[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC: უკანონო ფარულ ჩანაწერებზე სახელმწიფოს რეაგირება უკიდურესად პრობლემურია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ ინტერვიუს და აღნიშნავს, რომ უკანონო მოსმენების/მიყურადების განგრძობადი პრაქტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ წესრიგს. ამ გზით მოპოვებული ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება კი წახალისებულია ხელისუფლების არაეფექტურობითა და პოლიტიკური ნების არქონით, გამოიძიოს პირადი ცხოვრების შელახვის ფაქტები. უკანონო მოსმენების და პირადი ცხოვრების უხეში დარღვევის პრაქტიკა პირდაპირ უკავშირდება ამ მიმართულებით საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების ჩავარდნას და კონკრეტულ შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების დაგვიანებულ და არაეფექტურ რეაგირებას.

ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში 21 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირებისგან სხვადასხვა ოპერატიულ დავალებას იღებდა. გულაშვილის თქმით, მისთვის მიცემული დავალებებიდან ერთ-ერთი გულისხმობდა ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში სპეციალური ტექნიკური საშუალებების დამონტაჟებას და ამ გზით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარული გზით მოპოვებას.

სამწუხაროდ, ფარული ჩანაწერები და ამ გზით პოლიტიკოსებზე თუ სხვა საჯარო პირებზე მანიპულირება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე უხეშ და ამორალურ პრაქტიკად იქცა. უპირობო სოლიდარობას იმსახურებენ მსგავსი ფაქტების მსხვერპლი პირები, განსაკუთრებით კი ქალები, რომლებიც სამწუხაროდ, ბოლო წლებში არაერთხელ გახდნენ ფარული ჩანაწერების/მათი გავრცელების მუქარის და დაშინების ობიექტები.

სამწუხაროდ, დღეს არსებული ინსტიტუციური და საკანონმდებლო მოწყობა ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ კონტროლსა და ზედამხედველობას სამართალდამცავ ორგანოებზე და სათანადოდ არ არის დაზღვეული ამ უწყებების მხრიდან მოქალაქეების პირადი ცხოვრების შელახვის რისკები. სამართალდამცავ უწყებებში, განსაკუთრებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს თავმოყრილია ჭარბი ძალაუფლება, რომელიც არ ექვემდებარება ადეკვატური საპარლამენტო და გარე-ანგარიშვალდებულების მექანიზმებს. ამავდროულად, აღნიშნული უწყებები დღემდე რჩება პარტიული გავლენების ქვეშ, რაც აძლიერებს მათი მხრიდან ძალის გადამეტების და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების რისკებს. თავის მხრივ, წარსულში უკანონო მოსმენების და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევების გამოუძიებლობა და მართლმსაჯულების განუხორციელებლობა კიდევ უფრო ახალისებს სამართალდამცავების თვითნებობას და ასევე აჩვენებს ამ საკითხების გამოძიების პოლიტიკური ნების არ არსებობას.

ბოლო წლებში პირადი ცხოვრების გავრცელების, ან მათი გავრცელების მუქარით მოქალაქეების შანტაჟის არაერთი შემთხვევა, ცალსახად მიუთითებს სუსტი საპარლამენტო და გარე-ზედამხედველობის მექანიზმებზე და სამართალდამცავი ორგანოების ჭარბ ძალაუფლებაზე. მიყურადების/თვალთვალის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში უკანასკნელ წლებში გატარებული არაერთი ცვლილება გატარდა, თუმცა მათი რეალური მიზანი არ ყოფილა არსებული პრობლემების მოგვარება და ადამიანის პირადი ცხოვრების მაღალი სტანდარტებით დაცვა.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს, რომლითაც არაკონსტიტუციურად მიიჩნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა. სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებდა რისკებზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური და მატერიალური შესაძლებლობები, აგრეთვე მისი საგამოძიებო ბუნება, ზრდიდა რისკებს, სასამართლოს კონტროლის გვერდის ავლით დაემუშავებინა ამ უწყებას პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა არსებითად არ გააუმჯობესა ფარული მოსმენების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და ეს უფლებამოსილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ახლადშექმნილ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მიანიჭა. 2017 წელს, სახალხო დამცველმა და 300-ზე მეტმა მოსარჩელემ კიდევ ერთხელ მიმართა აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა სასამართლოს განახლებულ სარჩელზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუტანია (საქმეზე არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლო 2019 წელს დაასრულა).

ქართული კანონმდებლობის სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენს ის, რომ კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის, დღემდე შესაძლებელია სასამართლოს კონტროლის გარეშე ფარული მიყურადება, სატელეფონო ან სხვაგვარი კომუნიკაციის ჩაწერა, ან აუდიო-ვიდეო მოწყობილობით პირის მიმართ თვალთვალი. ეს უფლებამოსილებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაშია მოქცეული, რაც კიდევ უფრო ზრდის უწყების მხრიდან ძალის გადამეტების და მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს. ამ საკითხზე EMC-იმ ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, სადაც არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა სასამართლოს ნებართვის გარეშე ფარულ აუდიო/ვიდე ჩაწერასა და სატელეფონო თუ სხვა სახის კომუნიკაციის მიყურადებას. სამწუხაროდ, სარჩელის შეტანიდან 5 წელზე მეტია გასული და სასამართლოს ამ დრომდე არ აქვს მისი განხილვა დასრულებული.

ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი სახელისუფლებო შტოებისთვის, პირადი ცხოვრების სათანადო სტანდარტებით დაცვა არ წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს. პარლამენტმა ამ დრომდე ვერ შექმნა ადეკვატური ნორმატიული ბაზა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა ამ კუთხით პოლიციის თვითნებობის რისკებს. თავის მხრივ, სამართალდამცავი ორგანოებიც ავლენენ უკიდურეს არაეფექტურობას უკანონო ჩანაწერების გამოძიებისას. სამწუხაროა, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოც ვერ უზღუნველყოფს ეფექტია სამართალწარმოებას და რამდენიმეწლიანი დაყოვნების მიუხედავად, დღემდე არ აქვს მიღებული გადაწყვეტილებები მაღალი საჯარო და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველ რიგში პრობლემის პოლიტიკური აღიარება ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდგომ, თითოეულმა უწყებამ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. კერძოდ:

  • პროკურატურის მიმართ არსებული დეფიციტური ნდობის პირობებში, მაღალი მგრძნობელობისა და პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეები გამოსაძიებლად უნდა გადაეცეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკანონმდებლო ცვლილება არაა საჭირო და გენერალური პროკურორის დადგენილებით არის საქმის ინსპექტორისთვის გამოსაძიებლად გადაცემა შესაძლებელი;
  • საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო დახვეწა იმგვარად, რომ დაცული იყოს პირადი ცხოვრების კონსტიტუციური სტანდარტები;
  • უნდა გაძლიერდეს სამართალდამცავ უწყებებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, მათ შორის კონტრდაზვერვითი და ფარული საგამოძიებო საქმიანობის მიმართულებით, რათა მინიმალიზებული იყოს ამ უწყებების მხრიდან თვითნებობის და ძალის გადამეტების რისკები;
  • საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად და ეფექტიანად უნდა უზრუნველყოს საქმისწარმოება პირადი ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელებზე და თავიდან აირიდოს საქმის განხილვის გაჭიანურება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“