საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე დოკუმენტი აანალიზებს 2022 წელს თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვან ტენდენციებს. დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, ასევე კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებს.
მიმდინარე წელს არც ერთი ზემოთ აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა არ გამოჩენილა. მიუხედავად, იმისა, რომ ფორმალური პოლიტიკის დონეზე ჩანს მთავრობის მცდელობები შეიმუშავოს და დაამტკიცოს ადამიანის უფლებათა დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, ეს დოკუმენტები და მასთან დაკავშირებული პროცესები ძირეული ცვლილებების საფუძველი არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მხრიდან ჩანს თვითორგანიზებისა და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის მაღალი ინტერესი და მზადყოფნა, ინსტიტუციური პოლიტიკის ველები არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ დონეზე არ არის ღია მათი რეალური დემოკრატიული მონაწილეობისთვის. ზოგადად, მიმდინარე წელს თვალშისაცემი იყო სახელმწიფო უწყებების ჩაკეტილობის პრობლემა. იმ უწყებების დონეზეც კი, სადაც წინა წლებში აქტიური იყო თანამშრომლობა სამოქალაქო ორგანიზაციებთან, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო, მიმდინარე წელს კომუნიკაციისა და დიალოგის პროცესები მათ დონეზეც კი სუსტი, ფრაგმენტული და არასაკმარისი იყო.
არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვის, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით 2022 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს მთავრობამ მიიღო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია და რელევანტური სამოქმედო გეგმა, ამ პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული ძირეული რეფორმებისა და ცვლილებების ინიციატივები სახელმწიფოს არ წარმოუდგენია და არც სამოქალაქო ორგანიზაციებთან ჰქონია სათანადო განხილვა ამ თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მართვის რეჟიმი და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან დემოკრატიული, ინკლუზიური და რეგულარული საკონსულტაციო პროცესები არ განახლებულა/დაწყებულა.
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას მოქალაქეობის პრობლემას, რომელიც ადამიანებისთვის სხვა უფლებების სარგებლობის საბაზისო უფლება და გარანტიაა. მოქალაქეობის პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას ჯავახეთში მცხოვრები ათი ათზე მეტი ეთნიკური სომეხის პირის წინაშე, რომლებმაც შრომითი მიგრაციის გამო 2008 წლის ომის ფონზე საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს; ასევე 90-იანი წლების კონფლიქტის დროს საქართველოდან გაქცეული ეთნიკური ოსების, რეპატრირებული მუსლიმი მესხებისა და ჩეჩენი ლტოლვილების (დაახლოებით 100 მდე ადამიანის) წინაშე. მოქალაქეობის შესახებ არსებული კანონმდებლობა და პოლიტიკა ნაკლებად მგრძნობიარეა ამ ჯგუფების წინაშე მდგარი გამოწვევების მიმართ და მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი პოლიტიკური, კულტურული და სოციალური კავშირები აქვთ საქართველოსთან, საბაზისო პოლიტიკური და სოციალური უფლებების გარეშე ტოვებს. კანონისა და მისი აღსრულების ძირითადი სირთულეები ამ ისტორიულ კონტექსტში მცხოვრები ჯგუფებისთვის (საგამონაკლისოდ) ორმაგი მოქალაქეობის დაშვების არსებობას, მოქალაქეობის მიღების/დაბრუნების პროცესისთვის ქართული ენის ცოდნის მოთხოვნას და ამ პროცესზე უსაფრთხოების სამსახურების ჭარბ გავლენებს უკავშირდება.
2022 წლის ერთ-ერთ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ,“ რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უპრეცედენტო თვით-ორგანიზების შემდეგ დადგა. სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ როგორია კანონპროექტის საჯარო განხილვისა და მიღების გეგმა და ვადები.
მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხებზე შექმნილი მოკვლევის ჯგუფის მუშაობა, რომელმაც აღიარა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი თემებისთვის სკოლამდე, სასკოლო და უმაღლესი განათლების დონეზე ჩანს და რომელზეც არა ერთი სამოქალაქო აქტორი წლების განმავლობაში აპელირებს. მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში საბავშვო ბაღების კატასტროფულად დაბალი რაოდენობა[1], სკოლებში მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობისა და მკვეთრად დაბალი კვალიფიკაციის პრობლემა[2], ბილინგვური სახელმძღვანელოების დაბალი ხარისხი და სწავლების არასათანადო მეთოდოლოგია, მკვეთრად მაღალი ჩამორჩენა განათლების ხარისხში[3], უმაღლესი განათლების დონეზე დაფინანსების უსამართლო წესი. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სახელმწიფოს არ აქვს ეთნიკური უმცირესობების განათლების მხარდაჭერაზე მიმართული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და მისი ეფექტიანი მართვისთვის საჭირო ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა (კოორდინაციის, კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმებით), რაც ამ სფეროში ძირეული ცვლილებების გატარებას ართულებს.
