საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო.[1] პროექტის ამოცანაა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების იმ პუნქტის შესრულება, სადაც პროკურატურის რეფორმაზეა საუბარი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) არასაკმარისად მიიჩნევს შემოთავაზებულ ცვლილებებს და პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად, უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური რეფორმა, რომლიც პროკურატურას მაღალი ანგარიშვალდებულების და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მქონე უწყებად გარდაქმნის.
მართლმსაჯულების მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება რამდენიმე ფართო საკითხს მოიცავს და მათ შორისაა პროკურატურის სისტემაში გასატარებელი ცვლილებები.[2] შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფომ გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა შეცვალოს. იმგვარად რომ, უზრუნველყოფილი იყოს გენერალური პროკურორის დანიშვნა გამჭვირვალე, მიუკერძოებელი პროცესით, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის კრიტერიუმის გათვალისწინებით.[3]
შეთანხმების მიხედვით, შემდეგი გენერალური პროკურორი პარლამენტმა ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით უნდა აირჩიოს, რაც შექმნის პროცესში ფართო პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობას. ამასთანავე, კანონმდებლობაში უნდა შეიქმნას ამ საკითხზე გადაწყვეტილების დაბლოკვის (Deadlock) საწინააღმდეგო მექანიზმი. შეთანხმებით შემოთავაზებული ვერსიით, გენერალური პროკურორის ასარჩევად, ხმათა კვალიფიციური უმრავლესობა პირველი ორი მცდელობისას არის საჭირო, თუკი პარლამენტი კვალიფიციური უმრავლესობით ვერ შეარჩევს კანდიდატს, პარლამენტს ექნება შესაძლებლობა გენერალური პროკურორი ხმათა უბრალო უმრავლესობით აირჩიოს. ამ წესით არჩეული პირი, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წლით გამწესდება.[4]
გენერალური პროკურორის არჩევის დღეს მოქმედი წესი - რომლის მიხედვითაც, პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას ხმათა უბრალო უმრავლესობით იღებს, დიდი ხანია კრიტიკის საგანს წარმოადგენს.[5] ასეთი წესით გადაწყვეტილების მიღება აზრს უკარგავს პოლიტიკურ დიალოგს პარტიებს შორის და მხოლოდ სახელისუფლებო ძალაუფლებას უქვემდებარებს საკითხს. ამავდროულად, მნიშვნელოვნად ზრდის პარტიული გავლენების რისკებს პროკურატურის სისტემაზე. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ, ეჭვქვეშ აყენებს უწყების დამოუკიდებლობას, რაც თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ხარისხზე.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შედეგად ინიცირებული კანონპროექტი, მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს პოლიტიკური კონსენსუსის შესაძლებლობას. კონსტიტუციური კანონის პროექტით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით აირჩევს. თუ ამ წესით პარლამენტი ორჯერ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, შემდგომ ეტაპზე გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ამ წესით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია.[6] მიუხედავად იმისა, რომ ინიცირებული პროექტი, ფორმალურად შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ქმნის სრულ გარანტიებს პირველ რიგში, გენერალური პროკურორის კანდიდატის ღიად, გამჭვირვალედ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით შერჩევისთვის. ამასთან ერთად, ინიცირებული პროექტი ვიწროდ განიხილავს პროკურატურის რეფორმის საკითხს და მხოლოდ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესის ცვლილებით შემოიფარგლება. რაც ერთმნიშვნელოვნად არ არის საკმარისი უწყების დამოუკიდებლობისა და ნდობის ხარისხის ზრდისთვის.
შეთანხმებისგან განსხვავებით, ინიცირებული პროექტი ზღუდავს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება იყოს განხილული გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტის მიერ. პროექტში დაკონკრეტებულია, რომ კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. ამ დათქმით, კანონპროექტი არ ქმნის სხვა კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობას პარლამენტისთვის და ზრდის ერთპარტიული ინტერესის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საფრთხეს.[7]
გასათვალისწინებელია, რომ არსებული კანონმდებლობა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე განწესებისთვის, ორ ეტაპიან პროცედურას ადგენს. მოქმედი რეგულაციით, პროცესი საპროკურორო საბჭოს დონეზე იწყება. სწორედ საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატი წარედგინება პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.[8] გენერალური პროკურორის არჩევის წესი პრობლემურია არა მხოლოდ პარლამენტის დონეზე საბოლოო გადაწყევტილების მიღებისას, არამედ საწყის ეტაპზეც, საპროკურორო საბჭოს დონეზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის დროსაც.
