რომ მათმა წინაპრებმა უფრო დიდ წნეხს გაუძლეს, აღა მაჰმად ხანის დამანგრეველი დაპყრობები გამოსცადეს და მაინც შეინარჩუნეს მათი რჯული, ჩემი წინაპრები კი მალევე დანებდნენ და დამორჩილდნენ. ამ დროს სულ მახსენდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ღვაწლი ათეისტური კომუნისტური რეჟიმის პირობებში მალვით, ჩუმად ელოცათ, მარხვა დაეცვათ და ისე ჩუმ-ჩუმი ზეპირად გადაცემული ფორმით შეენარჩუნებინათ ყურანის სურები და ზოგადად ისლამი. თუ მათ შეუძლიათ თანაგრძნობა ჰქონდეთ წინაპრების მიმართ, რატომ უკვირთ ჩემი თანაგრძნობა მათ მიმართ, ვინც ისლამი ჩემამდე შეინახა. შესაძლოა უმრავლესობისთვის ეს შედარება შეუსაბამოა და გაუგებარიც, მაგრამ ჩემთვის ეს არის ჩემი ოჯახისა და თემის უახლოესი ისტორია და ცოცხალი გამოცდილება. როცა ამგვარ კითხვებს მისვამენ „მშობლები გაიძულებენ მუსლიმი იყო?“, „ახლა რაღა გიშლის ხელს, ისევ თურქი ხომ არ გადგას თავს“? თავს ყველაზე შეურაცხყოფილად მაშინ ვგრძნობ, რადგან ისინი ძალდატანებული რელიგიის ობიექტად მხედავენ და არა სუბიექტად, რომლისთვისაც ოჯახსაც კი არ დაუტანებია ძალა მუსლიმი ყოფილიყო, რადგან ეს ჩემი საკუთარი არჩევანია! ჩვენ არავინ გვაიძულებს! ზოგს ინერციით, ზოგს კულტურულად და ზოგს სარწმუნოებრივად შემოგვრჩა ისლამი და იმის გააზრება, რომ მასთან იძულება კი არა, ცოცხალი კულტურული გამოცდილებები და ავთენტური სულიერი პრაქტიკა გვაკავშირებს, არავის უნდა. მესმის იმის გაანალიზება, რომ ძალდატანების, მუქარისა და ზეწოლის გარეშე შეიძლება საქართველოში მუსლიმი იყო, შეუძლებლად ჩანს ჩვენივე ისტორიოგრაფიისა და ლიტერატურის იმგვარი ინტერპრეტაციების გამო. მაგრამ ხომ შეიძლება ისტორიის იმ ფურცლების მიღმა აგრესიისა და ბრაზის გარეშე გაიაზრონ რომ წარსულს ვერ ვცვლით, მაგრამ ვქმნით ახალ რეალობას და თანამედროვე ისტორიას, რომელიც ისეთივე უსამართლო, მძიმე და ტკივილიანია ჩვენს მიმართ, როგორც ის იმ წინაპრებისთვის იყო.
