[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / სტატია

არჩევნები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში

2019 წლის 25 დეკემბერს ბათუმში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს ახალ მუფტად ადამ შანთაძე აირჩიეს. ფორსირებულად ჩატარებული საარჩევნო პროცესის გამო, არჩევნებმა დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. არჩევნების დასრულებისთანავე პროტესტის ნიშნად სამმართველო დატოვა სამმა თანამშრომელმა: რევაზ მიქელაძემ, თემურ გორგაძემ და ოთარ ნადირაძემ. მათი თქმით, არჩევნებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის ქვეშ ჩაიარა და დემოკრატიული პროცედურების უგულვებელყოფით, უსაფრთხოების სამსახურისთვის სასურველი კანდიდატი იქნა არჩეული. აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმარველოს სამმართვლოზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენების შესახებ გასულ წლებშიც არა ერთი ეჭვი გამოთქმულა,[1] მათ შორის, მუფტის არჩევის საკითხთან მიმართებით[2].

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მართვასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული რამდენიმე ასპექტი. სტატია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე ხელისუფლების უკანონო გავლენების და კონტროლის შესაძლო პრაქტიკაზე. ამ კუთხით შეფასებები ეფუძნება რამდენიმე ინტერვიუს, რომელიც ჩაწერილია როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოდან პროტესტის ნიშნად წამოსულ თემურ გორგაძესა და რევაზ მიქელაძესთან, ასევე ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძესთან და მსოფლიო ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარესთან და ყოფილ მუფტთან ქემალ ცეცხლაძესთან.

სტატიაში ასევე შეფასებულია სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წესდება და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ის რისკები, რომელიც ორგანიზაციის მართვის სტრუქტურაში ჩანს.

 

1სამმართველოს სტრუქტურა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკები წესდებაში

სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს (შემდგომში სამმართველო) წესდება, რომელიც ორგანიზაციის მოწყობისა და მმართველი ორგანოების არჩევის წესს განსაზღვრავს, თავისთავად პრობლემური და ბუნდოვანი დოკუმენტია და ორგანიზაციის არადემოკრატიული მართვისა და არჩევნების და მართვის პროცესების მანიპულირების მაღალ რისკებს შეიცავს.

სამმართველოს ორგანიზაციული მოწყობა რთული და მრავალშრიანი ჩანს. ორგანიზაციის მმართველობა ადმინისტრაციული და რელიგიური შინაარსის მიხედვით რეალურად ორ პარალელურ სისტემად არის გაყოფილი. წესდების თანახმად, ორგანიზაციას ჰყავს დამფუძნებელი კრება და აღმასრულებელი დირექტორი, რომლებიც ორგანიზაციის უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენენ და ორგანიზაციის შიგნით ძირითად ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენს (თუმცა, მას რელიგიურ საკითხებში ჩარევის უფლება არ აქვს). ამასთან, ორგანიზაციას ჰყავს რელიგიური მართველობის პარალელური დონე. კერძოდ, სამართველოში გეოგრაფიული და კონფესიური გადანაწილების ლოგიკით მოქმედებს 3 უმაღლესი სასულიერო პირი (დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტები (სუნიტი მუსლიმების სახელით) და შეიხი (შიიტი მუსლიმების სახელით)) და ამავე წესით დაკომპლექტებული 3 რელიგიური საბჭო. უმაღლესი სასულიერო პირები და რელიგიური საბჭოები მეტწილად ორგანიზაციის რელიგიურ საქმიანობაზე არის ორიენტირებულნი.   

ორგანიზაციის უმაღლეს ორგანოს დამფუძნებელთა კრება წარმოადგენს, რომელსაც წესდებაში ცვილებების შეტანის და აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის, ასევე შესაბამისი უმაღლესი სასულიერო პირების (მუფტებისა და შეიხის) წარდგენის შემთხვევაში რელიგიური საბჭოების (შემადგენლობის) რეგისტრაციის კომპეტენცია აქვს. დამფუძნებელთა კრების წევრთა რაოდენობაც წესდებით ზუსტად დადგენილი არ არის  და ცვალებადია. ნიშანდობლივია, რომ წესდებით არ არის განსაზღვრული დამფუძნებელთა კრების მიერ არჩეული აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადაც. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობები გამიჯნულია რელიგიური საქმიანობისგან და მოიცავს სამმართველოს ორგანიზაციულ, საფინანსო, საკადრო, ასევე სხვადასხვა დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის ხელმძღვანელობას და მიმდინარე არჩევნების ორგანიზებას. ის სამმართველოს სრულფასოვანი წარმომადგენელია მესამე პირებთან ურთიერთობაში, ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად.  

