[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / თვალსაზრისი

"გადამქართულდა"

ჰურიე აბაშიძე

ბევრს გაგიგიათ ალბათ სიტყვა "გადამქართულდა", ბევრისთვის შეიძლება დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იყოს, ის დამავიწყდას სინონიმად გამოიყენება, მაგრამ ჩვენთვის აჭარლებისთვის სხვა დატვირთვასაც იძენს. ამაზე მაშინ დავფიქრდი, როცა ქართული ენის მასწავლებელმა გვითხრა: თქვენ არ შეიძლება რაიმე გადაგქართულდეთ, თქვენ არ შეიძლება ქართული და ქართველობა დაგავიწყდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ისეთივე ქართველები ვართ როგორც დანარჩენები. მაშინ ამის შინაარსს კარგად ვერ ჩავწვდი, თუმცა გუშინ წინააღმდეგობით ნათქვამმა ამ სიტყვამ - " ქართველი და მუსლიმი" კარგად გამახსენა ჩემი გადაქართულების ამბავი. მე არ გადამქართულდა ჩემი ქართველობა, თუმცა დანარჩენ საქართველოსთვის გადავქართულდით ჩვენ და ჩვენი რელიგიური იდენტობა გახდა ჩვენი ქართველობიდან ამოშლის მიზეზი.

დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით, დიდი ხანია „ჩვენ“ "ისინი" გავხდით, ახლა აღმოვაჩინე რომ იმდენად უცხოები ვართ ერთმანეთისთვის, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ მაგრამ ერთმანეთის არ გვესმის. ჩვენი ტოლერანტობა მოჩვენებითი, მრავალფეროვნება კი კედელზე დატანილი რაღაც ფერადი ლაქა აღმოჩნდა.

თქვენ მოგწონთ ჩვენი დაცარიელებული ფერადი უძველესი ხის მეჩეთები, მაგრამ გაშინებთ მეჩეთში მიმავალი მლოცველი. ძალიან მოგწონთ და მოწიწებით ქედს იხრით თავსაფრიანი ბებოების წინაშე და ხოტბას ასხამთ მათ, თუმცა ჩემი თავსაფარი თქვენთვის ჩამორჩენილობის და გაუნათლებლობის სიმბოლოა.

მუდმივად მიწევს მტკიცება იმის, რომ ჩემი რელიგიური იდენტობის მიუხედავად, მე ისეთივე ქართველი ვარ როგორც თქვენ, ისეთივე პრობლემები და სატკივარი მაქვს რაც თქვენ, იგივენაირად მიხარია საქართველოს წარმატება როგორც თქვენ და ისევე მტკივა ოკუპაცია როგორც თქვენ. მეც აქ ვიყავი 2008 წელს და იგივე შიში და ტკივილი გამოვიარე რაც თქვენ. ისევე მაწუხებდა გავრილოვის ღამე, როგორც თქვენ და იქ ვიყავი როგორც სხვა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც ეს ქვეყანა მნიშვნელოვანია. ისევე მაწუხებდა შუა ზამთარში პოლიციის ძალებით აფრიკიდან ოჯახების გამოსახლება, როგორც თქვენ. ისევე განვიცდი სიღარიბისგან და უიმედობისგან დაღლილ სახეებს, როგორც თქვენ. მუდმივად იქ ვარ, სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები, როგორც თქვენ. მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი როგორც მუსლიმის თქვენს გვერდით ყოფნა მუდმივად იქნება ეჭვის მიზეზი და სულ იმაზე იფიქრებთ: როდის გაგვყიდისო.

ვერც ვერასდროს წარმოიდგენთ როგორი მძიმე განცდაა, როცა საკუთარ ხალხს უნდა უმტკიცო, რომ შენც მისი ნაწილი ხარ. ჩემს სამშობლოს საქართველოს ვეძახი და ჩემი ქართველები ვერ მცნობენ და მათთვის უცხო ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი რელიგიური იდენტობა მათთსას არ ემთხვევა.

ჩვენ ყოველ დღე ველაპარაკებით ერთმანეთს, მაგრამ დიდი ხანია ერთმანეთის აღარ გვესმის.

ამავე თემაზე:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“