საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მუშაობის მამხილებელ სავარაუდო ფაქტებს და მიიჩნევს, რომ გავრცელებული მასალა ადამიანების უკანონო, რეგულარული და ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის უმძიმეს პრაქტიკას აჩვენებს. ჩვენი შეფასებით, ეს ფაქტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უხეში ხელყოფაა და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიური განვითარების შესაძლებლობებს.
ბოლო კვირების განმავლობაში მედია და ინტერნეტრესურსების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაციის ჯაჭვი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ სავარაუდო ფარულ მიყურადებაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ასეთ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადებები და დაადასტურეს დასახელებული საუბრების ნამდვილობა. 13 სექტემბერს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო მასობრივი ფარული მიყურადების ფაქტების თაობაზე, ამჯერად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების შესახებ.
ჩვენმა ორგანიზაციამ ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა ცალკეული მონაცემები და ინფორმაცია გავრცელებული დოკუმენტებიდან, რომელიც აჩვენებს, რომ რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობის პროცესში ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორისა და თანამშრომლის პირადი კომუნიკაცია სხვადასხვა პირთან, სავარაუდოდ, რეგულარულად ისმინებოდა, დოკუმენტირდებოდა და ინახებოდა ორგანიზაციის დაარსების პირველივე წლებიდან. ფიქსირდება არა მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით შესაბამის პირებთან კომუნიკაციის ჩაწერა, არამედ პირად წრესთან კომუნიკაციის ჩაწერაც.
ამასთან, ჩანს, არა მხოლოდ სატელეფონო საუბრის ჩაწერა, არამედ, სავარაუდოდ, ჩვენი გადააადგილების თვალთვალიც. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჩვენი ადვოკატის მის მარწმუნებლებთან კომუნიკაციის ჩაწერა და კონფიდენციალობის პირობის და გარანტიების უხეში ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ჩვენთვის გაზიარებული მასალები აჩვენებს, კონტროლი ჩვენს თანამშრომლებზე ატარებდა დეტალურ, ყოველდღიურ და ხანგრძლივ ხასიათს. ეს გარემოებები აძლიერებს ეჭვებს, რომ გავრცელებული კადრები ნამდვილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იწერებოდა და ის დროულ, ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.
ამ პროცესში ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არა მხოლოდ უკანონო ჩაწერისა და მიყურადების გამოცდილება, რომელიც სამწუხაროდ, ამ უწყების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკასა და სამწუხარო ტრადიციას წარმოადგენს, არამედ პირადი ინფორმაციის არასაკმარისი დაცვის პრობლემაც. ეს ფაქტი არაერთი ჩვენი მოქალაქის მიმართ პირადი ცხოვრების ხელყოფის უმძიმეს შედეგებს ქმნის. სუს-ის სისუსტე დაიცვას მის უწყებაში თავმოყრილი ინფორმაცია, ამავდროულად აჩვენებს იმ რთულ გამოწვევას, რომ უწყებას არ გააჩნია ინსტიტუციური მედეგობა სხვა, კიდევ უფრო მაღალი, მათ შორის, საგარეო და ეროვნული მნიშვნელობის ინფორმაცია და მონაცემები დაიცვას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბოლო დროს სავარაუდო უკანონო მიყურადების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციებზე ვერც ერთმა სახელმწიფო უწყებამ ვერ მოახერხა ადეკვატური რეაგირება და მასშტაბური უკანონო პრაქტიკების ეფექტიანად გამოძიება. მეტიც, სუს-ის მოქმედებისა და მართვის მანკიერი პრაქტიკების გათვალისწინებით, ამგვარი ფაქტების არსებობა და მათი მასობრივი ხასიათი ჩვენთვის ყოველდღიურ მოვლენად და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში მუდმივად იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების ერთ-ერთ მთავარ კერად, სადაც თავმოყრილია ადამიანებზე კონტროლის, დაშინების, მანიპულაციისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმები. ამას ხელს უწყობს სუს-ის ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც მოკლებულია ანგარიშვალდებულების პროცედურებს და ერთი უწყების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას იწვევს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სუს-ის როლი წინასაარჩევნო კონტექსტში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხშირად გვევლინება პოლიტიკური ანგარიშსწორების, დაშინების და არაფორმალური გავლენების გავრცელების წყაროდ. საქართველოში წინასაარჩევნო პროცესები ვერ იძენს დემოკრატიულ შინაარსს, პოლიტიკური ხელისუფლების მიზანი კი სუს-ის მეშვეობით ადამიანებზე მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მოძიება, მათი ცხოვრების პრივატულ სფეროებში შეღწევა და ინფორმაციული მანიპულაციების წარმოებაა. ბოლო პერიოდში გავრცელებული მასალები სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკური ბრძოლების და პარტიული ინტერესების გასატარებლად სუს-ის რესურსი დღემდე აქტიურად გამოიყენება.
საპატრიარქოს მაღალი იერარქებისა და მღვდლების საქმიანობის და პირადი ცხოვრების მასშტაბური, უკანონო და ყოველდღიური კონტროლი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის, მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ რისკებს შეიცავს და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპსაც არღვევს.
ჩვენი აზრით, სუს-ის მართვის არსებული პრაქტიკები იმდენად შეზრდილია პოლიტიკური ხელისუფლების პარტიულ ინტერესებს, რომ ფრაგმენტული რეფორმები ან გამოძიების წარმოების იზოლირებული ფაქტები ვერ შეცვლის სისტემის მოქმედების ლოგიკას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სახელმწიფო ინსტიტუციების რყევის, პოლიტიზირებისა და უნდობლობის პროცესი იმდენად შორის წავიდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების და მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან მსგავსი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების და სიმართლის დადგენის მოლოდინიც კი აღარ გვაქვს. ეს პოლიტიკური სისტემის კრიზისის უმძიმესი შედეგია და სახელმწიფოებრიობის ბაზისური ჩარჩოების მოშლის ნიშნებს შეიცავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალაუფლება იმდენად ჭარბია, რომ მისი დეკონცენტრაცია და შეკუმშვა ფართო პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს და რადიკალურ ინსტიტუციურ რეფორმებს უნდა დაექვემდებაროს. არსებითია, რომ ეს საკითხები საქართველოს პარლამენტის ინტერვენციის და მუშაობის საგანი გახდეს და საპარლამენტო გამოძიებისა და სუს-ის რეფორმირების პროცესი პოლიტიკური კონსენსუსის პირობებში და ლოგიკით წარიმართოს.
აუცილებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოინახოს გზები, რომელიც სუს-ს აქცევს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულ ორგანოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგრძელდება როგორც ცალკეული ადამიანების უფლებებისა და ინტერესების უხეში ხელყოფა, ასევე პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი და სამართლიანი განვითარების შეფერხება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს,
საქართველოს პარლამენტს:
საქართველოს პროკურატურას:
ინსტრუქცია