[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

შემაშფოთებელია ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ საზღვარზე შემოწმების სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომა

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლარსის საზღვარზე ჩრდილოეთკავკასიელების სპეციალური და უფრო მკაცრი შემოწმების სავარაუდოდ დისკრიმინაციული გამოცდილებას აჩვენებს და მოვუწოდებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შექმნას სასაზღვრო შემოწმების თანასწორი და ღირსეული გარემო ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. რუსეთში დაწყებული სამხედრო მობილიზაციის პირობებში, რუსეთის მიერ კოლონიზებული და მასთან ისტორიული დაპირისპირების გამოცდილების მქონე საზოგადოებების მხარდაჭერა კავკასიაში საქართველოს ისტორიული როლი და ამოცანა იყო და ჩვენს რეგიონში მეგობრული და სოლიდარული ხალხთაშორისი ურთიერთობებისთვის, ამ რთულ მომენტში სწორი პოლიტიკური და სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა არსებითი გვგონია.

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ადვილი გადასალახია და ის ძირითადად სპეციალური შემოწმებისა და ლოდინის გარეშე მიმდინარეობს. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ საზღვრის კვეთაზე უარის სტატისტიკა რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით ძალიან დაბალია. თუმცა, მედიასთან და ჩვენთანაც არაერთი რესპონდენტი განმარტავს, რომ სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანები (ან ისინი ვინც მათ გვანან ფიზიკურად სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის მიხედვით) საათების განმავლობაში გადიან შემოწმების რთულ და ხანგრძლივ პროცესს მხოლოდ მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში (#222) და ზოგჯერ გაჭიანურებულ, რამდენიმე დღიან შესწავლასაც კი ექვემდებარებიან. ცხადია, რომ ამ ფონზე ჩრდილოეთ კავკასიელების საზღვარზე შემოწმების სპეციალური და უფრო მკაცრი წესის მოქმედება დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდებს აჩენს.

სამწუხაროდ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორებს არ გვაქვს წვდომა იმ ე.წ. ნეიტრალურ ზონებზე საზღვარზე, სადაც ლოდინის, ან უკვე უარის გადაწყვეტილების პირისპირ დარჩენილი ადამიანები, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფებიან. ეს ჩვენ გვართმევს სიტუაციის დეტალური ანალიზისა და პრობლემის მასშტაბის დადგენის შესაძლებლობას. აქვე, ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის საზღვრის კვეთაზე უარის სტატისტიკა, რომელსაც როგორც შსს განმარტავს, ის ოფიციალურად არც აწარმოებს. ამის მიუხედავად, ჩვენი რესპონდენტების განცდაა, რომ მათი მიმართ მიღებული უარის გადაწყვეტილებები უფრო ხშირია, ვიდრე რუსეთის სხვა მოქალაქეების შემთხვევაში და მათი თქმით, თითქმის ყოველი მეხუთე პირი მათგან უარს იღებს.

ჩვენ ცხადია, ვაღიარებთ საზღვრის კვეთის პროცესში სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. აქვე ცხადია ისიც, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს ფართო დისკრეცია აქვს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება ზოგჯერ საიდუმლო ინფორმაციას შეიძლება ეფუძნებოდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი თვითნებობის და დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე წარიმართოს და მასზე ქმედითი და დროული სასამართლო კონტროლი არსებობდეს.

