[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

პოლიციამ დაარღვია 10 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების უფლებები 

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით მიმდინარე წლის 10 ნოემბერს თბილისში გამართული აქციების მონაწილეების დაკავების ფაქტებს და მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული მასობრივი დაკავების პრაქტიკა არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს. აგრეთვე, პრობლემურია დაკავებული პირების ხანგრძლივი ვადით დაყოვნება პოლიციის ავტომობილებში, მათი დაკავების იზოლატორებში დაგვიანებით გადაყვანა და ამ პროცესში დაკავებულების ადვოკატთან წვდომის შეზღუდვა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის წინ იმართებოდა საპროტესტო აქციები. Შეკრებების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, საერთო ჯამში, 46 მოქალაქე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით.

უპირველეს ყოვლისა, შეკრებებისა და მანიფესტაციების მართვის პროცესში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საპოლიციო ძალის პროპორციულ და თანაზომიერ გამოყენებას. ისეთ შემთხვევაშიც კი, თუკი აქციის ცალკეული მონაწილეები გაცდებიან მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, პოლიციამ ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ იძულების ღონისძიებები მიემართებოდეს კონკრეტულ სამართალდამრღვევებს და გამოყენებულმა ძალამ მთლიანად შეკრების ჩატარების შესაძლებლობაზე არ იქონიოს არსებითი გავლენა. ამავდროულად, ამ პროცესში ცალსახად პრეზუმფცია უნდა მოქმედებდეს შეკრებისა და გამოხატვის უფლებების სასარგებლოდ.

როგორც მოვლენების თვითმხილველების განმარტებებიდან და მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მოქალაქეების ნაწილი სამართალდამცავებმა დააკავეს უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრისგან მოშორებით, რა დროსაც არ იკვეთებოდა კონკრეტული პირების მიერ კანონდარღვევის რაიმე ნიშნები. აგრეთვე, დაკავების პროცესში პოლიცია არ იძლეოდა განმარტებებს გამოყენებული საპოლიციო ძალის საფუძვლების თაობაზე. Საყურადღებოა ისიც, რომ დაკავებული მოქალაქეების ადვოკატებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ შესაძლებლობა შესულიყვნენ პოლიციის განყოფილებებში დაკავებულების მოსანახულებლად და მათთვის სამართლებრივი კონსულტაციების გასაწევად. Ხოლო დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლება ზოგიერთ შემთხვევაში 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ამ პროცესში მათ უწევდათ პოლიციის ავტომობილებში ან განყოფილებების ეზოში ლოდინი.

10 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებში იკვეთება საპოლიციო იძულების ღონისძიებების დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად გამოყენების ნიშნები. ამავდროულად, განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის დაკავების შემდგომ მოქალაქეების ადვოკატზე წვდომის შეზღუდვა, რადგან სამართლებრივ კონსულტაციას/დახმარებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა სწორედ დაკავების საწყის პერიოდში აქვს, რადგან არსებობს პოლიციის მხრიდან იძულების გზით ადმინისტრაციული წესით დაკავებულისგან ინფორმაციის მიღების რისკები. Კრიტიკულად უნდა შეფასდეს ისიც, რომ დაკავებულებს არ ეძლეოდათ საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრების ინფორმირების შესაძლებლობა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საგანგაშოა ისიც, რომ შსს ბოროტად იყენებს კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია 24 საათიანი დაკავების ვადა ერთჯერადად გაახანგრძლივოს 24 საათით და შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი პატიმრობაში ჯამში 48 საათით ამყოფოს. 10 ნოემბერს დაკავებულთა 24 საათიანი პატიმრობის ვადა უკვე გასულია, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არც ერთი მათგანის პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა და ისინი კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, რისი უფლებაც შსს-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუკი წერილობით დაასაბუთებს მტკიცებულებების მოპოვების მიზნით თითოეული მათგანის შემტხვევაში პატიმრობის ვადის გახანგრძლივების საჭიროებას.

შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც მაღალია საზოგადოებრივი გახლეჩვის და დაპირისპირების საფრთხეები, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიციის მოქმედებები იყოს თანაზომიერი, კანონის შესაბამისი და არ მიემართებოდეს ვითარების კიდევ უფრო დამძიმებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმოწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სარგებლობა, ხოლო პოლიციამ უარი თქვას იძულების ღონისძიებების არაპროპოპორციულ გამოყენებაზე;

  • უზრუნველყოფილი იყოს დაკავებულთა გონივრულ ვადაში შესახლება დროებითი მოთავსების იზოლატორში;

  • უზრუნველყოფილი იყოს დაკავებულების ადვოკატების და ოჯახის წევრების ინფორმირება მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ;

  • დაკავებულებს მიეცეთ ადვოკატზე დროულად წვდომისა და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობა.

  • არ გამოიყენოს პატიმრობის გახანგრძლივებული, 48 საათიანი ვადა შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროების გარეშე.


ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • უფლებები საქართველო (RG)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“