ორგანიზაციას ჰყავს სამი უმაღლესი სასულიერო ლიდერი (დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტები და შეიხი), რომელიც რელიგიური საბჭოების მიერ აირჩევა. სასულიერო ლიდერების მსგავსად, საბჭოებიც შიდა ისლამური კონფესიური და ამავდროულად გეოგრაფიული დაყოფების გათვალისწინებით ასევე სამია. პრობლემას წარმოადგენს რელიგიური საბჭოს დაკომპლექტების წესი. წესდებით არ არის განსაზღვრული საბჭოების წევრთა რაოდენობა. ბუნდოვანი და საკმაოდ ზოგადია ასევე ის კრიტერიუმები, რომლითაც შესაძლებელია კანდიდატი გახდეს რელიგიური საბჭოს წევრი. ამ მხრივ წესდება ითვალისწინებს სამ კრიტერიუმს: 1. რელიგიური განათლების ქონას; 2. შესაბამისი რეგიონის მრევლისთვის კანდიდატის მიმღებლობას; 3. ზრდილობიანობას და კანონმორჩილებას. რელიგიური საბჭოების რეგისტრაციას დამფუძნებლები ახდენენ. თუმცა, წესდება არ განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი რელიგიურ საბჭოში ახალი წევრების დამატება. ეს ქმნის არჩევნების  შედეგების მანიპულაციის შესაძლებლობას კენჭისყრაში მონაწილე პირთა რაოდენობის გაზრდის მეშვეობით. საბჭო გადაწყვეტილებებს (მათ შორის, სასულიერო ლიდერის არჩევის შესახებ) იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. წესდებაში ასევე არაფერია ნათქვამი კენჭისყრის ფარულობის ან ღიაობის შესახებ.

რაც შეეხება თავად მუფტობის/შეიხის კანდიდატს. მისთვის განსაზღვრულია შემდეგი კრიტერიუმები: 1. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; 2. უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და რელიგიური მმართველობის საკმარისი გამოდილება; 3. უნდა იყოს ასაკით არანაკლებ 30 და არაუმეტეს  70 წლისა. მუფტები და შეიხი აირჩევიან 5 წლის ვადით. ისინი ხელმძღვანელობენ მათდამი დაქვემდებარებულ სასულიერო პირებს, უძღვებიან სამმართველოს რელიგიურ საქმიანობას მათდამი კონფესიურად და გეოგრაფიულად დაქვემდებარებული მრევლის მიმართ.

სამმართველოს საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, შეიხი და სამმართველოს აღმარულებელი  დირექტორი, კონსენსუსის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ სამმართველოს წესდება ითვალისწინებს, სამმართველოს წევრობის შესაძლებლობას და მათ ორგანიზაციულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, მიუხედავად, იმისა, რომ წესდება რამდენიმე ადგილას საერთო კრების შესახებ ახსენებს, დოკუმენტში საერთო კრების სტატუსი და კომპეტენციები არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, სამმართველოს წევრების ორგანიზაციის მმართვაში მონაწილეობის შესაძლებლობები ასევე არის განსაზღვული და წევრებს უფრო ნომინალური სტატუსი აქვთ.   

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სამმართველოს ორგანიზაციული მოწყობა და არჩევნების პროცედურები სუსტად არის გამართული და მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ რისკებს შეიცავს. ძალაუფლება ორგანიზაციის შიგნით ერთი შეხედვით დეცენტრალიზებულია, თუმცა, ძირითადი მმართველობითი კომპეტენციები შეუზღუდავი ვადით დანიშნულ აღმასრულებელ დირექტორსა და ცვალებადი შემადგენლობის და არც ერთ სხვა ძალაუფლების შტოზე დამოკიდებული დამფუძნებელთა კრების ხელშია კონცენტირიებული. რელიგიური ორგანიზაციის სისტემაში ადმინისტრაციული შინაარსის ლიდერის ორგანიზაციის შიდა იერარქიების სისტემაში ყველაზე მაღალ საფეხურზე დაყენება და მისთვის ფართე კომპეტენციების მინიჭება და შეუზღუდავი უფლებამოსილების ვადით დანიშვნა პრობლემური ჩანს. 

