საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე ანგარიშის მიზანია 2016-2017 წლების საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო გეგმის მე-11 თავის შესრულების პროცესის შეფასება და მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა, რომელიც შეიძლება გახდეს მომავალში მისი პოლიტიკის რევიზიის საფუძველი.
რელიგიის თავისუფლების დაცვის ხარისხი ქვეყნის დემოკრატიულობისა და პლურალიზმის საზომია და გავლენას ახდენს სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და კულტურული ჯგუფების პოლიტიკურ და სოციალურ ინკლუზიაზე და სოციალურ სტაბილურობასა და მშვიდობაზე.
საქართველოში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებულ გამოწვევებს სისტემური ხასიათი აქვს და წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგია. რელიგიურ ორგანიზაციებთან სახელმწიფოს პოლიტიკა არსებითად მართლმადიდებელი ეკლესიის ექსკლუზიური პრეფერენცირების მიდგომას ეფუძნება, რომელიც აღიარებულია საკანონმდებლო დონეზე და ინსტიტუციონალიზებულია ყოველდღიურ პოლიტიკაში.
ასიმეტრიული სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემოს მიღმა, არადომინანტი რელიგიური ჯგუფები პრაქტიკაში ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას. რეგიონებში კომპაქტურად დასახლებული არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის და მარგინალიზაციის პრობლემა უფრო კრიტიკულად დგას.
2012 წლიდან რელიგიის თავისუფლების საკითხები მწვავედ დადგა პოლიტიკურ დღის წესრიგში და მან ახალი შინაარსი შეიძინა. ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების ჯაჭვი, იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიური დევნის მზარდი ტენდენცია (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ამ კუთხით მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია), რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზებისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნები, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას უკავშირდება, პოლიტიკური ხელისუფლების არასეკულარული საჯარო რიტორიკა და მიდგომები, ამ შეფასების ყველაზე აშკარა მაგალითებია. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის გამოვლენილ შემთხვევებს მხოლოდ იზოლირებული ხასიათი არ ჰქონია და მეტწილად სხვადასხვა რელიგიურ და სოციალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის ფორმით იყო წარმოჩენილი, რაც პრობლემის კომპლექსურობაზე მიუთითებს და სახელმწიფოს მხრიდან სისტემური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. სამწუხაროდ, აღნიშნულ გამოწვევებს სახელმწიფომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკით არ უპასუხა, რის გამოც რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დროისთვის კონსერვირებულია. სახელმწიფოს მხრიდან დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიერ უფლების დარღვევის ფაქტებზეგამოვლენილმა ლოიალობამ დაუსჯელობის გარემოსთან ერთად, უმცირესობას მიკუთვნებულ რელიგიურ ჯგუფებში გარიყულობის კვალი დატოვა.
რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს სახელმწიფომ 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებით უპასუხა, რომლის ხედვები და საქმიანობის სტრატეგია იმთავითვე გახდა რელიგიური ორგანიზაციების და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. სააგენტოს საქმიანობამ რელიგიის თავისუფლების სფეროში რეგრესული მიდგომების (რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზება, რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში ინტერვენცია, რელიგიის თავისუფლების პოლიტიკაში უსაფრთხოების პარადიგმის გაძლიერება) ფორმალიზების რისკები გააჩინა.
დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ აქ ⇓
ინსტრუქცია