მიმდინარე წელს, როგორც წინა წლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მწვავედ იდგა სოფლის მეურნეობის მიწებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. 2022 წელს, ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში, მარნეულის სოფელ თექალოში, საგარეჯოს სოფელ დუზაგრამში ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა და ეწინააღმდეგებოდა მათ სოფლებში მიწის უსამართლო და არათანაბარი განაწილების პრაქტიკას. აღნიშნული გვაფიქრებს, რომ მნიშნველოვანია სახელმწიფო სისტემურად მიუდგეს, წინა წლებში გავლენიანი პოლიტიკური და ეკონომიკური აქტორების მიერ მიწის მისაკუთრების თვითნებურ პრაქტიკებს და ადგილობრივი გლეხების სოციალური ინტერესების გათვალისწინებით რეფორმისა და ცვლილებების გეგმა შეიმუშავოს.
მიმდინარე წელს ისევ დადგა დღის წესრიგში სერვისის მომწოდებელი უწყებების (იუსტიციის სახლი მარნეულში) მხრიდან ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე თარგმანის რესურსების არარსებობის პრობლემა. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არა ერთ მუნიციპალიტეტში, ასევე სერვისის მიმწოდებელი უწყებები არ აღიარებენ ეთნიკური უმცირესობების უფლებას მიიღონ სასიცოცხლო ინფორმაცია და სერვისი მათთვის გასაგებ ენაზე. ენის არსებული პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის სტრუქტურული მიზეზი ხდება, რასაც არა ერთი რაოდენობრივი კვლევის შედეგებიც ადასტურებს.[4]
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კიროვკაში მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა სოფლის ისტორიული სახელწოდების, მამეის დაბრუნებას, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხვონა სოფელში დასახლების საერთო კრების ჩატარების შესახებ და გადაწვეტილება მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრების მოსმენის გარეშე. ეს პროცესი ჩვენი გადმოსახედიდან უმცირესობების კულტურული უფლებების აღიარების საკითხს უკავშირდებოდა, მით უფრო, რომ ამ რეგიონში 90-იანი და 2000-იან წლებში უმცირესობების სოფლების დასახელების შეცვლის (გაქართულების) ნეგატიური ისტორიული მეხსიერება არსებობს და მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სენსიტიური მიდგომების ჩვენება.
2022 წელს ჩანდა პროტესტი სოფელ მუშევანში მცხოვრებ მოსახლეობაში, რომლებიც თითქმის 6 თვის განმავლობაში გამოხატავდა უკმაყოფილებას მათი სოფლის სიახლოვეს (დაახლოებით 800 მეტრში) კომპანია RMG-ის მიერ დაგეგმილი მოპოვებითი სამუშაოების მიმართ. ამ პროცესში კიდევ ერთხელ გამოჩნდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვის პროცესში ეთნიკური უმცირესობების რეალური მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიების არ არსებობის პრობლემა, რაც მეტწილად ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებას უკავშირდება. მოსახლეობისთვის პრობლემა იყო მათი საცხოვრებელი გარემოს სიახლოვეს მოპოვებითი სამუშაოების დაწყება, რომელიც ხარვეზიანი და უხარისხო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის პირობებში, მაღალ რისკებს და შიშებს ქმნის მათში. ამ ეტაპზე მოსახლეობასა და კომპანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები გარემოსდაცვითი და სოციალური გარანტიების მიღების თაობაზე, თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს პროცესი, გარემოსდაცითი გადაწყვეტილების მიღებამდე არ მოხდა და ახლა ის უფრო მეტად არაფორმალურ ხარიათს ატარებს.
ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის წევრები/მხარდამჭერები ღიად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ მარნეულელ აქტივისტს სამირა ბაირამოვას, მას შემდეგ რაც ამ უკანასკენლმა მარნეულში მდებარე კონსერავტიული პარტიის ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებში შეღება. გარდა სიცოცლის მოსპობის მუქარისა 2022 წლის 16 მარტს, ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ მარნეულში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ს. ბაირამოვას და მისცეს ორდღიანი ვადა კონსერვატიული მოძრაობის ბანერების აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებით დამუქრნენ. მომხდარის ირგვლივ კომენტარები გააკეთეს კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს დამფუძნებლებმა და აღნიშნეს, რომ ყველას მწავედ გაეცემა პასუხი, ხოლო ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე მიუთითა: ,,ოფისი შეგვიღება და რა ეგონა? სამირა ბაირამოვა ვერ იბაირამებს“. ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები სამირა ბაირამოვას რელიგიურ კუთვნილებას უსვამდნენ ხაზს და უთითებდნენ, რომ იგი ქრისტიანული ჯვრისა და სარწმუნოების წინააღმდეგ იბრძვის. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, 20 მარტს, სავარაუდოდ კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა, მარნეულში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის გარე ფასადი წითლად შეღებეს და შეურაცხმყოფელი წარწერები კვლავ სამირა ბაირამოვას მიმართ გააკეთეს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, პროკურატურამ სამირა ბაირამობა დაცვის სპეციალურ პროგრამაშიც ჩართო, თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე სხვა შედეგი არ მოჰყოლია. არ მომხდარა სავარაუდო დამნაშევეების იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
წელს შემაშფოთებელი იყო საზღვრის კვეთის დროს ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკა, რაც საზღვარზე ცალკე ოთახში, მათი სპეციალური და უფრო რთული პროცედურით გამოკითხვას გულისხმობდა. იმ ფონზე, როცა რუსეთის სხვა მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო მობილიზაციისგან თავის დაღწევას ცდილობდა, ხელისუფლება თავისუფლად უშვებდა საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სპეციალური და უფრო გართულებული წესი, როცა დღეების განმავლობაში ადამიანებს რიგში დგომა და შემოწმება უწევდათ, მიუღებელი იყო. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ რამდენიმე კვირაში ეს პრაქტიკა შეიცვალა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
პრობლემური იყო პანკისის ხეობაში დაფიქსირებული პრაქტიკა, როცა სავარაუდოდ პოლიციამ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის ფონზე ადგილობრივების მიერ საჯარო სივრცეებში დახატული იჩქერიის დროშები წაშალა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოყვა. ამ მოვლენებს შემდგომში მედიაშიც არასწორი ინტერპრეტაციები მიეცა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ პრობლემური წინასწარგანწყოებების გავრცელებაც მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებში თვალიშისაცემად გაიზარდა სამოქალაქო აქტივიზმი. 2022 წელს სამოქალაქო აქტივისტები სიტყვით გამოდიოდნენ მრავალ ათასიან დემონსტრაციებზე, აქტიურად ჩნდებოდნენ მედია სივრცეში და იწყებდნენ კამპანიებს. აქტივისტების მუშაობა ნაციონალისტური და მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ თვალშისაცემი იყო სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის მარნეულის მუნციპალიტეტში. აღნიშნული პროცესების შედეგად, 2022 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობაში გაიზარდა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მხარდაჭერის მაჩვენებელი. ამასთანავე, აქტივისტებმა უმცირესობების თემიდან მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის, ტოლერატობის ქომაგის და სხვა მსგავსი ჯილდოები.
მიმდინარე წელს, რელიგიის თავისუფლების კუთხით სახელმწიფოს მნიშნველოვანი გადაწყვეტილება არ მიუღია. რელიგიური უმცირესობების უთანასწორო მდგომარეობა ჯერ კიდევ რჩება მნიშნველოვან გამოწვევად.
მიმდინარე წელს რელიგიური ორგანიზაციებისა და ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა კვლავ მათი პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. 2021 წლის 13-14 სექტემბერს გასაჯაროებული ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არა ერთ სასულიერო პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აშკარა გახდა, რომ გამოძიების პროცესში ფუნდამენტური ხარვეზები და გამოწვევები ფიქსირდება, მაგალითად: 1. გამოძიების ფარგლებში არ არიან გამოკითხულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები; 2. გამოკითხულები არ არიან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) თანამშრომლები და სრულყოფილად არ არის შემოწმებული არც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) მუშაობის შიდა მექანიზმები და ინსტრუქციები; 3. სუს-ის დანარჩენი თანამშრომლების გამოკითხვაც ხარვეზიანია და ფორმალური, ისინი ხშირად სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელით გამოძიების ფუნდამენტურ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ. მათთვის დასმული კითხვებიც კი მხოლოდ სამსახურეობრივ ჩატში კომუნიკაციას არ უკავშირდებოდა და არა უფრო ფართოდ, კრებსებში წარმოდგენილ სხვა შინაარსებზე და შესაძლო დარღვევებს; 4. გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ არის შემოწმებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოსმენა ხორციელდებოდა. 5. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად, ტელეფონებისა და სამსახურეობრივი კომპიუტერების ჩხრეკა და ამოღება) დაგვიანებით ჩატარდა, როცა მტკიცებულებებზე გარეშე ზემოქმედება უკვე შესაძლებელი იყო. ამასთან, იმ ფონზე, როცა უკანონო მოსმენების მასობრივ პრაქტიკაზე სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს არ აუღია, ამ დრომდე ბუნდოვანია, არსებობს თუ არა სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიები, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე მასობრივად არ უსმენს და არ ინახავს მოქალაქეების პირად კომუნიკაციას.
