[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / განცხადება

უსაფრთხოების სექტორი, სამართალდამცავი სისტემა და რეპრესიული სისხლისამართლებრივი პოლიტიკა - 2021

სამართალდამცავი სისტემა და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა

მიმდინარე წელს არსებითაც შეჩერებული იყო სამართალდამცავი სისტემის, პროკურატურის და პოლიციის ინსტიტუციური რეფორმები. კვლავაც გამოწვეას წარმოადგენს აღნიშნული უწყებების ჩაკეტილობა და თანამშრომლობის დეფიციტი სამოქალაქო ორგანიზაციებთან. უმწვავეს პრობლემად რჩება პროკურატურის და პოლიციის პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზება და ამ ორგანოების გამოყენება საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური პროტესტების ჩასახშობად.

ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა კვლავაც ვერ პასუხობს შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ჩანს ქონებრივი და ნარკოტიკული დანაშაულების შემთხვევაში, რა დროსაც სახელმწიფოს მოქმედების ძირითადი ლოგიკა დასჯა და იზოლაციაა, ნაცვლად სოციალური თუ ეკონომიკური საჭიროებების მქონე მოქალაქეების მხარდაჭერა.

როგორც აღინიშნა, 2021 წელსაც შეჩერებული იყო საგამოძიებო სისტემის, ნარკოპოლიტიკის, პოლიციის და პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალიტეგის რეფორმებზე მუშაობა. ამ მხრივ, აღსანიშნავია 19 აპრილის დოკუმენტში სპეციალური აქცენტი პროკურატურის რეფორმის საკითხზე - კერძოდ კი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის იმგვარი წესის შემუშავების აუცილებლობაზე, რაც შეამცირებდა ამ პროცესზე პოლიტიკური გავლენების რისკებს. სამწუხაროდ, გენერალური პროკურორის არჩევის წესზე მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენის ეტაპზე შეჩერდა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

მიმდინარე წელსაც აქტუალური იყო ერთი მხრივ, საპოლიციო ძალის დისპროპორციული, დაუსაბუთებელი გამოყენების პრაქტიკები მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით პრობლემურია ადმინისტრაციულ სამსართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები და ადმინისტრაციული დაკავების გაზრდილი ვადები, რომელიც კიდევ უფრო ზრდის საპოლიციო თვითნებობის და მოქალაქეთა უფლებების უსაფუძვლოდ შელახვის რისკებს. მეორე მხრივ, აშკარა იყო პოლიციის უმოქმედობა ისეთ 5-6 ივლისის მოვლენების დროს, როდესაც ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა ათეულობით მშვიდობიანი აქტივისტის თუ ჟურნალისტის მიმართ ორგანიზებულად იძალადეს.

უსაფრთხოება და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიზირება და მისი პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზება კვლავაც მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მიმდინარე წლის სექტემბერში მედიის საშუალებით გავრცელდა უკანონოდ მოპოვებული ფაილები, სადაც სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატების თუ სხვა საზოგადოებრივი ჯფუფების წარმომადგენლების პირადი კომუნიკაციის დეტალები იყო დამუშავებული. უკანონო მოსმენების და მიყურადების პრობლემა წლების განმავლობაში იწვევდა სამოქალაქო ორგანიზაციების კრიტიკას, თუმცა წელს გავრცელებულმა ფაილებმა კიდევ ერთხელ, უფრო მკაფიოდ აჩვენა არსებული პრობლემის მასშტაბი და სიმწვავე. ასევე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ფარული მოსმენების აღნიშნულ პრაქტიკებს პირდაპირ განაპირობებს არსებული კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც ერთი მხრივ ჭარბი და უკონტროლო ძალაუფლებით აღჭურვავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მეორე მხრივ კი ამ ორგანოს საქმიანობაზე არ ავრცელებს ეფექტიან გარე კონტროლის მექანიზმებს.

სამწუხაროდ, უკანონო მოსმენა/მიყურადების თაობაზეც სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება უკიდურესად არაეფექტიანია და მმართველი პოლიტიკური გუნდი ამ დრომდე უარს აცხადებს, საკითხის შესასწავლად და პრობლემების სწორად იდენტიფიცირებისთვის, საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებაზე. შესაბამისად, სუს-ის საქმიანობა კვლავაც კონტროლს მიღმაა, არსებული სუსტი ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის ინსტრუმენტების პირობებში კი უკიდურესად იზრდება მოქალაქეთა პირადი ცხოვრების თუ სხვა უფლებების შელახვის რისკები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“