საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2020 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ორი ძირითადი პოლიტიკური მოვლენა განაპირობებდა. ერთი მხრივ, ეს იყო პანდემიასთან დაკავშირებული მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული კრიზისი და მეორე მხრივ კი, წინასაარჩევნო კონტექსტი და ჩვენი პოლიტიკური ველის ღრმა პოლარიზება. კრიზისისა და ძალაუფლების შენარჩუნების პირობებში ხელისუფლებამ ამ წელსაც აჩვენა რეპრესიული აპარატის თვითნებური გამოყენების პრაქტიკა პოლიტიკური ოპონენტებისა და მოქალაქეების მიმართ.
არსებულმა კრიზისმა პოლიტიკური დღის წესრიგიდან სრულად განდევნა სოციალური ჯგუფების რეალური საჭიროებები, წუხილები და ინტერესები. პანდემიის ფონზე შექმნილმა მძიმე სოციალურმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვნახა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით უკიდურესად სუსტია. პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სისტემაში შექმნილმა გამოწვევებმა კი ამ სისტემის სრული პრივატიზებისა და განკერძოების კატასტროფული სოციალური შედეგები გამოააშკარავა.
პანდემიასთან ბრძოლა და შექმნილი მძიმე სოციალური რეალობა, კვლავ ჩიხში მყოფი სასამართლო სისტემა, უმცირესობების გარიყულობა და არაღიარება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი კრიზისი - ესაა ის ძირითადი საკითხები, რასაც EMC გასული წლის შეფასებისას გამოჰყოფს.
არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, თუმცა პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებითა და ძალადობრივი ინცინდენტების ფონზე წარიმართა. ეს ფაქტები ეფექტიანად ვერ აღკვეთეს სამართალდამცავებმა. ამავდროულად, არჩევნების პროცესში ეფექტიანად არ იყო დაზღვეული ძალადობის პრეცედენტები საარჩევნო უბნებთან, ხოლო არჩევნების საბოლოო შედეგებზე სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, კიდევ ერთხელ შექმნა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი. ამ პირობებში, პრობლემური იყო ხელისუფლების დესტრუქციული რიტორიკა პოსტ-საარჩევნო პერიოდში, რა დროსაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ვითარების განსამუხტავად, ნაცვლად კონსტიტუციურ-სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმებისა, ხელისუფლება დიდწილად ეყრდნობოდა საპოლიციო ძალას.
სასამართლო სისტემა
2020 წლის განმავლობაში არ გადადგმულა არც ერთი ქმედითი ნაბიჯი სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად. პირიქით, გაუმჭვირვალე და უსამართლო საკადრო გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გამყარდა და გაძლიერდა კლანური მართვის პრობლემა.
პანდემიასთან ბრძოლა
პრობლემური იყო პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შეზღუდვები, რომელთა დაწესება და მართვა ზოგჯერ დემოკრატიულ კონტროლსა და კონსტიტუციურ პრინციპებსაც კი სცდებოდა. პრობლემური იყო საგანგებო მდგომარეობის მიღების პროცედურაც. პრეზიდენტის დეკრეტით ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილებები მიენიჭა აღმასრულებელ ხელისუფლებას და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არ ვრცელდებოდა საპარლამენტო კონტროლი.
სოციალური პოლიტიკა
გასულ წელს მოქალაქეთა სოციალური დაუცველობა განსაკუთრებულად რთული გამოწვევა იყო. სიღარიბის, ეკონომიკური უთანასწორობისა და უმუშევრობის მწვავე პრობლემებს თან დაერთო პანდემიის გამოწვეული ეკონომიკური შოკი, რამაც ათასობით მოქალაქე კიდევ უფრო დაუცველი გახადა. პირველი ტალღის პარალელურად დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების შედეგად რამდენიმე დღეში სამსახური და შემოსავალი დაკარგა ათასობით მშრომელმა, რომელთა სოციალური უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო სოციალური დაცვის არსებულმა სისტემამ.
მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვა
პანდემიის პირობებში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვას მძიმე სოციალური კრიზისი და საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ სიძულვილის ენის ტალღა მოჰყვა. შემდგომ პერიოდშიც აღნიშნული რეგიონებში შექმნილმა მძიმე სოციალურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობა (მათ შორის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებული შოვინისტური კამპანია, წინასაარჩევო კონტექსტში პოლიტიკურ კლანებს შორის დაპირისპირება და ძალადობრივი ინციდენტები, სუს-ის თვითნებური ინტერვენცია ადგილობრივების სოციალურ პროტესტში) კიდევ ერთხელ აჩვენა ეთნიკური უმცირესობების გარიყულობისა და ამ რეგიონების ნაკლებად დემოკრატიული პრაქტიკებით მართვის გამოცდილება.