მიმდინარე წელს დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს პროცედურული გარანტიების დარღვევა მის საქმეზე, თუმცა არ აღიარა ჩხრეკის და ამოღების დროს დაშვებული დარღვევები, რის გამოც საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობები ეროვნულ დონეზე ბუნდოვანია. დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი მძიმე ჯანმრთელობის მიუხედავად ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და სასჯელის გადავადების მიზანს, არა ერთი სამართლებრივი მცდელობის მიუხედავად, მან ვერ მიაღწია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ წელს ამგვარი შესაძლებლობები დეკანოზს გაუჩნდება.
მიმდინარე წელს კვლავ დადგა დღის წესრიგში ადიგენში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწით სარგებლობის პრობლემა. 2018 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოსთვის სოფელ კიკიბოსა და დერცელში არსებული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადაცემის შემდეგ დაფიქსირდა ადგილობრივებისთვის მიწით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ფაქტი. კერძოდ, 2022 წლის თებერვალში კი საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო სოფელ დერცელში და სოფელ მოხეში მცხოვრები არაერთ ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რის შემდგომაც ოჯახებს შეეზღუდათ მიწის განკარგვის უფლება (ოჯახების დიდი ნაწილი მუსლიმია). თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიება, რომელიც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების მხრიდან მიწის სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში სავარაუდოდ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულს. გამოძიების პროცესში ამ დრომდე არ გამოვლენილა დაყადებული ქონების მფლობელი პირების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, უფრო მეტიც, მათ საგამოძიებო ორგანოს წარუდგინეს ყველა ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათი წინაპრების მიერ მიწის ნაკვეთების მართლზომიერი ფლობისა და კანონის საფუძველზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტებს. თუმცა, ამის მიუხედავად ქონებას კვლავ ყადაღა ადევს და არსებობს სახელმწიფოს მიერ ქონების ჩამორთმევის რისკი. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეკომიგრანტი მუსლიმები აჭარიდან ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სათიბებზე და საძოვრებზე ხელმისაწვდომობა. ადიგენის მუნიციპალიტეტის რელიეფის გათვალისწინებით, სათიბ-საძოვარი მიწების რესურსი სოფლებში ისედაც სათიბ-საძოვრებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევაში შესაძლოა ადგილობრივებს მესაქონლეობაზე უარი თქმა და საცხოვრებელი ადგილების მიტოვება მოუწიოთ. ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეზღუდვა მოსახლეობის აღქმაში უკავშირდება ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ რელიგიურ შევიწროებას.
კვლავ პრობლემურად რჩება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი. წლების განმავლობაში მუსლიმი მოსახლეობის მნიშნველოვანი ნაწილი ბათუმში ღია ცის ქვეშ აგრძელებს ლოცვას მეჩეთის სივრცის არ არსებობის გამო. ბათუმის საქალალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების ისტორიული გადაწყვეტილებების მიუხედავად, რომელმაც დაადგინა ბათუმის მერიის გადაწყვეტილებაში დისკრიმინაცია და უკანონობა, ბათუმის მერია ცდილობს პროცესის გაჭინაურებას და ამ ეტაპზე მისი სარჩელის საფუძველზე საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოში განიხილება.