სამწუხაროდ, საზღვრის კვეთის მარეგულირებელი კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც უცხოელისთვის შემოსვლაზე უარის საფუძვლად „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევას უთითებს“, და სწორედ ეს ნორმა ხდება საზღვრის კვეთის დროს უარის გადაწყვეტილებების დასაბუთების ყველაზე მასიური საფუძველი, არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობისა და სიცხადის ელემენტარულ მოთხოვნასაც კი და არაკონსტიტუციურია. როგორც ამ ნორმასთან დაკავშირებული სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკა აჩვენებს, აღნიშნული მუხლის გამოყენების უკან სამართალდამცავი ორგანოები მათ მიერ შედგენილ ოფიციალურ სიებს გულისხმობენ, სადაც პირის შეყვანა სათანადო სტანდარტების, პროცედურის გარეშე ხდება. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ნორმა ხდება ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის საფუძველი. ამ პროცესში სამწუხაროა ისიც, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლი ფორმალისტურ ხასიათს ატარებს და უფლების დარღვევის მსხვერპლის ადვოკატსაც კი არ აქვს წვდომა იმ ინფორმაციაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ უსაფრთხოების პოლიტიკა ხშირად წინასწარგანწყობებსა და დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს ეფუძნება, რაც მეტწილად ამ რეგიონში რუსეთის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული იმპერიული და რეპრესიული პოლიტიკის და დისკურსის შედეგია. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც უნდა იაზრებენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ისტორიულ წინააღმდეგობას რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან და განსაკუთრებით სამხედრო მობილიზაციის პირობებში უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვის პოლიტიკურ, კულტურულ და ეთიკურ დილემებს, დღეს მათ მიმართ უფრო მოქნილ და მხარდამჭერ მიდგომებს არ ირჩევს.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სასტიკი ომის შემდეგ, საქართველოში ჩანს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება. უკრაინის ომის კონტექსტში მიგრაციის ყველაზე მასიური ტალღები პირველ ეტაპზე 2022 წლის თებერვალში რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაკისრებას, მეორე ეტაპზე კი 2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას დაუკავშირდა. ამ დროისთვის საქართველოში მყოფი რუსთის მოქალაქეების ზუსტი ოდენობის განსაზღვრა რთულია, თუმცა საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით; 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ 247 ათასს მიაღწია. მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში კი საქართველოში 6,400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. შსს-ს ინფორმაციით კი, მხოლოდ ბოლო 10 დღეში საქართველოში მინიმუმ რუსეთის 27 000 მოქალაქე შემოვიდა. ცხადია, რომ ამ პროცესს უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან ერთად, თან ახლავს სოციალური და ეკონომიკურ ცვლილებები და გავლენები, რაც მათ შორის, აისახა ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებაზე, ქირებზე, ისევე როგორც საკვებ პროდუქტებსა და სხვა საშუალებებზე ფასების რადიკალურ მატებაში; ასევე გადატვირთულ სოციალურ ინფრასტრუქტურაში, რაც სახელმწიფოს მხრიდან შემაკავებელი და მაკომპენსირებელი ზომების არარსებობის პირობებში, ისედაც მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას.

სამწუხაროდ, მზარდ მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით მთავრობას არ შეუქმნია სამუშაო და პოლიტიკური ფორმატები, სადაც საზოგადოებაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხის მიღების და მიგრაციის მასშტაბის, შემოსული მიგრანტების სოციალური პროფილის, სახელმწიფოს მიერ მიღებული ფიზიკური, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების ზომებისა და მიგრაციის მართვასა და გამკლავებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ და არგუმენტირებულ პასუხებს მივიღებდით.

კავკასიის ხალხებს შორის მხარდაჭერის, სოლიდარობისა და თანამშრომლობის შენება საქართველოს ისტორიული ამოცანა იყო კავკასიის რეგიონში და ყველაზე რთულ მომენტებში ჩვენი ქვეყანა დევნის გამოცდილების წინაშე მდგარი ხალხების მიმართ სოლიდარული და მასპინძელი ქვეყანა რჩებოდა. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს ჩეჩენი ლტოლვილების მიღების გამოცდილებაც კი ამას აჩვენებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

  • საზღვრის კვეთის დროს ჩრდილოეთ კავკასიელების შემოწმების სეგრეგირებული და სავარაუდოდ დისკრიმინაციული პრაქტიკა დროულად აღმოფხვრას და ეს პროცესი თანასწორობისა და ღირსების პატივისცემის პრინციპებს დააფუძნოს;
  • ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორებს, მოგვცენ შესაძლებლობა მოვინახულოთ .. ნეიტრალური ზონები, რომ შევძლოთ ადგილზე უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი.

საქართველოს მთავრობას

  • რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის მაღალი მასშტაბების გათვალისწინებით შექმნას სამუშაო და პოლიტიკური ფორმატები, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების, პოლიტიკური, უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გაზომვისა და რელევანტური შემაკავებელი და მაკომპენსირებელი ზომების მიღების შესახებ მსჯელობის სივრცე იქნება საზოგადოებრივ ჯგუფებთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან;

საქართველოს პარლამენტს

  • შეიმუშავოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საზღვრის კვეთის მარეგულირებელ კანონმდებლობაში თვითნებობის, დისკრიმინაციული მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლო უფლების ხელყოფის რისკებს მაქსიმალურად შეამცირებს. ამ პროცესზე სასამართლო კონტროლს კი რეალურსა და ეფექტიანს გახდის.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კავკასიური სახლი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“