უმრავლესობას არ უნდათ გაიაზროს, რომ იყო მუსლიმი საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში არც ადამიანის სიყვარულთან და არც ამ ქვეყნის სიყვარულთან, მასზე და მის განვითარებაზე ზრუნვასთან. ყოველ ჯერზე, როცა მგონია რომ ამის დაწერა და შეხსენება აღარ მოგვიწევს, რადგან ჩვენი საზოგადოება საკმარისად მომწიფდა, მაინც იმედგაცრუების ცივი წყალი მესხმევა თავზე და ასე ერთგვარ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ძალიან ვწუხვარ ამის დაწერა რომ მიწევს, მაგრამ ასე მქონია ისტორიული წყენის, სიბრაზისა და შურისგების მსხვერპლი ვარ საკუთარ ქვეყანაში, რადგან საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ვერ მოინელა ისტორიული წარსული და ვერ შეძლო ახალი ფურცლიდან უკეთესი ისტორიის დაწერა. მსხვერპლი ვარ იმიტომაც, რომ ამ საერთო ისტორიაში ჩემი თემის ადგილი საერთოდ არ აღმოჩნდა. ჩვენ ისე ვიზრდებოდით რომ არ გვქონდა ისტორია, რადგან დაგვაჯერეს, რომ ჩვენი ისტორია მოღალატეობის, სისუსტისა და სირცხვილის ისტორიაა. მსხვერპლი ვართ, რადგან მივხვდით, რომ ქვეყანა, რომლისგანაც დედობრივ სითბოსა და მზრუნველობას ველოდით, სანაცვლოდ დედინაცვალივით ცივად გვექცევა და ჩვენს დაცვაზე უარს ამბობს. ქვეყანამ, რომლის განვითარებისთვის და დაცვისთვის ბრძოლის პირველ ხაზზე ვიბრძვით, ჩვენთვის თავის წიაღში ადგილი ვერ გამონახა და ისევ ძალადობის ყველაზე მტკივნეულ მეთოდს იყენებს ჩვენს „დასასჯელად“ ანუ იგნორირებას, უგულებელყოფას და გულგრილობას.
ამ სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნებით კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად დიდი ხანია ვიტანჯებით, რაც ძალებს გვაცლის და გვფიტავს. თავის მართლების ტვირთი ნაბაყოფლობით არ ამიღია, ის ერთდროულად საზოგადოებამ და მისგან წამოსული ბრალდებებით გაჩენილმა არასრულფასოვნების კომპლექსმა მაიძულა და ახლა მინდა მისგან გავთავისუფლდე. შეიძლება ეს წერილიც კვლავ თავის მართლების განცდით არის დაწერილი, რადგან ძალიან დიდი დრო სჭირდება ამ ჭრილობების მოშუშებას, მაგრამ უმრავლესობისგან განსხვავებით არ ვაპირებ ინდივიდუალურად ვინმე დავადანაშაულო ან შევარცხვინო იმ მძიმე გამოცდილების გამო, რასაც მე და ჩემი თემი გავდივართ. ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე რეფლექსიამ დამანახა, რომ ვალდებული არ ვარ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ვიცხოვრო, ისედაც დიდი დრო და ძალისხმევა წაიღო ამ ფორმით ჩვენმა ცხოვრებამ და უშედეგოდ. ჩვენ გულუბრყვილოდ ვაშენებთ ხიდებს, გვგონია, რომ ისინი ორმხრივია, გვეიმედება, მაგრამ როგორც კი კრიტიკული პერიოდი დგება და ფაქტის წინაშე ვდგებით, ცხადი ხდება რომ ეს ხიდები ცალმხრივია და სუსტია.
ამიტომ მე ახალ ბრძოლას ვიწყებ, რომელიც დაცლილი იქნება სენტიმენტებისგან, ბოდიშისგან და თავის მართლების რიტორიკისგან, რადგან არც ჩვენი ქვეყნის და არც საზოგადოების წინაშე დამნაშავე არ ვარ. აღარ მეშინია სოციალური არასასურველობის და გარიყულობისგან დაუცველობის შეგრძნებაც გამიქრა, რადგან ამაზე ცუდად და შეურაცხყოფილად თავს მაინც ვეღარ ვიგრძნობ. უმრავლესობის გაღიზიანების აღარ მეშინია და არც ჩურჩულს ვაპირებ სხვების არგაღიზიანებისა მიზნით, რადგან ჩვენი უხმო მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. ეს გათავისუფლება, ხმის დაბრუნება, ღირსების დაბრუნება ჩემი ვალდებულება მგონია ადამიანობის იდეის წინაშე, ჩემი თემის წინაშე და შეიძლება უმრავლესობის წინაშეც, რომელიც ჩვენთვის ღირსების წართმევით, მას პირველ რიგში თავად კარგავს.
ამავე თემაზე:
ინსტრუქცია