2022 წლის პირველ ივლისს ბოლნისის სასამართლომ პრეცედენტული გადაწვეტილება მიიღო. სასამართლომ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. ბოლნისის საქალაქო სასამართლომ რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და აღნიშნა, რომ: „400,000 ლარით „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის“ სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშეწყობის დაფინანსების ნაწილში, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს მიმართ, ადგილი ჰქონდა ერთგვაროვან ვითარებაში მყოფი სუბიექტების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც მოსარჩელის მიმართ ნაკლებადკეთილმოსურნეა, ერთმნიშვნელოვნად, განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება რელიგიურ ნიშანს. ამასთან, ვინაიდან სადავო შემთხვევა პირდაპირ აწესებდა განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ორგანიზაციის მიმართ, საკითხი შეფასებადია რელიგიის ნიშნით, პირდაპირი დისკრიმინაციის ფარგლებში.“ სასამართლომ გაიზიარა შეფასებები სეკულარიზმის პრინციპთან დაკავშირებითაც და მიუთითა: „სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სეკულარულ მიზანს, არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას ერთ რომელიმე რელიგიას და არ უნდა ტოვებდეს „რელიგიასთან გადაჭარბებულ აფილაციის “შთაბეჭდილებას“. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს აზრით, „სეკულარიზმისა და ნეიტრალურობის პრინციპი, სახელმწიფოს წინაშე წარმოშობს ვალდებულებას, განსხვავებულ მიდგომებში დაასაბუთოს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რამდენადაა დასაშვები თანასწორობის უფლების შეზღუდვა. უპირველესად უნდა აღნიშნოს, რომ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური მოდელი ეფუძნება სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიურ თემებს მიჯნავს. ამგვარი მოდელი შეესაბამება იმ ღირებულებებს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის მახასიათებელი." თუმცა, 2022 წლის 8 დეკემბერს ბოლნისის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 1 სხდომის ფარგლებში ჩატარებული განხილვით გააუქმა. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მხრიდან დაფიქსირდა პრობლემური განმარტებები და რეპლიკები მოსარჩელეების რელიგიურ და ეთნიკურ კუთვნილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც, მარნეულის მერიამ 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების პირობები ისევ გაითვალისწინა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თვითმმართველობის მხრიდან კონსტიტუციური პრინციპებისა და სტანდარტების დემონსტრაციული უპატივცემულობის პრობლემას.
2022 წლის 4 ოქტომბერს, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, კათოლიკე მრევლს ქუთაისში ისტორიულად კათოლიკურ ტაძარში ღვთისმშობლის ქანდაკებით შესვლა აუკრძალა. მსვლელობისას, კათოლიკეებს ტაძრის ეზოს გარშემო საავარიო ლენტი დახვდათ შემოვლებული, შესასვლელი კი – მანქანებით ჩახერგილი. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ გახდა რელიგიური უმცირესობების მიმართ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების დაბრუნების (რესტიტუციის) მომწესერიგებელი კანონმდებლობისა და პოლიტიკის არ არსებობის განხილვის მიზეზი. ამ პროცესში განსაკუთრებით პრობლემურია სადავოდ გამხდარი ისტორიული ძეგლების საკითხი, რომელთა გადაჭრის სამართლებრივ გზებზე სახელმწიფოს არასდროს უფიქრია.
2022 წელს კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ულტრანაციონალისტური, ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს სათანადო რეაგირება. სახელმწიფოს არ გააჩნია არც ულტრანაციონალისტური ჯგუფებიდან მომდინარე ძალადობასთან გამკლავებისა და მათზე რეაგირების ეფექტიანი სამოქმედო გეგმა.
2021 წლის 5-6 ივლისს ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრებმა და მხარდამჭერმა ,,თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში იძალადეს ლგბტ აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე. ძალადობის შედეგად დაშავდა ათეულობით ჟურნალისტი. აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები სახელმწიფომ სათანადოდ არ გამოიძია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ/პროკურატურამ არ უზრუნველყვეს ძალადობის ორგანიზატორთა გამოვლენა და დასჯა, ხოლო მოძალადეების მიმართ გამოყენებული სასჯელები არ შეესაბამებოდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. შედეგად, 2022 წელს ,,თბილისი პრაიდმა“ ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეების და ამ საფრთხეებზე სახელმწიფო უწყებების არასათანადო რეაგირების გათვალისწინებით უარი თქვა ,,ღირსების მარშის“ გამართვაზე, თუმცა ,,პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საჯარო ღონისძიებების ნაცვლად 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისში დახურულ სივრცეში გაიმართებოდა ფილმის ჩვენება, ლგბტქ+ რეგიონალური კონფერენცია და მუსიკალური ფესტივალი (პრაიდი ფესტი). ინფორმაციის გავრცელების შემდგომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, მათ შორის ,,კონსერვატიული მოძრობა-ალტინფოს“ ლიდერებმა ღიად გამოხატეს აგრესია ,,პრაიდის კვირეულის“ მიმართ და მათ წინააღმდეგ ,,სრული მობილიზაცია“ გამოაცხადეს. ,,კონსერვატიული მოძრობა-ალტინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მესამე ღონიძიების-ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებდნენ, ხოლო შოთა მარტინენკო უთითებდა, რომ 2 ივლისამდე დროს კონტრშეტევის მოსამზადებლად და ხალხის განწყობის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენებდნენ.