ლგბტი ადამიანების მძიმე სოციალური ყოფა
პანდემიის პირობებში ლგბტი ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილი დაბალშემოსავლიან პრეკარიატულ შრომაშია ჩაბმული და ზოგიერთი შემთხვევაში საკუთარი ოჯახების მხარდაჭერის გარეშე უწევს ცხოვრება, კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით გართულდა ტრანსგენდერი ადამიანების ყოფა, რომლებიც ისედაც მზარდი ძალადობისა და მარგინალიზაციის გამოცდილებებში ცხოვრობენ. ამ პერიოდში ტრანსგენდერმა ქალებმა რამდენიმე აქცია დააორგანიზეს და საკუთარი წუხილები მძიმე პროტესტის ფორმით გამოხატეს.
დემონტაჟი აფრიკის დასახლებაში
ერთი მხრივ, უსახლკარობის, მზარდი სიღარიბის, უმუშევრობის, უკიდურესად მაღალი ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის, მეორე მხრივ კი ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების ფონზე, 15 დეკემბერს, თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მერია სათანადოდ ვერ იაზრებს სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ჯგუფების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობებს დ.
ლევან ზურაბაშვილის საქმე
ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა არანამდვილი იარაღის მუქარით გააჟღერა მოთხოვნები საბანკო პროცენტების შემცირებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და აზარტული თამაშების აკრძალვაზე. ლევანი თავად აღმოჩნდა ამ მყვლეფავი სისტემების მსხვერპლი და მის ოჯახს უმძიმეს სოციალურ რეალობაში უწევდა ცხოვრება. ლევან ზურაბაშვილის საქმე, როგორც სიმპტომი კიდევ ერთხელ აჩვენებს საბანკო, ფარმაცევტული და სათამაშო ბიზნესის სისტემების უკონტროლო, ანტისოციალურ და არაადამიანურ ბინებას და იმასაც, თუ რამდენად იგნორირებულია მოსახლეობის ფართე ფენების რეალური სოციალური წუხილები პოლიტიკურ დღის წესრიგში.
კრიზისი კონფლიქტის რეგიონებში
პანდემიის გავლენა კიდევ უფრო მძიმედ აისახა ისედაც ჩაკეტილ და ღარიბ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საზღვრების ჩაკეტვის გამო დაწესებულმა გადაადგილების შეზღუდვებმა ახალგორის რაიონში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა და ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა. უმძიმესი სოციალური კონტექსტის გამო ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იცლება ქართველებისგან და ამ საკითხზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეაგირება მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია. ცხინვალში პოლიციის არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა ცხინვალში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს საქართველოს მთავრობა ცდილობდა კონფლიქტის რეგიონებიდან პაციენტების მიღებას და მხარდაჭერას. ამის მიუხედავად, აფხაზეთის de facto ხელისუფლების ახალი მენეჯმენტისგან წამოსულ ახალ პოლიტიკურ სიგნალებს, ხელისუფლებამ სათანადო ინიციატივებით და კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული ახალი სტრატეგიებით არ უპასუხა.
ნამახვანი ჰესი
2020 წელს წინააღმდეგობის მნიშვნელოვან კერად იქცა რაჭა-ლეჩხუმი სადაც ხელისუფლება ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის ნამახვანი ჰესის მშენებლობას გეგმავს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე უწევს ფიზიკურ წინააღმდეგობას. ნამახვანი ჰესის მშენებლობის მიზანშეუწონლობაზე და მის ცხადად უკანონო ხასიათზე მიუთითებს დარგის არაერთი სპეციალისტი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რაც არ ხდება საჯარო დისკუსიის საგანი, ვერ აფერხებს კომპანიის მიერ ჰესის მშენებლობით სამუშაოებს და სახელმწიფოს განზრახვას, რომელიც მზადაა საპოლიციო ძალის გამოყენებით და სადამსჯელო მეთოდებით შეაჩეროს მოსახლეობის წინააღმდეგობა.
მაჩალიკაშვილის საქმე
გასულ წელს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება მოულოდნელად და თვითნებურად შეწყვიტა, რამაც კიდევ ერთხელ გაამართლა ეჭვები პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფორმალური, ილუზორული და არადამოუკიდებელი შინაარსის შესახებ. ამ ეტაპზე საქმეს ევროპული სასამართლო განიხილავს.
ილიჩოვას და მელაშვილის საქმე
გასულ წელს დააკავეს და ბრალი წარუდგინეს ორ მეცნიერს, ნატალია ილიჩოვასა და ვალერი მელაშვილს. საქმის მასალების დეტალური შესაწვლის შედეგად, EMC-თვის აშკარა გახდა, რომ ბრალი დაუსაბუთებელია და გამოძიების დაწყების დრო, კონტექსტი და ამ საქმის გარშემო ხელისუფლების პოზიციონირება აჩენს ღია ეჭვებს, რომ კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეა და ის საგამოძიებო და სასამარათლო სისტემების პოლიტიზირების ინსტიტუციურ პრობლემას კიდევ ერთხელ ავლენს. წარდგენილი ბრალდების აშკარა დაუსაბუთებლობისა და საქმეში გამოვლენილი არა ერთი სამართლებრივი ნონსენსის მიუხედავად, ამ დრომდე კარტოგრაფები პატიმრობაში რჩებიან.
ინსტრუქცია