 

2. სამმართველოს მართვის და პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი

არჩევნების პროცესისა და სამუფტოზე ხელისუფლების შესაძლო კონტროლის პოლიტიკისა და მისი სოციალური გავლენების შესახებ რესპოდენტებთან ჩაწერილ ინტერვიუებში გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ქვემოთ არის მიმოხილული. 

 

2.1 არჩევნების პროცესი და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის შესაძლო გავლენა

დასავლეთ საქართველოს მუფტის ბეგლარ ქამუშაძის უფლებამოსილება 2019 წლის ნოემბერში ამოიწურა. მიუხედავად ამისა, სამმართველოს წევრებისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო, თუ როდის ჩატარდებოდა არჩევნები ახალი მუფტის ასარჩევად. რელიგიური საბჭოს წევრებისთვის არჩევნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მხოლოდ არჩევნების წინა ღამით, 24 დეკემბერს. რესპოდენტები აცხადებენ, რომ სწორედ გვიან ღამით სატელეფონო საუბრისას შეატყობინეს რელიგიური საბჭოს წევრებს, თუ ვისთვის უნდა დაეჭირათ მხარი არჩევნებში. რესპოდენტების თქმით, არჩეული მუფტი ადამ შანთაძე მათთან პირად საუბრებში აცხადებდა, რომ არ აპირებდა ამ თანამდებობაზე კენჭისყრას.

რესპოდენტთა ნაწილის აზრით, არჩევნების შედეგებზე ზეწოლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენდა. მათი თქმით, მათ შორის სამმართველოს წესდებაში აღმასრულებელ დირექტორად მითითებული პირის  -  რესან გოგიტიძის მეშვეობითაც, რომელიც მათი თქმით წლების განმავლობაში ასრულებს სამმართველოში ე.წ. „ოდეერის“[3] მოვალეობებს, რაც გულისხმობს ორგანიზაციაში არსებული საქმიანობის და იქ დასაქმებული პირების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

არჩევნების ფორსირებულად ჩატარების პირობებში ბუნებრივია არ მომხდარა კანდიდატების სამომავლო გეგმების, თუ პროგრამის განხილვა. კენჭისყრაზე არ დაასწრეს ჟურნალისტებიც და არ იქნა გათვალისწინებული კიდევ ერთი კანდიდატის - რევაზ მიქელაძის და მისი მომხრეების წინადადება კენჭისყრის ფარულად ჩატარების შესახებ. არჩევნების ღია კენჭისყრით ჩატარებამ როგორც მიქელაძე და მისი მომხრეები აცხადებენ ხელი შეუშალა რელიგიური საბჭოს წევრების მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას.

სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, თემურ გორგაძე, რომელმაც არჩევნების ამ წესით ჩატარდება საჯაროდ გააკრიტიკა, ჩვენთან მიცემულ ინტერვიუში ღიად იხსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მასთან უკანონო კომუნიკაციის შემთხვევას: „აქ ძველ ბათუმში გავაჩერე მანქანა. უცებ უკან მომაყენა ვიღაცამ შავი ქამრი, ჩამოწია მანქანა და მეუბნება შენ ერთია დგილი დააყენეო. ჯერ ვერ მიხვდი. მეგონა მანქანაზე მეუბნებოდა. დაპარკინგებული მაქვს მე ვუთხარი. არა ერთი ადგილი დააყენეო ნუ ერევიო, ხო იცი ეს ცხოვრება როგორ არის მოწყობილიო. მაინც ვერ მივხვდი, მეთქი რა გინდა? თითო ვიდეო ყველაზე მოიპოვებაო. [..]გარეთ გახედე 21-ე საუკუნეა ეს აღარ ჭრის მეთქი.“

რესპოდენტების თქმით, ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას თემის შიგნით არ აღიარებენ, რაც მხოლოდ გააღრმავებს მუსლიმთა სამმართველოსადმი ისედაც არსებულ უნდობლობას.