განცხადებების პარალელურად მოძრაობის ლიდერებმა დაიწყეს ხალხის მობილიზაცია, ღიად მოუწოდებდნენ რეგიონებში მცხოვრებ პირებს თბილისში ჩამოსვლისკენ და აღნიშნავდნენ, რომ ,,პრაიდის კვირეულის“ ფესტივალის მონაწილეებს ,,საჭირო და საკადრის პასუხს გასცემდნენ“.
მიუხედავად იმისა, რომ ,,კონსერვატიული მოძრაობა-ალტინფოს“ ლიდერების მუქარები ძირითადად მიმართული იყო კვირეულის ფარგლებში დადგეგმილი ,,პრაიდ ფესტივალის“ წინააღმდეგ და მუქარა იყო რეალური, სახელმწიფო უწყებებმა ამ შემთხვევაშიც არ უზრუნველყვეს ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სამართლებრივი რეაგირება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები და მხარდამჭერები 2 ივლისს ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ადგილზე მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჯგუფის ორი ლიდერი ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო. ორგანიზატორებისა და მონაწილეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.
ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის მიღმა, 2022 წელს ულტრანაციონალისტური, ექსტრემისტული ჯგუფის/პოლიტიკური პარიტიის ,,კონსერვსატიული მოძრაობა-ალტინფოს“-ს წევრებმა და მხარდამჭერებმა არაერთხელ იძალადეს სამოქალაქო აქტივისტებზე, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აპროტესტებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ,,კონსერვატიული მოძრაობა-ალტინფოს“-ს ოფისების გახსნას. ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა სვანეთში, ხულოში, ოზურგეთში,ქ ვემო ქართლში, ქობულეთში. თუმცა, სამართლებრივი შედეგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგა და საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყო, 2022 წლის 22 მარტს ქობულეთში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრებისა და მხარდამჭერების იდენტიფიცირება. პოლიციის თანამშრომლებმა ინციდენტის დროს რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), ხოლო 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და ბრალდებულების მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც 2021 წლის 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ქმედებების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მართვაზე მიუთითებდა. კერძოდ, 2022 წლის 11 ივნისს და 2 ივლისს, ტელეკომპანია ,,პირველის“ გადაცემა ,,ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა სიუჟეტები, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობას 2021 წლის 5 ივლისს მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში. მითითებულ სიუჟეტებში წარმოდგენილი იქნა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის მიმოწერა და გაგზავნილი აუდიოფაილები, რომელთა გაცნობის შედეგად ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გარკვეულ ორგანიზებას უწევდნენ მიმდინარე პროცესებს და ახდენდნენ ძალადობაში ჩართული ადამიანების მობილიზებას, მათ ანაწილებდნენ ლოკაციებზე და აძლავდნენ ინსტრუქციებს. სიუჟეტების გასვლის შემდგომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა განცხადება და 2022 წლის აგვისტოს თვეში მიმართა საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე პროკურატურა არ უზრუნველყოფს გამოძიების დაწყებას და 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში სუს-ის თანამშრომლების სავარუდო მონაწილეობის საკითხის გარკვევას.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკური და პრევენციული სამუშაოების დონეზეც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ უზრუნველყოფს ულტრაკონსერვატიული პრორუსული ჯგუფების დაფინანსების წყაროებისა და აფილაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან არ ახდებს ამ ჯგუფებისგან მომდინარე ნარატივების მონიტორინგს და საწინააღმდეგო/საპასუხო ნარატივების გავრცელებას, რაც ამ ჯგუფებისგან მომდინარე პროპაგანდის მიმართ ჩვენს საზოგადოებას ნაკლებად მედეგს ხდის და მძიმე გავლენას ახდენს ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებაზე.
წელსაც კონფლიქტების ტრანსფორმაციის, ისევე როგორც კონფლიქტის რეგიონებში და გამყოფი ხაზის სოფლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ხელშესახები პოზიტიური ცვლილებები არ გვქონია. ახალი გეოპოლიტიკური და პოლიტიკური კონტექსტები, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ შეიქმნა, არ გამხდარა საქართველოს ხელისუფლებისთვის ოკუპაციისა და კონფლიქტების თემაზე არსებითად ახალი პოლიტიკის და ინიციატივების დაწყების საფუძველი.
ნიშანდობლივია, რომ 2021 წელს დაწყებული სამუშაო პროცესი შერიგების და დეოკუპაციის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების მიზნით ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და სახელმწიფოს კვლავ არ აქვს სტრატეგია კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებზე. სტრატეგიების არ ქონის პარალელურად, არ ჩანს მნიშვნელოვანი ცვლილებები პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელების გზაზეც.
უცვლელად მძიმე რჩება კონფლიქტის რეგიონებში და მის მიმდებარედ, ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ სოფლებში უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომა და სტრატეგია იმისათვის რომ უპასუხოს გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების, უფლებრივ და სოციალურ წუხილებს. სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური სოციალური პროგრამები, რომელიც ომის ზიანს და კონფლიქტის ზონაში ცხოვრების მოწყვლად რეალობას დააკომპენსირებდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის დასახლებების მხოლოდ 33%-ს აქვს წყალგაყვანილობა და აქედან მხოლოდ 73%-ს აქვს სასმელი წყალგაყვანილობა; 38%-ში სამედიცინო მომსახურება საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი; მხოლოდ 39%-მა განაცხადა, რომ შინამეურნეობების უმეტესობას საკმარისი საკვები აქვს; ამავე კვლევის მონაცემებით კი, საბავშვო ბაღი ან ბაგა-ბაღი საზღვრისპირა დასახლებების მხოლოდ 30%-ს აქვს. ცხადია, რომ ეს რეალობა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ამძიმებს. ამას ადასტურებს 2014 წლის მონაცემებიც. 2002 წლის შემდეგ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა 33%-ით შემცირდა, რაც საქართველოში მთლიანი მოსახლეობის კლების მაჩვენებელზე ორჯერ მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ წელს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოფელ ზარდიანთკარში 28 დანგრეულ სახლს აღადგენს. თუმცა ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ადგილობრივების რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ მიიღო.
2022 წელს გაგრძელდა რუსეთის ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთში, რის საპასუხოდაც საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მათ შორის, 2022 წლის 11 ივლისს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში დაიწყო განხილვები ბიჭვინთა-მიუსერის აღკვეთილში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისებასთან დაკავშირებით. მოსკოვსა და სოხუმს შორის 19 იანვარს გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურისთვის საკუთრებაში, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტრის 49-წლიანი იჯარით გადაცემას. ამ ინიციატივას აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლებას კი განცხადებაც არ გაუკეთებია.
გარდა ამისა, აფხაზეთში დამძიმდა საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მდგომარეობაც. „აფხაზეთის კანონმდებლბის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის“ ერთ-ერთი ნაწილად „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის მიღება არის გათვალისწინებული. ამ კანონის მიღების შემთხვევაში მკაცრად გაკონტროლდება სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა და ფინანსები, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ითხოვს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობა არ გასცდეს ჰუმანიტარულ სფეროს, არ შეეხოს პოლიტიკურ საკითხებს, განსაკუთრებით კი, არ მოიცავდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების და ნდობის აღდგენის მიმართულებებს.[5] ამ ინიციატივას მწვავე რეაქცია მოჰყვა აფხაზურ საზოგადოებაში. აფხაზეთის სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ეს კანონი აფხაზეთის იზოლაციას გაზრდიდა .
უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენები გამოჩნდა სამხრეთ ოსურ საზოგადოებაზეც. ადგილობრივი სამხედროების უკრაინაში რუსეთის ომში ჩართვამ და გამოყენებამ, მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია და ახალი შიშები შექმნა. ზოგადად უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე შედეგების გათვალსიწინებით, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში მათ მომავალთან დაკავშირებით შიშები და ბუნდოვანებები გააჩინა, რაც საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ნდობის აღდგენის მიმართულებით ახალი ინიციატივების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენთვის არ არის ნათელი, თუ რა გეგმები და სტრატეგიები აქვს ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას.
აფხაზების და ოსების მიერ მტკივნეულად იყო აღქმული, ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტებით შენგენის ქვეყნებში მათ გადაადგილებას კრძალავს. იმ პირობებში, როცა მათ გადაადგილებისთვის საჭირო სხვა სამგზავრო დოკუმენტი არ აქვთ, ეს მათი იზოლაციის რისკებს ზრდის. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და de facto ადმინისტრაციებთან მოლაპარაკებების გზით იფიქროს, ადგილობრივების გადაადგილებისთვის საჭირო ალტერნატიული გზების მხარდაჭერაზე. ამ რეგიონებისა და საზოგადოების იზოლაცია ზრდის მათ დამოკიდებულებას რუსეთზე და ჩვენი აზრით, დეიზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას ამ რეალობის შეცვლის პოტენციალი აქვს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოზიტიური ეფექტი იქნება გამყოფი ხაზის იქით მცხოვრები საზოგადოებების ნდობის შექმნაზეც.
მძიმე რჩება ეთნიკური ქართველების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა გალსა და ახალგორში. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და იზოლაცია, პრობლემური ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა მხარდამჭერ სერვისებზე, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების სრული აკრძალვა, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები - ეს ის მთავარი პრობლემებია, რაც გალის და ახალგორის მაცხოვრებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას ურთულებს და მათი ნაწილს აიძულებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები დატოვონ. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე არ გვაქვს წარმატება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლების მიმართულებით.
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის პროკურატურამ გამოძიება განაახლა. როგორც ცნობილია, 2017 წლის 8 ივნისს მეარაყიშვილი მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა და 15 საათის მანძილზე დაშინების და მუქარის გზით ცდილობდნენ მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას, რომ ის მუშაობდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. მალევე პროკურატურამ თ. მეარაყიშვილს ცილისწამებაში, ასევე დოკუმენტების გაყალბებასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „მოქალაქის“ პასპორტის უკანონო მიღებაში ოფიციალურად დასდო ბრალი. მას გამოძიებამ ჩამოართვა de facto პასპორტი, სასამართლომ კი გაუსვლელობის ღონისძიება გამოიყენა მის წინააღმდეგ. საქმე მეარაყიშვილის წინაამდეგ 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მან არა ერთი სასამართლო ინსტანცია და განხილვა მოიარა. საბოლოოდ, მხოლოდ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. თუმცა, დეკემბრის დასაწყისში პროკურატურამ მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება გააუქმო. თამარ მეარაყიშვილის მიმართ მიმდინარე დევნა თვითნებობისა და უკანონობის მძიმე ფორმას იღებს და სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი პროგრესი მისი უფლებების დაცვის მიმართულებით არ დადგა. ხარვეზიანია თ. მერაყიშვილის გატაცების საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული საქმის გამოძიების პროცესიც.
აფხაზეთში კვლავ პარიმრობაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ბებუა და 20 ივლისს დაკავებული 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, რომელთა გათავისუფლების საკითხზე სიახლეები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კვლავ არ ისმის.
[1] საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი 69,5%-ია, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - 25,5% (საშუალოდ), რაც ევროპულ სამიზნე ნიშნულზე - 95%-ზე ნაკლებია.
[2] 2014 წლის მონაცემებით, 6830 პედაგოგი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში 15375 პედაგოგის მოვალეობას ითავსებს. 400-მდე სკოლაში კი ერთი მასწავლებელი 6 სხვადასხვა საგანს ასწავლის. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად ეს საგნები სხვადასხვა დარგობრივი ჯგუფიდანაა (ტაბატაძე და გორგაძე 2015).
2017-2018 წლის მონაცემებით, უმცირესობების თემებში მასწავლებელთა 72%-ზე (885) მეტს პრაქტიკოსის სტატუსი აქვს, რაც, სქემის მიხედვით, ყველაზე დაბალი საფეხურია. 2019 წლის კვლევის თანახმად, არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეთა მხოლოდ 18%-ს ასწავლის ისეთი მასწავლებელი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა. ქართულის, როგორც მეორე ენის, შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანულ სექტორში ყველაზე მაღალია და 39%-ს შეადგენს, სომხურენოვან სკოლებში კი - 30%-ს.
შედეგების თანახმად, ჯავახეთის საჯარო სკოლების დირექტორობის 175 კანდიდატიდან მხოლოდ თერთმეტმა შეძლო გამოცდის ჩაბარება, მათ შორის, რვა ქართული წარმოშობის იყო. საქართველოში საპენსიო ასაკის მასწავლებელთა წილი 20%-ია. აზერბაიჯანულენოვანი სკოლების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი ქვეყნის სურათთან შედარებით, უფრო მაღალია და 34.8%-ს შეადგენს, რუსულენოვანი სკოლების შემთხვევაში მათი წილი 28,9%-ია, ხოლო სომხურენოვან სკოლებში - 20.3%.
[3] 2018 წლის PİSA-ს ტესტების მიხედვით, უმცირესობების რეგიონებში სკოლის მოსწავლეების შედეგები 100 ქულით ჩამოვარდება დანარჩენ საქართველოსგან.
[4] ISSA 2019 წლის კვლევის შესაბამისად, გამოკითხული ეთნიკური უმცირესობების 69,9 % აცხადებს, რომ მათ საკუთარი და მისი ოჯახის საჭიროებების არასდროს მიუმართავს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. საჯარო ინტერესების შემთხვევაში მიმართვიანობა კიდევ უფრო მაღალია და 76,5 %-ს აღწევს. მკვეთრად სუსტია ეთნიკური უმცირესობების საჯარო სამსახურში დასაქმების მაჩვენებელიც.
[5] ერთიანი, მაგრამ სრულიად რუსული სივრცე აფხაზეთისთვის, რადიო თავისუფლება, 1 დეკემბერი, 2020. ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/30978724.html
ინსტრუქცია