საპროკურორო საბჭოს დონეზე კანდიდატის შერჩევის არსებული მოდელი და წესი, არ არის საკმარისად გამჭვირვალე და არ დგას ახლოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. საპროკურორო საბჭოს ეტაპზე კანდიდატის შერჩევის პროცესი არ არის სრულად მოწესრიგებული ორგანული კანონით, რაც ტოვებს თავისუფალ სივრცეს საპროკურორო საბჭოსთვის, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს დებულებით დადგენილი წესი. მსგავსი მოწესრიგება განსაკუთრებით პრობლემურია საპროკურორო საბჭოს არსებული შემადგენლობის, უფლებამოსილების და ნდობის კრიზისის ფონზე.
სამწუხაროა რომ პარლამენტმა არ გაითვალისწინა თავის დროზე სამოქალაქო სექტორის შეთავაზება, რომ კანონმდებლობაში არსებული კონსულტაციების ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი ეტაპი, ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შეეცვალა[9]. პარლამენტმა საერთაშორისო გამოცდილების, თუ რელევანტური რეკომენდაციების მიუხედავად, კანონში კვლავ დატოვა ჩანაწერი, რომელიც უშვებს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთი პირის რამდენჯერმე არჩევის შესაძლებლობას.[10]
არსებული ხარვეზის მიუხედავად, ინიცირებული პროექტი, მხოლოდ მეორე ეტაპს, კანდიდატის პარლამენტში არჩევის წესს ცვლის. 19 აპრილის შეთანხმებაში პირდაპირ არის მითითება, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას გენერალური პროკურორის შერჩევის მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროცედურა, რაც მხოლოდ პარლამენტის ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებით ვერ მიიღწევა. შეთანხმების მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ეს კრიტერიუმები მთელს პროცესზე, - გენერალური პროკურორის არჩევის მთლიან წესზე ერთიანად გავრცელდეს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზეც არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, ფართოდ განეხილა პროკურატურის სისტემის რეფორმა, გამოეყენებინა აღნიშნული შესაძლებლობა, სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე მსჯელობის განსაახლებლად.
პრობლემურია საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი უფლებამოსილების ფარგლებიც. საბჭოს არ აქვს სათანადო ფუნქციები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს უწყების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ეფექტიანობას, რაც არის მისი ძირითადი კონსტიტუციური მანდატი. ამასთან, სათანადოდ არ არის გადანაწილებული ფუნქციები გენერალურ პროკურორს და საპროკურორო საბჭოს შორის. სისტემაში არსებული მკაცრი იერარქიის პირობებში, გენერალური პროკურორისთვის საპროცესო ხელმძღვანელობითი და ორგანიზაციული მენეჯმენტის ფუნქციის ერთდროულად მოქცევა, ფართო უფლებამოსილებას აძლევს მას. ამ პირობებში დაბალია ინდივიდუალური პროკურორების ავტონომიის ხარისხი.
მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დღეს დევნის და გამოძიების უფლებამოსილება ერთი უწყების ხელშია მოქცეული. სწორედ პროკურატურაა უფლებამოსილი, გამოძიება დაიწყოს ყველაზე მნიშვნელოვანი სახის საქმეებზე, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირთა ან მათი მონაწილეობით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. ერთი უწყების ფარგლებში უშუალოდ გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მოქცევა, საფუძველს აცლის გამოძიების დამოუკიდებლობას. ამიტომაც, სისტემური რეფორმის მიზანი უნდა იყოს, პროკურატურის როლის შემცირება გამოძიების პროცესში.
ამ ვითარებაში, აუცილებელია სახელმწიფომ დროულად განახორციელოს საგამოძიებო სისტემის რეფორმა. რეფორმამ უნდა უზრუნველყოს პროკურორის და გამომძიებლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და გამომძიებლების მეტი პროფესიული დამოუკიდებლობის მინიჭება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ ჯგუფებს:
გონივრულად გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა და გააფართოვონ ინიცირებული პროექტის ფარგლები. რეფორმა არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ პარლამენტის დონეზე გენერალური პროკურორის არჩევის საკითხით. პროკურატურის სისტემის რეფორმამ უნდა მოიცვას შემდეგი საკითხები:
[1] იხ: ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2TI4JfH
[2] შეთანხმების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3COYAA7
[3] იქვე
[4] იქვე, გვ. 6
[5] იხ: EMC-ის მოსაზრებები კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტთან დაკავშირებით, 2017, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3whFRss
[6] იხ: ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2TI4JfH
[7] იხ: ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2TI4JfH
[8] იხ: პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 16
[9] მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bit.ly/3yR5tOW
[10] ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 16, ნაწილი 2
ინსტრუქცია