საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ქართული მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია 2013-2021 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და სხვა პირების კერძო კომუნიკაციების სავარაუდო მასობრივი უკანონო თვალთვალის პრაქტიკის შესახებ. გავრცელებული მასალების მოცულობის, მასშტაბისა და შინაარსიდან გამომდინარე, იკვეთება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის სავარაუდო სისტემური დანაშაული, რომლის ეფექტური გამოძიებაც სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, ხომ არ შეიცავს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავისთავად საფრთხეებს.
წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მიყურადების და ფიქსაციის სამართლებრივი მოწესრიგება, ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და გამოწვევები. დოკუმენტში მიმოხილულია ელექტრონული თვალთვალის საფუძვლების, ფარგლებისა და პროცედურის, ღონისძიების ხანგრძლივობის, თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვის, გადაცემის და განადგურების, მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და უფლების დაცვის მექანიზმების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები. ასევე, დოკუმენტში კრიტიკულადაა შეფასებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა, მისი დამოუკიდებლობის გარანტიები და ანგარიშვალდებულების სისტემა.
ელექტრონული თვალთვალის სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი ცხადყოფს, რომ:
არაეფექტურია ელექტრონული თვალთვალის ობიექტის მიერ ინდივიდუალური უფლების დაცვის კანონით გათვალისწინებული მექანიზმები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პირმა შესაძლოა ვერასდროს გაიგოს, რომ გახდა ფარული მიყურადების ობიექტი.
დოკუმენტში წარმოდგენილი მიგნებები წარმოაჩენს, რომ საქართველოში პირადი ცხოვრების გაუმართლებელი ხელყოფის რისკები დიდწილად თავად არასრულყოფილი საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარეობს. ფარული მიყურადების სამართლებრივი რეჟიმის ანალიზისას გამოვლენილმა პრობლემურმა ასპექტებმა, რაც მით უფრო ცხადი გახდა მიმდინარე წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სავარაუდო უკანონო მოსმენების სისტემური პრაქტიკის შესახებ გაჟონილი ინფორმაციის ფონზე, კიდევ ერთხელ აჩვენა უსაფრთხოების სექტორისა და ფარული მიყურადების სამართლებრივი რეჟიმის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროება.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია