საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი განუცხადა კონტრდაზვერვითი საქმიანობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების მოწოდებაზე. კერძოდ, ჩვენი ორგანიზაცია უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა მხოლოდ განზოგადებულ მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი დაექვემდებარა და რა ხანგრძლივობით ბოლო წლებში კონტრდაზვერვითი მიზნებით ფარულ მოსმენებსა და მიყურადებას; აგრეთვე, როგორი იყო ამ მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უზენაესი სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რამდენიმე კვირის წინ მედიის მიერ გავრცელდა მორიგი ინფორმაცია მოქალაქეების მასობრივი უკანონო მოსმენების შესაძლო დანაშაულების თაობაზე. სამწუხაროდ, აღნიშნულზე ამ დრომდე არ გაუკეთებიათ სათანადო განმარტებები სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის სუს-ის ხელმძღვანელობას. აგრეთვე, ამ დრომდე პარლამენტი არ ასრულებს მის კონსტიტუციურ უფლება-მოვალეობას და არ იყენებს იმ ფორმალურ-სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რათა გამოკვლეული და შესწავლილი იყოს აღნიშნული საკითხი. ამ ფონზე, შესაბამისი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს რეალური და ზუსტი ცოდნა, თუ რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე, რამდენად მასშტაბურია ქვეყანაში ადამიანების მიყურადება და მოსმენა და აქვს თუ არა ამ ყველაფერს კანონიერი სახე.
სწორედ ამ მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 6 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოსგან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი შუამდგომლობით მიმართა სუს-მა უზენაეს სასამართლოს კონტრდაზვერვითი მიზნებით ფარულ მოსმენების და მიყურადების განხორციელების ნებართვაზე. აგრეთვე, ამ შუამდგომლობებიდან რამდენი მათგანი დაკმაყოფილდა და მთლიანობაში, რამდენი მოქალაქე და რა ხანგრძლივობით დაექვემდებარა მოსმენას/მიყურადებას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი არ ყოფილა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება, უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვითი ინტერესების შელახვა, ან რაიმე ისეთი ინფორმაციის გასაჯაროება, რომლითაც მომავალში რაიმე ბარიერები/საფრთხეები შეექმნებოდა სუს-ის მიერ საკუთარი კანონისმიერი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ითხოვდა მხოლოდ განზოგადებულ სტატისტიკურ მონაცემებს კონტრდაზვერვითი მიზნებით განხორციელებულ აქტივობებზე, უზენაესმა სასამართლომ მაინც არ უზრუნველყო საჯარო ინფორმაციის მოწოდება იმ არგუმენტით, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება. სახელმწიფო საიდუმლოების ასე ფართოდ ინტერპრეტაცია უკიდურესად პრობლემურია და ეწინააღმდეგება საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების პრინციპს. განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მსგავს ინტერპრეტაციას აკეთებს უზენაესი სასამართლო, რომელიც უნდა იყოს კანონის უზენაესობის და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი გარანტი ქვეყანაში.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ უკანონო მოსმენები საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ზოგადად საზოგადოებრივ წესრიგს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ მექანიზმს, რათა უზენაესმა სასამართლომ გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია.
ინსტრუქცია