 

2.2 სამმართველოზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგადი გავლენები

რესპოდენტები მიუთითებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სამმართველოს საქმიანობის ზოგად კონტროლზეც. მათ შორის უპირველესად საკადრო პოლიტიკის მხრივ. სასულიერი პირების სხვადასხვა თანამდებობებზე გამწესება, მათი თქმით, ყოველ ჯერზე თანხმდება უსაფრთხოების სამსახურთან. კონტროლდებოდა სამმართველოს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურთან  შეთანხმდა ე.წ. „მოხეს კომისიის“ ფარგლებში მიღწეულ შეთანხმების პირობებიც, რის შესახებაც ინფორმირებული იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც. ასეთი სისტემატიური კონტროლის პირობებში  მუსლიმთა სამმართველოს როგორც დამოუკიდებელ რელიგიურ ორგანიზაციად არსებობის ფაქტი ფიქციაა. პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ სახელმწიფო მხოლოდ სამმართველოს აღიარებს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების ერთადერთ ლეგიტიმურ ერთობად, რაც ადასტურებს, რომ მას მხოლოდ საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციის არსებობა სურს და სახელმწიფო პოლიტიკა ვერ აღიქვას მუსლიმი თემის შიგნით არსებულ არა ერთგვაროვნებას. ერთ-ერთი რესპოდენტის განცხადებით, სწორედ მუსლიმი თემის ხელოვნურად გაერთგვაროვნება ქმნის პრობლემას: „პრობლემა ის არის სახელმწიფო ხედვაში, რომ წარმოუდგენიათ რომ შესაძლებელია რაღაც ერთიანი სისტემის შექმნა. უხეში შედარებისთვის რომ  ვთქვათ როგორც მართმადიდებელი ეკლესიაა ერთიანი საქართველოში და მას ჰყავს ერთი უმაღლესი მეთაური. ჩვენთან ასეთი იერარქია არ არის. ერთი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ სუნიტი და შიიტი მუსლიმების გაერთიანებაც, რაც ზოგჯერ სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ დადებითად ფასდება, უპრეცედენტო მოვლენაა ისლამური სამყაროსთვის და ის ამ ვითარების ხელოვნურობაზე და მართულობაზე უფრო მეტყველებს.

 

2.3 უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის სოციალური გავლენები მუსლიმ თემზე

უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამმართველოს საქმიანობის ასეთ კონტროლს რესპოდენტები არა ერთგვაროვნად აფასებენ. ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა იმასთან დაკავშირებით, რომ  მუსლიმი თემის მუდმივი კონტროლი და ზედამხედველობა უსაფრთხოების სამსახურის მიერ, იწვევს ამ თემის უკმაყოფილებას, გაღიზიანებას და იმედგაცრუებას სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთმა რესპოდენტმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: „რჩება განცდა, რომ სახელმწიფო მებრძვის. მე მართალია მაქვს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლება, მაგრამ მსახურების თავისუფლება არ მაქვს. მაქვს რწმენის თავისუფლება,  მაგრამ არ მაშენებინებ მეჩეთს ბათუმში, არ მარჩევინებ მუფტს. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მსახურების თავისუფლება არ მაქვს. მსახურება და რწმენა კიდევ ისლამში ერთმანეთისგან მოუშორებელია. არ არსებობს რწმენა მსახურების გარეშე. ამის საშუალებას ჩვენ სახელმწიფო დღეს არ გვაძლევს.“

მათი ხედვით, მიუხედავად სახელისუფლებო ცვლილებებისა, მუსლიმი თემის არაღიარების და პოლიტიკური, საჯარო სივრციდან გარიყვის მიდგომას ყველა ხელისუფლება უცვლელად ინარჩუნებს. თემურ გორგაძე უთითებს: „უნდათ ისე გარიყული გახდე, რომ რამენაირად აჭარელმა მუსლიმებმა თურქეთისგან მოითხოვონ შვება, რომ მერე უთხრა, აი ნახეთ, თქვენ ეს ხართ. ამას ცდილობენ წლებია, სამუფტოს დაბალი ავტორიტეტითაც მათ შორის.“ რეზო მიქელაძე ამავე საკითხზე აგრძელებს: „ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის ეს ყველაფერი. იწვევს საშინელ გაუცხოებას სახელმწიფოსგან. ინტეგრაციაზე ამ შემთხვევაში საუბარიც ზედმეტია. მუსლიმი მოსახლეობა ხედავს რომ იცვლება ხელისუფელბები, მაგრამ ეს მიდგომა ეს კონტროლის კუთხით მუშაობა იგივე რჩება, რაც იყო, არ ვიცი, შეიძლება ჯერ კდიევ საბჭოთა კავშირის დროს. და მას შემდეგ ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ აი ეს მიდგომა მუსლიმების მიმართ ყოველთვის იგივე რჩება.“

საინტერესო ყოფილი მუფტის, ქემალ ცეცხლაძის შეფასებებიც: „აქ მათ პიროვნებებში კი არ არის საქმე, სისტემაშია, რომელიც სახელმწიფომ შექმნა ისე, რომ ჩვენ მუსლიმ თემს არაფერს გვეკითხება. [..]პრობლემა არის ის, რომ სამუფტო სამმართველო არ გამოხატავს მუსლიმი თემის ინტერესებს. იქ მეჯლისში არ არის ის ხალხი, ვინც მუსლიმ თემს წარმოადგენს, ვისაც მუსლიმი თემი ენდობა. მგონი ყველა რაიონის მუფტიც კი არ ჰყავთ შეყვანილი.“

თუმცა, რესპოდენტების ნაწილი სახელმწიფოს ამგვარ ქმედაბაშიც ხედავს მათ შორის მუსლიმი თემის შიგნით ერთგვარი გამოღვიძების, დემოკრატიული თვითორგანიზების მიზეზსაც, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამ თემის პოლიტიკურ სუბიექტად აღქმას შესაძლოა შეუწყოს ხელი. სახელმწიფო ინტეგრაციის პოლიტიკის არ არსებობის პირობებში მუსლიმი თემის გაძლიერების და მათთვის სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმის  ტვირთი მთლიანად ამ თემის ლიდერებზე და თემის შიგნით თვითოგრანიზებულ ჯგუფებზეა გადატანილი. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ უარი თქვას მუსლიმი თემის მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში ხედვაზე.

 

2.4 რესპოდენტების მიერ მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის შეფასება

მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის შეფასებისას რესპოდენტები ხაზს უსვამნენ, რომ მათ არასდროს ჰქონიათ განსაკუთრებული მოლოდინები სამმართველოს საქმიანობის შესახებ, აცნობიერებდნენ რა, მასზე სახელმწიფო კონტროლის მასშტაბებს. სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმეებს შორის დასახელდა რელიგიური სწავლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები საკვირაო სკოლების ორგანიზების და ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავების სახით. ასევე ცალკეული მეჩეთების შეკეთების, თუ მშენებლობის ორგანიზებაც. თუმცა, რესპოდენტების აზრით, სამმართველო ვერ ახერხებს მუსლიმი თემის მნიშვნელოვანი საჭიროებების და ინტერესების გამოხატვას, თუნდაც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მხარდაჭრის კუთხით. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე სამმართველოს ძირითად ფუნქციაა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების განაწილება  მუსლიმი სასულიერო პირებისთვის ხელფასის სახით. აშკარაა, რომ სამმართველოსა და მუსლიმი თემის მნიშვნელოვან ნაწილს შორის არსებობს უნდობლობა და სამმართველოს საქმიანობის სახელმწიფოს მიერ კონტროლი სამომავლოდ მხოლოდ გააღმავებს ამ დამოკიდებულებას.

 

3. შესაძლო გამოსავალი

ისტორიკოსი ანასტასია განიჩი თავის ნაშრომში „სამხრეთ კავკასიის მუსლიმთა სამმართველო რუსეთის იმპერიაში“  წერს, რომ რელიგიური საქმეების მოწესრიგებისთვის რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა შეექმნა მუსლიმებს შორის ისეთივე ცხადი იერარქია, როგორიც არსებობდა მართმადიდებელ ეკლესიაში. ამ მიზნით შეიქმნა სამმართველო როგორც შიიტი მუსლიმებისთვის შეიხით სათავეში, ასევე სუნიტი მუსლიმებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელად მუფტი მიუჩინეს. მუსლიმი სასულიერო ლიდერებისთვის განისაზღვრა ასევე სხვადასხვა სახელმწიფო პრივილეგიები, მათ შორის იმპერიის მოხელის ანაზღაურებაც.[4] საქართველოში დღესდღეობით არსებული მუსლიმთა სამმართველოს სტრუქტურა, მისი საქმიანობის ამოცანები და პრაქტიკა საკმაო მსგავსებას ამჟღავნებს მე-19 საუკუნეში ქრისტიანი მოხელეების მიერ შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქრისტიანი იყო. ეს შეცდომა რამდენიმე წლის წინ გამოსწორდა.  აუცილებელია სახელმწიფომ უარი თქვას რელიგიური ორგანიზაციების მართვის მოძველებულ, არადემოკრატიული ფორმებზე და ნაცვლად ამისა, უზრუნველყოს რელიგიური გაერთიანებების რეალური ავტონომია.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მუსლიმ თემს აქვს სურვილი გარკვეული შიდა კონფესიური ორგანიზაციული ერთობა იქნას მიღწეული. ეს ორგანიზაციული ერთობა მათი წარმოდგენით მხოლოდ ჰორიზონტალური მოწყობის ორგანიზაცია შეიძლება იყოს, რომლის საქმიანობაშიც წამმართველი როლი შესაბამისი თეოლოგიური განათლების მქონე პირებს მიენიჭებათ. მათთვის აუცილებელი პირობაა, რომ ეს ერთობა იყოს თვითორგანიზებული და სახელმწიფოს თუ სხვა გარეშე აქტორების ზეგავლენისგან თავისუფალი. რესპოდენტები თანხმდებიან იმაზე, რომ რელიგიური საბჭოს - „მეჯლისის“ არჩევის წესი საჭიროებს მეტ დემოკრატიულობას და მუსლიმი თემის ფართო მონაწილეობას მის დაკომპლექტებაში: „აუცილებელია, რომ მეჯლისი აირჩიონ ყველა სოფელში და ქალაქში მცხოვრებმა მუსლიმებმა. მათ უნდა წარმოადგინონ კანდიდატები. მაშინ იქნება უკვე ეს მთელი მუსლიმი თემის ინტერესების გამომხატველი ორგანიზაცია.“

რელიგიური გაერთიანების და მისი დამოუკიდებლად/ჩარევის გარეშე მართვის უფლება რელიგიის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია და ის ასევე დაცულია სეკულარული სახელმწიფოს პრინვიპებით. ცხადია, რომ ამ ვითარებაში სამმართველოზე ხელისუფლების ჭარბი კონტროლის პრაქტიკები რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მძიმე გამოცდილებას ქმნის. 

ცხადია, რომ ფორმალური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული პოლიტიკა ამ ორგანიზაციიდან მუსლიმი თემის გაუცხოებას იწვევს. იმ პირობებში კი, როცა სახელმწიფომ მასთან ურთიერთობებში ძირითად რელიგიურ ორგანიზაციად სწორედ სამმართველოს ხედავს, ეს რეალობა ართულებს სამმართველოს მიერ მუსლიმი თემის რეალური საჭიროებების, წუხილების და ინტერესების რეალურ წარმომადგენლობას. ამ პროცესთან კავშირში უნდა დავინახოთ ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესი და მოძრაობა, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაარსებული პარალელური სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც სამმართველოს გვერდის ავლით ცდილობენ თვითორგანიზებას და ადგილობრივი წუხილების გადაჭრას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს მუსლიმი თემი საკუთარ გამოწვევებს დემოკრატიული თვითორგანიზებით და რეაგირებით პასუხობს, რაც მუსლიმი თემის პოლიტიკური ემანსიპაციის მნიშვენელოვან რესურსზე მიუთითებს, თუმცა ხელისუფლების კონტროლზე ორიენტირებული დრომოჭმული პოლიტიკა თემის შიგნით გარკვეულ დაძაბულობებს მაინც ქმნის და უფლებების რეალიზების პროცესს აფერხებს.  

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუსლიმი თემის შიგნით მიმდინარე დისკუსიები დემოკრატიულობით, დასაბუთებულობით და ურთიერთპატივისცემით გამოირჩევა. უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა,  ადეკვატურად აღიქვას და შეაფასოს  თემის შიგნით მიმდინარე ეს პროცესები. დახურული, კონტროლს დაქვემდებარებული, ლეგიტიმაციას მოკლებული ორგანიზაციის შექმნის ნაცვლად, სახელმწიფომ  მუსლიმ თემს უნდა მისცეს დემოკრატიული თვითორგანიზების საშუალება და აღიაროს ამგვარად ორგანიზებული თემის წარმომადგენლობა და პოლიტიკური აგენტობა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] როგორ ცდილობს სახელმწიფო მუსლიმური ორგანიზაციების გაკონტროლებას? ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/rogor-tsdilobs-sakhelmtsifo-muslimuri-organizatsiebis-gakontrolebas

[2] “საქართველოს სამუფტო ორად გაიყო“. ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/life/28586/.  ასევე: „დასავლეთ საქართველოს მუფტი გადადგა“. ხელმისაწვდომია:http://www.tabula.ge/ge/story/90088-dasavlet-saqartvelos-mufti-gadadga

[3] დასახელება მოდის რუსული აბრევიატურიდან, ОДР – Офицер Действующего Резерва

[4] А. А. Ганич - Духовные правления мусульман Закавказья в Российской империи (XIX – начало ХХ в.)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“